ვერაგი დაავადების წინააღმდეგ გაერთიანებული ქალბატონები - გზაპრესი

ვერაგი დაავადების წინააღმდეგ გაერთიანებული ქალბატონები

ახლახან, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ - "ონკოლაინ ჯორჯია" შეხვედრა გამართა. ყოფილი და ამჟამინდელი ონკოლოგიური პაციენტი ქალბატონების დანახვისას ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ, ვერაგი სენის დასამარცხებლად მათ რა რთული ბრძოლა გამოიარეს, ისე თავისუფლად, გულთბილი ღიმილით საუბრობენ ამ თემაზე და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ; ცდილობენ, ონკოლოგიური დაავადებების მიმართ საზოგადოების ცნობიერება აამაღლონ. შეხვედრაზე ქალბატონი ნათია ფანჯიკიძის საჯარო ლექცია - "თუ ვიცით რატომ, ვიცით როგორ გამოვჯანმრთელდეთ" - გაიმართა.

გადავწყვიტეთ, "ონკოლაინ ჯორჯიას" წევრებს გავსაუბრებოდით. შესაძლოა მათი ამბავი ბევრისთვის მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდეს და მოსალოდნელი საფრთხისგან თავის არიდებაც ადვილად შეძლონ...

"სახელმწიფოსგან დაფინანსებული თანხა აუთვისებელი დამრჩა"

ნათელა მჟავანაძე, 69 წლის:

- საერთოდ, ძალიან აქტიური, საქმიანი ცხოვრება მქონდა: წლების განმავლობაში გაეროს ერთ-ერთ ორგანიზაციაშიც ვმუშაობდი, პროექტებს ვახორციელებდი, უამრავ შეხვედრაზე ვყოფილვარ... ახლახან, სოფო ფირანიშვილის ორგანიზებულ შეხვედრაზე ვიყავი და ცოტათი ავღელდი. იქაურობას გადავხედე, უამრავი ლამაზი, მოწესრიგებული ქალი დავინახე და დავმშვიდდი. ონკოპაციენტები ერთმანეთს ვეხმარებით წამლებით, რჩევებით... რაკი ბევრ სფეროში მიმუშავია, ბევრი ადამიანი გამიცნია, ალბათ ესეც ერთგვარი ცხოვრებისეული გამოცდა იყო, რომ ონკოლოგიის სფეროც გამეცნო...

დაახლოებით 3 წლის წინ აღმოვაჩინე, რომ წვივზე ხალი გადამიგვარდა. რა თქმა უნდა, მელანომას, კანის კიბოს შესახებ მსმენოდა, მაგრამ მაშინ ამას ყურადღება დიდად არ მივაქციე. შემდეგ, პანდემიის პერიოდში შევატყვე, რომ ხალმა ფორმა და ფერი საგრძნობლად შეიცვალა. ცნობილ დერმატოლოგიურ კლინიკას მივაკითხე, სადაც მითხრეს, რომ ხალი გაღიზიანებული იყო და მალამო უნდა წამესვა. თავად ვკითხე, - გოგონებო, ონკოლოგთან არ მივიდე-მეთქი? - არა, ჩაცხრება და მერე მოდიო... იმ ამბიდან 3 წელი სრულდება. ამ ხნის განმავლობაში იმ კლინიკაში მისვლა სულ მინდოდა. განა იმიტომ, რომ პრეტენზიები გამომეთქვა ან მათგან რამე მომეთხოვა, უბრალოდ მსურდა, გაფრთხილებულიყვნენ და ისეთი შეცდომა აღარ დაეშვათ, როგორიც ჩემს შემთხვევაში დაუშვეს... როცა მალამოს ვისვამდი, ჩემს ხალს გვერდით 2 პატარა ლურჯი რაღაც ამოუვიდა. მაშინ კი ძალიან შევფიქრიანდი და უკვე ონკოლოგთან წასვლა გადავწყვიტე. მანამდე ამ დერმატოლოგიურ კლინიკაში მაინც შევიარე. ექიმების რეაქციით უკვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე... ფოტო გადამიღეს - გერმანიაში გავგზავნით და რამდენიმე დღეში პასუხს გეტყვითო... 2 დღეში თავად მთავარმა ექიმმა დამირეკა - დიაგნოზი მელანომა აღმოჩნდა. სასწრაფოდ ონკოქირურგთან მისვლა მირჩია, მანამდე ბევრი დრო დამაკარგვინეს: თურმე 2-3 კვირას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მელანომა გადაგვარებული ხალია - ავთვისებიანი სიმსივნე, მაგრამ არსებობს მეტასტაზური და არამეტასტაზური ფორმა. არამეტასტაზურის შემთხვევაში, ამოკვეთა საკმარისია - შემდგომი მკურნალობა საჭირო აღარ არის. ჩემს შემთხვევაში, სენმა სწორედ იმ მოკლე პერიოდში გაიდგა ფესვები, როცა უბრალოდ მალამოს წასმა დამინიშნეს. ონკოქირურგთან რომ მივედი, დაავადება მეტასტაზურ ფორმაში იყო გადასული... დიაგნოზის გაგებისას ჩემი პირველი რეაქცია მძიმე იყო, მით უმეტეს, როცა შვილები, შვილიშვილები გიყურებენ და ჯერ კიდევ შენი იმედი აქვთ, ყოველ შემთხვევაში - მხარდაჭერის მაინც (იღიმის)... ასეთ ხანდაზმულ ასაკში მეტად დავიწყე ფიქრი ჩემს ჯანმრთელობასა და გარეგნობაზეც კი, რომ შვილებს ზედმეტი სტრესი, პრობლემები არ შეჰქმნოდათ. ისე გამოვიდა, რომ ჩემი მკურნალობა საკმაოდ მძიმე, ძვირი, სახელმწიფოსგან დაუფინანსებელი იყო, რაც ისევ ჩემს შვილებს დააწვათ მხრებზე. მათი შესაძლებლობების გარეშე, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი - ეს ექიმმაც მითხრა... "კიბო განაჩენი არ არის" - დღესდღეობით ეს სლოგანი ყველგან გაჩნდა. რა თქმა უნდა, მთავარი დაავადების დროულად აღმოჩენა და პროფესიონალ ექიმებთან მოხვედრაა. მართლაც შესანიშნავ ონკოქირურგთან - კახა თოდუასთან მოვხვდი. განათლებისა და პროფესიონალიზმის გარდა, საოცარი ადამიანია - ზუსტად ისეთი, როგორი ექიმიც ონკოპაციენტს სჭირდება. ასევე, არაჩვეულებრივ ექიმთან - რომან სრესელთან გავიარე იმუნოთერაპია... ამჟამად რემისიაში, 3-თვიან კონტროლზე ვარ. მომავალ კვირას საკმაოდ მძიმე, რადიაციული გამოკვლევა უნდა გავიარო... ეს აუცილებელია, რომ ვერაგ მტერს - სიმსივნეს დავუდარაჯდე და სიცოცხლე შევინარჩუნო. თუ რეციდივის შემთხვევა იქნება, მასაც ისევე შევებრძოლები, როგორც აქამდე ვებრძოლე (იღიმის)... სწორედ მელანომით დაავადებული პაციენტების გულისტკივილისა და პრობლემის შესახებ გეტყვით: დაავადების დროული აღმოჩენის გარდა, მომსახურების ხელმისაწვდომობა აუცილებელია. ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, რომ ჩვენს ქვეყანაში ონკოლოგია სახელმწიფოსგან ფინანსდება. გასულ ათწლეულებთან შედარებით, წინგადადგმული ნაბიჯები ნამდვილად არის, მაგრამ ეს ვერაგი დაავადება ქიმიოთერაპიით არ იკურნება, იმუნოთერაპია კი ძალიან ძვირია. როცა 1 პროცედურა 6-7 ათასი ლარი ღირს, შენ კი 10-15 პროცედურა გჭირდება, მაგრამ წელიწადში 20 ათასი ლარით გაფინანსებენ, როგორ უნდა მოიქცე? ფაქტობრივად, ეს 20 ათასი ლარიც ჩვენთვის გამოუყენებელია, რადგან თურმე მედიკამენტი, რომელიც იმუნოთერაპიაში გამოიყენება, რეგისტრირებული არაა - მასზე დაზღვევის არანაირი ფორმა არ ვრცელდება, თავად უნდა გამოიწერო საიდანღაც... პირადად მე, სახელმწიფოსგან დაფინანსებული თანხა აუთვისებელი დამრჩა... ეს ვერაგი დაავადება აგრესიულად ვრცელდება. პაციენტს დროული და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება, თორემ ლეტალური შედეგი დგება... ბევრი გოგონას შესახებ ვიცი, ვინც ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში თავშესაფარს ითხოვს (ურთულეს იურიდიულ პროცედურებს გადის), რომ იქ იმკურნალოს, გამოჯანმრთელდეს. ასე არ უნდა ხდებოდეს... მინდა ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო: მზე ჩვენი მეგობარი ნამდვილად არის - მის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელია, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი მტერიცაა: თუ მზის სხივებს ჭარბად მივიღებთ, მით უმეტეს - ხელოვნურად. პირადად მე, სოლარიუმში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ბავშვობა და მოზარდობის პერიოდი ზღვისპირეთში გავატარე. მზის სხივების ჭარბად მიღება განსაკუთრებულად თეთრი კანის მქონე და წითური ადამიანებისთვისაა სახიფათო. როგორც კი აღმოაჩენთ, რომ სხეულზე ხალი გაჩნდა, ფერი შეიცვალა, გამუქდა, კონტური დაკარგა ან ზედაპირზე ხავსივით რაღაც მოეკიდა, აუცილებლად ონკოდერმატოლოგს მიმართეთ და არა უბრალოდ დერმატოლოგიურ კლინიკას.

"სიმსივნე სასიკვდილო განაჩენი ეგონათ; ბოლო ხმაზე ვტიროდი"

gvanca-tkemaladze-copy-1676896837.jpg

გვანცა ტყემალაძე, 34 წლის:

- 12 წლის ვიყავი, როცა ჰოჯკინის ლიმფოგრანულომატოზი აღმომაჩნდა. მკურნალობის შესაბამისი კურსი მაშინვე ჩავიტარე და დაავადება დავამარცხე. იმ პერიოდში ადამიანებს სიმსივნე სასიკვდილო განაჩენი ეგონათ. თავად 12 წლის ბავშვი მართლა არ ვფიქრობდი, რომ უნდა მოვმკვდარიყავი. უბრალოდ, ამ დაავადებას კიდევ სხვა განცდები ახლავს: წარმოიდგინე, ბავშვი, რომელსაც პრანჭვა გიყვარს, ერთ დღეს იღვიძებ და ბალიშზე შენი თმა გხვდება... გამიმართლა, რომ საკმაოდ კარგი ექიმი - მამუკა ჩუთლაშვილი შემხვდა. მას ჩემს გადარჩენასა და გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი მიუძღვის. იმ პერიოდში, როცა რეანიმაციაში "კაპლიც" არ იყო, რომ "მოვბრუნებულიყავი", რთულ დაავადებას ხელიდან გამომგლიჯეს... მკურნალობის შემდეგ, გამოკვლევებისთვის გერმანიაშიც ვიყავი, რადგან მაშინ საქართველოში კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების საშუალება არ იყო. საბედნიეროდ, გერმანიაში აღარაფერი დამჭირვებია... კონტროლს სისტემატურად გავდიოდი. ონკოპაციენტებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. 2014 წელს, საერთოდ რომ ვერ წარმოვიდგენდი, მოულოდნელად, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი კარცინომა აღმომაჩნდა. ამ დაავადებას რადიაქტიული იოდით მკურნალობენ. მკურნალობის პერიოდში (2 კვირა) პაციენტი აბსოლუტურად იზოლირებულ გარემოში უნდა იყოს. დაახლოებით ისეთი სიტუაცია გავიარე, როგორიც ხალხმა "კოვიდის" პანდემიის რეგულაციების დროს (იღიმის). მოკლედ, ეს დაავადება ნაკლებად რთულად გადავიტანე. 2016 წელს შვილიც გავაჩინე. ვნერვიულობდი, მაგრამ ექიმებმა ბავშვის გაჩენის ნება დამრთეს. პატარა აბსოლუტურად ჯანმრთელია... ისე მოხდა, რომ 1 წლის წინ, მკერდზე 5-მილიმეტრიანი კვანძი აღმომაჩნდა, რომელიც ერთ-ერთი სტანდარტული კონტროლის გავლისას ექიმებმა ნორმალურად არ მიიჩნიეს. ბიოფსია ამჯერადაც იმ ქალბატონმა გამიკეთა, ვინც - 12 წლის ასაკში და მერეც, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის აღმოჩენისას. ვუთხარი, - ბოლოჯერ ვიკეთებ ბიოფსიას, მესამე და სამართალი-მეთქი (იცინის)!.. მოკლედ, ოპერაციის გაკეთება და ჩემი პატარა კვანძის გამოკვლევა გადაწყვიტეს... ავთვისებიანი კვანძი აღმოჩნდა, ოღონდ - ჰორმონდადებითი (არააგრესიული ფორმა), საწყის სტადიაში. უკვე იმ დონეზე დაღლილი ვიყავი, რომ მართლა არავისთვის არაფერი მითქვამს. მანქანაში ჩავჯექი და ბოლო ხმაზე ვტიროდი, - მერამდენედ, როდემდე?! ხომ შეიძლება, ამას დასასრული ჰქონდეს, სულ მე რატომ მემართება-მეთქი?!. მერე საკუთარ თავზეც კი გავბრაზდი - "სულ მე რატომ მემართება" რას ნიშნავს, სხვას უსურვებ-მეთქი?!. ცხადია, ამ დაავადებას არავის ვუსურვებ. უბრალოდ, ცოტა ხანს საკუთარ თავს ვებრძოდი, ბრაზს ვერეოდი, სულ ეს იყო... ტირილის დრო არ მქონდა. პრობლემას რაც უფრო სწრაფად მოვაგვარებდი, უკეთესი იქნებოდა. შემდეგ, თითქოს გზების მოძებნა დავიწყე - საზღვარგარეთ გამგზავრებაზე ვფიქრობდი... საბოლოოდ, ჩემი მასალა გამოსაკვლევად ავსტრიაში გავგზავნე, რომ გამეგო, ზუსტად რასთან მქონდა საქმე და ქიმიოთერაპია დამჭირდებოდა თუ არა. საქართველოში ამ ტიპის კვლევა ხელმისაწვდომი არაა, საკმაოდ მაღალბიუჯეტურია... შემდეგ ოპერაცია დაიგეგმა... ამჟამად, ჰორმონდამოკიდებული ვარ, წამალს ვსვამ და პრეპარატით მკურნალობასაც ვაგრძელებ, რაც 3 წელს გაგრძელდება... ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ამას ისინიც ხედავენ, ვინც შორიდან მაკვირდებიან. ალბათ ჩემს ქვეცნობიერს არ სურს, ვიღაცამ სიბრალულით შემომხედოს - აუ, გვანცას რაღაც სჭირსო!.. მგონია, ჩემ შესახებ ასეთი რამ არავინ არ უნდა თქვას. ალბათ ჩემი ასეთი დამოკიდებულება კარგია. უამრავი მიზანი და გეგმა მაქვს. ვიცი, რომ ღმერთმა უსაშველო სიტუაცია არ გამომიგზავნა. ყველაზე მთავარია, ოჯახის წევრები, შვილები მიყურებენ. არ შეიძლება ლოგინში ჩაწვე და ქვითინი დაიწყო. ცხოვრების რიტმი 1 დღითაც კი არ შემიცვლია, პირიქით - გარშემო მყოფებს გულშემატკივრობა უნდა დავუფასო. არ შეიძლება, სულ ვიღაცამ აკეთოს რაღაც შენთვის. ამ დაავადებაზე ღიად ლაპარაკი თავად დავიწყე. ჩემი სიტუაციით დაინტერესებულ ადამიანს ჩემზე უკეთ პასუხს ვერავინ გასცემს. ხანდახან გავიღადავებ ხოლმე, - "სასტავში" კიდევ გყავთ ვინმე, ვისაც კიბო აქვს-მეთქი (იღიმის)?.. კომპლექსი აღარ უჩნდებათ... დღესდღეობით, ონკოპაციენტების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, თუმცა ბევრი რამ კვლავ სტიგმად რჩება. ვისურვებდი, ამ საკითხში საზოგადოების შეგნება კიდევ უფრო ამაღლდეს, ადამიანები მეტად ინფორმირებული იყვნენ. მაგალითად, როცა ქალი ძუძუში კვანძს აღმოაჩენს, დაქალმა არ უთხრას, - ჩემი მეგობრის ბიძაშვილსაც ასე ჰქონდა, თავი დაანებე, ახლა ექიმებში სიარული არ დაიწყოო. ექიმთან მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი რომ იქნება, ჩემი აზრით, სხვადასხვა პროგრამის მასშტაბურობაც გაიზრდება (მაგალითად, სკრინინგი გარკვეული ასაკიდან უფასოა)... "ონკოლაინ ჯორჯიას" სოციალურ ქსელში შემთხვევით წავაწყდი. დახურულ ჯგუფში ღიად ვსაუბრობთ, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ვეხმარებით. შეიძლება, ვიღაცისთვის 1 სიტყვა იმედისმომცემი და გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

"ჩემ მიმართ სიბრალულის განცდას ვაწყდებოდი, რაც დამატებითი სტრესი იყო"

sofo-firanishvili-copy-1676896865.jpg

სოფო ფირანიშვილი:

- დღეს, როცა სრულიად რეაბილიტირებული ვარ, ძალიან რთულდება გავიხსენო, დიაგნოსტირებამდე როგორი ვიყავი, ისეთი მძიმე და რთული ეტაპები გავიარე... როდესაც ჩემი დიაგნოზის შესახებ შევიტყვე, დავიბენი... დაახლოებით 2 წელი ვერც კი ვიაზრებდი, ჩემს თავს რა ხდებოდა. ერთი ის ვიცოდი, რომ შევძლებდი და ყველანაირი პროტესტის, დამატებითი კითხვების გარეშე, ცხოვრებისგან შემოთავაზებულ პროცედურებს მივყვებოდი. დაავადების შესახებ თავიდანვე მაქსიმალური ინფორმაცია და მიმღებლობა მქონდა. განსაკუთრებულად მთრგუნავდა, მაოცებდა და მაბნევდა ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ, ჩემი დიაგნოზის მიმართ... ადამიანები განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ "კიბო განაჩენი არ არის", თუმცაღა მივხვდი, ამას ხალხის უმეტესობა ზედაპირულად იმეორებს, გააზრებული ნამდვილად არ აქვთ. შესაბამისად, თითქმის ყოველდღიურად ჩემ მიმართ სიბრალულის განცდას ვაწყდებოდი, რაც დამატებითი სტრესი იყო... დღეს სრულად ჩართული ვარ ჩემი ორგანიზაციის და "ონკო კლუბის" ყოველდღიურ ცხოვრებაში, პაციენტების მკურნალობის პროცესში... რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და მუდმივად ვცდილობთ, ახალი და თითოეული პაციენტის საჭიროებებზე მორგებული პროექტები შევქმნათ. ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს არ დავბრუნებივარ - ონკოლოგიის სფეროში ჩავრჩი, მხოლოდ ამ თემის გარშემო ვტრიალებ და თავს რეალიზებულად ვგრძნობ. როგორც აღვნიშნე, აღარც კი მახსოვს, დიაგნოსტირებამდე სოფო როგორი იყო... "ონკოლაინ ჯორჯია" რაღაცნაირად, უნებურად შეიქმნა: ეს იყო "ონკო კლუბის" გაგრძელება, რომელსაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი პაციენტი ემატებოდა. ვხვდებოდით, ბევრად მეტი შეგვეძლო, ვიდრე უბრალოდ "ოჯახურ კლუბად" ყოფნა იყო და განვითარების ახალ საფეხურზე გადავედით, "ონკოლაინ ჯორჯია" დავაფუძნეთ, რომელიც ვფიქრობ, კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაციის უპრეცედენტო პროექტია, თავისი მრავალმხრივი მიმართულებით.

"ბრძოლა არავის უხარია, მაგრამ გამარჯვებით უნდა გავიხაროთ"

234477011-156-0-977-821-1920x0-80-0-0-ea578d2c488e281666233e235a118d97-copy-1676896897.jpg

ნათია ფანჯიკიძე:

- სოფომ ისეთი იშვიათი დიაგნოზი დაამარცხა, რომელთან დაკავშირებითაც ყველაზე ნაკლებ იმედს იძლევიან. სწორედ იმიტომ დაამარცხა, რომ მას სიცოცხლისა და გამარჯვების სჯეროდა. ჩვენს ტვინს ბევრი რამ შეუძლია. ამაზე პლაცებო ეფექტიც კია დაფუძნებული, როდესაც შეიძლება, ადამიანმა მისთვის სანდო ადამიანის ხელით მიწოდებული წყალი დალიოს და მართლა განიკურნოს - ტვინში მთელი ბიოქიმიური პროცესი მიმდინარეობს... ცხადია, ყველა დაავადების შემთხვევაში ასე არ ხდება და ყველანი პლაცებო ეფექტზე ვერ გადავალთ, მაგრამ ეს სწორედ სიცოცხლის წყურვილით, გამოჯანმრთელების სურვილითაა განპირობებული. დღევანდელ შეხვედრაზე ჩემი ტექსტიც ამის შესახებ იყო: ადამიანებს არასოდეს უნდა შეგვეშინდეს სიტყვების და დიაგნოზების, რადგან უამრავი გადარჩენილი ონკოპაციენტია, ამ დროს კი შეიძლება, ვიღაც უმარტივესი ინფექციით ან იატაკზე წაქცევის შედეგად გარდაიცვალოს. თითქოს გაცვეთილი სლოგანია - "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", მაგრამ აზრი ნამდვილად აქვს. დღეს იმის საფუძველი გვაქვს, რომ ვთქვათ, - შეგვიძლია მედიცინას ვენდოთ. ამ ბრძოლას ბევრი გამარჯვებული ჰყავს. ასე რომ, ადამიანი უიმედოდ არ უნდა იყოს, რადგან გაიგო, რომ წინ გრძელი და არასასურველი ბრძოლა ელის. ბრძოლა არავის უხარია, მაგრამ გამარჯვებით უნდა გავიხაროთ.

ეთო ყორღანაშვილი