"ვინც ჩვენზე მეტად სუფთაა, პირველი მას ვკლავთ და ვრიყავთ" - გზაპრესი

"ვინც ჩვენზე მეტად სუფთაა, პირველი მას ვკლავთ და ვრიყავთ"

თებერვლის ბოლოს ახალგაზრდა პოეტის, ლაშა მარგიანის ლექსების კრებული დაიბეჭდება. როგორც თავად გვითხრა, ეს წიგნი იქნება განსხვავებული, ძალიან უბრალო, მგრძნობიარე და ადამიანური - მზის ნატეხი, რომელიც საკუთარ გულში შეგიძლია დაკიდო და მიეფიცხო.…რატომ არ აღმოჩნდა მისი ადგილი ლიტერატურულ წრეებში, რატომ ისტუმრებდნენ უარით გამომცემლობები და რა არის მწერლის მთავარი საკეთებელი? - სხვა თემებთან ერთად, ამის შესახებაც ვისაუბრეთ.

- ბავშვობიდან მაინტერესებდა და მიზიდავდა ხელოვნება. მამას კი უნდოდა, რომ სპორტის რომელიმე სახეობას გავყოლოდი და ჭიდაობაზეც დავყავდი, მაგრამ მე არ მომწონდა. ვგრძნობდი, ეს არ იყო ჩემი საქმე და სულ სხვა მიმართულებით მინდოდა წასვლა. ალბათ მე-6 კლასში, ჩემი თხოვნით, დედამ რუსთავის ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში შემიყვანა. სრული კურსი გავიარე. მინდოდა სამხატვრო აკადემიაშიც ჩამებარებინა და ფერწერას გავყოლოდი, მაგრამ ვერ მოვახერხე, არ ამეწყო ცხოვრება ისე, როგორც წარმომედგინა. იმ პერიოდში შეჭირვებულად ვცხოვრობდით რუსთავში, ძალიან პატარა სახლში. სახატავად ადგილიც კი არ მქონდა. ჯერ დიდი ნახატების ხატვას შევეშვი, შემდეგ კი მთლიანად მოვწყდი ამ საქმეს, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. იმ პერიოდში დავიწყე წერა და მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ. გარდა ამისა, ბევრს ვკითხულობდი. აღმოვაჩინე არაერთი თანამედროვე და საინტერესო მწერალი, რამაც შინაგანად გამზარდა და თანამედროვე ქართულ პოეზიაში საკუთარი ხმისა თუ ხაზის პოვნაში დამეხმარა. მჯერა, ჩემს ლექსებს შეუძლიათ ადამიანებს რაღაც ღირებული მისცენ. ისინი იწერება მათთვის, ვისაც არც მიწა ჰყოფნის და არც ცა; ვისაც მაინცდამაინც ადამიანი სჭირდება.

- ხატვის დროს უფრო გამოხატავდით შინაგან განცდებსა და სულიერ განწყობილებას თუ წერისას?

- ძალიან მძიმე ნახატები მქონდა, არ მომწონდა ფერების შეზავება და თითქმის სულ ძირითადი ფერებით ვხატავდი, რაც უამრავ კონტრასტს ქმნიდა ტილოზე. ასეთი ნახატების ყურება არ იყო ადვილი. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ისე მოხდა, რომ ხატვა ჩემთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა. დავიწყე მაგიდის სანათების მოხატვა და ჩემი ნახატებიც უფრო გაფერადდა. ვფიქრობ, ბევრად მეტი გადმოვეცი ლექსებით, რადგან „პირველად იყო სიტყვა“ და ალბათ მხოლოდ სიტყვებს შეუძლიათ სულის ყველაზე ღრმა ადგილებიდან ამოსვლა, ასევე სულის ყველაზე ღრმა უფსკრულებში ჩასვლა.

- თქვენი ლექსებიც ძალიან სევდიანია. თქვენს ცხოვრებაში რა მოხდა ისეთი, რამ განაპირობა ეს სევდა?

- მაქვს ასეთი ლექსი, რომელსაც ჰქვია „სანტა“. ყველას საახალწლო ლექსი ჰგონია, მაგრამ ასე არ არის, მეტაფორულად ღმერთი იგულისხმება. აღწერილი მაქვს ჩემი ცხოვრების, უფრო ზუსტად, ბავშვობის პერიოდი. 6 წლამდე ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი, შემდეგ რუსთავში ჩამომიყვანეს მშობლებმა. იმ პერიოდში ყველას უჭირდა, მაგრამ ჩვენ ცოტა უფრო მეტად. სახლის ფანჯრებზე მინებიც კი არ გვქონდა, ჭერიდან წვიმა ჩამოდიოდა, ლამის ცა ჩანდა ჩვენი საძინებლის ჭერის სინკარების ღრიჭოებს შორის. ყველაზე მეტად ქარისა და წვიმის მეშინოდა მაშინ. სულ მეგონა, ქარი ფანჯრებში შემოვარდებოდა და სახლს დაგვინგრევდა, წვიმა კი დედას წამართმევდა, რადგან ის წვიმის დროს ყოველთვის ფეხზე იდგა, ტილოებს აფენდა, ჭერიდან ჩამოჟონილ წვეთებს რომ არ გავეღვიძებინეთ მე და ჩემი და-ძმა. სახლში ღუმელი გვედგა და მტკვრის ნაპირზე მივყვებოდით ხოლმე მამას შეშის მოსაგროვებლად. 50 თეთრი ღირდა მგზავრობა, მაგრამ საამისო ფულიც არ გვქონდა და ფეხით ვბრუნდებოდით უკან. მერე ხშირად მიფიქრია, ალბათ მამაჩემისთვის რა რთული იყო ეს ყველაფერი, რა აუტანელი და გამანადგურებელი. მადლობა ღმერთს, ის პერიოდი ისე გადავიტანეთ, რომ საყვედური არ დაგვცდენია. სხვა თუ არაფერი, ერთმანეთი გვყავდა, რაც ყველასა და ყველაფერზე ძვირფასია. მერე მამა საზღვარგარეთ წავიდა 2-3 წლით, ეს 2-3 წელი გახდა 9 წელი, შემდეგ - 20 წელი და ახლაც ესპანეთშია იმ იმედით, რომ ოდესმე სახლში დაბრუნებას ეღირსება. მამასთან ერთად ძალიან ცოტა დრო გავატარე. დედაზე კი არ ვიცი რა ვთქვა, ის ყოველთვის ჩვენი ოჯახის მფარველი ანგელოზი იყო. წარმოდგენა არ მაქვს, მარტომ როგორ გაგვზარდა სამნი, როგორ დაგვაყენა ცხოვრების გზაზე ისე, რომ იმ მძიმე ბავშვობიდან საღ-სალამათებმა გამოვაღწიეთ. ჩემი ბავშვობის მეგობრებიდან ზოგი ნარკომანი გახდა, ზოგმა თავი მოიკლა, ზოგი ციხეში ზის მძიმე დანაშაულებისთვის, ზოგი ფსიქიატრიულშია და ეს სია, სამწუხაროდ, არ სრულდება. ასეთია გეტოში გაზრდილი ადამიანების ცხოვრება: მძიმე, მაგრამ ნამდვილი. როგორც კარლო კაჭარავას უწერია ერთგან: „მე ვფიქრობ იმაზე, რომ სახლში თითქმის აღარაფერი გვაქვს, რომ მდიდრებს და ღარიბებს მართლა განსხვავებული ღმერთები ჰყავთ“.

- როგორია ხელოვანის ბედი დღეს?

- ამ თემაზე არაერთი ლექცია მაქვს ჩატარებული სტუდენტებთან. პოეტურად თუ ვიტყვი, საკუთარი თავი ყოველთვის სულიერ კარიერისტად მიმაჩნდა, ამიტომაც არაპრაქტიკულ ტიპაჟად ჩამოვყალიბდი, თუმცა ვთვლი, რომ ადამიანს ასეთად ყოფნა ყველაზე მეტად ურთულებს ცხოვრებას. თანამედროვე ცხოვრებაში მწერლის, განსაკუთრებით კი პოეტის ბედი და ცხოვრება რთულია. თუ პროზაიკოსი ხარ, ამ შემთხვევაში ბევრად მარტივია წარმატების მიღწევა, თუნდაც წიგნის რეალიზაცია. თუ ლექსებს წერ, ჩათვალე, რომ არავინ ხარ და არავის უნდიხარ. ლექსები ყველაზე არაგაყიდვადი პროდუქტია, რადგან დაგუგლავ ან „ფეისბუკზე“ წაიკითხავ, აღარავის უნდა წიგნის სახით შეიძინოს.

სულ მალე, ჩემი მკითხველის მხარში დგომით (ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ) დაიბეჭდება ჩემი ლექსების პირველი კრებული, რომელშიც დაახლოებით 100 ლექსია თავმოყრილი. მანამდე 3-4 წლის განმავლობაში არაერთ გამომცემლობაში მივედი, მაგრამ ყველამ უარი მითხრა. მწერდნენ, თქვენი ლექსები შედევრებია, მაგრამ ლექსები არ იყიდებაო. მთავაზობდნენ, რომ პროზას დამიბეჭდავდნენ. არც ერთ ლიტერატურულ წრეში არ აღმოჩნდა ჩემი ადგილი, არც ერთი ლიტერატურული პრემია არ მაქვს, არც ერთ ლიტერატურულ ჟურნალსა თუ გაზეთში არ დაბეჭდილა ჩემი ლექსები, არც რომელიმე ლიტერატურულ საიტსა თუ მსგავს სოციალურ პლატფორმაზე ქვეყნდება. ესპანეთსა და საფრანგეთში ყოფნისას რამდენიმე პოეტი გავიცანი და მივხვდი, რომ ცა და დედამიწასავით განსხვავდება იქაური პოეტის ცხოვრება ქართველი პოეტების ყოფისგან. საქართველოში მწერალი სამოქალაქო აქტივისტი უფროა, ვიდრე ადამიანი კალმითა და ფურცლებით ხელში.

- „როცა მოწყენილი ვარ, ამ დროს ვგრძნობ ხოლმე თავს ადამიანად და როცა თავს ადამიანად ვგრძნობ, მტკივა“ - თქვენს ამ ლექსს დავუკავშირე ამბავი, რომლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეთ და გაკიცხვის ადრესატიც გახდით. ჩვენს მკითხველსაც უამბეთ, რა მოხდა და ამის შემდეგ მითხარით, რა დაგანახვათ სამარშრუტოში მომხდარმა, რა დასკვნა გამოიტანეთ?

329271020-1373791026689892-5489843135005145349-n-copy-1676897023.jpg

- ეს ამბავი წლების წინ მოხდა, წინასაახალწლო პერიოდში. ერთ ღამეს შემაგვიანდა სახლში დაბრუნება. რუსთავში ვცხოვრობდი და სადგურის მოედნიდან უნდა გავყოლოდი რამეს. უკანასკნელ სამარშრუტოს მივუსწარი, 2 ადგილიღა იყო თავისუფალი. ერთი არყით გაჟღენთილი კაცი ამოვიდა, გაყვითლებული წვერით, ბინძური ტანსაცმლით, სავარაუდოდ, ლოთი უნდა ყოფილიყო, საშინელი სუნი ასდიოდა. არ გვესიამოვნა მისი ამოსვლა. მძღოლს სთხოვა, ფული არ მაქვს და ძმურად, ისე გამიყოლეო, - გულწრფელი, სუფთა ღიმილით სთხოვა. მძღოლმა ამრეზით შეხედა, თავიდან ყოყმანი დაიწყო, ადგილს ტყუილად დაიკავებო, მეც "კაპიკებზე" ვმუშაობო, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. დაჯდა ეს არყის სუნით გაჟღენთილი კაცი, რაღაცნაირად თავისთვის, ჩუმად და საწყლად. ჩვენ გვერდით იყო, მაგრამ თითქოს ჩვენთან ერთად არ იყო. უცებ ერთ-ერთ მგზავრს, გოგოს საშინელი ხველა აუტყდა, ლამის დაიხრჩო, არა და არ ჩაუცხრა, უკვე სუნთქვა უძნელდებოდა. ატყდა ჩოჩქოლი, ყველა რაღაც რჩევას აძლევდა, ვიღაცამ დაიყვირა, წყალი უშველისო. ახლომახლო ყველა მაღაზია დაკეტილი აღმოჩნდა, სიგარეტის ჯიხურებიც კი. ამ დროს საიდან მოვიტანოთ წყალიო? - წამოსცდა ვიღაცას. რეალურად, არც ერთი არაფრის გამკეთებელი არ აღმოვჩნდით, მხოლოდ ცარიელ სიტყვებს ვისროდით, ვითომ დასახმარებლად. ამ ღრიანცელში ეს მთვრალი კაცი თითქოს გამოფხიზლდა, გამოერკვა, ფეხზე წამოდგა და მე მოვიტან წყალს, ერთი ადგილი ვიცი, მხოლოდ ბოთლი მჭირდებაო. მძღოლმა ბოთლი გამოიღო თავისი სავარძლის ქვეშიდან და გაუწოდა. თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა ლოთი, გოგონასთვის წყალი რომ მოეტანა. იმავდროულად სამარშრუტოში ორი ბიჭი ამოვიდა, არის ადგილებიო? ის მოხუცი კაცი რაკი ჩავიდა წლის მოსატანად, ზუსტად ორი ადგილი გათავისუფლდა. ამასობაში გოგონამ ხველება შეწყვიტა და სანამ ვინმე რამეს ეტყოდა ამ ახალამოსულ ბიჭებს, მძღოლმა ერთი კაცის მგზავრობის ფულს, ლარ-ნახევარს დახარბებულმა გასძახა: კი, ზუსტად ორი ადგილია თავისუფალი, დასხედით და წავიდეთო. რაღაცნაირად ყველას ხმა ჩაგვივარდა, მაგრამ არაფერი ვთქვით. ფანჯრიდან მოვკარი თვალი, ის არყით გაჟღენთილი ლოთი, წყლით სავსე ბოთლით ხელში, ჩქარი ნაბიჯებით როგორ მოდიოდა ჩვენკენ, ოღონდ იმიტომ კი არ ჩქარობდა, რომ სამარშრუტოს არ გაესწრო, იმ გოგონას გამო ეჩქარებოდა. ეტყობა სწრაფად ავსებდა ამ ბოთლს და ტანიც დასველებოდა. ზამთარი იყო, ყინავდა. ჩვენ კი ის კაცი, ერთი უარაფრო და უარავინო კაცი, მივატოვეთ შუა ზამთარში, შუაღამით, შუა გზაზე. ზუსტად ისეთები ვიყავით მაშინ, როგორც ჩემს ერთ ლექსში მიწერია: „ისინი თითქოს არ მრუშობენ, არ იტყუებიან, ცილს არ სწამებენ, კერპებს არ ეთაყვანებიან, კაცს არ კლავენ, ლოცულობენ, მარხულობენ, აღმსარებლები არიან, მაგრამ მათ შეუძლიათ თავისუფლად გაცვან ჯვარზე“. სულ რაღაც ლარნახევარი დააკლდა, რომ ადამიანად ჩაგვეთვალა, მიგვეღო და მიგვეცა ჩვენ გვერდით ყოფნის უფლება. არ ვიცი, რა დაგვემართა ყველას ერთად. რა მასწავლა ამ შეცდომამ? სულ მაინტერესებდა, მეც რომ იქ ვყოფილიყავი იმ ეპიზოდში, როდესაც ქრისტე პილატეს წინ იდგა და ყველა გაჰყვიროდა, „ჯვარს აცვიო“, შევეწინააღმდეგებოდი თუ არა ბრბოს? მეგონა, ქრისტეს გამოვესარჩლებოდი, მაგრამ რაღაც მსგავს, ოღონდ ბევრად უფრო პატარა და ბევრად უფრო ადამიანურ ეპიზოდში აღმოვჩნდი (რადგან ეს ნაკლებად ღვთაებრივი მომენტი იყო) და ისე მოხდა, რომ ენა ჩამივარდა, ვერაფერი გავაკეთე. მომხდარმა მიმახვედრა, რომ როდესაც არასწორ საქციელს უყურებ, ხმა უნდა ამოიღო. ეს პოსტი გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ათიათასობით ადამიანს ჰქონდა წაკითხული, უამრავ გვერდზე გააზიარეს და კომენტარებს რომ ვკითხულობდი, გული მწყდებოდა. იმაზე კი არა, ათასობით ადამიანმა რომ გამლანძღა, არა! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად ბევრი რამისთვის და ფარისევლურია. როგორც ჩვენ მოვექეცით იმ ადამიანს, ზუსტად ისე მომექცა საზოგადოება მე. იმიტომ არ იცვლება არაფერი უკეთესობისკენ, რომ ვინც ჩვენზე მეტად სუფთაა, პირველი მას ვკლავთ და ვრიყავთ.

- საუბრის დასასრულს სიყვარულზე უნდა გკითხოთ, თქვენივე ლექსიდანაა: „რომ არ შეგხვედროდი, ჩვეულებრივად ვიცოცხლებდი, მაგრამ შეგხვდი და შენ გარეშე უკვე მკვდარი ვარ“. როგორც მითხარით, ეს ლექსი სიყვარულის ჰიმნად იქცა.

- ასეა, ზოგი ამ ლექსით უხსნის სიყვარულს შეყვარებულს, ზოგი ხელს სთხოვს, სულ ბოლოს საქორწინო ფიცზე წაიკითხა ჩემთვის სრულიად უცნობმა წყვილმა ეს ლექსი. რაც შეეხება სიყვარულს ჩემი მეუღლის მიმართ, ამაღელვებელია, ყოველდღიურად ვგრძნობ და განვიცდი. მზად ხარ, მთელი შენი არსება მისცე საყვარელ ადამიანს და ყველაფერი გააკეთო, ბედნიერი რომ იყოს. ეს ნაწყვეტიც ჩემი ლექსიდან სწორედ ამაზე მიანიშნებს, „განწირულია სიყვარული, რომლის ერთგულებაც იმ ადამიანის თმენას ჰგავს, მარხვის დამთავრებას რომ ელოდება, სიყვარული არის მარხვა, რომელიც არ ხსნილდება“.…

ნინო ჯავახიშვილი