"აქ ყველაფერი ისე გამიუფერულეს, საკუთარი თავის აღარ მჯეროდა" - გზაპრესი

"აქ ყველაფერი ისე გამიუფერულეს, საკუთარი თავის აღარ მჯეროდა"

ახლახან ინტერნეტში ვიდეოკოლაჟი გავრცელდა: წლების წინ "ჯეოსტარის" 17 წლის კონკურსანტს - თათია კობალაძეს ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა - მარინა ბერიძემ იმედი გადაუწურა, - სიმღერისთვის საჭირო მონაცემი არ გაქვსო... როგორც აღმოჩნდა, გოგონას ფარ-ხმალი არ დაუყრია და წლების განმავლობაში უცხოურ მუსიკალურ პროექტებში წარმატებებს აღწევდა... თათია დღეს უკვე 30 წლის გახლავთ. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. ამჟამად ბათუმში სოლო კონცერტისთვის ემზადება, მალე კი ამერიკულ "ნიჭიერშიც" ვიხილავთ...

- ვიდეოკოლაჟი თავად გავაკეთე და სოციალურ ქსელში, ჩემს გვერდზე ავტვირთე. ქალბატონ მარინას დიდი მადლობა გადავუხადე. უბრალოდ მინდა მანაც ისწავლოს, რომ არ შეიძლება დამწყებ მუსიკოსებს, მომღერლებს ის უთხრას, რაც მე. 17 წლის ვიყავი, როცა "ჯეოსტარის" კასტინგზე პირველად მივედი. 11 თვის შვილით ხელში, დილის 8 საათიდან რიგში ვიდექი... კასტინგზე ისეთი სიმღერა მომცეს, რომელიც მანამდე არასოდეს შემისრულებია, ჩემს ტემბრს საერთოდ არ შეესაბამებოდა... სცენაზე ძალიან შეშინებული ვიდექი - ამას ვაღიარებ. თუმცა კონკურსები ვარსკვლავებისთვის არაა - იმ ადამიანებისთვის ტარდება, რომლებსაც მუსიკალური მონაცემები, შესაძლებლობები აქვთ და კონკურსზე უნდა განვითარდნენ, სცენაზე მუშაობა ისწავლონ... კასტინგზე მისულს ქალბატონმა მარინამ ყველანაირი იმედი ჩამიკლა: წადი, უკვე გათხოვილი ხარ, შვილი გყავს, მომავალი არ გაქვს. სახლში უნდა იჯდე და შვილი გაზარდოო. ჩემთვის ეს მიუღებელია...

რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინის "X-ფაქტორში" გავედი და ნახევარფინალში მოვხვდი, მთელი უკრაინა მიცნობდა... ასევე, წარმატებას მივაღწიე თურქეთში, ყაზახეთში... მსოფლიოს მასშტაბის თითქმის ყველა მუსიკალურ კონკურსში ვმონაწილეობდი. არ მეგულება მუსიკოსი და მომღერალი, ვინც ამდენს იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ოჯახი, 2 შვილი, არ ჰყავს ფულიანი მამიკო... მუშაობაში უამრავი ღამე გამითენებია, რეპეტიციების შემდეგ მშიერს დამიძინია, მიზნისთვის რომ მიმეღწია - ყველასთვის მინდოდა მეჩვენებინა, რომ კარგი მუსიკალური მონაცემები მაქვს და მართლა მაგარი მომღერალი ვარ. ნელ-ნელა ამ მიზანს ვაღწევ... მოკლედ, ვიდეოკოლაჟის გამოქვეყნების შემდეგ, დილით ჩემს გვერდზე დიდი ამბავი დამხვდა, ტელეფონი არ ჩერდება (იღიმის)...

- თათია, ქალბატონი მარინას შეფასებამ თქვენს მოტივაციაზე იმოქმედა?

- მას შემდეგ "ჯეოსტარის" ყველა სეზონზე მივდიოდი, მაგრამ "მბლოკავდნენ" - კასტინგზე არ მირჩევდნენ... ერთხელაც ჩემი ჯილდოები (40 ჯილდო მაქვს, მათგან 8 - გრან-პრი, დანარჩენები კი - პირველი ადგილი) მოვისროლე და დავამტვრიე: მგონი, მართლა ვერ ვმღერი. ეს ჯილდოები არაფერში გამომადგება, ჩემს სახლში ადგილს რატომ იკავებს-მეთქი?!. რამდენიმე თვის შემდეგ დამირეკეს, საქართველოში უკრაინული "X-ფაქტორის" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და, კასტინგზე თუ მოხვალო? მივედი, თუმცა კარგს არაფერს ველოდი. პრეკასტინგზევე მითხრეს, შემდეგ ეტაპზე გადასული ხარ, უკრაინაში ჩამოფრინდებიო. არ მჯეროდა! ყველა ახლობელს დავურეკე და ეს ამბავი ვუთხარი. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, ბოლომდე მაინც არავის სჯეროდა, რომ "X-ფაქტორის" წარმომადგენლებმა ეს მითხრეს. დათქმული დროც დადგა: უკრაინიდან დამირეკეს, - თვითმფრინავის ბილეთს ვყიდულობთ და თქვენი პასპორტის მონაცემები გვჭირდებაო... საქართველოში ყველაფერი ისე გამიუფერულეს, უკვე საკუთარი თავის აღარ მჯეროდა... უკრაინის "X-ფაქტორის" პირველ ტურზე ყველა მეკითხებოდა, - რატომ ტიროდიო? მართლაც, ისტერიკული ტირილი ამიტყდა, რადგან ხალხისგან აღიარებას არ ველოდი - ყველა ფეხზე იდგა. იქ ისე არ იყო, როგორც საქართველოში - შოუებში "მეტაშეები" რომ ჰყავთ და ანიშნებენ, სცენაზე ვისი გამოსვლისას უნდა დაუკრან ტაში. არც ერთ სხვა ქვეყნის პროექტში მსგავსი რამ არ მინახავს... უკრაინის "X-ფაქტორი" ჩემს ცხოვრებაში პირველი ყველაზე მასშტაბური კონკურსი იყო, რომელმაც თათია კობალაძე შექმნა როგორც მუსიკოსი. იმ კონკურსში ძალიან განვვითარდი, სცენურობა, ხალხთან მუშაობა ვისწავლე... ბევრი ქართველი ვმონაწილეობდით, ბევრი მათგანი კონკურსს "გამოეთიშა". "3 სკამის ტურამდე" ნათია თოდუა, რომელიც ჩემი მეგობარი იყო, მეუბნებოდა: არა მგონია, შემდეგ ტურში გადავიდეთო. ვუთხარი, - ამდენი ღამე ტყუილად არ გამითენებია. შენც გირჩევ, ფარ-ხმალი არ დაყარო, ყველა ვარიანტში უნდა გადავიდეთ-მეთქი... არ ვიცი, შოუს გამო მოხდა თუ სხვა მიზეზი იყო, მაგრამ "3 სკამის ტურზე" ნათია ააყენეს და მის ადგილას მე დამსვეს. ჩემთვის ეს ძლიერი დარტყმა იყო. ორივე ვტიროდით. საშინელება გახლდათ, რომ 2 ქართველი ერთად დაგვაყენეს: ერთი ჩვენგანი პროექტიდან წავიდა...

ძალიან ამაყი ვიყავი და მიხაროდა, როცა ნათიამ გერმანულ "ვოისში" გაიმარჯვა. გული სიამაყით ამევსო, მაგრამ როცა გავიგე, საქართველოში ჩამოდიოდა და იგივე უნდა გაეკეთებინა, რასაც სხვა ჟიურის წევრები აკეთებდნენ, ამაში უკვე მხარი აღარ დავუჭირე. საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია, როცა ჟიურის წევრებს ყურში კარნახობენ, მომდევნო ტურში რომელი კონკურსანტი უნდა გადაიყვანონ. ნათია ჟიურიში დაჯდა და კონკურსანტებს ანალოგიურად მოექცა. მხოლოდ ამ საქციელში არ დავუჭირე მხარი, თორემ მისი წარმატებები ძალიან მიხარია და ვგულშემატკივრობ.

- საქართველოში "X-ფაქტორშიც" მონაწილეობდით, კონკურსის გარკვეული ეტაპებიც გადალახეთ...

- კი. არ არსებობდა, მუსიკალური კონკურსის კასტინგზე არ წავსულიყავი. რაკი პროექტის წარმომადგენლებს პრეკასტინგიდან კასტინგზე არა და არ გადავყავდი, ერთხელ, ანკეტის შევსებისას, ჩემი გვარ-სახელის ნაცვლად, გამოგონილი სალომე თავდგირიძე ჩავწერე. თმაგაშლილი შევედი და სიმღერა დავიწყე. პროდიუსერმა გამაჩერა: 1 წამით თმა გადაიწიე... შენ თათია კობალაძე არ ხარო? - კი-მეთქი. - სხვა გვარ-სახელი რატომ გიწერიაო? - რავი, მგონია, რომ თათია კობალაძეზე "აცრილები" ხართ და შეცვლილი გვარ-სახელი ჩავწერე. იქნებ ახლა მაინც მეშველოს-მეთქი, გავიხუმრე (იღიმის). რა თქმა უნდა, მომდევნო ეტაპზე არ გადამიყვანეს... "X-ფაქტორის" შემთხვევაშიც მივედი, ვიმღერე... მეორე შვილზე ორსულობისას საშიში დაავადება - სიმსივნე მქონდა, რომელიც დავამარცხე, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი მაშინაც არ მინდოდა. როცა "X-ფაქტორის" მომდევნო ეტაპზე გადამიყვანეს, ვიფიქრე, ეს ჩემი ნიჭის გამო გააკეთეს. ჭკუაზე არ ვიყავი. ვფიქრობდი, - მეშველა-მეთქი!.. შინ ჟურნალისტი გამომიგზავნეს - ახლა უნდა დავსხდეთ და დაავადებასთან დაკავშირებულ თემაზე ვისაუბროთო. უარი ვუთხარი, მაგრამ რაკი დაიჟინა, ვესაუბრე. - ემოცია, ცრემლი გვაჩვენეო... - სატირალი არაფერი მაქვს: ჯანმრთელი შვილი მყავს, ცოცხალი ვარ, გადავრჩი, სენი დავამარცხე. ხალხისთვის თავის შესაცოდებლად ვერ ვიტირებ-მეთქი... თან საჯაროდ, დადგმული ემოციების ჩვენება არ მიყვარს... მოკლედ, პირველი ეტაპი გადავლახე, ჟიურის ყველა წევრმა "კი" მითხრა. "ათეულშიც" გადავედი. "სკამების ეტაპზე" სცენაზე ვიმღერე, სხვა კონკურსანტი ააყენეს, მის ნაცვლად მე დამსვეს... შემდეგ სცენაზე ერთ-ერთი კონკურსანტი გამოვიდა, მის ვინაობას არ დავასახელებ, ძალიან კარგი გოგოა, კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ როცა კონკურსზე წუთ-ნახევარი გაქვს, მნიშვნელოვანია, იმ დროში საკუთარ თავს როგორ წარმოაჩენ. მანამდე რა გიკეთებია ან მომავალში რას გააკეთებ, აზრი არ აქვს. იმ წუთში რას გააკეთებ, ამაზეა დამოკიდებული, დაგსვამენ თუ არა სკამზე. სცენაზე გამოსულმა გოგონამ ტირილი დაიწყო, კულისებში გავარდა... შემდეგ ვიღაც ქალი ამშვიდებდა... მერე თამთა გოდუაძესთან ტელეფონი მიიტანეს. თამთა თან ტელეფონით საუბრობდა, თან - ჩემკენ იყურებოდა. სკამებზე მსხდომ გოგოებს ხუმრობით ვუთხარი, - მე მიყურებს. მგონი, იმ გოგოს გამო ამაყენებენ-მეთქი. გოგოს ჯერ ნამღერიც არ ჰქონდა, რომ მივხვდი, მის გამო პროექტს მე დამატოვებინებდნენ... გოგონამ იმღერა. მისი შესრულება კატასტროფული იყო (ნამღერი გაასწორეს და ეთერში ისე გაუშვეს, მაგრამ მაინც საშინელება იყო). თამთამ თქვა, - არ ვიცი, როგორ ვთქვა, მაგრამ პროექტს თათია ტოვებსო. ხელები თავზე დაიწყო, თავი ჩაღუნა... გოგონას გადავეხვიე და წარმატება ვუსურვე. მითხრა, - გეხვეწები, მე არ დამაბრალო, რაც მოხდაო... არც ვაბრალებ: ეს იმ ადამიანების ბრალია, ვინც პროექტებში მსგავს სიტუაციებს ქმნიან...

ამის შემდეგ, ამიხსენით, როგორ შეიძლებოდა, ეთერში საერთოდ არ ეჩვენებინათ, პირველ ტურში რა ვიმღერე, ჟიურიმ როგორ შემაფასა... უბრალოდ აჩვენეს, "4 სკამის ტურზე" როგორ ვიმღერე - ამას ვერ "ამოჭრიდნენ", დამსვეს სკამზე და ამაყენეს... ამ ქვეყანაში ასე რატომ მექცევიან, მართლა ვერ ვხვდები, თუმცა შევეჩვიე და ბევრად ძლიერი გავხდი. არა მხოლოდ ქალბატონ მარინას, არამედ - მისნაირ ადამიანებს მინდა ვუთხრა: მუსიკოსს, მომღერალს რამდენჯერაც "არ შეგიძლიას" ეტყვით, იმდენი ისეთი ვიდეო გამოქვეყნდება, როგორიც მე "დავდე"; უფრო მეტი მუსიკოსი და მომღერალი გვეყოლება, რომლებიც მსმენელების ყურადღებას მსოფლიოს მასშტაბით დაიპყრობენ.

- თათია, მუსიკალური განათლება გაქვთ მიღებული?

- მუსიკალური თორმეტწლედი დავამთავრე, ასევე - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საესტრადო ვოკალის განხრით... როგორც მეუბნებიან, წლინახევრის ვიყავი, როცა ბებიასა და ბაბუასთან სახლში ვიჯექი და ვღიღინებდი. ჯერ ლაპარაკიც არ ვიცოდი. ამის შესახებ ბაბუამ ნათლიაჩემს უთხრა, ნათლიამ კი გადაწყვიტა, ჩემთვის პროფესიონალს მოესმინა... მუსიკალურ სტუდიებში დავდიოდი, 5 წლიდან კი უკვე დიდ სცენებზე ვმღეროდი. მაგალითად, ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ორკესტრთან, კაპელასთან ერთად, 7 წლისამ "ცოცხლად" ვიმღერე. 12 წლისამ ბულგარეთის მუსიკალურ კონკურსში გავიმარჯვე...

43c5976b-dcab-425e-af28-fcd47d20b681-1677439113.jpeg

- საქართველოში იმედგაცრუების მიუხედავად, მუსიკასთან დაკავშირებულ გეგმებს ჩვენს ქვეყანას უკავშირებთ?

- კი. უკვე 30 წლის ვარ. ბევრი წელი დავკარგე იმის გამო, რომ ამ ქვეყანამ შანსი არ მომცა. ჩემს ვიდეოკოლაჟზე "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებულებმა და სხვადასხვა პროექტის მონაწილეებმა "დამიკომენტარეს" - ქალბატონი მარინა ყოველთვის ობიექტურია. მაშინდელ და ახლანდელ თათიას შორის დიდი განსხვავებააო. მათ თუ პროექტებში გაიმარჯვეს, რა? ან სახლში სხედან, ან - ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ კაზინოში იმღერებს და ვინ - რესტორანში. არაფერი შეუქმნიათ. ჩემთვის შანსი რომ მოეცათ, სახლში არ ვიჯდებოდი... ჩვენს ქვეყანაში ბევრი ნიჭიერი მომღერალია, თუნდაც - სალომე მირიანაშვილი: გოგონა, რომელსაც სულ "ბლოკავენ"... ამას წინათ, მითხრა, - ყოჩაღ, ამდენი როგორ შეძელიო?!. 30 წლის ასაკში სოლო კონცერტი პირველად მაქვს ბათუმში. საოცრად ბედნიერი ვარ... ასევე, ამერიკულ "ნიჭიერში" ვმონაწილეობ, რომლის ჟიურის წევრებს შორის საიმონ კოუელია. ჩემთვის ეს დიდი ბედნიერებაა! წლებია, ამერიკულ "ნიჭიერში" შესარჩევ ეტაპს გავდივარ - მგონი, სამჯერ გადავედი მომდევნო ეტაპზე, მაგრამ ვიზის უქონლობის გამო ვერ მივფრინავდი. ახლაც ანკეტა გავგზავნე, შემდეგ ვიდეოზარით გამესაუბრნენ, ვიმღერე და მალე პასუხიც მივიღე, - გილოცავთ. აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთო... ეს გზა მარტივი მართლა არ არის. 30 წლის ვარ და ჩემი ბრძოლით, სრულიად "უკაპიკოდ", რაღაც შედეგს ძლივს მივაღწიე. ზუსტად ვიცი, ვარსკვლავი გავხდები და ჩემს ისტორიებს რომ მოვყვები, ბევრი ადამიანისთვის სტიმული ვიქნები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მსოფლიოში.

ეთო ყორღანაშვილი