"ხანდახან შეიძლება იგრძნოთ, რომ დაიღალეთ, მაგრამ თავი არ დაკარგოთ..." - გზაპრესი

"ხანდახან შეიძლება იგრძნოთ, რომ დაიღალეთ, მაგრამ თავი არ დაკარგოთ..."

როგორც ამბობენ, საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს წყალბურთის გუნდი მსოფლიოს ასპარეზზე მოწინავეთა რიგებს არ თმობდა და დღესაც ასეა, ეროვნული ნაკრები თავისი წარმატებით უფრო და უფრო გვაოცებს. გადავწყვიტე ჟურნალის "გზა" მკითხველს უფრო ახლოს გავაცნო საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და წყალბურთის კლუბის - "დინამო თბილისის" გუნდის კაპიტანი რეზი იმნაიშვილი.

- საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ვეცდები, ცოტა რამ მაინც გიამბოთ. ვცდილობ ყველა სიტუაციაში გაწონასწორებული ვიყო. შრომისმოყვარე და მიზანდასახული ვარ, ეს თვისებები კი სპორტმა გამიღვივა, რომელიც ცხოვრებისეულ წესრიგსაც გასწავლის.

- მოგვიყევი ოჯახზე, მეგობრებზე... როგორია რეზი ახლობელ ადამიანებთან?

- ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახით, ძალიან მოსიყვარულე ადამიანები არიან. სამი დედმამიშვილი ვართ. ხანდახან ჩემს დაზე ვხუმრობ ხოლმე: ისეთი ჭკვიანია, ყველას მაგივრად მან ისწავლა-მეთქი. ასევე, მყავს ძმა, კარგი და გამორჩეული ადამიანი. განებივრებული ბავშვები არ ვყოფილვართ, ყველაფერი ზომიერად გვქონდა. მშობლებმა სწორად გაგვზარდეს და რაც უფრო გადის დრო, მით მეტად ვხვდები, რა რთულია სწორად გაზარდო შვილები, რომ რაიმე ტრავმა არ მიიღონ, გზას არ ასცდnენ. ნელ-ნელა უფრო ვაფასებ მათ შრომას. მყავს უსაყვარლესი ბებია (სამწუხაროდ, მეორე ბებია და ბაბუები გვერდით არ გვყავს), რომელიც საოცარ სიყვარულს აფრქვევს. ყველა ბებიის მსგავსად, ისიც ტკბილი ადამიანია...

მეგობრებsa და ახლო ადამიანებში ხალისიანი ვარ. ბავშვობაში ცანცარა ვიყავი, მაგრამ ასაკთან ერთად, "დავღვინდი". ვფიქრობ, ყველგან ერთნაირი ვარ: ოჯახშიც და ოჯახს გარეთაც. ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს, მაგრამ ხალხთან კომუნიკაცია და საუბარი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- წყალბურთელი ხარ. როდის დაიწყო შენი კარიერა და როგორ აღმოჩნდი ამ სპორტში?

- ჩემს წყალბურთელობაზე მცირე გავლენა ოჯახმა იქონია. დედაჩემის მამა, რეზო ოჩიგავა ცნობილი წყალბურთელი იყო. ბაბუ ნაადრევად გარდაიცვალა, თუმცა ოჯახში წყალბურთის ტრადიცია შემორჩა, დედაჩემის ძმისშვილებიც წყალბურთელები იყვნენ და მეც შემიყვანეს ცურვაზე. პარალელურად, ფეხბურთზე დავდიოდი, თუმცა მამაჩემს აქვს გადაღებული სურათი, როგორ ვდგავარ სტადიონზე; მთელი ორი გუნდის მათამაშეები ბურთს დასდევენ, მე კი მათ ვუყურებ (იცინის). მანდ მივხვდით, რომ ხმელეთზე იმდენად ნიჭიერი ვერ ვიყავი, როგორიც წყალში და ფეხბურთს თავი დავანებე, მთელი ენერგია წყალბურთისკენ მივმართე.

ცურვა დედამ მასწავლა 4-5 წლის ასაკში. გარკვეული ხნის შემდეგ გიორგი აბზიანიძემ, ცურვის ნაკრების მწვრთნელმა მიმიღო ჯგუფში და ცურვის უკეთ სწავლაში, დახვეწაში, განვითარებაში დამეხმარა. წყალბურთზე რომ გადავედი, თუ არ მეშლება, 9 წლის ვიყავი. დავიწყე სიარული სოსო მაისურაძესთან, რომელმაც ბევრი თაობა გაზარდა. ამასობაში ისე მოვიწამლე ამ სპორტით, რომ პროფესიადაც მექცა. მოვხვდი ახალგაზრდულში, შემდეგ ეროვნულ ნაკრებში, საიდანაც "დინამო თბილისს" შევუერთდი. მიხარია, რომ იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, "დინამო თბილისი" საკმაოდ წარმატებული გუნდია.

- რით არის სპორტის ეს სახეობა გამორჩეული? მოდი, წყალბურთის დადებით და უარყოფით მხარეზეც ვისაუბროთ...

- ვფიქრობ, წყალბურთი ერთ-ერთი რთული სპორტია. ჯერ თვითონ ცურვა არ არის მარტივი, წყალზე გაჩერება საკმაოდ რთულია. ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო ან თავიდანვე კარგად გქონდეს ნასწავლი ცურვა, რომ წყალბურთის თამაში შეძლო. სირბილის სწავლა ბევრად მარტივია, ვიდრე ცურვის. ყველა სპორტის თამაში და ყურება მსიამოვნებს, როგორც გუნდურის, ისე ინდივიდუალურის, თუმცა წყალბურთი გამორჩეულად მომწონს. ეს სპორტი ფინანსური თვალსაზრისით ისეთი არ არის, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდო და უზრუნველად იცხოვრო. ძალიან უნდა გიყვარდეს სპორტის ეს სახეობა, რომ დარჩე და კარიერა აიწყო.

სხვათა შორის, ყველაზე ჯანმრთელი სპორტია. წყალი ყველა ტრავმის პირველი წამალია. აქ ფილტვები სხვანაირად მუშაობს, სხეული ფიზიკურად ვითარდება, სისხლის მიმოქცევა წესრიგდება, გულის მუშაობა კარგად ფუნქციონირებს. რაც შეეხება უარყოფითს: ჩემი გადმოსახედიდან, ამ სიტუაციაში წყალბურთის მთავარი მინუსი სწორედ ფინანსური ნაწილია. შეიძლება უარყოფითად ჩაითვალოს ისიც, რომ ზოგისთვის ნაკლებად სანახაობრივია ეს სპორტი. რთულია ის ხალხი გაამტყუნო, ვინც გარედან უყურებს თამაშს და არ ესმის ნიუანსები. მთავარი "ექშენი", რაც ამ სპორტს აქვს წყალში, უშუალოდ აუზში ხდება, თვალისთვის სხვა დეტალები რთული აღსაქმელია. ცოტათი ხელბურთი ჰგავს წყალბურთს, თუმცა იქ მთელი სხეული ჩანს და კარგად იკვეთება სანახაობა. ჩვენს სპორტშიც ბევრი კარგი მომენტია: წყლიდან ამოსვლა, დარტყმა, ბურთის მოგერიება, ამ დროს მეტად ჩანს სხეული ტანს ზემოთ. მხოლოდ ამით შეიძლება უცხო მაყურებელი მოხიბლო. უნდა გესმოდეს და მოგწონდეს წყალბურთი, რომ მისი მთავარი ხიბლი "დაიჭირო".

მხრები და მყესებია ჩვენი სუსტი წერტილი. თამაშისას მხრით ეჯახები, ურტყამ და სწორედ ამ დროს შეიძლება ტრავმა მიიღო. წყალბურთი კონტაქტური სპორტია, ბევრი ჭიდაობა გვიწევს...

- ქართულ წყალბურთს დიდი ისტორია აქვს...

- ნამდვილად, დიდი და საინტერესო ისტორია აქვს, რომლის გარკვეული ნაწილი საბჭოთა კავშირს უკავშირდება. სწორედ ქართველი იყო საბჭოთა კავშირის წყალბურთის გუნდის კაპიტანიც. ეს სპორტი წლების განმავლობაში დომინანტური გახლდათ მსოფლიოში და ტიტულებს არ უჩიოდა გუნდი. ძველი "დინამო თბილისი" ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ კავკასიაში და ამას მიგვანიშნებს გუნდის მიერ მიღწეული შედეგები... საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ომიანობა დაიწყო და "დინამო თბილისი" დაიშალა, ამ სპორტმა აქტივობაც დაკარგა. გაქრა მომდევნო რამდენიმე თაობაც... თუ რაიმე ტურნირი იმართებოდა, რეკავდნენ და ნაკრებისთვის რამდენიმე წყალბურთელს იძახებდნენ. სხვა ქვეყნის გუნდებს "ჩაგდება" არ ჰქონიათ, უწყვეტად ვითარდებოდნენ. მინდა ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ქართული წყალბურთი 15 წელია გაცოცხლდა და ამის ფონზე "დინამო თბილისი" უკვე მეოთხედ ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე, ეროვნული ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა. ჩემი აზრით, მცირე დროში უკვე დიდ წარმატებას მივაღწიეთ.

წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი იქნება, თუმცა ჩვენ შესარჩევს არ ვთამაშობთ, რადგან საუკეთესო გუნდებს შორის ვართ - ასეთი პრეცედენტი ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხდა...

- არ გიყვარს იმის აფიშირება, რომ კაპიტანი ხარ, თუმცა მაინც უნდა გკითხო, რა არის კაპიტნობაში ყველაზე დიდი გამოწვევა?

- დიახ, მირჩევნია, როგორც გუნდის წევრი, ისე მომიხსენიონ. კაპიტნობაში ყველაზე დიდი გამოწვევა ურთიერთობების დალაგებაა, ჯანსაღი გარემოს შექმნა და დაბალანსება.

- ახლა ცოტას პირადზეც გკითხავ. მოგვიყვები შენს რჩეულზე?

- პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის. მყავს რჩეული, არაჩვეულებრივი ნინა. დადებითი, ჯანსაღი და მართალი ურთიერთობა გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ორივე ჩვენ ჩვენს წილს ვდებთ "დინამო თბილისის" განვითარებაში. ნინა ცურვისა და წყალბურთის აკადემიაში მუშაობს, პატარა "დინამოელებთან", თუმცა ერთმანეთს სხვა გარემოში შევხვდით და აღმოჩნდა, რომ ოჯახები ახლობლობდნენ, რამაც რაღაც მხრივ კიდევ უფრო გაამარტივა ჩვენი ურთიერთობა.

- თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვარს?

- თავისუფალ დროს, რომელიც იშვიათად მაქვს, ვცდილობ ფიზიკურად არ დავიტვირთო. მუსიკა მიყვარს, ყურსასმენების კოლექცია მქონდა და სულ მუსიკას ვუსმენდი. ავტომობილში კარგი აუდიოსისტემა მაქვს და ნებისმიერ დროს ვცდილობ, მუსიკის მოსმენისგან სიამოვნება მივიღო. მიყვარს კითხვაც. შემეცნებითი მიმართულება მომწონს და წიგნებს კონკრეტული ინტერესის მიხედვით ვარჩევ. მქონია მომენტი, როდესაც საკუთარი თავისთვის კითხვა დამიძალებია, თუმცა თუ წიგნმა დამაინტერესა და ჩამითრია, შემიძლია უსასრულოდ ვიკითხო.

- რა არის ამ ეტაპზე შენი ყველაზე დიდი მიზანი, შეიძლება ოცნებაც?

- მინდა სპორტში თავი მაქსიმალურად გამოვავლინო. პირად ცხოვრებაშიც მაქვს მიზნები და მინდა, რაღაც ნაბიჯები გადავდგა... გამოგიტყდებით და ბოლო დროს საკუთარი თავის კონტროლი დავიწყე. საჭესთან სულ ვღიზიანდებოდი და ეს ცუდი ხასიათი სახლში, მეგობრებში მიმყვებოდა. მიდგომა შევცვალე და დამთმობი გავხდი, ვცდილობ არ გავღიზიანდე, ნაკლებად ვიშლი ნერვებს. ერთხელ ზურა მხეიძის ლექციას ვუსმენდი და მან თქვა: ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ ამაზე ნერვები მოვიშალოთო. ეს ფრაზა გამორჩეულად მომეწონა და დამამახსოვრდა. ვცდილობ წვრილმანებს ყურადღება აღარ მივაქციო.

326927655-947974696572460-3906949609537841996-n-copy-1677439589.jpg

- როგორც ახსენე, კითხვა გიყვარს. გაქვს წიგნი, რომელსაც რამდენჯერმე წაიკითხავდი.

- კარგ წიგნებს რა დალევს?! სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" რამდენჯერმე მაქვს წაკითხული. ბავშვობაში "ჰარი პოტერი", "ბეჭდების მბრძანებელი" მიყვარდა. ამ წიგნებში საყვარელი მომენტები მქონდა შერჩეული და პერიოდულად ვუბრუნდებოდი, ვკითხულობდი.

- რას ნიშნავს "დინამო თბილისი" შენთვის?

- "დინამო" ერთი დიდი ოჯახი და ერთობაა. აქ ყველას საერთო მიზანი გვაქვს. სახლზე მეტ დროს, "დინამოში" ვატარებ. გუნდში ერთმანეთის გარეშე არაფერი გამოდის. აქაური ატმოსფერო და გარემო ბრძოლის სურვილს არ გვიკარგავს. ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი იდეალურად არის, რა თქმა უნდა, "დინამოსაც" აქვს თავისი პატარა პრობლემები, მაგრამ ვცდილობთ, ისინი რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ.

- ბოლო დროს წყალბურთით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა. რას ეტყოდი იმ გოგონებს და ბიჭებს, რომლებსაც წყალბურთელობა აქვთ გადაწყვეტილი?

- მათ ვურჩევ, რომ არ შეუშინდნენ წინაღობებს, რომელიც წარმატების გზაზე დახვდებათ. ხანდახან შეიძლება იგრძნოთ, რომ დაიღალეთ, აღარ გინდათ, მაგრამ თავი არ დაკარგოთ, ეცადეთ შრომა არ დაგეზაროთ, მარტო ნიჭი საკმარისი არ არის. მონდომებითა და შრომით კი მერწმუნეთ, ყველაფერი გამოვა!

ელენე მეტრეველი