"ინტელექტუალი გოგონები ჩემში ეიფორიას იწვევენ" - გზაპრესი

"ინტელექტუალი გოგონები ჩემში ეიფორიას იწვევენ"

მხატვარი - ნოდო ნახუცრიშვილი რეალითი შოუში მონაწილეობის შემდეგ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო და მისი პიროვნული თვისებებით მოიხიბლა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ნოდო საზოგადოებისთვის უკეთ გაგვეცნო...

- სკოლაში ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. მასწავლებლებმა იფიქრეს, რითი გავაჩუმოთო? ბოლო მერხთან გადამსვეს, წინ ფურცელი და ფანქარი დამიდეს - ოღონდ შენ გაჩუმდი და ხატეო!.. როცა უკვე მივხვდი, კარგად ვხატავდი, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს პერანგები მოჰქონდათ, - დაგვიხატეო. ფულის შოვნის საკითხში პირველი ნაბიჯების გადადგმა მაშინ დავიწყე... სხვადასხვა ქსოვილის ზედაპირზე ხატვისას ნელ-ნელა ისე "დავსპეცდი", რომ ბოლოს გადავწყვიტე, უნივერსიტეტში სწავლა ხატვის მიმართულებით გამეგრძელებინა. მასწავლებლებმაც სკოლა ხათრით დამამთავრებინეს, რადგან იცოდნენ, ჩემი მომავალი რა იყო. თან, დამამთავრებელ კლასებში პრეტენზიას ხშირად გამოვთქვამდი, - თუკი გყავთ მოსწავლეები, რომლებსაც ხელოვნება მოსწონთ, ამ საგანს რატომ არ უნდა ვსწავლობდეთ-მეთქი? რისი სწავლაც ყველაზე მეტად მინდოდა, იმას ჩვენს სკოლაში არ გვასწავლიდნენ. მიაჩნდათ, რომ ხატვა ისეთი საგანი არ იყო, რომელიც სხვა შემეცნებით საგნებს გაუტოლდებოდა. ამის გამო გულდაწყვეტილი ვიყავი. გადავწყვიტე, თავად მესწავლა.

- თვითნასწავლი მხატვარი ხარ?

- კი. როცა 14-15 წლის გავხდი და რაღაცნაირად, გარშემო მყოფებმა ჩემ შესახებ თქვეს, ნიჭიერი ბავშვიაო, უკვე პიონერთა სასახლეში ვხატავდი: ხატვის წრეზე შაბათ-კვირას დავდიოდი, რაღაც ახალ ტექნიკას ვსწავლობდი... მოკლედ, არც ერთ ადგილს არ ვტოვებდი, სადაც რამის უფასოდ სწავლა შეიძლებოდა, რადგან ვგრძნობდი, იქ რაღაცები უანგარო იყო. მომწონდა, როცა ვიღაც ფულის გამო კი არა, სხვა მიზეზით მასწავლიდა...

- ოჯახის წევრებისთვის შენი ნიჭის გამომჟღავნება მოულოდნელი იყო?

- ვფიქრობ, მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ჩვენს ოჯახში კარგად არავინ ხატავდა. სულ ეგონათ, ჩემი პროფესია წარუმატებელი იქნებოდა. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ხელოვანები სიდუხჭირეში ცხოვრობენ, მე კი ეს სტერეოტიპი დავანგრიე და ხელოვნების ისეთი მიმართულება ვიპოვე, რომლიდანაც სარფიანი შემოსავალი მაქვს. ალბათ, დღესდღეობით, ჩემი ოჯახის წევრები კმაყოფილები არიან, რომ ხელოვნება ავირჩიე. ამჟამად, კედლებზე შეკვეთით ვხატავ - კონკრეტულ ფირმებთანაც ვთანამშრომლობ და კერძო პირებთანაც. დღეში 1 კედელი მაინც "მელოდება", რომ მივიდე, გავალამაზო, "გამოვპრანჭო"...

- კედლების მოხატვით როგორ დაინტერესდი?

- პირველ-მეორე კურსზე, როცა ფინანსური პრობლემები მქონდა და დასახატ საშუალებებს ყოველდღიურად ვერ ვყიდულობდი, მივხვდი: რაღაცების ძებნა რად მინდა, როცა გარშემო უამრავი კედელია-მეთქი? თან, უბანში სულ მახინჯი კედლები მქონდა - დაჯღაბნილი, ჩამონგრეული... ამიტომ, "კედლების ხელოვნება" აღმოვაჩინე და გადავწყვიტე, დამახინჯებული, "ჩაბნელებული" ადგილები "გამენათებინა". ვფიქრობ, რისი მიღებაც აქედან მინდოდა, ზუსტად იმას ვიღებ, ჯერჯერობით: ხალხისგან პოზიტიურ დამოკიდებულებას, საქმიან შემოთავაზებებს, კარგ იდეებს...

- კედლებზე ხატვა ალბათ, სპეციფიკური სამუშაოა. თავდაპირველად ხომ არ გაგიჭირდა?

- ძალიან სპეციფიკურია, რადგან ხან ისეთ სამუშაო ადგილზე ხვდები, სადაც კედელი ძალიან მაღალია. რაღაცნაირად, მაინც რთულია, იდგე ხარაჩოზე, უშველებელ სიმაღლეზე, ორიენტირებული იყო იმაზე, რომ დაბლა არ ჩამოვარდე, თან - კონცენტრაციას ნახატზე ახდენდე, რომ დაძაბულმა არ ხატო, ხელი არ შეგეშალოს... მაგრამ ესეც გამოცდილების ამბავია, რაღაც დროის შემდეგ აღარ გაშინებს ხელის შემშლელი ფაქტორები.

- კედელზე ხატვის საწყის ეტაპზე, განსაკუთრებულად სახიფათო სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- მაგალითად, თბილისში, თუმანიშვილის თეატრის უკანა ეზოში კედელზე ვხატავდი. ძალიან უყურადღებოდ მომექცნენ, რაც არ მიყვარს. იცით, როცა კონკრეტულ ადამიანთან რამის დასახატად მივდივარ, კიბეს ან 1 ჭიქა წყალს მაინც მახვედრებენ, ან ელემენტარულ ყურადღებას მაქცევენ, იქ კი უყურადღებოდ დამტოვეს. ამიტომ გადავწყვიტე, - მოდი, ხარაჩოს თავად ავაწყობ. იქნებ, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს-მეთქი... მაგრამ "დავმარცხდი": ხარაჩოდან ჩამოვეხეთქე, გავმწარდი (იღიმის)... არც ვინმე იყო იქ მომსვლელი, არც - ამყენებელი... გული ძალიან დამწყდა, რომ სადღაც მისვლა, ვიღაცისთვის კარგის გაკეთება მომიხდა, მან კი ხარაჩოც არ ამიწყო... მას მერე გადავწყვიტე - ისეთ ადგილზე აღარ მივიდე, სადაც ყურადღებას არ მაქცევენ და ასეც ვიქცევი.

- ნახატი მაინც დაასრულე?

- ჰო, დავამთავრე. ამ ინციდენტის შესახებ არავის არაფერი გაუგია, იდეალური ნახატი გამოვიდა.

- "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში თქვი, - ნოდო აღარ ვარ, ნოდარი ვარო. გვიამბე, ნოდოს და ნოდარი ერთმანეთისგან რით განსხვავდებიან?

- ნოდო ისმენს, ნოდარი კი ლაპარაკობს; ნოდო გეგმავს, ნოდარი - ახორციელებს; თითქოს ნოდოს რაღაცების მიმართ უფრო ზერელე დამოკიდებულება აქვს, მაგრამ შეუძლია იფიქროს, ასჯერ გაზომოს... როცა გავზომავ, მერე ნოდარი "მყავს", ვისაც ვაჭრევინებ - სწორად ჭრის... ერთი ადამიანი ვარ, რომელიც ხან გულით ფიქრობს, ხან - ტვინით, რაც რთულია - ორივეს ერთად ვერ ამუშავებ. ცხოვრებაში ბევრჯერ აღმოვჩნდი სიტუაციაში, როცა ჩემი გული ან ტვინი არასწორად გამოვიყენე. ბოლოს ვიფიქრე, - მოდი, იქნებ, ამის კონტროლი ვისწავლო-მეთქი. მსგავსი კონტროლის ამბავიც ეგ იყო, რომ უცებ ავდექი, სტილი შევიცვალე, თითქოს განწყობა ავიმაღლე, წვერი მოვიწესრიგე... ასეთ დროს ადამიანები უკვე სხვანაირად გისმენენ. ერთხელ ძალიან კარგმა პიროვნებამ თქვა, - ადამიანს, რომელსაც სუფთად აცვია და კარგად გამოიყურება, უფრო მეტი ხალხი უსმენსო. ჰოდა, ეს მართლა ასეა. როცა "პრაიმ ჰაუსში" "აუტსაიდერი" პირველად გავხდი, გადავწყვიტე, ისეთი იმიჯი მქონოდა, რომ ვიღაცებს ჩემთვის მოესმინათ... მართლაც მომისმინეს, პროექტში დამტოვეს, 2 დღეში "ბოსიც" გავხდი და პროექტს ყველაზე პრობლემური მოთამაშეც მოვაშორე. ასეთი შედეგების მისაღწევად მხოლოდ 1 კვირით თამაშმა მომიწია.

1674471304-1674471347-copy-1677439297.jpg

- ნოდო, შეყვარებული ყოფილხარ? შენზე სიყვარული როგორ მოქმედებს?

- კი, შეყვარებული ვყოფილვარ. ეს გრძნობა ჩემზე მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა უკვე დასასრულისკენ მიდის, რადგან ძალიან რთულია: თითქოს ხელში ნაყინი გიჭირავს, რომელიც 1 ბოლოდან ძალიან გემრიელია, მეორiდან - ძალიან მწარე. "ბოლოში ჩასვლა" ყოველთვის მაშინებს. ვფიქრობ, "სიყვარულობანაც" ერთ-ერთი ისეთი ურთიერთობაა, რომელიც ჩემთვის ძალიან რთულია. ჰოდა, ასეთი ურთიერთობები სულ მაბნევს. ამიტომ აღმოვჩნდი პროექტში, სადაც რაღაც გრძნობებმა იჩინა თავი და ფაქტობრივად, სიამოვნების ნაცვლად, ათჯერ მეტად მეტკინა...

- სალომეს მიმართ გრძნობები ახლაც გაქვს?

- უკვე თითქოს გაფერმკრთალებულია, ამიტომ "გრძნობებს" აღარ ვეძახი - "მოშუშების სტადიას" ვუწოდებ, რომელშიც ახლა ვარ.

- წინა სასიყვარულო გამოცდილებებს რაც შეეხება, შენი ურთიერთობები ბოლოსკენ რატომ "მწარდებოდა"?

- ცუდი გამოცდილება მაქვს, რადგან ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვიღაცის აზრი მნიშვნელოვანია - ადამიანები თავიანთ შეცდომას ვერ ასწორებენ, მაგრამ შენ გისწორებენ; შენსას ხედავენ, თავისას - ვერა... მოკლედ, ბევრმა გარემოებამ შემიშალა ხელი, რომ იქ ვყოფილიყავი ბედნიერი, სადაც, ვისთანაც და რამდენი ხნითაც მინდოდა. რაკი ჩვენი გრძნობები ამდენ რამეზეა დამოკიდებული, გადავწყვიტე, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ამიტომ გრძნობების ადგილი აღარ მაქვს, ყოველ შემთხვევაში - მაშინ, როცა მინდა, რომ დამოუკიდებელი ვიყო.

- ადვილად გიყვარდება?

- კი, რადგან შესაყვარებლად ბევრი მიზეზი არ მჭირდება...

- როგორი გოგონები მოგწონს?

- უპირატესობას ინტელექტს ვანიჭებ. რაღაცნაირად, ინტელექტუალი გოგონები ჩემში ეიფორიას იწვევენ, როცა შეუძლიათ, დასხდნენ და 10 საკითხზე ერთდროულად, არგუმენტირებულად ილაპარაკონ. საქართველოში ინტელექტუალი ადამიანები იშვიათობაა. ამიტომ, როცა ინტელექტს და ძალას აღმოვაჩენ ქალში, რომ მას შეუძლია, თავისი არგუმენტი ნებისმიერი ხერხით დაიცვას, ვრწმუნდები, რომ ეს ქალი ძლიერიც არის. ჰოდა, როცა ქალი ინტელექტუალურიცაა და ძლიერიც, უკვე საშიშიც კია, რომ დაკარგო. ამიტომ ასეთი ადამიანების დაკარგვა არ მიყვარს - როცა ვკარგავ, ყველაზე მეტად მაშინ მტკივა... რაც უფრო ბევრჯერ მტკივა, მით უფრო აღარ ვეძებ ასეთ ადამიანებს, რომ კიდევ ერთხელ არ მატკინონ.

gamixardeba-am-potos-sadme-tu-gamoiqenebt-gadagebulia-sakartveloshi-mogzaurobis-dros-1677439282.jpg

- ნოდო, ვისთან ერთად ცხოვრობ?

- ერთ ოჯახში ბევრნი ვცხოვრობდით. მერე ისე მოხდა, რომ კრიზისული სიტუაცია შეიქმნა და ყველა სადღაც წავიდა, ხელი არავისთვის შემიშლია... ბებოსa და პაპასთან ერთად ვცხოვრობ. მყავს ძაღლი და კატა. დედაც ჩვენთანაა. დღეს ერთმანეთისთვის "ძმაკაცები" უფრო ვართ, ვიდრე დედა-შვილი. საერთო დაქალები გვყავს, ერთად ვმოგზაურობთ: ხან სვანეთში ვართ, ხან - გუდაურში... ძალიან აქტიური დედა მყავს... როგორც გითხარით, ოჯახის ბევრი წევრი საქართველოდან წავიდა. სულ მეკითხებიან, - სადმე რატომ არ მიდიხარო? არსად წასვლა არ მინდა. ჩემს არჩევანს დიდ პატივს ვცემ და ამიტომ ვარ დღემდე ვარკეთილში.

- მამაზე რას გვეტყვი?

- მამაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მან თავისი შავბნელი ცხოვრება აირჩია...

- თაყვანისმცემლები შენი ყურადღების მიქცევას როგორ ცდილობენ?

- იმით სარგებლობენ, რომ ჩემი სუსტი წერტილი ცხოველების სიყვარულია: თავიანთი ძაღლების ისეთ საყვარელ ფოტოებს მიგზავნიან, რომ მათი დანახვისას მაშინვე გული მითბება - აი, ოთხფეხა მეგობარი ჩვენც გვყავსო (იღიმის)... მომწონს ადამიანები, რომლებიც იმ ამბავს შეეგუვნენ, რომ დედამიწაზე მარტო არ ვცხოვრობთ: ჩვენ გარდა, კიდევ უამრავი ცოცხალი არსებაა. ერთმანეთს რაღაც ელემენტარულით თუ არ დავეხმარეთ, პლანეტაც ვერ გაძლებს ჩვენს ხელში...

ეთო ყორღანაშვილი