დეა არაყიშვილის პრინცესული ბავშვობა და მოულოდნელი, თავბრუდამხვევი წარმატება - გზაპრესი

დეა არაყიშვილის პრინცესული ბავშვობა და მოულოდნელი, თავბრუდამხვევი წარმატება

ჟურნალში "გზა" 2015 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში "მის საქართველო 2010" - დეა არაყიშვილი სინანულით აღნიშნავდა, რომ უარი თქვა "ვიქტორია სეკრეტის" შემოთავაზებაზე... ასევე, იყო შემოთავაზება მილანის რამდენიმე სერიოზული სააგენტოდან, რომლებთანაც კონტრაქტები თითქმის გამზადებული იყო და ჩაშალა... დეა არაყიშვილი თავის საინტერესოდ განვლილ წლებზე გულწრფელად გვესაუბრა...

- დეა, როგორ იხსენებთ თქვენს ბავშვობას, პრინცესული ცხოვრება გქონდათ?

- ბავშვობა ნამდვილად პრინცესული იყო. იმ პერიოდში, ფინანსური თვალსაზრისით, მამა ძლიერად იყო... შემდეგი, ანუ სკოლის პერიოდიდან წიგნების კითხვის, გათენებამდე მეცადინეობის და რეპეტიტორებთან სიარულის გარდა აღარაფერი მახსენდება - ასე გაგრძელდა უნივერსიტეტში ჩაბარებამდე. წიგნებში კირკიტმა ფაქტობრივად, თამაშის დრო წამართვა.

- ანუ მამა ყველა ოცნებას გისრულებდათ?

- ნამდვილად, ჩემთვის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა! რაც დღემდე მომყვება, არის შეგრძნება, რომ მამას განებივრებული გოგო, მის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი ვიყავი... მაშინ, როცა საქართველოში კარგი ხარისხის საბავშვო სათამაშოები ან თუნდაც, სამოსი არ იყიდებოდა, სპეციალურად ამისთვის საზღვარგარეთ მიფრინავდა, რომ შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესო ჩამოეტანა... სამწუხაროდ, რაღაც ეტაპზე მამას ფინანსურ მდგომარეობაზეც იმოქმედა იმ ეკონომიკურმა კრიზისმა, რამაც სრულიად საქართველო მოიცვა. თუმცა მაინც, ნებისმიერ ეტაპზე მახსოვს მშობლების სრული თავგანწირვა ჩვენი კეთილდღეობისთვის და იმისთვის, რომ ბავშვებს ცუდი არაფერი გვეგრძნო და შეგვხებოდა.

- სკოლაში სწავლითაც გამოირჩეოდით?

- ნამდვილად ვცდილობდი საუკეთესო ვყოფილიყავი. როგორც აღვნიშნე, მშობლები იმდენად სწორად და მოტივირებულად მზრდიდნენ, არ მინდოდა მათთვის იმედი გამეცრუებინა და უდიდესი შრომისმოყვარეობის ხარჯზე მაქსიმუმს ვდებდი განათლებაში... გარდა ამისა, როცა ბავშვობიდან თინეიჯერობის ასაკში გადავინაცვლე და ჩემი გარეგნობა მკვეთრი ხაზგასმის ობიექტი გახდა, ამან გარკვეულწილად მეტი მოტივაცია მომცა, არ დავრჩენილიყავი მხოლოდ ტიპურ "ლამაზ" გოგოდ. მთელი ძალით და არაადამიანური რეჟიმით ვცდილობდი კარგად მესწავლა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ მამამ ამ კუთხითაც ყველაზე დიდი როლი ითამაშა. ყველაზე მეტად მას ვენდობოდი და მისი მჯეროდა.

- განსაკუთრებულად რომელი საგნები გიყვარდათ?

- ზოგადად, ყველა საგანს ერთ დონეზე ვსწავლობდი, რადგან ჩემთვის ერთი ცხრიანიც კი ტრაგედია იყო... თუმცა შინაგანად ჰუმანიტარულ საგნებზე ვგიჟდებოდი და კლასგარეშე ლიტერატურასაც მხოლოდ ამ მიმართულებით ვკითხულობდი. ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა და უცხო ენები ჩემი სტიქია იყო. ამიტომაც, მამამ დიპლომატის პროფესიისკენ მიბიძგა. 16 წლისა უკვე უნივერსიტეტის პირველ კურსზე ვსწავლობდი... აქვე უნდა გავიხსენო ამბავი, რომელსაც მე და ჩემი მშობლები დღემდე ხალისით ვიხსენებთ. მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა და თან, იმდენად მშობლების კალთას გამოკერებული ბავშვი ვიყავი, რომ პირველ კურსზე სწავლისას ლექციებზე დედა დამყვებოდა და აუდიტორიის კართან მელოდებოდა...

- როგორც ვიცი, მეორე პროფესიაც გაქვთ...

- დიახ, დიპლომატიის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, მაგისტრატურაში სწავლა საჯარო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით გამეგრძელებინა... მოკლედ, იმდენი წელი ვისწავლე, ცოტა დავიღალე, მაგრამ ამაყი ვარ, რომ მშობლებს იმედი არ გავუცრუე და ასევე, საკუთარი შესაძლებლობები სწორი მიმართულებით წარვმართე.

- მოდელობა როდის დაიწყეთ?

- უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, პირველი კორპუსის ეზოში დამინახა ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა და ყველაფერი აქედან დაიწყო... მამა ამ საქმიანობის წინააღმდეგი იყო მისი ძალიან ტრადიციული მენტალიტეტიდან და იმ წლების დრომოჭმული აზროვნებიდან გამომდინარე. ეს ჩემი პირველი ნაბიჯი იყო, როცა მის წინააღმდეგ წავედი.

- დედა?

- დედა ყოველთვის იყო ჩემი უპირობო მხარდამჭერი, ყველაზე ახლო მეგობარი და დღემდე ასეთია. ამისთვის მინდა თქვენი ჟურნალის საშუალებითაც უდიდესი მადლიერება გამოვხატო მის მიმართ... რაც შეეხება სამოდელო კარიერას, "მის საქართველომდე" ლამის ყველა წამყვანი დიზაინერის ჩვენებაზე გამოვედი, რომელიც მაშინ იმართებოდა. დღევანდელი სიტუაციისგან განსხვავებით, მაშინ იმდენად აქტიური იყო სამოდელო ბიზნესი, მახსოვს, გოგონები კასტინგიდან კასტინგზე და ფოტოსესიიდან ფოტოსესიაზე გავრბოდით.

- ორი პროფესია, მოდელობა... ამდენს როგორ ასწრებდით?

- ამაზე მეც ვფიქრობ და თვითონაც მიკვირს! ალბათ ბავშვური ხალისი, წინსვლის ჟინი მაძლევდა ძალას და არასდროს ვიღლებოდი... ღამეებს ვათენებდი, შემდეგ დილის 6 საათზე ვდგებოდი, რომ უნივერსიტეტში წასვლამდე ვარჯიში და მოწესრიგება მომესწრო... ლექციების შემდეგ ჩვენებები, გადაღებები, კასტინგები იწყებოდა და საღამოს მიწევდა ისევ მეცადინეობა გათენებამდე...

- გვიამბეთ "მის საქართველოს" კონკურსზე.

- ამ კონკურსზე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ერთ-ერთ სატრენაჟორო დარბაზში სააგენტოს მენეჯერმა დამინახა, რომელიც მონაწილე გოგოებს თან ახლდა... კონკურსი და მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებული იყო და ოცდაორივე მონაწილე შერჩეული. იქვე შემომთავაზეს მონაწილეობა. თავიდან ცოტა შემეშინდა, რადგან უამრავი ლამაზი გოგო მონაწილეობდა (მე კი მარცხს არ ვიყავი ჩვეული) და უარი ვთქვი, მაგრამ მეორე დღეს ქალბატონ იასთან გასაუბრების შემდეგ გადავწყვიტე, ბედი მეცადა.

დარჩენილი მოსამზადებელი პერიოდი ბათუმში გავიარეთ, რადგან ფინალური შოუც იქვე ტარდებოდა. აქტიურად ვვარჯიშობდით. გვასწავლიდნენ, რა იყო ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, ცეკვაში გვამზადებდნენ, იყო გადაღებები, ინტერვიუები, გულშემატკივრებთან შეხვედრები და ა.შ. მთელი ეს პერიოდი ძალიან ნათელ ფერებში მახსენდება. გოგოებისგან არასდროს მიგრძნია არაჯანსაღი დამოკიდებულება, არაჩვეულებრივი მეგობრები შევიძინე.

img-6275-copy-1677440043.jpg

რაც შეეხება ფინალურ შოუს, მიუხედავად იმისა, რომ მონდომებით და მოტივირებულად ვემზადებოდი, იმ 23 გოგოში გამარჯვებას ალბათ, ყველაზე ნაკლებად მე ველოდი. თავდაჯერება არასდროს მაკლდა, მაგრამ მაინც, ეს სტატუსი ჩემთვის ძალიან ამბიციურად და მიუწვდომლად მოჩანდა. ამიტომ ვფიქრობდი, ხუთეულში მაინც თუ მოვხვდებოდი, ჩემი პროგრამა-მაქსიმუმი შესრულებული იქნებოდა.

სასაცილო იყო მომენტი, როცა ფინალურ შოუზე სხვადასხვა ნომინაციის დასახელება დაიწყეს და არც ერთი არ მერგო. შინაგანად მოვკვდი. ჩავთვალე, რომ მეტის შანსი აღარ მქონდა. შემდეგ დაიწყო ფინალური ხუთეულის დასახელება და უკვე უყურადღებოდ განვეწყვე, ჩემ გარდა ნებისმიერ გვარს ველოდი და როცა ოთხი გოგოს დასახელების შემდეგ ჩემი გვარიც გაისმა, სანამ ზურგიდან არ მიბიძგეს, ვერ გავაცნობიერე, რომ მართლა მე დამასახელეს...

შემდეგ იმავე პრინციპით ბოლოდან პირველისკენ დასახელებისას, გამორიცხვის მეთოდით ვხვდებოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში წარმოუდგენლად დიდი სასწაული ახლოვდებოდა. ჩემ გარდა ყველა გვარი "ვიცე-მისად" გამოცხადდა, მაგრამ ეს მაინც იმდენად დაუჯერებლად მეჩვენებოდა, იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში უამრავი თეორიული ვარიანტი მოვიფიქრე, არსებულ ვითარებაშიც კი როგორ ვერ გავხდებოდი "მის საქართველო".

და ბოლოს, ჩემი გვარის გამოცხადება იყო წარმოუდგენლად დიდი ემოცია! ჩემთვის დიდი პატივია ამ ტიტულის ტარება, რადგან გვირგვინი გარდამავალია, სტატუსი კი მთელი ცხოვრება გვრჩება. ამიტომ ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის სახედ ამირჩიეს და ამ საპატიო სტატუსს ძალიან ვუფრთხილდები.

- კონკურსი "მის მსოფლიო" როგორ გახსენდებათ?

- "მის მსოფლიო" ჩინეთში ჩატარდა. ყველაზე დიდი და პრესტიჟული კონკურსია დღემდე. სამწუხაროდ, ამხელა მასშტაბის კონკურსისთვის მზად არ აღმოვჩნდი. იქ ვიზუალი უკანა პლანზე ინაცვლებს და პრიორიტეტულია ჰუმანიტარული საქმიანობა, ქველმოქმედება საკუთარი და ქვეყნის სახელით, ხელოვნება, ტალანტი; ისიც, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, რამდენად გიჭერს მხარს საკუთარი ქვეყანა და ხალხი... მე კი „მის საქართველოს“ კონკურსიდან რამდენიმე დღეში მომიწია ჩინეთში გაფრენამ და ამ ყველაფერთან გამკლავება საკუთარი ძალებით მომიხდა... თუმცა "მის მსოფლიოს" კონკურსი და ჩინეთში გატარებული ორი თვე ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში.

- თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვით?

- როგორც აღვნიშნე, ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და შესაბამისად, საპირისპირო სქესთან მიმართებაში იმდენად ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, მოგვიანებითაც ასეთად დავრჩი. თითქმის არ მქონდა მათთან კომუნიკაცია და დღეს ვფიქრობ, რომ ეს, ერთი მხრივ, ძალიან ცუდია. თუმცა მაშინდელი მათი დამოკიდებულებაც უფრო ამწვავებდა სიტუაციას. ეს ის დრო იყო, როცა სრულიად უცნობ ადამიანს შეიძლება ქუჩაში დაენახე, მოსწონებოდი და მეორე დღეს ძალადობით ცოლად მოეყვანე... მაშინ ნათესავების და ოჯახის წევრების დახმარებით ვუმკლავდებოდი მსგავს ამბებს, ახლა კი, მადლობა ღმერთს, ეს მარაზმი დასრულდა და საკუთარი ძალებითაც არ მიჭირს აბეზარი ადამიანების მოშორება.

fa041901-bf86-4fb0-872e-bc0ae8a7d90c-copy-1677440031.jpg

- როგორია დღეს თქვენი პირადი ცხოვრება?

- ამ თემაზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ვთვლი, რომ პირადი ცხოვრება იმდენად დელიკატური საკითხია, მხოლოდ ჩემთან უნდა დარჩეს... რაც შემიძლია გავასაჯაროო, არის ის, რომ მყავს შესანიშნავი ქალიშვილი - ოცნების გოგო, როგორც მე ვეძახი. ალექსანდრა უკვე 3 წლისაა. აღარ ვარ ქორწინებაში. ამ ეტაპზე თავს ვუძღვნი მხოლოდ ჩემს შვილს და თავს აბსოლუტურად ბედნიერად ვგრძნობ!

დედობა მართლა საუკეთესო რამაა, რაც ქალის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს. იქამდე სულ ვფიქრობდი და მაინტერესებდა, რა იყო ჩემი ამქვეყნად მოვლინების მთავარი აზრი? სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ბოლომდე ალბათ შეუძლებელიცაა, თუმცა მამშვიდებს ფაქტი, რომ როცა აღარ ვიქნები, ჩემი ცხოვრების გასამართლებლად მინიმუმ ისეთ შესანიშნავ ადამიანს დავტოვებ, როგორიც ალექსანდრაა!

მთელი არსებით მიყვარს, მომწონს და მსიამოვნებს დედის ამპლუა, ჩემი ცხოვრების მთავარი ფუნქცია - ასე დავარქმევდი. საოცარი შეგრძნებაა ამ პატარა ადამიანზე მზრუნველობის პროცესი. იმის გააზრებაც კი, როგორ ვჭირდები და ის მე როგორ მჭირდება, ჩემთვის უკვე ბედნიერებაა...

ჩემი შვილის დაბადების შემდეგ დროებით უარი ვთქვი კარიერაზე და სულ მისით ვიყავი დაკავებული მთელი 3 წელი. ამით ვამაყობ, რადგან ამ წლებში ბავშვს დედის სიახლოვე ყველაზე მეტად სჭირდება და მე ეს შევძელი, რომ ზრუნვა არ მომეკლო.

სამომავლოდ ჩემი კარიერის გასაგრძელებლად ახლა საფუძველს ვყრი, თუმცა ჯერ ამაზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ...

- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- დღე აუცილებლად იწყება ვარჯიშით, შემდეგ ვცდილობ მოვასწრო ჩემი პირადი თუ ოჯახური საქმეები, რადგან დღის მეორე ნახევარი უპირობოდ ეთმობა შვილს, რომელიც ბაღიდან ბრუნდება და დედიკოს უნდა ეთამაშოს. შემდეგ საღამოს ერთად ვსეირნობთ და ფაქტობრივად, ერთად ვიძინებთ.

მანანა გაბრიჭიძე