მარიტა მესხორაძის ბედნიერება, სისუსტე და მოტივაცია - გზაპრესი

მარიტა მესხორაძის ბედნიერება, სისუსტე და მოტივაცია

"ყოველთვის მაქვს სურვილი ვისწავლო. ვინც კარგად მიცნობს, აღნიშნავს, რომ ამ თვისებით ჩემს პერსონაჟს - თეკლას (სერიალში "სიყვარულს მიღმა") ძალიან ვგავარ", - ამბობს მსახიობი მარიტა მესხორაძე. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რა შემთხვევაში მიდის რისკზე, რა დროს იბნევა, რას მიიჩნევს თავის ყველაზე დიდ სისუსტედ და რა მოსწონს საკუთარ ხასიათში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...2001 წლის 9 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ, ბალეტს ვცეკვავდი და ეს სასცენო პლასტიკის განვითარებაში დამეხმარა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ საყვარელი, მაგრამ ყოველთვის ასე ფიქრობენ თუ არა, არ ვიცი.

- ეჭვი რატომ შეგაქვს?

- არ ვიცი... კიდევ ბევრ რამეს ამბობენ და იმასაც აღნიშნავენ, რომ უცნაური ვარ.

- მართლა უცნაური ხარ?

- კი (იცინის), მით უმეტეს მაშინ, როცა რთულ როლზე ვმუშაობ, ეს პირველ რიგში, პროფესიიდან გამომდინარეა.

- როგორ ფიქრობ, პროფესია პიროვნულ თვისებებზე გავლენას ახდენს?

- ვცდილობ, ჩემს პროფესიაში რაც უარყოფითია, მაქსიმალურად დავბლოკო და ეს ჩემს პიროვნულ თვისებებზე არ აისახოს.

- რა არის შენს პროფესიაში უარყოფითი, რა იგულისხმე?

- ძალიან დაძაბული პროფესიაა. მაგალითად, როცა რთული ხასიათის პერსონაჟს თამაშობ, მაქსიმალურად უნდა ეცადო, ის პერსონაჟი შენგან გაუშვა, მისგან არაფერი დაიტოვო, თორემ შეიძლება დაგიმსგავსოს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ამის სურვილი არ მაქვს, ცხოვრებას თავიდან არ დავიწყებდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...რუსთაველის თეატრის დასში მოხვედრა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...შრომის სიყვარულს, რომელიც ჩემშია.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ბედნიერებაზე დედაჩემი, ჩვენი დედაშვილობა მახსენდება. ბედნიერი ვარ, რომ სამაგალითო დედა მყავს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...მიხვედრილობა. ადამიანების ამოცნობა კარგად შემიძლია, დაკვირვება მიყვარს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვისწავლო. ვინც კარგად მიცნობს, ყველა აღნიშნავს, რომ ამ თვისებით ჩემს პერსონაჟს - თეკლას ძალიან ვგავარ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მტკიცე ხასიათი მაქვს.

- გამოდის, რომ ძლიერი ადამიანი ხარ. მეთანხმები?

- სხვაგვარად არ გამოდის. ეს თანდაყოლილი თვისება არ არის, ვისწავლე, დროთა განმავლობაში გამოვიმუშავე.

- თვისება, რომელიც არ მომწონს ჩემში და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...წვრილმანებზე ნერვიულობა ვიცი და ხშირად, ეს საჭირო საერთოდ არ არის.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...საკუთარი შეცდომებით გავიზარდე.

- პატიება შემიძლია...

- ...ადვილად, წყენას გულში არ ვიტოვებ.

- თავად შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა...

- ...ძალიან ვცდილობ, საქმე საბოდიშოდ არ გავიხადო, მაგრამ თუ შემეშლება, მირჩევნია დავილაპარაკო, ბოდიშიც მოვიხადო და იმ ცუდი ემოციისგან გავთავისუფლდე.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...დიდი აზარტით ვფიქრობ. ძალიან მინდა, ჩემს მიზნებს მივაღწიო. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, საკუთარი თავი მსახიობობის გარდა, სხვა პროფესიაში ვერ წარმომიდგენია, ჩემი მიზნებიც მხოლოდ პროფესიას უკავშირდება.

- ვიბნევი...

- ...სპექტაკლი რომ სრულდება, მერე დიდი სიცარიელეა. სცენაზეც დავბნეულვარ, მაგრამ არა მგონია, ეს მაყურებლისთვის შესამჩნევი ყოფილიყო. გადასაღებ მოედანზე ტექსტიც დამვიწყნია.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ეგვიპტეში ვიყო. თბილი ქვეყანაა, მე კი მზე ძალიან მიყვარს.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...მგონი, არავის შეუძლია, წონასწორობიდან არ გამოვდივარ. ახლა დავფიქრდი და ასეთი ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში, ჯერ არ ყოფილა.

- სიყვარული ეს...

- ...არის (ფიქრობს), მე ხომ მოცეკვავეც ვარ, ცეკვებში არის მოძრაობები, როცა სიყვარულს პლასტიკით გამოხატავ (პაუზის შემდეგ). ჩემთვის სიყვარული ცეკვაა. თავისი არსით ორივე აბსტრაქტულია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...გავშეშდი (იცინის), ამაზე მეტის თქმა არ მინდა.

- ახლა შეყვარებული...

- ...არ ვარ.

- მაკვირვებს...

- ...ომი და ადამიანები, რომლებიც ომს იწყებენ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მუსიკამ. ელა ფიცჯერალდი გამორჩეულად მიყვარს, ხშირად ვუსმენ.

- ვრისკავ...

- ...პროფესიაში ხშირად, პირად ცხოვრებაში - ნაკლებად, რადგან ფრთხილი ხასიათი მაქვს. პროფესიაში გარისკვა საჭიროა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ზედმეტი ემოციურობაა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ამ დროსაც ვიბნევი და სიხარულსაც განვიცდი, რადგან შექება ჩემთვის დიდი მოტივაციაა.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ხშირად არ მსაყვედურობენ, ძალიან ბეჯითი ვარ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს.

marita-2-copy-1677440265.jpg

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს.

- ვიტყუები...

- ...არასდროს, რადგან არ მჭირდება, ასეთი ურთიერთობები არ მაქვს.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...როცა ინტრიგის შემსწრე ვხდები.

- მონაწილე არასდროს ხარ?

- არა.

- როგორ ახერხებ?

- ინტრიგანი არ ვარ და როცა ეს შენს ხასიათში არ არის, მერე მარტივად ირიდებ.

- თავისუფლება არის...

- ...სიტყვაშია ახსნა, როცა შენ საკუთარი თავის უფალი ხარ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვკითხულობ. ახლახან სიღრმისეულად გავეცანი დოსტოევსკის შემოქმედებას.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრს ვიმოგზაურებდი, ყველგან წავიდოდი.

- მენატრება...

- ...ბავშვობის პერიოდი. სულ რეჟიმში ვცხოვრობდი, სულ დატვირთული ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგი იყო.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ქალაქს ვეცლები, უმეტეს შემთხვევაში, აგარაკზე ვისვენებ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ყოველთვის დარჩი ისეთი, როგორიც ახლა ხარ! - ეს სიტყვები ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის!

- მარიტა, სერიალში შენი პერსონაჟის ცხოვრებაში ამბები საინტერესოდ ვითარდება, რას იტყვი?

- ჩემი პერსონაჟი ხვდება ბიჭს, რომლითაც იხიბლება. საინტერესოა, ასეთი ბეჯითი და სწავლას მოწყურებული გოგოს ცხოვრებაში თუ დადგება მომენტი, არჩევანი გააკეთოს პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის? ეს ჩემთვისაც საინტერესოა და მაყურებლისთვისაც გარკვეული ინტრიგაა, ალბათ უჩენს სურვილს, გაიგოს, საბოლოოდ როგორ განვითარდება თეკლას ცხოვრება.

მე და მსახიობი გუგა ქაცარავა, რომელიც ახლა ჩემი პარტნიორია, ჯგუფელები ვართ, ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, პარტნიორები სცენაზეც ვყოფილვართ. ახლა კამერასთან მუშაობა ორივესთვის ძალიან საინტერესოა.

marita-da-guga-copy-1677440253.jpg

- თქვენ ძალიან აქტიური და წარმატებული ჯგუფი ხართ.

- ჩვენი ჯგუფელების უმრავლესობა ამ სერიალში ვთამაშობთ.

- ჯერ უნივერსიტეტი არ დაგისრულებია, უკვე ხარ რუსთაველის თეატრის დასში და თამაშობ პოპულარულ სერიალში. პროფესიულად იღბლიანი ხარ?

- (იცინის) არ ვიცი, ამას რა შეიძლება დაერქვას.

- თავად რას არქმევ, საინტერესოა.

- თავდაუზოგავ შრომას, ბევრგან სირბილს, მონდომებას და დაუზარლობას.

თამუნა კვინიკაძე