როგორ აღნიშნავენ ცნობილი სპორტსმენების მეორე ნახევრები დედის დღეს - გზაპრესი

როგორ აღნიშნავენ ცნობილი სპორტსმენების მეორე ნახევრები დედის დღეს

გაზაფხულია. წელიწადის ამ დროის დადგომას ყოველთვის განსაკუთრებული სიხარული ახლავს, სიცოცხლის საწყისად ითვლება და სიმბოლურია, რომ სწორედ 3 და 8 მარტს დედის და ქალთა დღესასწაულები აღინიშნება.

"ბაკურიანში ვისვენებდი, იქ მომიყვანა ახალი მანქანა, რომელიც ჩემი მეგობრებით იყო სავსე"

როგორ ანებივრებს ამ დღესასწაულებზე ოჯახის წევრ ქალბატონებს მსოფლიოში უძლიერესი მამაკაცი? - ამის გასარკვევად ლაშა ტალახაძის მეორე ნახევარს, ანი დემურიას დავუკავშირდით:

- სანამ ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ეს დღესასწაულები მანამდეც ძალიან მიყვარდა. მახსოვს, ბავშვობაში დედას 3 და 8 მარტს როგორ ვულოცავდი; პატარა ბარათებს ვუწერდი, რომლებიც ახლაც შენახული გვაქვს. როცა დედა თავად გავხდი, 3 მარტის დღესასწაულს ძალიან ველოდებოდი, რადგან ის ემოციები მახსოვდა, რომლითაც დედაჩემს ბავშვობაში ვულოცავდი. ერთი სული მაქვს, ჩემი შვილები მსგავსი ბარათების წერას როდის დაიწყებენ, ჯერ საამისოდ პატარები არიან. გააზრებული მაქვს, რას ნიშნავს დედობა და კარგია, რომ ამის აღმნიშვნელი დღეც არსებობს.

- ამ დღეს ლაშა როგორ გილოცავს?

- ლაშა ყოველთვის ძალიან ყურადღებიანია, არც ერთი დღესასწაული არ გამორჩება. 3 და 8 მარტს სიმბოლურად მაინც აღნიშნავს.

- სიურპრიზებით ხშირად განებივრებს?

- საკმაოდ ხშირად მიწყობს სიურპრიზებს. სპონტანურობაც სჩვევია. დაუგეგმავადაც შეუძლია ისე გაგახაროს, რომ...

- გამორჩეულად რა გახსენდება?

- პირველად რომ მანქანა მაჩუქა.

- ეს შენთვის მოულოდნელი იყო?

- დიახ, არ ვიცოდი, მანამდე ამაზე არაფერი ჰქონდა ნათქვამი. ბაკურიანში ვისვენებდი და იქ მომიყვანა ახალი მანქანა, რომელიც ჩემი მეგობრებით იყო სავსე. ძალიან, ძალიან გამიხარდა.

- ლაშა 3 მარტს საკუთარ დედას როგორ ულოცავს?

- ლაშა, როგორც ჩემ მიმართაა ყურადღებიანი, ისევე არის საკუთარი დედის მიმართაც. მას არასდროს ტოვებს საჩუქრის გარეშე და ასეც უნდა იყოს.

- დედამთილისთვის საჩუქარს ერთად არჩევთ, თუ ამ საქმეს ლაშა მხოლოდ საკუთარ თავზე იღებს?

- ლაშა სრულად იღებს პასუხისმგებლობას.

- იმედია, სიდედრის მიმართაც ასეთივე ყურადღებიანია.

- რა თქმა უნდა, უყურადღებოდ და უსაჩუქროდ სიდედრსაც არასდროს ტოვებს. დედის დღეს სამივეს გვილოცავს.

- ანა, დედობამ შენში რა შეცვალა?

- დედაშვილობას სულ სხვა თვალით შევხედე, უკვე სხვა ინსტინქტები გამიჩნდა, უფრო ფრთხილი გავხდი, ემოციების მოთოკვა ვისწავლე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს დედაჩემი ჩემთან ერთად არის და შვილების აღზრდაში მეხმარება. ძიძა არასდროს გვყოლია, პირველი შვილი მარტომ გავზარდე, მეორე რომ დაიბადა, ცოტათი გამიჭირდა, რადგან ლაშა სულ შეკრებებზეა. რაც მესამე შვილი გაგვიჩნდა, მას შემდეგ დედაჩემი საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა და ძალიან მეხმარება.

- ლაშა ახლაც შეკრებაზეა?

- დიახ, ბათუმშია, ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სომხეთში გაიმართება.

- 3 და 8 მარტს ერთად ვერ იქნებით?

- ლაშა თბილისში ვერ ჩამოვა, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ბათუმში ჩასვლას.

img-6181-original-1678085699.jpg

ანუნა მდივნიშვილი: "დედობამ უფრო სენტიმენტალურიც გამხადა"

ანუნა მდივნიშვილი 3 მარტს დედის სტატუსით პირველად ხვდება. ის და კალათბურთელი დუდა სანაძე 15 თებერვალს მშობლები გახდნენ, 26 თებერვალი კი კალათბურთის ეროვნული ნაკრებისთვის ისტორიული დღე აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.

- ანუნა, პირველ რიგში, გილოცავ ბავშვის დაბადებას, ბედნიერი დედობას გისურვებ!

- დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

- კალათბურთის ისტორიული მატჩის შემდეგ, როგორია შენი ემოცია?

- არ ვიცი, სათქმელი სწორად როგორ გადმოგცე, ისეთი დიდი ემოცია იყო, ისეთი სიხარული, რომ...

- თამაშზე დასწრება მოახერხე?

- ბავშვის გამო ვერ შევძელი, ტელეეკრანით ვადევნებდი თვალს. რომ დასრულდა, დარბაზში ჩემებს "ლაივში" ჩავერთე, იქ წარმოუდგენელი სიხარული და ოვაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის მოლოდინი გვქონდა, სულ სხვა აღმოჩნდა, როდესაც ეს მოლოდინი რეალობად იქცა.

- თავად დუდა თავს როგორ გრძნობს?

- ისეთ დღეშია, ვეღარ ლაპარაკობს, ყველანაირი ემოციისგან დაცლილია. სახლიდან გასვლა, ბიჭების მონახულება და მილოცვა მოგვიანებით შევძელი. ყველანი რაღაცნაირები იყვნენ, დიდი ემოცია ურეაქციოდ რომ ხდის ადამიანს, მგონი, ყველას ეგ სჭირდა.

- 3 მარტი წელს შენთვის გამორჩეულია - ამ თარიღს, როგორც დედა, პირველად ხვდები, ეს ემოციაც გაგვიზიარე.

- განსხვავებული განწყობა და შინაგანი ღელვა ნამდვილად მაქვს. ეს დღეები, რაც დედობრივი განცდა შევიგრძენი, დავრწმუნდი, რომ ყველაფერს აღემატება ამ სამყაროში. თან ბავშვები ძალიან მიყვარს, ყოველთვის მზრუნველი და "დედური" ხასიათის ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის გაზრდა დიდი შრომაა, ღამეების თენებაა, რომ ვუყურებ, ყოველი წამი ისე მაბედნიერებს, ამ განცდასთან დაღლილობა რა მოსატანია. დედობამ უფრო სენტიმენტალურიც გამხადა.

- დუდა როგორი მამაა?

- ჯერ იმდენად გაოგნებულია, როგორც ჩანს, არ ელოდა, ასეთი ძლიერი ემოცია თუ ექნებოდა. პირველად რომ ნახა, გაგიჟდა, როგორი პატარააო. მეგონა ხელში აყვანასაც ვერ შეძლებდა, მაგრამ არ გაუჭირდა. შეძლებისდაგვარად მეხმარება. ზოგადად დუდა ძალიან თბილი ადამიანია, მით უმეტეს - შვილის მიმართ.

- ბავშვის დაბადების მეორე დღეს თამაში ჰქონდა, კვიპროსში 30-ქულიანი წარმატებული მატჩი ჩაატარა.

- 15-ში გიორგი დაიბადა და 16 თებერვალს ჰქონდა თამაში, ამ წარმატებას ნაკრების გამარჯვებაც მოჰყვა და ბიჭები ამბობენ, გიორგი კალათბურთის ნაკრებისთვის იღბლიანი, ფეხბედნიერი ბიჭი აღმოჩნდაო.

- სახელი ვინ შეურჩია?

- ერთად გადავწყვიტეთ, გიორგი დაგვერქმია.

- მშობიარობის დროს დუდა შენ გვერდით ვერ იყო, ეს მისთვისაც და შენთვისაც რთული იქნებოდა.

- რა თქმა უნდა, რთული იყო, ძალიან მაკლდა. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, მშობიარობას უნდა დასწრებოდა, მაგრამ გიორგიმ 2 დღით ადრე გადაწყვიტა დაბადება.

- დუდა როგორი მეუღლეა?

- სულ ცდილობს გამახაროს, რომანტიკოსია, დღესასწაულებს ყოველთვის აღვნიშნავთ ხოლმე. ახლახან ვალენტინობა იყო, ამ დღეს ჩემი დაბადების დღეა და ყოველთვის ორმაგ საჩუქარს ვიღებ.

- ორიგინალობით გამოირჩევა?

- კი, ბანალური საჩუქრები არ იცის. მაგალითად, დაქორწინებამდე საზღვარგარეთ 3 თვით უწევდა წასვლა. ბუნებრივია, მისი ჩამოსვლის დრო ვიცოდი და ველოდი, მაგრამ მოულოდნელად სამსახურიდან გამოსულს იქვე დამხვდა. სულ მსგავს რამეებს აკეთებდა და ახლაც აკეთებს. ეს ძალიან სასიამოვნოა და თავადაც ვცდილობ, ორიგინალური ვიყო. ვფიქრობ, ეს ურთიერთობას სჭირდება, აცოცხლებს, სხვა ხიბლს მატებს.

- თავად როგორ ულოცავ დედას ამ დღეს?

- დედას, ბებიებს და ჩემს ოჯახში ყველა დედას ყოველთვის დიდი სიყვარულით ვულოცავ. ამ დღესასწაულს ყვავილები ყოველთვის ახლავს. ჩვენ 3 და ვართ და დედას ყოველთვის ერთობლივი საჩუქრით ვახარებთ, წელსაც ასე იქნება.

თამუნა კვინიკაძე