"მინდა სოფელში მცხოვრები ბავშვები არ იჩაგრებოდნენ" - გზაპრესი

"მინდა სოფელში მცხოვრები ბავშვები არ იჩაგრებოდნენ"

"დიდთოვლობაა სოფელში. არ არსებობს არც გზა, არც შუქი, არც წყალი. აფთიაქი და მაღაზია რომ არ გვაქვს, აშკარაა ალბათ. სამი დღის სამყოფი საჭმელი თბილისიდან დამაქვს. მთელი ზამთარი სახლიდან სკოლამდე და პირიქით, 2-3 კილომეტრს გავდივარ ფეხით, მგლის ნაკვალევზე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რომ ბავშვებს ვასწავლო. როცა სოფელში მოვდივარ მანქანით, გზა ისეთი სახიფათოა, როდის რომელ კლდეში გადავვარდებით, არ ვიცით... ახლა ვცდილობ უახლოეს ქალაქში ჩასვლას და ჩავრჩით თოვლში, ვერც წინ მივდივართ, ვერც უკან. ვურეკავთ გამგებელს და ვთხოვთ გზის გაწმენდას, ის კი გვპასუხობს: დღეს თოვს, ხვალ გადაიღებს და მაშინ გავწმენდთ, ორმაგი ხარჯიაო. როცა ამ გზაში ჩავკვდები, არც გმირის ძახილი მიშველის, არც იმის, რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებ და არც ზამთარში ჰოლანდიიდან ჩამოტანილი სამგლოვიარო ყვავილები. ყინვისგან ვკვდები აქ. მე შტერს მგონია, რომ სახელმწიფოს უკეთეს მომავალზე ვზრუნავ და თურმე, თქვენ ხარჯის გაწევა არ გინდათ. სირცხვილია, ხალხო... სირცხვილია!!! გაუსაძლისი გახდა უკვე ამ სოფელში მუშაობა, არსებობა და ყველაფერი. არავინ თქვას, რომ ვინმესთვის პრიორიტეტია სოფლის გადარჩენა დაცარიელებისგან", - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში ახალგაზრდა პედაგოგმა მარიტა გოტიაშვილმა დადო, რასაც დიდი გამოხმაურება მოhყვა. ადამიანები მარიტასთან დაკავშირებას და მის დახმარებას ცდილობდნენ, სხვადასხვა უწყებაში რეკავდნენ. მეორე დღეს ისევ მარიტამ დაწერა, რომ უკვე სახლში იყო: "სოფელში ვარ, სახლამდე გავედი ფეხით, მოსწავლემ გამიკვალა გზა ცხენით. ტრაქტორმა ახლა გაწმინდა გზა. შუქიც გააკეთეს... მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის და ყველა იმ დახმარებისთვის, რაც გამიწიეთ გაზიარებით, მუნიციპალიტეტში დარეკვით და ა.შ".

დავინტერესდით ახალგაზრდა პედაგოგის ცხოვრებით და მარიტა გოტიაშვილს ტყიბულის სოფელ ძმუისში დავუკავშირით. ის ამ სოფლის სკოლაში 4 წელია, ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლის.

- რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა პროგრამა "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის". ამ პროგრამის ფარგლებში ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში ეთნიკურ უმცირესობებთან ვმუშაობდი. მომეწონა ეს პროგრამა. ბოლნისის იმ პატარა სოფელში 7 წელი ვიმუშავე. ეთნიკურად აზერბაიჯანელ ბავშვებს ქართულ ენას ვასწავლიდი. გამოცდებიც კარგად ჩავაბარე, ბევრ აქტივობაში ჩავერთე და უამრავი სერტიფიკატი მოვაგროვე. ძალიან მომეწონა ეს საქმე. კარგი ურთიერთობა მქონდა ბავშვებთან. ყოველთვის ოცნებად მქონდა, სადღაც ისეთ სოფელში მემუშავა, სადაც ბავშვებს ჰქონდათ მასწავლებლის დეფიციტი. მერე გავიგე, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისში, საიდანაც არის დედაჩემი, სკოლას 2 წელი ინგლისურის მასწავლებელი არ ჰყავდა. აქ ჩემი დეიდა ცხოვრობს და ეს ამბავი 2019 წელს მითხრა. გზის არარსებობის და მკაცრი ზამთრის გამო იქ მუშაობაზე ყველა უარს ამბობდა. იყო საშიშროება, რომ ეს სკოლა დაეხურათ. როცა ეს გავიგე, ეგრევე დავტოვე თბილისი და წამოვედი სოფელში. ეს სკოლა აცოცხლებს ამ სოფელს. სხვა შემთხვევაში ბავშვები იძულებული გახდებოდნენ სოფლიდან წასულიყვნენ. ბავშვობიდან ზაფხულობით სულ ჩავდიოდი ძმუისში. ისიც კარგად ვიცოდი, იქ რა პრობლემებია. აქ ყველას ვიცნობ, ყველა ერთმანეთის ნათესავია. ყოველ წელს გვპირდებიან, რომ სოფლის გზას გააკეთებენ, მაგრამ წლებია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. რატომღაც მეგონა, გზებსაც გააკეთებდნენ, წყლის პრობლემაც მოგვარდებოდა და მართლა მთელი ენთუზიაზმით ჩავერთე პროცესში. სოფელში ჩემმა ჩასვლამ ორი ახალგაზრდა ოჯახი წაახალისა და ისინი ისევ დაბრუნდა სოფელში. ახლა სკოლაში 12 მოსწავლე გვყავს. გვინდა უფრო მეტი გვყავდეს, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი წასულია. მოსახლეობა შორს ცხოვრობს ერთმანეთისგან, ბევრი მიტოვებული სახლია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ყველაზე ბოლო სოფელია - იმის იქით თუ მთებს გადახვალ, რაჭაში გადადიხარ.

- თქვენს ბავშვობაში როგორი იყო იქაურობა?

- ყოველ ზაფხულს იქ ვატარებდით, სულ სავსე იყო ხალხით. მაშინ ჩაის პლანტაციები ჰქონდათ და ეს იყო მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი. მერე ჩაის კრეფა შეწყდა. მიწა ბარაქიანი არ არის, ცუდი კლიმატური პირობების გამო ხშირად ფუჭდება მოსავალი და რადგან სოფელში არანაირი გასაქანი არ იყო, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აქაურობა დატოვა. უახლოესი ქალაქებია ტყიბული და ქუთაისი. წარმოიდგინეთ, ამ ორ ქალაქთან დამაკავშირებელი ტრანსპორტიც აღარ არის ამ სოფელში გზის არარსებობის გამო. ვინ იცის, რამდენჯერ მოითხოვა მოსახლეობამ, მაგრამ მუნიციპალიტეტი ვერანაირად ვერ ეხმარება ხალხს. ძირითადად მოხუცები არიან დარჩენილები და ის ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ შვილები და ის ახალგაზრდები ძირითადად დასაქმებულები არიან სკოლაში ან ბაღში და იქვე სწავლობენ მათი შვილებიც. მოხუცებს კი თითო-ოროლა ახალგაზრდები ასულდგმულებენ. გუშინ ასაკოვანი ქალბატონი ცუდად გახდა, "სასწრაფო" აქამდე ცუდ ამინდში მით უმეტეს, ვერ ამოდის. რომ არ დამეპოსტა სოციალურ ქსელში და დიდი ამბავი არ ამეტეხა, მას ვერავინ დაეხმარებოდა. კარგ ამინდში ვერ ამოდის აქ "სასწრაფო" და დიდთოვლობაში რა იქნება, xom წარმოგიდგენიათ? არადა, უყვართ ამ მოხუცებს თავიანთი სახლ-კარი, აქაურობას არ ტოვებენ. ორი დღის წინ ერთი ქალბატონი შვილმა თბილისში წაიყვანა ექიმთან, ამასობაში ძალიან მოთოვა. იცოდა შვილმა, სოფელში ტრანსპორტით ასვლას ფიზიკურად ვერ შეძლებდა და დედას სთხოვა თბილისში დარჩენა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო, - ჩემს სახლ-კარს, საქონელს, ფრინველებს ჩემი ხელი სჭირდებაო. ფეხი სტკივა, მაგრამ ამ ასაკოვანმა ქალბატონმა 4 კილომეტრ თოვლში ფეხით იარა, რომ სახლამდე მისულიყო. ცუდია, რომ ამ ხალხისთვის არავინ მოიცალა და პრობლემების მოსაგვარებლად არაფერი გაკეთდა. ამინდი ოდნავ თუ შეიცვალა, შუქიც სულ ქრება.

332108164-1354094968770476-1054220833549281605-n-1678086237.jpg

- სოფელში წყლის პრობლემაც არის?

- სოფელში არის მდინარეები, საიდანაც სახელდახელოდ გამოყვანილი წყალი აქვთ - ეს სოფლის ერთ კუთხეში, ხოლო მეორე კუთხეში ისეთი ცუდი წყალი აქვთ, დალევა არ შეიძლება. პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება ზაფხულში. გაზიც არ არის შემოყვანილი ამ სოფელში.

- თქვენ ფეხით დადიხართ სკოლაში?

- ყოველ დილით ქართულის მასწავლებელთან ერთად, 2-3 კილომეტრს ფეხით გავდივარ. ასაკოვანი ქალბატონია, მთელი ცხოვრება ამ სკოლაში მუშაობს პედაგოგად, მთელი სოფლის ახალგაზრდობა მისი აღზრდილია და წლებია, ასე დადის სახლიდან სკოლამდე თოვლში, წვიმაში თუ დარში. ადრე ერთი მოსწავლე ცხოვრობდა ჩვენს უბანში, რომელსაც ტრანსპორტი ემსახურებოდა და ჩვენც მივყავდით, მაგრამ ამ ბავშვმა 9 კლასი დაამთავრა, ახლა სხვა სკოლაში გადავიდა სასწავლებლად და მას მერე ისევ ფეხით დავდივართ. მართლა დიდი მოლოდინი მქონდა, რომ გზის პრობლემას ჩვენი აქტიურობით გადავჭრიდით, რადგან როცა ბოლნისში ვწერდით ხელისუფლებას ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაზე, ყველა გვეხმარებოდა, მაგრამ აქ არავინ ინტერესდება ამით. ბევრი ადამიანი რომ არ ცხოვრობს, ამიტომ უნდა დავზარალდეთ? მთავარი პრობლემა გზის არარსებობაა, საიდანაც თავს იჩენს სხვა პრობლემებიც...

- სამსახურის მიტოვებაზე გიფიქრიათ?

- გავბრაზებულვარ და მიფიქრია ამაზე; ძალიან გამაბრაზა გამგებლის პასუხმაც, მაგრამ როცა ბავშვების სახეებს წარმოვიდგენ, ვხვდები, ეს შეცდომა იქნება, ასე არ უნდა მოვიქცე. არადა, ჩემი ჯანმრთელობაც სუსტია და მიჭირს ამ ყინვაში ფეხით სიარული. მათემატიკის მასწავლებელმა შარშან ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და იძულებული გახდა წასულიყო. მაშინაც დიდი თოვლი იყო, არც გამგეობამ და არც რესურსცენტრმა არანაირი დახმარება არ გაგვიწია. მე ვმუშაობ ამ სკოლაში პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში, ჩემი უშუალო ხელმძღვანელობისგან და სკოლის ხელმძღვანელობისგან არის მაქსიმალური მხარდაჭერა, მაგრამ მათ არ აქვთ რესურსი, რომ სოფლის პრობლემები მოაგვარონ. გზა გამგეობამ, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.

- თქვენი ერთი დღე აღგვიწერეთ...

- დილით ადრე ვიღვიძებ. მოვწესრიგდები და გავუვლი ქართულის მასწავლებელს, რათა ერთად წავიდეთ სკოლაში. უნდა გადავიაროთ ერთი ხის უძველესი ხიდი, რომელიც შესაკეთებელია. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დიდი თხოვნის შემდეგ მოგვცა პატარა ხის ნაჭრები და ის გადააკრეს იმ ხიდზე იმ ადგილებში, სადაც ჩამპალი და ჩაცვენილი იყო ფიცარი, მაგრამ ახლა ისე სრიალებს ეს ფიცარი, უარესი სიტუაციაა, ვიდრე იქამდე იყო; ამის მერე მეორე რკინის ხიდია გასავლელი, რომელზეც მშვიდად გავლის საშუალება გვაქვს. მერე ავუყვებით აღმართს... ბავშვები ყოველდღე დადიან სკოლაში, რადგან ეს ადგილი ყველაზე სახალისო და კარგი დაწესებულებაა მათთვის. პედაგოგები ვცდილობთ, პატარებს დღეები გავულამაზოთ... მერე ვბრუნდები სახლში, მობილური ტელეფონის ინტერნეტი მხოლოდ ერთ ადგილას იჭერს - აივანზე, სადაც ძალიან ცივა და იქ ვდგავარ ხოლმე დიდხანს, რომ შევძლო ინტერნეტით სარგებლობა. თუ მზეა, მაშინ თან ვთბები და ეს სასიამოვნოა. საღამოს ისე ცივა საძინებელში, თუ გაგვიმართლებს და შუქია, ვცდილობთ ელექტროლეიბებით გავათბოთ საწოლი, თუ შუქი არ არის, მაშინ აუტანელია ღამით საყინულეში ძილი... შემდეგ დილით ისევ ისე იწყება ყველაფერი... ხშირად ვესწრები ტრენინგებს და რადგან ინტერნეტი ყველგან არ იჭერს, იმ გაყინულ ადგილას ვდგავარ ხოლმე და ვუსმენ. როცა მთხოვენ ჩავრთო ვიდეოთვალი, მათ ვუხსნი, რომ ამას ვერ გავაკეთებ, რადგან ვარ გაყინული და ასეთი სახით ძალიან გამიჭირდება ვიდეოთვალის ჩართვა. აქ დეიდასთან ერთად ვცხოვრობ... ბავშვებს ყველა მასწავლებელი ძალიან უყვართ, მეც მიყვარს ისინი. მაქსიმალურად ვცდილობთ, თანამედროვეობას აუწყონ ფეხი, არ ჩამორჩნენ თანატოლებს. ვცდილობ, ისინი ჩემს უცხოელ მეგობრებს დავალაპაროკო, რომ ინგლისურად საუბარი შეძლონ, სხვა სკოლის ბავშვებთანაც აქვთ ონლაინსაუბრები. მათემატიკის მასწავლებელი ქუთაისიდან დადის და მას დაჰყავს ხოლმე ისინი ქუთაისში, თოჯინების თეატრში. პედაგოგები, დირექცია ყველანი ვცდილობთ მაქსიმალური გავაკეთოთ მათთვის. შეშით ვთბებით სკოლაში, 7-8 წუთში ერთხელ ღუმელს უნდა შევუკეთო, რომ ცეცხლი არ ჩამიქრეს... ზოგადად, სოფელში სიდუხჭირეა. მშობლები ცდილობენ უზრუნველყონ შვილები, მეცხოველეობა და თაფლია მათი ძირითადი შემოსავალი. გვყავს ძალიან კარგი ბავშვები, ნაწილი პედიატრობაზე, ექიმობაზე ოცნებობს, ერთს პოლიციელი უნდა გახდეს, მეორეს ჯარისკაცობა სურს, ზოგი პედაგოგობაზე ფიქრობს და ა.შ. მინდა მათ ბედნიერი მომავალი ვუსურვო. მინდა მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ის სიკეთეები, რაც სხვა სკოლებში აქვთ. ელემენტარულად, გზა მაინც ჰქონდეთ და ეს ხომ არ არის ფუფუნება?!

marita3-copy-1678086224.jpg

ეს ბავშვები მილამაზებენ დღეებს და უფრო მეტს ვსწავლობ მათგან; ძალიან ნიჭიერები, საინტერესოები, შემოქმედებითები არიან, მაბედნიერებს მათთან ურთიერთობა. ბავშვების სიყვარული არის მასწავლებლის საუკეთესო კომპასი და როცა მათ ანთებულ თვალებს ვუყურებ, ვხვდები, როდის რა აქტივობაა საჭირო. მინდა ბავშვები არ იჩაგრებოდნენ იმის გამო, რომ მათ სოფელში უწევთ ცხოვრება... ყველა გადაწყვეტილების მიმღებს ვთხოვთ სოფლის გამართულ ელექტრომომარაგებას, გზის დაგებას, ხის დამპალი ხიდების გაკეთებას, ინტერნეტს, სკოლის მუშა ტექნოლოგიებით აღჭურვას (დღეს რა კომპიუტერიც გვაქვს, დილით რომ დავაჭერთ ჩართვის ღილაკს, გაკვეთილის დამთავრებისას უნათდება ეკრანი და პროექტორი მარტო მარჯვენა გვერდს აშუქებს). ამას ვითხოვთ წლებია დაუღალავად, მაგრამ ყველა მხრიდან უარს ვიღებთ. პარალელურად, განათლების სამინისტრო ითხოვს მოსწავლეებისთვის XXI საუკუნის კომპეტენციების განვითარებას და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს, მაშინ როცა მე 15 სექტემბრიდან 15 ივნისამდე მაქვს მხოლოდ ცარცი და დაფა, ყოველ 7 წუთში ღუმელს ვუმატებ შეშას და მეტწილად შუქიც არ გვაქვს, ამ დროს ხალხი მარსზე სასეირნოდ დაფრინავს და ჩემი მოსწავლეების ტოლი გოგო-ბიჭები აღმოჩენებს აკეთებენ მეცნიერებებში... თუ შუქი გვაქვს, ბავშვები თავიანთი დანაზოგით მორიგეობით ავსებენ ინტერნეტის ანგარიშს, უზიარებენ ერთმანეთს და ცდილობენ, ამ გზით დაუკავშირდნენ გარე სამყაროს. თუ სოფელი პრიორიტეტია, მაშინ სოფლის ბავშვებს ნუ გვიჩაგრავთ. სულ მცირეკონტიგენტიანი ვიქნებით, თუ არ დაგვეხმარებით. ყველა ბავშვს აქვს ხარისხიან განათლებაზე წვდომის უფლება! ყველა სოფელს სჭირდება გზა, გამართული ენერგოსისტემა, ინტერნეტი, გაზი, წყალი და ზოგადად, საარსებო მინიმუმი. ბევრი მეუბნება, წამოდი სოფლიდან, შეეშვიო... რომ წამოვიდე, პრობლემა გაქრება? სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები რომ გაქვთ, სოფლამდე თუ ვერ მივედით, რად გვინდა?

თეა ხურცილავა