55 წელი თეატრის სცენაზე - გზაპრესი

55 წელი თეატრის სცენაზე

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი ვენერა ფეიქრიშვილი 13 თებერვალს 80 წლის გახდა. ამ თეატრის სცენაზე უკვე 55 წელია დგას და მაყურებელს თავისი როლებით ხიბლავს. ამბობს, რომ თუკი რამე ჯილდო არსებობს, ყველაფრის მფლობელია, რისთვისაც მადლობელია თეატრის, თელავის და საერთოდ, სამშობლოსი. ქართული თეატრის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის 2018 წელს მსახიობს ვარსკვლავი გაუხსნეს. გასულ წელს მის ჯილდოებს მიემატა საპატიო თელაველისა და საპატიო ყვარლელის წოდება.

„თეატრის სიყვარული დედისგან გამომყვა“

- ყვარელში დავიბადე და ბავშვობა იქ გავატარე. დედისა და ბებიის გაზრდილი ვარ, ორივე არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. არაფერი მაკლდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაჭირვებული ოჯახი გვქონდა. დავამთავრე საშუალო სკოლა და რადგან მათემატიკით ვიყავი გატაცებული, გადავწყვიტე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. გამომთვლელი მანქანები მაინტერესებდა, იმ დროს ახალი სპეციალობა იყო. პირველ გამოცდაზე 4 მივიღე, რამაც უზომოდ გამახარა. მერე ქარაფშუტული საქციელი ჩავიდინე ერთი ადამიანის სიყვარულის გამო, რომელიც თბილისში გავიცანი. დავანებე ყველაფერს თავი და თეატრალურზე ჩაბარება გადავწყვიტე. იმ პიროვნებას ეს ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. ჰოდა, ასე მოვხვდი თეატრალურში...

ყოველი ახალი როლის თამაშის დროს ყოველთვის მეპარება ეჭვი, სწორად ვაკეთებ თუ არა ამოცანას. რეჟისორს ვენდობი, საკუთარ თავს - არა. არანაირი წინა პირობა იმისა, რომ მსახიობობაზე შეიძლებოდა მეფიქრა, არ არსებობდა. სკოლის პერიოდში ლექსი რომ ლექსია, ის არ წამიკითხავს, გარდა იმისა, რაც დავალებად მქონია ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სიმღერა მიყვარდა და ვმღეროდი, მთელი ჩემი კლასის გოგოები ვმღეროდით. რამე ღონისძიებაში მონაწილეობა რომ მიმეღო, მსგავსი არაფერი ყოფილა. ერთადერთი, რაც მქონდა, ეს იყო თეატრის სიყვარული, რომელიც დედისგან გამომყვა. მას nდომებია მსახიობობა, მაგრამ მამაჩემმა მოიტაცა, როცა ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე იყო. დედამ მოგვიანებით ისწავლა, უნივერსიტეტი დაამთავრა და ეკონომისტი გახდა.

megobrebtan-ertad-copy-1678086397.jpg

გზის დალოცვა

- დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი და ბათუმის თეატრში გამანაწილეს. ვერ მივდიოდი, რადგან ყვარელში მყავდა შვილი, დედა, ბებია და ბათუმი ჩემთვის შორს იყო. თელავი ჩემია, კახეთია, აქ მქონდა ფესვები და დავრჩი განაწილების გარეშე. თელავში ჩავედი და თელავის თეატრში ჩემი დებიუტი შედგა გოგი აბრამიშვილთან სპექტაკლში - „თორტიზელი ქალიშვილი“, სადაც თინას როლი ვითამაშე. ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ქალბატონი თინა ბურბუთაშვილის სული, მან არაჩვეულებრივად დამილოცა გზა. დამწყები მსახიობი ვარ, ვნერვიულობ და სპექტაკლის წინ ქალბატონ თინას ვუთხარი: თუ გამიმართლებს, დავრჩები თეატრში, თუ არა, ავდგები და წავალ, ჩემს მეცნიერებას მივხედავ-მეთქი. სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, კონიაკი შემოიტანა საგრიმიოროში, თავის გვერდით დამსვა, ორი ჭიქა დაასხა და მითხრა: არ ვიცი, შენ სვამ თუ არა, ამიტომ მე დავლევ. გლოცავ ისე, როგორც დედა დალოცავს შვილს - გისურვებ წარმატებას და ისე გეიღბლოს თელავის თეატრი და თელავი, როგორც თინა ბურბუთაშვილს ეიღბლაო. ნამდვილად იღბლიანი გამოდგა ჩემი გზა, წუთითაც არ მიფიქრია სხვაგან წასვლაზე.

პირველი როლი

- საკმაოდ დიდი აღიარება მომიტანა პირველმა როლმა. თინა იოსებიძე იყო რეალური პიროვნება, ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპული, საბჭოთა კავშირის გმირი, გორის რაიონის სოფელ თორტიზადან. მამულაშვილის პიესასაც ასე ერქვა - „თორტიზელი ქალიშვილი“. მისი ორი ძმა სამამულო ომში იბრძოდა, გოგონამ ძმებს მიhბაძა და ისიც წავიდა ომში მოხალისედ - მედდად. ომამდე ბრიგადირად მუშაობდა გორის ბამბეულის კომბინატში, იმ ბრიგადას მერე თინა იოსებიძის სახელი მიანიჭეს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს, როცა დაჭრილები სამშვიდობოს გამოჰყავდა, ბრძოლის ველზე ძმას შეხვდა. თინა ოთხჯერ დაიჭრა, თუმცა ვერაფერმა შეაშინა... ძმას თამაშობდა პლატონ ახვლედიანი, უდიდესი არტისტი. ჩვენთან თელავში, პრემიერის დღეს ჩამოვიდნენ თინა იოსებიძის ძმისშვილები (ძმები აღარ იყვნენ ცოცხალი), ბამბეულის კომბინატის ხალხი. მთელი გორი იქ იყო. სპექტაკლი ვაჩვენეთ კომკავშირის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალზე, რომელიც გორში ჩატარდა. ფესტივალის ლაურეატი გავხდით, სიგელი და ფულადი ჯილდოც ავიღეთ. ყოველთვის სიამოვნებით მახსენდება პირველი როლი.

თელაველები

- თელავში არაჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ. გულისხმიერი და მადლიერი მაყურებელი სპექტაკლის მერე აღფრთოვანებული გველოდა თეატრის გასასვლელთან, ხშირად გვქონია ამის ბედნიერება. კვირაში ერთხელ მსახიობები პოეზიის და ლოტოს საღამოებს ვატარებდით ოჯახებში. იმ ერთი კვირის მანძილზე ვსწავლობდით ახალ ლექსებს. თუკი რამე ლექსი მახსოვს, იმ დროიდან მომყვება.

ერთხელ მოვდივარ ქუჩაში და მხვდება მეგობარი ფანცქალა სიდამონიშვილი, ბაღიდან ჩამოდის. არა ვარ ხასიათზე... დედაჩემს კიბე უნდა დაეყენებინა ყვარელში, ავლაბარში ნაცხოვრები ქალი იყო და მოხვეული კიბე უნდოდა. დედამ ჩამაწერინა საყრდენი ბოძის დიამეტრი, რაც უნდა მეშოვა. იმ ფიქრებში ვარ, რომ ხვალ მექანიკურ ქარხანაში უნდა ჩავიდე და წინ მთელი ამბები მელის... ფანცქალა მეკითხება: რა თავ-პირი ჩამოგტირისო? ვუთხარი, რაც მაწუხებდა. დააზუსტა, სად, რა მისამართზე იყო მისატანი ბოძი. დავემშვიდობე და წამოვედი. საღამოს დედა მირეკავს, შენმა მეგობარმა ბოძი ჩამომიტანაო... ეს როგორ დამავიწყდება?! იცით, რა მეგობრები მყავდა?..

varskvlavi-copy-1678086409.jpg

საოცარი სიურპრიზი

- 70 წლის რომ ვხდებოდი, წინა დღეს პაატა გულიაშვილმა დამირეკა და მთხოვა, თეატრში მივსულიყავი. ძალიან ცუდ ხასიათზე გახლდით, წასვლა არ მინდოდა, მაგრამ ძალიან მთხოვა. მივედი თეატრში, პაატამ მომილოცა, ყვავილები გადმომცა და გაბრაზებული სახით ამბობს: სად არიან ეს არტისტები, სად დაიკარგნენო? იქვე ვხედავ, ოპერატორი დგას... პაატას ვეუბნები: ნუ ნერვიულობ, არა უშავს, მაგათ დაბადების დღეზე არც მე მივალ-მეთქი, და ამ დროს მომატრიალა... რობიკო სტურუა მოდის რუსთაველის თეატრის ბიჭებთან ერთად - ეს იყო საოცრება, ასეთი საჩუქარი არასოდეს მიმიღია! რა თქმა უნდა, რობიკომ და სხვებმაც მომილოცეს. მერე ავედით ზევით, ალბათ, სუფრაა კაბინეტში გაშლილი, ასე ვიფიქრე. არა, მივდივართ მეორე სართულზე, მცირე დარბაზისკენ, რომელიც ჩაბნელებულია. რა ხდება? სცენაზე ავდივარ და დავდგი თუ არა ფეხი ბოლო საფეხურზე, თემო ხუნაშვილმა გარმონი გაწელა, აინთო შუქები, შუშხუნები ავარდა, გაისმა სიმღერა „ეგრე თაფლის სანთელივით რომ დამადნე“ (ვმღერით სპექტაკლში „ალალე“). ამიტყდა ტირილი... ყველაფერი გადაღებულია.

კინომოგონება

- გადაღებაზე მიწვევას ყოველთვის მსახიობის დაფასებად ვთვლიდი. ბედის მადლობელი ვარ, რომ მოვხვდი გიორგი შენგელაიასთან ფილმზე „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“. გიორგი და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან შემიყვარდა. ჩემი ეპიზოდისთვის კოსტიუმი თავად ავარჩიე, გადაღება ალავერდში გვქონდა. იმ სცენაში მონაწილეობენ ართანელი მომღერალი მამაკაცები. გადაღებებზე შესანიშნავ ხალხთან მქონდა ურთიერთობა, უსაყვარლესი ბიჭი იყო ლევან აბაშიძე, გია ფერაძე - სასწაული კაცი... დაღლა საერთოდ არ მიგრძნია, გადაღების მერე იწყებოდა ქეიფი. ერთ საღამოს თემო ხუნაშვილის ოჯახში გაიშალა სუფრა, თემოს კურსელი იყო გია ფერაძე. რა დამავიწყებს იმ არაჩვეულებრივ დღეებს. სიამოვნებით ვუყურებ ეკრანზე ჩემს ახალგაზრდობას და ხანდახან ასეთი ფრაზა გამეპარება ხოლმე: დედა, რა ლამაზი ვყოფილვარ თავის დროზე-მეთქი.

დაბოლოს...

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ერთ ნაბიჯს არ გადავუხვევდი, რადგან ეს იყო ძალიან ლამაზი ცხოვრება ლამაზ ქალაქში, მუშაობა არაჩვეულებრივ და გამორჩეულ თეატრში. მყავდა ლამაზი მეგობრები და გვქონდა სიყვარულით სავსე ურთიერთობები. ისეთი ცხოვრება გავიარე, რომელიც სტიმულს მაძლევდა, რომელმაც არაჩვეულებრივი შვილი და შვილიშვილები გამაზრდევინა, უკვე დიდი ბებიაც გავხდი.

წელს დაბადების დღე უამრავმა ადამიანმა მომილოცა. მგონი, მთელმა საქართველომ დამირეკა. მინდა წარმატება ვუსურვო თელავის თეატრს, მის სამხატვრო ხელმძღვანელს, ნიჭიერებით სავსე პიროვნებას - პაატა გულიაშვილს, რომელსაც ძალიან უყვარს მსახიობები და მათი დაფასებაც იცის.

ნანული ზოტიკიშვილი