საინტერესო ამბები, ემოციები და ისტორიის ახალი ფურცელი
9 წლის იყო თორნიკე შენგელია, როცა მწვრთნელმა უწინასწარმეტყველა, - ეს ბიჭი დიდ კალათბურთს ითამაშებსო და წინასწარმეტყველება ახდა. როგორი იყო საქართველოს ნაკრების კაპიტნის პირველი ნაბიჯები სპორტის ამ სახეობაში, რა პიროვნული თვისებებით არის გამორჩეული, როგორი შვილი, მეუღლე და მამაა? - ამ ყველაფერზე ჟურნალის "გზა" მკითხველებისთვის თორნიკეს დედამ, ქეთი შენგელიამ ისაუბრა.
- ქალბატონო ქეთი, ახლახან 3 მარტი იყო, დედის დღე. თორნიკემ როგორ მოგილოცათ?
- თორნიკე ძალიან ყურადღებიანია. საქართველოში არის თუ არა, მისგან საჩუქარს ყოველთვის ვიღებ.
- 26 თებერვლის ისტორიული მატჩის შემდეგ როგორი იყო თქვენი ემოცია? ნაკრების ასეთ წარმატებას რამდენად ელოდით?
- საქართველოს, ჩვენი ნაკრების ბიჭებს, გულშემატკივრებს, საკალათბურთო სამყაროს ვულოცავ ამ ისტორიულ ამბავს. ჩვენმა ბიჭებმა დაწერეს და შექმნეს კალათბურთის ახალი ისტორია. ეს წარმატება ათეული წლის წინ დაწყებული შრომის შედეგია. მადლობა ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვებაში. როცა აანალიზებ, რამდენად მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა და იცი, რომ ამ ყველაფერში შენი შვილის წვლილიც არის, მართლა ამაღელვებელია - იმდენად, რომ ემოციის სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს. გეტყვით უშუალოდ თამაშის დროს ჩემს თავს რა ხდებოდა. როგორც ყველა თამაშზე, ბუნებრივია, ამჯერადაც დარბაზში ვიყავი. მატჩის დასრულებას 4 წუთი აკლდა, ვეღარ გავჩერდი და გავედი, იქვე მოფარებულში დავდექი და ლოცვა დავიწყე, თან ყურებზე ხელი მქონდა აფარებული. რომ ვლაპარაკობ, თვალზე ცრემლი ახლაც მადგება და ალბათ, რა დროც უნდა გავიდეს, ამ დღეს ემოციის გარეშე ვერასდროს გავიხსენებ. უფალს შევთხოვდი, ცუდი შედეგი არ დაეშვა. ბოლოს ვთქვი: უფალო, იყოს ნება შენი. ყურებზე ხელი კი მქონდა აფარებული, მაგრამ მაყურებლის რეაქციით ვხვდებოდი, როგორი თამაში მიდიოდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა. შინ დაბრუნების შემდეგ, მატჩი ტელევიზიით ვნახე, კომენტატორმა ძალიან კარგად აღნიშნა, ისლანდიელების ბოლო ნასროლი რომ არ ჩავარდა, ამაში ღმერთის ხელი ერია, ბურთი კალათში არ ჩაუშვაო. ნაკრების ამ წარმატებას ველოდი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რამდენად დაძაბული თამაში იქნებოდა.
- ამ თამაშის შემდეგ ემოციურად როგორი იყო შვილთან შეხვედრა?
- ჩემი შვილი შინ არ მოსულა, ჩვენ მივაკითხეთ სასტუმროში და ეს წარმატება ყველამ ერთად ვიზეიმეთ. თამაში დასრულდა თუ არა, რამდენიმე საათში გაფრინდა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ამბავი იყო, იმ წუთებში, ემოციების დუღილის ფონზე, მგონი, ბოლომდე ვერც გავიაზრეT, ეს მოგვიანებით, 2-3 დღის შემდეგ მოხდა. მაშინ ყველანი ემოციებისგან დაცლილები და დამუნჯებულები ვიყავით.
- თორნიკეს ბავშვობის პერიოდი გავიხსენოთ: როგორი ხასიათი ჰქონდა, რა თვისებებით იყო გამორჩეული?
- ძალიან შრომისმოყვარე, მიზანდასახული იყო და დღესაც ასეთია. თორნიკე ბუნებით მაქსიმალისტია, არასდროს კმაყოფილდებოდა მიღწეულით, საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვდა. ვარჯიშის გაცდენაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ბავშვი დარბაზიდან არ გამოდიოდა. თავისი გუნდის ვარჯიშს რომ მორჩებოდა, დარბაზში რჩებოდა და სხვა ჯგუფის ვარჯიშს ესწრებოდა. იმ პერიოდში სინათლე, გათბობა, ელემენტარული პირობებიც კი არ არსებობდა. ზოგჯერ ვარჯიშზე საღამოს 7-8 საათზე რომ მივდიოდით, სინათლე არ იყო; სულ მთხოვდა: დედა, დაველოდოთ, იქნებ სინათლე მოვიდესო. რამდენჯერმე საათიც კი გადასწია, დარბაზში სავარჯიშოდ ადრე რომ მისულიყო.
- თქვენ და თქვენი მეუღლე ყოფილი კალათბურთელები ხართ. ამ ფაქტორმა თორნიკეზე ალბათ, დიდი გავლენა მოახდინა, არა?
- რა თქმა უნდა, გავლენა იქონია, ბავშვობიდანვე მამამისის თამაშებზე დამყავდა, პატარა ასაკშიც კი ძალიან სერიოზული მაყურებელი იყო. ევროპის ჩემპიონატის და დიდი კლუბების თამაშებს ტელევიზორშიც დაკვირვებით უყურებდა. ამასთან, გენეტიკაც ხომ თავისას შვრება. ჩემი მეუღლე უნგრეთში თამაშობდა. თოკო 9 წლის იყო, პირველად კალათბურთზე იქ მივიყვანეთ და 3-4 თვე დამყავდა, სანამ წამოვიდოდით. როცა მოვდიოდით, მწვრთნელმა გვითხრა, ეს ბიჭი დიდ კალათბურთს ითამაშებს, ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავს და იოლად აკეთებსო. შემდეგ ვარჯიში საქართველოში გააგრძელა, მხოლოდ მისი ასაკის კი არა, უფროს ბავშვებშიც გამორჩეული იყო. 14 წლის გახლდათ, ბათუმში კემპი რომ ჩატარდა, იქ აირჩიეს და ვალენსიაში წავიდა. იქ მისი მონაცემები, ნიჭი თვალში მოხვდათ და დაიტოვეს. მაშინ თოკოს საზღვარგარეთ გაშვება ძალიან გამიჭირდა.
- მისთვის რამდენად იოლად მისაღები იყო ეს გადაწყვეტილება?
- თავდაპირველად ძალიან უხაროდა, იქ თამაში უნდოდა, მაგრამ საქართველოდან შორს ყოფნა გაუჭირდა. 15 წლის იყო, სამშობლოს მონატრებამ ლექსი რომ დააწერინა.
- ეს ლექსი გახსოვთ?
- როგორ არ მახსოვს, რითმა დარღვეულია, მაგრამ მთავარი ემოციაა. ამ ლექსს ჰქვია "იყო ქართველი", რომელშიც არის ასეთი ფრაზები: "მეამაყება მე ჩემი სამშობლოს სილამაზე./ შენ გაქვს განთქმული მთა-ბარი, ველი და მდელო,/ შენზე ფიქრებში ვახერხებ, რომ მე ჩემი თავი გავამხნევო", "მე ჩემი გზით ვცდილობ, როგორმე შენ გასახელო", "იყო ქართველი ნიშნავს იყო შენი სულის მმართველი/ და რაც გეკუთვნის, არვინ იყოს მისი წამრთმევი", "დიდი მადლობა, ღმერთო, იმისთვის, რომ ვარ ქართველი"... ასეთი იყო სამშობლოდან შორს მყოფი 15 წლის ბიჭის ფიქრები და მონატრება. ეს ლექსი რომ გამომიგზავნა, ვიტირე.
- როგორი შვილია, ემოციის გამოხატვა რამდენად შეუძლია?
- ძალიან თავმდაბალი, ყურადღებიანი, თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველია. ძნელია შვილზე ლაპარაკი.
- დიდი წარმატება ადვილად არ მიიღწევა, თორნიკეს ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა?
- რა თქმა უნდა, ეს გზა იოლი გასავლელი არ ყოფილა. მის ცხოვრებაში გახლდათ ბევრი დაბრკოლება, წინააღმდეგობა, სირთულე, ტრავმა. ამ ყველაფერს რომ გაუმკლავდე და გაუძლო, დიდი ნებისყოფა გჭირდება.
- კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი როდის ჰქონდა?
- ალბათ ბოლოს ერთ-ერთი რთული პერიოდი "ევრობასკეტის" დროს ჰქონდა. ამ დღეს წლების განმავლობაში ელოდა; მე ხომ ვიცი, ამისთვის როგორ და რამდენს შრომობდა, მაგრამ მხრის ტრავმის გამო თამაში ვერ შეძლო. ზუსტად ვიცი, მას მხარზე მეტად ის სტკიოდა, რომ ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარებოდა.
- თქვენ მისი ორმაგად გესმით, როგორც დედას და როგორც კალათბურთელს...
- რა თქმა უნდა, ასეა. რთულია, როცა შენი შვილის თამაშს უყურებ და ეს სირთულე ორმაგდება, როცა შენც იმ სპორტის წარმომადგენელი ხარ.
- თამაშების შემდეგ რჩევებს აძლევდით?
- მეც და მამამისიც რჩევებს ვაძლევდით. თორნიკემ კარგად მოსმენა იცის, ნათქვამს ყოველთვის აანალიზებს.
- რჩევებს კალათბურთს მიღმა რამდენად აძლევთ - მაგალითად, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უწევს?
- როგორც ყველა ოჯახში ხდება, ჩვენც ერთად გავდიოდით მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის საკითხებს. დღეს თორნიკე და სალომე ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს.
- მკაცრად ზრდიდით?
- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მკაცრი ვიყავი. შრომის სიყვარული სულ ჰქონდა და მიზანდასახულიც იყო. ყველა დედას უნდა, ზრდილი და წარმატებული შვილი ჰყავდეს.
- რას გვეტყვით მის ოჯახზე, როგორი მეუღლე და მამაა?
- თბილი, მოსიყვარულე მეუღლე და ძალიან მზრუნველი მამაა. როგორი დაღლილიც უნდა იყოს, შვილებთან ურთიერთობას მაინც ახერხებს. ვტკბები მისი და სალომეს სიყვარულის ცქერით. სალომე ძალიან კარგი გოგოა, საოცრად კარგი მეუღლე და დედა. კვება იქნება თუ მისი რეჟიმის მორგება, ყველანაირად ხელს უწყობს. მადლობა მას!
- თორნიკე საქართველოში ჩამოსვლას რამდენად ახერხებს?
- ძალიან დაკავებულია, დასვენება თითქმის არა აქვს, წლის განმავლობაში 2 კვირით თუ ჩამოვლენ.
- და იმ დღეებს სად ატარებენ?
- ხან საგურამოში აგარაკზე, ხან სხვაგან მიდიან.
- მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?
- ოჯახურ გარემოში ყოფნა. თავს ყველაზე კარგად ოჯახში, შვილებთან გრძნობს. თავიდანვე ასეთი იყო. თორნიკე ყველა ასაკში ძალიან მზრუნველი და პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული გახლდათ. კარგი ძმა და კარგი მეგობარია.
- მადლობა ინტერვიუსთვის. მალე ჩვენი ეროვნული ნაკრების უფრო დიდი გამარჯვებები გვეზეიმოს!
თამუნა კვინიკაძე