"მიხაროდა, რომ პირველი ეთერის დღეს ჩემთან ერთად იყო" - გზაპრესი

"მიხაროდა, რომ პირველი ეთერის დღეს ჩემთან ერთად იყო"

ახლახან მსახიობი - თაკო ჭანუყვაძე ტელეგადაცემის - "გვიანი დილა" წამყვანი გახდა. გადაცემა ეთერში შაბათ-კვირას გადის. დავინტერესდით, საქმეს თავს როგორ ართმევს მსახიობის ამპლუაში კამერასთან მუშაობას მიჩვეული თაკო და ზრუნავს თუ არა ვინმე მისი ეკრანული ჩაცმულობის გამორჩეულ სტილზე?

- სხვათა შორის, ტელეწამყვანის ამპლუაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, რადგან სამუშაო პროცესი მომწონს - ახალი როლის მორგების საშუალება მომეცა. მუშაობის პროცესში დიდ სიამოვნებას ვიღებ. მიხარია, რომ გამოცდილებას ვიღებ.

- შენი დილა როდის, როგორ იწყება?

- საკმაოდ ადრე, 8 საათზე, რადგან ანასიკო (ჩემი გოგონა) სკოლაში დადის... თან უმეტესად, ჩემი სპექტაკლები დღის 12 საათიდან იწყება. შესაბამისად, დილიდანვე საკმაოდ აქტიური ვარ. ვერ ვიტყოდი, რომ შაბათ-კვირას დილით ადრე გაღვიძება მიყვარს, ასე რომ, "გვიანი დილის" საეთერო დრო ძალიან კარგია.

- შაბათ-კვირის დილას როგორ ატარებდი, ვიდრე ტელეწამყვანი გახდებოდი?

- ჩემი პროფესიის გამო, შაბათ-კვირა საკმაოდ დატვირთული მაქვს, რადგან ამ დროს უფრო მეტი სპექტაკლია, ვიდრე კვირის სხვა დღეებში. ჩემი დასვენების დღეები შაბათ-კვირა არ არის. როგორც თეატრში ვამბობთ, ჩვენთვის "წმინდა დღე" ორშაბათია - ვისვენებთ. ჩემს აქტიურ შაბათ-კვირას კიდევ ერთი საქმე - ტელეწამყვანობა დაემატა, რომელსაც მარტივად ავუღე ალღო.

- ორშაბათი ძირითადად, სამუშაო დღეა. იმ მეგობრებთან დროის გატარებას როგორ ახერხებ, ვინც თეატრში არ მუშაობს?

- მათ საღამოს საათებში ვხვდები. მანამდე სხვა საქმეებს ვაკეთებ, რომლებსაც ორშაბათისთვის მოვიტოვებ ხოლმე. საერთოდ, იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებსაც დასვენება შეუძლიათ. ყოველი დღე დატვირთული მაქვს. ამ მხრივ, ორშაბათიც არ არის გამონაკლისი...

- ორშაბათ დღეს რა საქმეებს უთმობ?

- ძირითადად - ქსოვილების შეძენას, მკერავთან მისვლას...

- შენს საეთერო ჩაცმულობაზე თავად ზრუნავ?

- კი ბატონო. ამ მხრივ, ყოველთვის თავისუფლება მაქვს. მხატვარი მენდობა. შესაბამისად, ჩემს საეთერო ჩაცმულობაზე თავად ვზრუნავ. რაღაცნაირად, ეს საკითხი არც განიხილება, რადგან ყველას უნდა ისე მეცვას, როგორი სტილიც მაქვს. რა თქმა უნდა, მეც მსიამოვნებს და მირჩევნია, ტელეეკრენისთვის იმ სტილის სამოსში ვიყო გამოწყობილი, როგორშიც რეალურ ცხოვრებაში ვარ.

- საეთერო სამოსი გარკვეულ ცვლილებებს, პატარ-პატარა შტრიხებს არ საჭიროებს, ამას ითვალისწინებ?

- რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვითვალისწინებ. ასევე იცი, როგორ რაღაცებს ვაკეთებ? მაგალითად, მინდა ხოლმე, რომ 1 დღე განსხვავებული იყოს და ძალიან კლასიკურ სამოსს ვიცვამ, რაც რეალურ ცხოვრებაში იშვიათად მაცვია, მაგრამ ეკრანს უხდება. არ შემიძლია, ჩემს სტილზეც უარი ვთქვა, მაყურებლისთვის ისიც მისაღებია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ტელევიზიაში უნდა იყოს ეტიკეტი - არის რაღაცები, რაც ტელეწამყვანმა არ უნდა ჩაიცვას და ამას ვითვალისწინებ.

- ბოლოს როდის იყიდე სამოსი?

- (ფიქრობს) მართლა ვერ ვიხსენებ, რადგან ჩემთვის სამოსს არ ვყიდულობ, მხოლოდ ბავშვისთვის ან საჩუქრად. ჩემთვის მთავარია, ქსოვილების მაღაზიაში მივიდე... ალბათ ბოლოს ჩანთა ვიყიდე.

img-1979-1678691352.jpg

- ტელეწამყვანობაზე მანამდეც გიფიქრია?

- კი, სხვათა შორის, რადგან ამის შესახებ ჩემთვის ხშირად უთქვამთ, გარკვეული შემოთავაზებებიც მქონია... მოკლედ, ამ ტიპის შემოთავაზება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ძალიან მიხარია, რომ ამ გარემოში მოვხვდი...

- როგორ ფიქრობ, შენი, როგორც ტელეწამყვანის ხიბლი რა არის? სხვა ტელეწამყვანებისგან რა გამოგარჩევს?

- აუ, არ ვიცი, ამაზე მე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ (იღიმის). საკუთარ თავზე ლაპარაკი მეუხერხულება, თუმცა ამ კითხვაზე პასუხს მეც სიამოვნებთ მოვისმენდი სხვა ადამიანებისგან, ვინც მე შემარჩია. ყველანაირად ვეცდები, მათი და მაყურებლების იმედები გავამართლო.

- მაყურებლებისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- ძალიან დადებითს. პირველივე დღიდან საკმაოდ გულთბილი წერილები მივიღე. ასევე, გადაცემის რეიტინგიც საკმაოდ კარგი გვქონდა. მიხარია, როდესაც ადამიანები ჩემ მიმართ სიყვარულს გამოხატავენ. ბედნიერი ვარ, რომ რაღაცნაირად, დადებითი მესიჯებით მანებივრებენ... ძალიან პასუხისმგებლიანი და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ვარ. რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში მუშაობა მარტივი ნამდვილად არ არის, მით უმეტს, როცა ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გაქვს. საკმაოდ ვღელავდი, ვნერვიულობდი, რადგან როდესაც ადამიანს შანსი გეძლევა, რომ საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინო, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, შენს თავზე იმუშაო... ყოველ ჯერზე მინდა, რომ განსაკუთრებულად საინტერესო ვიყო. ამაზე საკმაოდ ბევრს ვმუშაობ.

- კამერასთან მუშაობა შენთვის მსახიობის ამპლუაში უფრო იოლია თუ ახლა, ტელეწამყვანობისას?

- სრულიად სხვადასხვა რამეა. კონკრეტულ როლზე მუშაობისას პერსონაჟს ქმნი - სხვა თვისებებით, მანერებით... სულ სხვა სამუშაო პროცესია. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, მნიშვნელოვანია ტელეწამყვანი გულწრფელი იყოს - ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. ვცდილობ, გადაცემაში ნამდვილი ვიყო. მიყვარს, როცა აქტიურად, მთელი ემოციებით, ჟესტებით ვსაუბრობ, რაც ეკრანს დიდად არ უხდება, თუმცა ჩემთვის აუცილებელია, რომ გულწრფელი ვიყო და მაყურებელმა დაინახოს, რომ პირდაპირ ეთერში არაფერს ვთამაშობ.

- ალბათ, შენი გოგონა ბედნიერია, როცა ეკრანზე გხედავს...

- რა თქმა უნდა. ანასიკო ჩემი დიდი გულშემატკივარია. პირველ გადაცემაში სტუმრადაც მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ კამერებთან ურთიერთობა არ უყვარს, გამონაკლისის სახით, გადაცემაში სტუმრობის სურვილი თავად გამოთქვა. მიხარია, რომ წამომყვა. შვილს არაფერს ვაძალებ. სიუჟეტის მომზადებისას ისეთი კარგი სამუშაო გარემო შეუქმნეს, რომ ანასიკოს თავად გაუჩნდა სურვილი, ჩვენი სტუმარი ყოფილიყო. ძალიან მიხაროდა, რომ პირველი ეთერის დღეს ჩემთან ერთად იყო.

- შენი ჩაცმულობის გამორჩეული სტილი გავლენას მასზეც ახდენს?

- ასე ვერ გეტყვი, მაგრამ თავადაც იცი, როგორი ტიპის ადამიანია? დამოუკიდებლობას ავლენს. დაბადების დღის წვეულებასა თუ სხვადასხვა დღესასწაულზე სულ ითხოვს, სამოსი შევუკეროთ, ოღონდ - თავად არჩევს ქსოვილის ფერს, ტანსაცმლის მოდელს... მკერავს ყველაფერს დეტალურად უხსნის. ჩემი მკერავი გაოგნებული უსმენს - წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ასეთ მცირე ასაკში ბავშვმა ზუსტად იცოდეს, რა უნდაო...

img-2041-copy-1678691332.jpg

- შენი დიზაინით შექმნილი სამოსის ხაზის გაფართოებას ხომ არ აპირებ?

- სადაც უნდა მივიდე, ნაცნობები თუ უცნობები, ყველანი ამისკენ მომიწოდებენ, თუმცა ჩემი მოუცლელობის გამო, ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი. რაღაცებს ვაკეთებ. მე და ჩემს მეგობარს სოციალურ ქსელში გვერდიც გვაქვს, სადაც სამოსს ვყიდით, მაგრამ ჯერჯერობით, არ ვფიქრობ, რომ ამ საქმეს სათავეში ჩავუდგე. ვცდილობ, დასვენების დღეებში მკერავთან მივიდე, ქსოვილები მივუტანო და თვალი ვადევნო, როგორ იქმნება სამოსი, რომელიც მერე უკვე მომხმარებლებმა უნდა შეიძინონ...

- სამსახიობო კარიერაში რა ხდება?

- საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს: გასტროლები, ყოველდღიურად უამრავი სპექტაკლი... მოძრაობის თეატრშიც, ძალიან საინტერესო სპექტაკლში - "ღვთაებრივი კომედია" ვთამაშობ. ასევე, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც უამრავ სპექტაკლში ვმონაწილეობ... აგვისტოში, "შექსპირის ფესტივალი" იყო, რომელზეც მოზარდ მაყურებელთა თეატრიდანაც წავედით, სპექტაკლით - "აურზაური არაფრის გამო". ვიყავით ვენეციაში, ვერონასა და მილანში. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. დაბრუნებიდან მეორე დღესვე მუშაობა დავიწყეთ "ოტელოზე". პრემიერა უკვე იყო... ბევრ საინტერესო პროექტზე ვიმუშავეთ. მუშაობას ვაგრძელებთ და ჩვენს მაყურებლებს კიდევ ბევრ საინტერესო სპექტაკლს შევთავაზებთ...

ეთო ყორღანაშვილი