პირველი იუნკერი ქალი, რომელიც საფრანგეთის უმაღლესი დონის სკოლაში სწავლობს - გზაპრესი

პირველი იუნკერი ქალი, რომელიც საფრანგეთის უმაღლესი დონის სკოლაში სწავლობს

თეონა ლაბაძე პირველი ქალი იუნკერია, რომელიც საფრანგეთის უმაღლესი დონის სპეციალურ სამხედრო სკოლაში, მაგისტრატურაში ჩაირიცხა.

სენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლა სამხედრო-საგანმანათლებლო სასწავლებელია და სტუდენტებს უმაღლესი დონის სპეციალური განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამისთვის ქართველმა გოგონამ უმკაცრესი, ოთხთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი წარმატებით გაიარა. "გზა" მას საფრანგეთში დაუკავშირდა.

- ბრeტანის რეგიონში, ქალაქ რენესთან ახლოს ვარ... პირველი დატვირთული სემესტრის გავლის შემდეგ, შაბათ-კვირა თავისუფალი მაქვს და ქალაქში გავლა შემიძლია. ფრანგულ ენაში ადრეც ვემზადებოდი, მაგრამ აქ მაინც დამჭირდა დამატებითი კურსები და თავისუფალ დროს ფრანგული ენის უკეთ შესწავლას ვუთმობ. სამაგისტრო პროგრამებიც მეწყება, ამიტომ ენას სრულყოფილად უნდა ვფლობდე. ყოველთვის ვოცნებობდი სამხედრო პროფესიაზე და 14 წლისამ სამხედრო ლიცეუმში სწავლა გადავწყვიტე.

teo5-1679391227.jpg

- ოჯახის დამოკიდებულება როგორი იყო?

- მთელი ოჯახი და საახლობლო, ვისაც ჩემს მომავალზე სიტყვა ეთქმოდა, ჩემს არჩევანს ეწინააღმდეგებოდა. თუმცა საკმაოდ ჯიუტი ვარ საიმისოდ, რომ რამე დავთმო, მით უფრო, ჩემი ოცნება. ორთვიანი "დიპლომატიური მოლაპარაკებების" შემდეგ, ჩემსას მივაღწიე. ოჯახში, თუ არ ჩავთვლით ბაბუას, სამხედრო პირი არავინ ყოფილა. სამწუხაროა, რომ ბაბუა ჩემს წარმატებას ვერ მოესწრო, მაგრამ ასე მგონია, ჩემით ძალიან იამაყებდა. ის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და ფრონტის ამბებს მიყვებოდა ხოლმე. ამასთან, ბავშვობაში სულ ბიჭებთან ვმეგობრობდი. მათთან ერთად ვთამაშობდი ომობანასა და სხვა "ბიჭურ თამაშებს", ვფიქრობ ამანაც იქონია გავლენა. ფიზიკური ნორმატივები გოგონებისთვის ოდნავ განსხვავებული იყო, დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივad ჩავაბარე... 2018 წელი იყო და სამხედრო ლიცეუმში გოგონების სწავლა მაინც ახალ ხილად ითვლებოდა. ოჯახს ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ ორჭოფობდნენ, ღირდა თუ არა, სამხედრო სამსახურს გავყოლოდი.

ლიცეუმში სწავლის პერიოდში, საფრანგეთიდან სენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლის სპეციალისტები ჩამოვიდნენ და პრეზენტაცია ჩაატარეს. სწავლის გაგრძელებას ისედაც ვაპირებდი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, მაგრამ რადგან ფრანგი სპეციალისტების ჩამოსვლის შემდეგ გავიგე, რომ ეს იყო უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სწავლის შემთხვევაში, ჩემი პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების შესაძლებლობა მომეცემოდა, წასასვლელი გზის ძებნა დავიწყე.

სამხედრო ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩავაბარე, სადაც უკვე ძალიან ბევრი გოგონა სწავლობს... მეორე კურსის დამთავრების შემდეგ საფრანგეთში წასვლა გადავწყვიტე.

- დიდი კონკურსი იყო?

- დიახ, კონკურსში 40 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ოც კანდიდატს შორის მოვხვდი და გოგონა მხოლოდ მე ვიყავი... საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია თავისი დონით არც ერთი წამყვანი ქვეყნის სასწავლებელს არ ჩამოუვარდება. ბევრი გაცვლითი პროგრამა აქვს და სწავლება მაღალ დონეზეა. ამის დასტურია თუნდაც, დიმიტრი ამილახვრის ისტორია და ქართულ-ფრანგული კავშირი. ის საფრანგეთის არმიის ოფიცერი იყო. 14 წლამდე საქართველოში იზრდებოდა, შემდეგ ოჯახთან ერთად უცხოეთში გადასახლდა. 1922 წლიდან პარიზში ცხოვრობდა და სენ-სირის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, იქ, სადაც ახლა მე ვსწავლობ... თუნდაც ამიტომ, აქ სწავლა ჩემთვის ძალზე საპასუხისმგებლოა.

ჰიტლერული ოკუპაციის დროს ლეგიონი ჩრდილოეთ საფრანგეთიდან ინგლისში გადავიდა, სადაც თავისუფალი საფრანგეთის ძალების პირველი ბირთვი შეადგინა. გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და გენერალ შარლ დე გოლის "თავისუფალი საფრანგეთის" არმიას შეუერთდა...

1942 წელს დიმიტრი "გათავისუფლების ჯვრით" დააჯილდოეს. ის გმირულად დაიღუპა ელ-ალამაინის ბრძოლაში. სიკვდილის შემდეგ კი საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭეს. 1956 წელს მისი სახელი მიენიჭა სენ-სირის სამხედრო სასწავლებლის 143-ე გამოშვებას. 2005 წელს საფრანგეთში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადებიდან მე-100 წლისთავი და პარიზის ერთ-ერთ ქუჩასაც მისი სახელი უწოდეს...

- რა იყო ყველაზე რთული?

- ადვილი არაფერი ყოფილა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ფიზიკური მომზადება გამიჭირდა. პირველი ოთხი თვე სამხედრო აქტივობებით დატვირთული გახლდათ: ნაკლები ძილი, მეტი ვარჯიში და ფიზიკური აქტივობების გაძლება ძნელი იყო.

- საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს, ე.წ. კარანტინს გულისხმობთ, არა?

- დიახ, ოღონდ ერთთვიანი კი არა, ოთხთვიანი იყო. ძალიან მკაცრი რეჟიმით, ისე, როგორც მაღალი დონისა და განვითარების ქვეყნის სამხედრო სასწავლებელს შეეფერება... გვიან ღამე მოულოდნელი სამარშო გასვლები, მისიები და ყველანაირი სამხედრო წვრთნები გვქონდა. განსხვავებული დღეებიც იყო. თუ საველე გასვლები გვქონდა, ზოგჯერ დღე-ღამეში ორი-სამი საათი გვეძინა. სხვანაირი გრაფიკი იყო ყაზარმაში ყოფნისას. ასეთი დატვირთული რეჟიმი გვქონდა პირველი სემესტრის დროს, რადგან ეს იყო ერთგვარი გამოცდა გაძლებაზე.

- იყო შემთხვევები, როდესაც ვერ გაუძლეს და დატოვეს სასწავლებელი?

- დიახ, თუმცა ძირითადად მომზადებული კადრები აბარებდნენ, ანუ ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ სასწავლებlისთვის 2-3 წლის განმავლობაში, ზოგი კი ბავშვობიდან ემზადებოდა და კარგი ფიზიკური, ფსიქოლოგიური მომზადება ჰქონდათ გავლილი. ისე, როგორც საქართველოში, გოგონები იქაც ძალიან აქტიურობენ. ფაქტობრივად, თანაბარი რაოდენობის გოგონა და ბიჭი აბარებდა. კურსზე დაახლოებით 20-25 გოგონაა. თუმცა, კარგი მომზადების მიუხედავად, ზოგიერთმა, მათ შორის ბიჭებმაც ვერ გაუძლეს მკაცრ რეჟიმს.

ის ოთხი თვე უმძიმესი გამოცდა იყო. რაც უფრო ძლიერი ხარ, თითქოს ემოციებს "კეტავ" და მხოლოდ წინ იყურები, რომ ამ დღეებს გაივლი, გაძლიერდები და შემდგომი ნაბიჯები გაგიადვილდება. შენს თავს უნდა უთხრა, რომ არ შეჩერდე!.. იმ ოთხთვიანმა სირთულეებმა, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად ძალიან გამაძლიერა.

teo2-1679391239.jpg

- იმ დროის განმავლობაში ოჯახთანაც არ გქონდათ კავშირი?

- ამ პერიოდში ერთკვირიანი დასვენება გვქონდა და მაშინ პირველად შევეხმიანე ოჯახს... ეს ცალკე წნეხი იყო, მაგრამ ჩემი ოჯახი ამისთვისაც შემზადებული გახლდათ. ახლა, როდესაც პირველი სირთულეები უკან დარჩა, ძალიან ბედნიერები არიან. მგულშემატკივრობენ და მხარს მიჭერენ.

- რა არის თქვენი ოცნება, სად ხედავთ თქვენს მომავალს?

- სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლას ლეიტენანტის წოდებითა და მაგისტრის ხარისხით დავამთავრებ. ამის შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ, რათა ჩემი ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს მოვახმარო. ჯერ არ გადამიწყვეტია, კონკრეტულად სად გავაგრძელებ სამსახურს. სადაც ჩემს ქვეყანას დავჭირდები, იქ ვიქნები.

- საქართველოში სამხედრო საქმე ნატოს ქვეყნების სტანდარტებით ვითარდება, მაგრამ მაინც, რა არის განსხვავებული საფრანგეთში?

- საფრანგეთი მაინც დიდი ქვეყანაა და საშუალება აქვს, ამ საქმის განვითარებაში მეტი ძალა და რესურსი ჩადოს... როგორც გითხარით, შაბათ-კვირა თავისუფალი მაქვს და რამდენიმეთვიანი შვებულებითაც ვსარგებლობ. მიყვარს კითხვა, ქალაქში ძალიან დიდი, მდიდარი ბიბლიოთეკებია და მათ ხშირად ვსტუმრობ.

- ამ სამი წლის განმავლობაში სამშობლოში ჩამოსვლის შესაძლებლობა არ მოგეცათ?

- კი და ზამთარში ვიყავი. სხვათა შორის, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ ბილეთები შეიძინა. ზაფხულშიც შემიძლია ჩამოსვლა...

- თქვენი პროფესიის გამო, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები არ გიფრთხიან?

- პრობლემა არასდროს შემქმნია, თუმცა, ამ ეტაპზე მთლიანად სწავლასა და კარიერაზე ვარ გადართული.

- საყვარელი იარაღი გაქვთ?

- იარაღი ძალიან მიყვარს. კვირების განმავლობაში დავდივართ სასწავლო სროლებზე, მაგრამ ეს არ მწყინდება. საქართველოში ამერიკული "ემ-4"-ით ვისროდით, აქ სხვა ტიპის იარაღი გვაქვს, თუმცა, ჩემი ფავორიტი "გლოკია".

ლალი პაპასკირი