"სილა გამაწნა" - გზაპრესი

"სილა გამაწნა"

ახლახან, იუმორისტულ გადაცემაში - "ნიკოს შოუ" ამიკო ჩოხარაძე ბენდის წევრის ამპლუაში გამოჩნდა. ამიკოს მრავალმხრივი ნიჭის და საქმიანობის მიუხედავად, ისე მოხდა, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ბენდის წევრია. გადავწყვიტეთ, ამიკო ჩოხარაძისთვის ბევრი "პირველი ამბავი" გაგვეხსენებინა...

- ამიკო, პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლა?

- 11 წლის ვიყავი, როცა უკრაინაში, ქალაქ ოდესაში, კონკურსზე საუკეთესო ვოკალისთვის გრან-პრი ავიღე. უკრაინის ერთ-ერთ ტელეარხზე გამოვედი, რაც ჩემთვის პოპულარობასთან სიახლოვის სასიამოვნო განცდა იყო...

- პირველი იმედგაცრუება გაიხსენე...

- იმედგაცრუებული არ ვყოფილვარ, რადგან საერთოდ, შრომისმოყვარე ვარ: ნებისმიერი საყვარელი საქმის პროცესი მსიამოვნებს... მაგალითად, ტელევიზიაში 2 წელი "ჩავარდნა" მქონდა. იმ ხნის განმავლობაში არ გავჩერებულვარ - სხვა რაღაცას ვაკეთებდი, რის გამოც იმ იმედგაცრუებას ვერ ვგრძნობდი, რომელსაც ალბათ, გულისხმობთ. მაგალითად, ვმუშაობდი, როგორი ახალი პროექტი მომეფიქრებინა, ჩემი რესურსის დახარჯვა რომელ გადაცემებზე შემეძლო, ვცდილობდი, თავისუფალი დრო (რომელიც წლების განმავლობაში არ მქონდა) შვილებთან ურთიერთობისთვის გამომეყენებინა და ა.შ.

- ბენდის წევრი პირველად ხარ, არა?

- კი. თითქმის ყველა საქმე ვსინჯე და მიხარია, რომ წარმატებულად. ახლა ბენდშიც ვსინჯავ ბედს, რადგან რასაც ვუყურებ, ბოლო დროს, ბენდების საქმიანობა საკმაოდ წარმატებულია. კონცერტებსაც მართავენ... რაკი ვფიქრობ, სიმღერა შემიძლია, ამ უნარს გამოვიყენებ. იქნებ ბენდის იდეამ გაამართლოს და კარგი პროექტი გამოგვივიდეს. ბიჭებთან ერთად, სხვადასხვა პროექტზე ("გიორგი გაბუნიას შოუ", "ნოე ჟორჟოლიანის შოუ"...) მანამდეც ვმუშაობდი. როცა ახალი პროექტის იდეა იბადება, სიახლეებზე ვფიქრობთ ხოლმე. "ნიკოს შოუზე" მუშაობის დროს ზვიად ბლიაძემ ბენდის შესახებ მითხრა... ასე "ავეწყვეთ" და საბოლოო ჯამში, საკმაოდ ხმაურიანი (კარგი გაგებით), წარმატებული და რეიტინგული პროექტი გამოვიდა.

- პირველი იუმორისტული სკეტჩი, რომლითაც ქართულ ტელესივრცეში გამოჩნდი...

- "ქლაბ შოუში", საზოგადოებამ მინიატიურებით გამიცნო. დაახლოებით 10 მინიატიურას ვაკეთებდით. ყველა აქტუალურ თემას ვეხებოდით ან ცნობილი ფილმებიდან ნაწყვეტების ჩვენეულ ვერსიებს ვამზადებდით, მაგალითად, მინიატიურა არატრადიციული ორიენტაციის ზომბის შესახებ... თავდაპირველად, ზურაბ ვასაძესთან (სუხა) ერთად გამოვდიოდი. ჩვენი დუეტი საკმაოდ წარმატებული იყო. შემდეგ სუხამ სხვა სფერო აირჩია, რეჟისურას "შეუტია". ახლა ძალიან საინტერესო ქართულ ფილმს, ბლოკბასტერს - "9 ძმა" იღებს... სცენაზე ჩემი პარტნიორი ფაქო (ლევან გოგორელიანი) გახდა. ასევე საკმაოდ წარმატებული დუეტი გამოგვივიდა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ტელევიზიაში სხვადასხვა გადაცემის წამყვანებიც ვიყავით, მსახიობებიც, სცენარისტებიც, პროდიუსერებიც... ამ სფეროში დიდი ისტორია გამოვიარეთ. დღესდღეობით, ბენდის მიმართულებაშიც ვსინჯე ძალა, რადგან მგონი, ერთადერთია, რაც აქამდე არ მომისინჯავს (იცინის).

- პირველი ტყუილი...

- საერთოდ, ბავშვობიდან ძალიან მიამიტი ვარ. მერე უკვე ცხოვრებამ მასწავლა, რომ ბევრს არ უნდა დავუჯერო... მაგალითად, პატარაობისას მეზობელ ბავშვს, რომელსაც ბევრი თხილი ჰქონდა, ვთხოვე, ჩემთვისაც მოეცა. არ მომცა და მითხრა, - გვერდით სადარბაზოში ("იზოს პადიეზდს" ვეძახდით), მესამე სართულზე თხილის ხეა და მოკრიფეო. კისრისტეხით წავედი. თხილი რომ არ დამხვდა, მერე დავფიქრდი, - რა სისულელე დავიჯერე-მეთქი?!.

- შენ მიერ ნათქვამი პირველი ტყუილი...

- სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა მაღაზიიდან საღეჭი რეზინი მოვიპარე. გამყიდველმა დამინახა. მითხრა, - უკან დადეო. - არ მაქვს-მეთქი, - ვუპასუხე, მაშინვე გავწითლდი და დავდე. ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიყავი. მახსოვს, გამყიდველი ბრაზიანი ქალი იყო და ლოყაზე სილა გამაწნა. მაღაზიიდან აცრემლებული გამოვვარდი. სახლში მისვლაც დავაგვიანე, რადგან მეგონა, ჩემს თავს გადამხდარი ამბის შესახებ შინაც იცოდნენ...

- პირველი პაემანი...

- "პაემანს" ვერ დავარქმევ: დაახლოებით მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა გოგონა მომწონდა. საჩუქრად სათამაშო დათუნია ვუყიდე. საჩუქრის მიტანისას შემრცხვა. დათუნია მივეცი, წამოვედი და წამოვედი (იცინის)...

- ნამდვილ სიყვარულთან პირველი პაემანი გაიხსენე...

- "კომედი შოუს" მსახიობებთან ერთად, საბერძნეთში ვიყავი, ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტს ვმართავდით... ჩემს მეუღლეს პირველად იქ შევხვდი, ოღონდ - მანამდე "სკაიპით" ვიყავით ერთმანეთზე შეყვარებულები - დაახლოებით 8 თვე ვკონტაქტობდით. საბერძნეთში ერთმანეთს პირველად შევხვდით თუ არა, გაიქცა, ძალიან შერცხვა. ბევრი ქუჩა მივდევდი, გაჩერდი და დაწყნარდი-მეთქი (იცინის). მერე ჩავეხუტე და დიდხანს ვიყავით ჩახუტებულები. უსაზღვრო ემოციები გვქონდა, რადგან 8 თვე ერთმანეთი მხოლოდ ხმით და ვიზუალით გვიყვარდა, პირადი შეხვედრის გარეშე. თან ერთგვარი ნიშანი გვქონდა: როდესაც "სკაიპით" მისმენდა, ოთახში ნათურა არ ენთო, იქაურობას მხოლოდ კომპიუტერის ეკრანი ანათებდა. საუბრისას უცებ ჩემს კამერას თითს ავაფარებდი - თუკი მასთან ჩაბნელდებოდა, ე.ი. მე მიყურებდა. თუ არ ჩაბნელდებოდა, ვბრაზდებოდი, ნუ თამაშობ, მე მიყურე-მეთქი (იღიმის). თავადაც იმავეს აკეთებდა ხოლმე... როდესაც პირველად შევხვდით, ამ იდეის დატვირთვით, ერთმანეთს საჩვენებელი თითებით შევეხეთ.

- პირველი შვილი...

- მგონი, არ არსებობს დედამიწაზე მამა, რომელსაც შეუძლია ზუსტად ახსნას, პირველი შვილის დაბადებისას როგორი ემოციები აქვს. რაღაც არაადეკვატურად, არაამქვეყნიურად გიყვარს... სიტყვებით ვერ ავხსნი... საბა ჩოხარაძე ახლა 12 წლისაა. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭია. მისით ვამაყობ, რადგან უკვე ძალიან კარგი პიროვნებაა.

- პროტესტის პირველი განცდა...

- 2-3 წლისას, ალბათ, რომ მომშივდა, ვიტირე (იცინის). 4-ის ვიყავი, როცა სახლიდან გავიპარე, რადგან მშობლებს სურდათ, შინ ვყოფილიყავი. იმ ამბიდან რაღაც კადრები მახსოვს... იმიტომ გავიპარე, რომ ვიცოდი, გვერდით სადარბაზოში 4 ბიჭი იკრიბებოდა. მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და "ბითლზის" სიმღერებს მღეროდნენ. ძალიან მომწონდა. ხელში ცოცხს დავიჭერდი ხოლმე, ვითომ გიტარა იყო და ვმღეროდი...

- პირველი ჰონორარი...

- ჩემთვის პირველი შემოსავალი დღეში 25 ლარი იყო: ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში დიჯეი ვიყავი. 15-16 წლის გახლდით. იმ პერიოდისთვის წარმატებულად ვმუშაობდი - შემეძლო 1 ტრეკი მეორეზე გადამეყვანა (იცინის). ამ საქმეს სერიოზულად არ გავყოლივარ. უბრალოდ, ახალგაზრდას კლუბური ცხოვრება მომწონდა. შემეძლო ალკოჰოლი არ დამელია და ჩემი საქმე პატიოსნად მეკეთებინა. თან იქვე ვჭამდი და ვსვამდი... ოფიციალური ხელფასი უკვე ტელევიზიაში მქონდა, როცა "ქლაბ შოუში" გამოსვლა დავიწყე. ერთ გამოსვლაზე კონკრეტული, მინიმალური თანხა იყო დაწესებული, რომლის ზუსტი რაოდენობაც არ მახსოვს.

dsc9534-1679391453.jpg

- პირველი ცნობილი ადამიანი, ვისაც პირადად შეხვდი...

- ასლან აბაშიძე (იცინის). მაშინ ბათუმში ყველაზე ცნობილი ეგ იყო. საბავშვო სტუდია "ლიმპოპოში" დავდიოდი, რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს (იქიდან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც შემდეგ გახდა ცნობილი). თეატრში, კულტურის სახლში ასლან აბაშიძე კონცერტებს ხშირად ესწრებოდა... არაერთხელ შევხვედრივარ და დავლაპარაკებივარ, ბავშვებს მოგვიკითხავდა, გვესაუბრებოდა ხოლმე...

- პირველი სოციალური ქსელი, რომელზეც დარეგისტრირდი...

- "სკაიპი", მერე უკვე "ოდნოკლასნიკები", "სფეისი"... სოციალურ ქსელებში მოვიკოჭლებ და ჩანს კიდეც: არც "იუთუბზე" მაქვს გვერდი, არც "ფეისბუკსა" თუ "ინსტაგრამზე" ვაქტიურობ. "ტიკტოკზეც" შესაძლოა, წელიწადში 3-4 ვიდეო ავტვირთო, მიუხედავად იმისა, რომ 100 ათასამდე გამომწერი მყავს. ახლო მომავალში სოციალურ ქსელში კარგად გააქტიურებას ვგეგმავ. ჯერჯერობით, ბენდის ამბავი მაქვს მისახედი. აი, "ლიანდაგზე რომ შევაგდებ", მერე სოციალური ქსელებისთვისაც მოვიცლი (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი