"უკვე სახლშიც "მადონას" მეძახიან" - გზაპრესი

"უკვე სახლშიც "მადონას" მეძახიან"

დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი - ქვეშქვეშა, კლეპტომანი ქალბატონი მადონა "ახალი შაბათის შოუს" საკმაოდ პოპულარული პერსონაჟი გახლავთ. მადონას როლს ანა ხაჩიძე ასრულებს...

- სატელევიზიო სივრცეში, კომედიურ სკეტჩებში თამაში 2020 წელს, ივნისში დავიწყე. მას მერე ამ სფეროში ვარ... "კავეენში" თამაშიდან დიდი დრო იყო გასული, რაც იუმორისტულ სფეროსთან შეხება არ მქონდა. ამიტომ, "შაბათის შოუში" მონაწილეობის დაწყებისას, თავდაპირველად, ეჭვები მქონდა, საყვარელ საქმეს თავს როგორ გავართმევდი, რადგან სხვა პროფესიის წარმომადგენელი - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ და ამ საქმით ვიყავი დაკავებული. იუმორის სფეროში მუშაობა ვცადე და მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემს ცხოვრებაში კვლავ სათანადო ადგილზე იყო. ამიტომ "შაბათის შოუში" მონაწილეობა გავაგრძელე (იღიმის)...

- დღეს ამ სამუშაო პროცესის მიმართ როგორ ხარ განწყობილი?

- ჩემთვის სასიამოვნოა გადაღების, მომზადების პროცესი, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისთან ერთადაც ეს სამუშაო პროცესი მიმდინარეობს... ისეთი სივრცეა, სადაც მუშაობისას ვიღლები, მაგრამ იმავდროულად, დადებითი ენერგიითაც ვიმუხტები...

- თქვენმა გუნდმა გარკვეული რთული პერიოდი გამოიარა. რამდენიმე წევრმა დაგტოვათ კიდეც. ფინანსური კრიზისის დროს, თავად თუ გიფიქრია გუნდის დატოვებაზე?

- მაისი-ივნისის პერიოდში ტელეგადაცემა დროებით შეწყდა. ჩემთვის ეს პაუზასავით იყო, რადგან მეორე სამსახურიც (ერთ-ერთ კერძო სკოლაში) მაქვს და იქ მუშაობას ჩვეულებრივად ვაგრძელებდი. რომ არ მოგატყუოთ, არც დავინტერესებულვარ, რომ იუმორისტულ სფეროში სხვა სამსახური მომეძებნა, რადგან 2 წელი "ახალი შაბათის შოუს" გუნდთან ერთად ვიყავი. მათი გადაწყვეტილება ჩემთვის გუნდურობის გამოვლინება იყო. ველოდებოდი, მოვლენები როგორ განვითარდებოდა, გუნდი სად იქნებოდა, მე სად ვიქნებოდი ან ვიქნებოდი თუ არა. რა თქმა უნდა, იუმორის სფეროში მუშაობის გაგრძელება იმ ადამიანებთან ერთად მინდოდა, ვისთანაც ვმუშაობდი. სექტემბრის ბოლოს, ჩვენი გუნდი სატელევიზიო სივრცეში დაბრუნდა. რა თქმა უნდა, გამიხარდა და მეც შევუერთდი...

- დღეს საკუთარ თავს, როგორც მსახიობს, როგორ აფასებ? განვითარების თვალსაზრისით, ცვლილებას ამჩნევ?

- კი, რა თქმა უნდა, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ ისევ განვითარების პროცესში ვარ. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც მწვერვალს მივაღწიე. თუმცა, რა თქმა უნდა, ცვლილებები არის, რომელსაც მხოლოდ მე კი არა, სხვებიც ამჩნევენ - მაყურებლები, ოჯახის წევრები და ალბათ, თანამშრომლებიც... მაგალითად, თავდაპირველად, სკეტჩებში ისეთი "გახსნილი" არ ვიყავი, როგორიც ახლა ვარ... საკუთარ თავზე, პერსონაჟებზე კიდევ ბევრი სამუშაო მაქვს.

- შენ მიერ განსახიერებული პერსონაჟებიდან გამორჩეულად საინტერესო რომელია?

- ახალი პერსონაჟი "დამლაგებლების სკეტჩიდან", რომელიც ახალ ტელევიზიასთან ერთად "მოვიდა" - დიასახლისი მადონა. ძალიან საინტერესოა.

- ეს სკეტჩი და ასევე კონკრეტულად, შენი პერსონაჟი როგორ შეიქმნა?

- იდეა არსებობდა, რომ დამლაგებლების შესახებ სკეტჩი გაგვეკეთებინა. ამ იდეის ავტორი ვინ იყო, ზუსტად არ ვიცი. ალბათ, ახლა უკვე აქტუალური თემაა, რადგან დასუფთავების სფერო უფრო და უფრო პოპულარული ხდება... როცა გავიგეთ, სკეტჩში მონაწილეობას ვინ მივიღებდით, ფიქრი დავიწყეთ, ჩვენი პერსონაჟები როგორი უნდა ყოფილიყვნენ. ბევრი რამ ვცადეთ: სცენარის საფუძველზე ვის რა მოუხდებოდა, ვინ როგორი ტიპის პერსონაჟი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიმუშავეთ საუბრის მანერაზე, ხასიათზე... ბევრი მცდელობის მერე, იმ მადონამდე მივედით, როგორიც დღეს არის: ცოტათი ქვეშქვეშა, კლეპტომანი, რომელიც ობიექტის დალაგების გარდა, ყველაფერზე ფიქრობს (იცინის). ეს როლი შესასრულებლად საინტერესოცაა და სახალისოც. შეიძლება ჩაწერის დროს ბევრი ისეთი რაღაც მოხდეს, რაც დაგეგმილი არ გვქონდა. ასეთი ამბები ძირითადად, თათია სულუაშვილს უკავშირდება: ჩაწერისას ექსპრომტად ქმედებები და საუბარი მას უყვარს, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან სახალისო გამოდის.

- დასუფთავების სამსახურთან შეხება გქონია? როგორ მუშაობენ, როგორი ზედამხედველი ჰყავთ?..

- ზედამხედველის შესახებ არ ვიცი, მაგრამ დასუფთავების სერვისით მისარგებლია. ამ სფეროს წარმომადგენლებთან შეხება სამსახურშიც მაქვს, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ რეალურად, სრულიად განსხვავებულები არიან: ჩვენს სკეტჩში ცდილობენ, სამუშაო "გაახალტურონ", სხვა რაღაცებით დაკავდნენ, მე კი უფრო კეთილსინდისიერ დიასახლისებთან მაქვს შეხება (იღიმის).

- პერსონაჟის სახელით მოგმართავენ?

- უკვე სახლშიც "მადონას" მეძახიან (იცინის). ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა სამსახურში (კერძო სკოლაში) ვიღაც "მადონას" მეძახდა. ვერ მივხვდი. ვფიქრობდი, ვის ეძახის-მეთქი? გავიხედე და თურმე, მე მეძახდა (იცინის). სხვათა შორის, ეს პერსონაჟი მოსწონთ. წესით, მადონა სიმპათიას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ იწვევს, რადგან სახალისო ტიპის ადამიანია.

- თავად დასუფთავების სფეროს წარმომადგენლებს მადონას მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- ამ პერსონაჟზე ძალიან ხალისობენ. ტელევიზიაშიც და ჩემს მეორე სამსახურშიც დიასახლისები გვყავს, რომლებიც "დამლაგებლების სკეტჩით" ძალიან ხალისობენ. აგრესიული დამოკიდებულება არასოდეს მიგრძნია - ასე არ არის, როგორც ასახიერებთო. პირიქით, დადებითი დამოკიდებულება აქვთ.

- შენს პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს?

- შეიძლება ჰყავს კიდეც, მაგრამ იმედია, არ ჰყავს (იცინის). შესაძლოა, ვიღაც მსგავსი იყოს. ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულ ადამიანს ვასახიერებ - სხვადასხვა თვისება ბევრი ადამიანისგანაა "აკრეფილი".

- სკეტჩებში სხვადასხვა პარიკი გაქვს მორგებული. რეალურ ცხოვრებაში, ვარცხნილობის, თმის ფერის შეცვლის სურვილი არასოდეს გაგჩენია?

- ჩემი თმა ტაბუდადებულია (იცინის). რომ არ მოგატყუოთ, სურვილიც არ მქონია, ვარცხნილობა შემეცვალა. ერთადერთი, თუ გავჭაღარავდები, ალბათ, მოწითალოდ შევიღებავ... ჩემი თმა ძალიან მიყვარს და ვუვლი. ეს ჩემთვის სენსიტიური თემაა. ბავშვობაში "კარეს" ხშირად მაჭრიდნენ. ვიცინი ხოლმე, - ალბათ ამის გამო გადავწყვიტე, რომ თმა აღარ შემეჭრა-მეთქი. ზრდასრულობისას, მოკლე "კარე" ერთადერთხელ შევიჭერი. მაშინ მეგობრებს ვუთხარი, - თუ ოდესმე ასე მოქცევა ისევ გადავწყვიტე, ძალიან გთხოვთ, შემაჩერეთ-მეთქი. ალბათ, თმას უფრო ვუვლი, ვიდრე სახის კანს (იცინის).

- მოგეხსენება, თმის შეჭრა ბევრი ქალისთვის სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი მეთოდია...

- კი, განშორების შემდეგ თმის შეჭრა პოპულარულია (იცინის). შეიძლება, ეს უკვე სტერეოტიპია... პირადად მე, არ მახსოვს, რატომ შევიჭერი. ალბათ მეგონა, მომიხდებოდა და ამიტომ ან შეიძლება, გრძელი თმით დავიღალე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე აღარ უნდა მოვქცეულიყავი (იღიმის)... სხვათა შორის, ტელევიზიაში, ჩემი თმის დავარცხნას ბევრი დრო სჭირდება. სულ მეუბნებიან, - ანა, იქნებ, შეგეჭრაო? - კი, აი, სალონში ხვალ ვარ ჩაწერილი, აუცილებლად დავიმოკლებ-მეთქი... 2-3 სმ-ით შევიმოკლებ და ვეუბნები, - შევიჭერი, არ მეტყობა-მეთქი? იცინიან.

- თმას როგორ უვლი?

- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ერთადერთი, ბავშვობიდან მოყოლებული, სველ თმას არასოდეს ვივარცხნი. საერთოდ, თმის დავარცხნას ზემოდან, ძირებიდან არ ვიწყებ - ქვემოდან, ბოლოებიდან ვივარცხნი. ალბათ, ამიტომ არ იმტვრევა. შამპუნებთან დაკავშირებით, ცოტათი პრეტენზიული ვარ - დატენიანების ეფექტის მქონე უსულფატო შამპუნს ვარჩევ. თავის დაბანა ყოველდღიურად მიწევს. რაც მთლად კარგი არაა, მაგრამ ყოველდღიური დაბანისთვის განკუთვნილ შამპუნს ვარჩევ. ასევე, თმის კონდიციონერს ყოველდღიურად ვიყენებ, ნიღაბს კი - კვირაში რამდენჯერმე. დაბანის მერე, ნოტიო თმის ბოლოებში ზეთს ვისვამ. საერთოდ, დაბანის მერე, თმას დაგრეხის გარეშე ვიწურავ, შემდეგ პირსახოცით მაღლა ვიწევ, ვიმშრალებ. აბაზანიდან გამოსვლისთანავე თმა ფენით რომ გავიშრო, ალბათ, ნახევარ საათს მოვანდომებ. ფენი საერთოდ რომ არ გამოვიყენო, შესაძლოა, მეორე დღესაც სველი თმა მქონდეს - ძალიან რთულად მიშრება. ამიტომ ნახევარი საათი მჭირდება, რომ თავზე პირსახოცი მქონდეს მოხვეული, შემდეგ კი ფენით ვიშრობ, რაც კარგი არ არის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს...

- ანა, "ახალი შაბათის შოუს" გუნდის ახალ წევრებს - თაკოს და დათუნას როგორ შეეწყვე?

- დათუნა მართლაც ახალია, თაკო კი ცოტა უფრო ადრე მოვიდა, გადაცემა "მთავარ გოგონებში" შემოგვემატა. ორივე სასწაული ადამიანია. ისეთი ხალისიანები და მეგობრულები არიან, რომ ალბათ, მათთან ურთიერთობა არავის გაუჭირდება. ხომ იცით, ადამიანის გაცნობისას რომ ამბობენ, - ასე მგონია, დიდი ხანია, გიცნობო, ზუსტად ასეთი განცდა დაგეუფლებათ მათთან ურთიერთობისას. მათთან ყოფნა სიცილთან, ხალისთან ასოცირდება.

334998308-2428601133956843-2613734770981805296-n-copy-1679391897.jpg

- სამსახურს მიღმაც ურთიერთობთ?

- გადაღების მერე ყველა სადღაც გავრბივართ - დრო ნაკლებად გვრჩება, მაგრამ არის სიტუაციები, როცა სადმე ერთად მივდივართ.

- ეკრანს მიღმაც ხალისიანები ხართ, როგორც სკეტჩებში, "ტიკტოკ" ვიდეოებში?..

- ზოგჯერ, როცა გადაღების პროცესი იწელება, ვიღლებით, თუმცა გადაღებისთვის მომზადების პროცესიც გადასაღებია, რადგან არანაკლებ სახალისოა. ამიტომ აღვნიშნე, მათთან ურთიერთობა ჩემთვის სასიამოვნოა-მეთქი. ისეთი პოზიტიური გარემოა, რომ დილიდანვე დადებითად განგაწყობს ადამიანს. მეორე სამსახურის გამო, ზოგჯერ ტელეფონში ვარ "ჩავარდნილი" - რაღაცებს ვაკეთებ... ეს ისეთი უცხო და არაორგანულია - მათ გვერდით იჯდე და საუბრის პროცესში არ ჩაერთო, რომ უკითხავთ, - დღეს უხასიათოდ ხომ არ ხარო (იღიმის)?

- ამასობაში, იუმორის სფეროში მუშაობა ჰობიდან მთავარ საქმედ ხომ არ გადაიქცა?

- კი, შეიძლება ასე ვთქვათ, რადგან ახლა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი საქმეა, თუმცა კერძო სკოლაში მუშაობასაც აქტიურად ვაგრძელებ. ჩემთვის ორივე სფერო საყვარელია...

ეთო ყორღანაშვილი