"ერთადერთი, ჩაცმის კომპლექსი მაქვს" - გზაპრესი

"ერთადერთი, ჩაცმის კომპლექსი მაქვს"

დღესდღეობით სოციალურ ქსელებში ადამიანები ცდილობენ, იმაზე უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე რეალურად არიან და სხვადასხვა ფილტრსა თუ "ფოტოშოპს" იყენებენ, რათა "სილამაზის სტანდარტებს" მიუახლოვდნენ, დაემსგავსონ მსოფლიოში ყველაზე ლამაზებად მიჩნეულ ადამიანებს... გადავწყვიტეთ, გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსების თემაზე ანი ყიფშიძესთან გვესაუბრა და გაგვერკვია, როგორ მიაღწია საკუთარ გარეგნობასთან ჰარმონიულ დამოკიდებულებას...

- "ფოტოშოპს" საერთოდ არ ვიყენებ და არც წინათ ვიყენებდი, მაგრამ როცა ფოტოგრაფი მიღებს, ის სურათს თავად ამუშავებს. არ ვიცი, ფოტოს დასამუშავებლად რას აკეთებს... საერთოდ, კომპლექსიანი არ ვარ. ერთადერთი, ჩაცმის კომპლექსი მაქვს: ძალიან "დახურული" სამოსი რომ მაცვია, მგონია, რაღაც მაკლია... თავისუფლება ღვთისგან ნაბოძებ სხეულს (იცინის)!.. "დახურული" სამოსი განა არ მიხდება? უბრალოდ, მუცელზე, ჭიპზე ქსოვილი რომ მეხება, ცუდად ვხდები. ეს კომპლექსია თუ ნევროზი, არ ვიცი.

- როდის შენიშნე, რომ "ჩაცმის კომპლექსი" გაქვს?

- ბავშვობიდან, დაბადებიდან (იცინის)...

- ოდესმე, თუნდაც - მოზარდობისას, საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ყოფილხარ?

img-2959-1679392226.JPG.jpg

- არა. მოზარდობის დროსაც კი, როცა ადამიანებს გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები აწუხებთ, არ ყოფილა შემთხვევა, საკუთარი თავი არ მომწონებოდა. მსახიობი - მიშა ანდღულაძე ჩვენს მეზობლად ცხოვრობს. მახსოვს, ერთხელ კიბეზე ჩამოდიოდა და მითხრა, - აუ, შენ რა მაგარ "ზმანზე" "იჩითებიო"! მაშინ ცოტა როკერული სტილის სამოსი მეცვა (დაახლოებით 12 წლის ვიყავი). დედაჩემს გავხედე: დე, მე კიდევ ეს მინდოდა-მეთქი? თავში უფრო ამივარდა (იცინის)... ბავშვობიდან, ჩემს გარეგნობაში ყველაფერი მომწონდა. იცი, ერთადერთი რა კომპლექსი მქონდა? პატარაობისას თმა შემაჭრეს, რის შემდეგაც უცებ სიმპათიური "ბიჭი" "გავიჩითე" - გოგონები მეპრანჭებოდნენ, რადგან ბიჭი ვეგონე. ამიტომ კომპლექსი გამიჩნდა: გოგონებო, ნუ მეპრანჭებით-მეთქი...

- მას მერე გრძელ თმას ატარებ?

- კი. გრძელ თმას ვატარებ, რომ გოგონები თავს არ დამესხან (იცინის). ისედაც არ მაკლებენ, მაგრამ მაინც...

- თაყვანისმცემელი გოგონები გყავს?

- გარშემო ისეთი მაგარი გოგონები მყავს, რომ კაცს შეშურდება...

- გოგონების იერიშებს როგორ პასუხობ?

- (იცინის) ვეუბნები, - კარგი გოგო ხარ-მეთქი.

- სოციალურ ქსელებში ფილტრებს თუ იყენებ?

- "ტიკტოკზე" - არა, მაგრამ "ინსტაგრამის" ფილტრებს ვიყენებ ხოლმე. ყველა იყენებს და ამიტომ. "ინსტაგრამი" ახლა "დავამუღამე"...

- სოციალურ ქსელებში ცნობილი სახეების ძველი ფოტოების გამოქვეყნება და გარეგნობასთან დაკავშირებული ბულინგი სჩვევიათ. მსგავსი შემთხვევა გქონია?

- იყო შემთხვევა, სოციალურ ქსელში ძველი ფოტოები ცუდი მიზნით ამომიქექეს, მაგრამ კარგი გამოვიდა: ბავშვობის ფოტოების ნახვით ძალიან ბედნიერი ვიყავი. საერთოდ, ბავშვობაში ფოტოების გადაღება არ მიყვარდა. სურათის გადასაღებად ვერც დამიჭერდი, მაგრამ იშვიათად, როცა ფოტოს მაინც მიღებდნენ, საკუთარი თავი ყოველთვის ძალიან მომწონდა.

- როგორ მიაღწიე საკუთარ გარეგნობასთან ჰარმონიულ დამოკიდებულებას?

- ჩემი აზრით, ადამიანს, სანამ გაიზრდება, გვერდით ისეთი მშობლები უნდა ჰყავდეს, რომ არ დააკომპლექსონ, თუნდაც მაშინ, როცა ბავშვი შორტს ჩაიცვამს ან მაკიაჟს გაიკეთებს, ან დედიკოს კუთვნილ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ჩაიცვამს... მკერდის ზრდა რომ დაეწყება, არ უნდა უთხრან, ასეთი "კუპალნიკი" არ ჩაიცვა, რადგან მკერდი გეზრდებაო... ბავშვი შებოჭილი არ უნდა იყოს. მშობლებმა თავისუფლად უნდა გაზარდონ...

- საკუთარ გარეგნობაში რამე დეტალის შეცვლის სურვილი გაგჩენია?

- ბოლო დროს "ჩოლკის" შეჭრა მინდოდა. ისეთი თმა მაქვს, "ჩოლკა" წინ ბუჩქივით მადგას ხოლმე და მაგარი სასაცილო ვარ. დედაჩემი სალონში არ მიშვებს, რომ შევიჭრა (იცინის)...

img-20230301-184338-790-copy-1679392241.jpg

- გარეგნობაში პლასტიკური ქირურგიული ჩარევის, ფილერისა და ბოტოქსის ინიექციების გაკეთების სურვილი გაგჩენია?

- პლასტიკური ქირურგიით თუ ინიექციური მეთოდებით გარეგნობის შეცვლის სურვილი არასოდეს გამჩენია, მაგრამ როცა დავბერდები, არ ვიცი, რას ვიზამ, შეიძლება ინექციები გავიკეთო კიდეც. ამჟამად, ჩემთვის ეს მეთოდი მიუღებელია. 19-20 წლის გოგონები, რომლებიც ბუნებრივადაც ლამაზები არიან, ბოტოქსს, "ფილერს" და ათას რაღაცას იკეთებენ, მერე კი კბილების ცვენა ეწყებათ, პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდით... ვხვდები, ეს თემა საშიშია... თურქეთში ერთ-ერთ გამაჯანსაღებელ ცენტრში ვმუშაობდი, სადაც ჩემი უფროსი ინიექციების მომხმარებელი თავად იყო და სხვა გოგონებსაც გაუკეთა. მათ ნელ-ნელა კბილების გაფუჭება და ცვენა დაეწყოთ. თავად იმ ქალსაც პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდიოდა. ვუყურებდი, ვაკვირდებოდი და გავაცნობიერე, რომ ინიექციური მეთოდებით გარეგნობის შეცვლა პრობლემებს იწვევს.

- საქართველოშიც ამჩნევ ასეთ სიმპტომებს მათ, ვინც ბოტოქსისა თუ ფილერის ინიექციებს იკეთებს?

- სიმართლე გითხრა, საქართველოში, ჩემ გარშემო მყოფებს ასეთი პროცედურები ჩატარებული არ აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ისეთ ადამიანებთან, ვისაც მაგალითად, ბოტოქსი აქვს გაკეთებული, ხშირი კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვისაც ამ ტიპის ინიექციები აქვთ გაკეთებული, სიტუაციას რომ გადახედონ, მიხვდებიან, რაღაც პრობლემა დაწყებულია. უბრალოდ, ჯერ ვერ აცნობიერებენ... ასაკი რომ მომემატება და კბილები თავად დამცვივდება, ალბათ "ფილერის" გასაკეთებლად კლინიკას მეც მივაკითხავ (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი