„ბიძია გერონტი ქუჩაში თავაწეული დადიოდა, თითქოს ვერავის ხედავდა“ - გზაპრესი

„ბიძია გერონტი ქუჩაში თავაწეული დადიოდა, თითქოს ვერავის ხედავდა“

ქალბატონი გურანდა გრიგორაშვილი ორიოდე თვეში ასი წლის ხდება. იგი სიამოვნებით დამთანხმდა ინტერვიუზე. ვისაუბრეთ ბავშვობის, სკოლის, სტუდენტობის წლებზე, მის მეგობრებზე და რა თქმა უნდა, შვილზე - მსახიობ რუსუდან ბოლქვაძეზე.

- ბავშვობიდან რა ეპიზოდს გაიხსენებთ?

- ირაკლის ქუჩაზე ვცხოვრობდით მღვდლების სახლში, ახლა ერეკლე მეორეს ქუჩაა. პაპაჩემი, დედაჩემის მამა გიორგი ასათიანი სიონის ეკლესიის დეკანოზი იყო, 9 შვილი ჰყავდა. 7 წლისა ვიყავი, როცა პაპა გარდაიცვალა. მანამდე ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, ძალიან ვუყვარდი. ეკლესიაში ბებიაჩემს დავყავდი და კარგად მახსოვს, როგორ მაზიარებდნენ. ტაძარში შეხვიდოდი თუ არა, კარის თავზე, ზემოთ რკინის აივანი იყო, სადაც რკინის კიბით ადიოდნენ. მგალობლები იქ ისხდნენ და გალობდნენ. პატარა ვიყავი, მაინტერესებდა და კარგად რომ დამენახა საეკლესიო ცერემონია, იმ აივანზე ავდიოდი და იქიდან ვუყურებდი. დღემდე ძალიან მიყვარს სიონის ტაძარი.

- რომელ სკოლაში სწავლობდით, ვისთან მეგობრობდით?

- ძალიან კარგი სკოლა დავამთავრე, მე-14 საცდელ-სანიმუშოს ეძახდნენ. მდებარეობდა სოლოლაკში, მახარაძის, ახლანდელ გერონტი ქიქოძის ქუჩაზე. ერთიმეორეზე უკეთესი პედაგოგები გვყავდა, ვერც გამოვარჩევ. ლამაზი შენობა სპეციალურად სკოლისთვის არ აუშენებიათ, ის ადრე ვიღაც მდიდარ ოჯახს ეკუთვნოდა. პირველი კლასიდან ერთ მერხთან ვისხედით მე და მანანა ქიქოძე (გერონტის ქალიშვილი). ისინი იქვე ცხოვრობდნენ, ჯაფარიძის ქუჩაზე (დღეს იაშვილის ქუჩაა). ძალიან წესიერი გოგო იყო. მაშინ ყველანი ჩუმი და წყნარი ბავშვი ვიყავით, ზედმეტად ხმას როგორ ამოვიღებდით?! პირველ-მეორე კლასში უკან ხელებდაწყობილი ვიჯექი მერხთან. მასწავლებელი დედაჩემს ეუბნებოდა: თქვენ გაზარდეთ ასეთი ჩუმი თუ ეგეთიაო? მე და მანანა კარგად ვსწავლობდით, მეხუთე კლასში წიგნითაც დამაჯილდოეს. ჩვენი კლასი "შატალოზე" არც ერთხელ არ ყოფილა.

guranda1-copy-1679392635.jpg

ერთხელ ასეთი რამ მოხდა. ქიმიის მასწავლებელს, კაკო გუნცაძეს უყვარდა იმ მოსწავლის გამოჭერა, ვინც გაკვეთილი არ იცოდა. ალღო ჰქონდა, შეხედავდა და ზუსტად იმას ეტყოდა, - გამოდიო. ერთ დღეს მანანამ ხელი აიწია... მაგრამ გაკვეთილი არ იცოდა. იფიქრა, მასწავლებელი რას მიხვდება, როგორც წესი, უცოდინარი ხელს არ იწევსო. პედაგოგმა მანანას ყურადღება არ მიაქცია. ის არ გაჩერდა, ხელს ისევ იწევდა, მერე მიმართა: "მასწ, გამიძახეთ რა!" არაფერი... ახლა უფრო აქტიურად იმეორებდა: "მასწ, მასწ, გამიძახეთ რა, გეხვეწებით!" ხვეწნაც რამდენჯერმე რომ გაიმეორა, ვუთხარი: რომ გაგიძახოს, რას ფიქრობ-მეთქი? მაინც თავისი გააგრძელა და, - კარგი, გამოდიო, თქვა ბოლოს პედაგოგმა. მანანას ბედზე ზარი დაირეკა, თორემ რა იქნებოდა, არ ვიცი.

მანანას მამიდაშვილი იყო მანანა ბრეგაძე, რომელსაც 6 წლის ასაკში დავმეგობრდი - მუსიკაზე დავდიოდით ერთად. ძალიან კარგი მასწავლებელი გვყავდა - ევგენია კარაგიოზოვა. ერთხელ, მოგვკიდა ხელი ორივეს და გვითხრა: გოგონებო, თქვენ უნდა იმეგობროთო... მართლაც, ერთად გავიარეთ მთელი ცხოვრება.

- თქვენი პარალელურკლასელი იყო გოგი გეგეჭკორი. სამსახიობო მონაცემებს თავიდანვე ავლენდა?

- ჩვენს სკოლაში საღამოები და ღონისძიებები, სადაც ბავშვები ლექსს წაიკითხავდნენ ან სხვა სახით წარდგებოდნენ, რატომღაც არ იმართებოდა. გოგი ალბათ, თანაკლასელებთან ავლენდა ნიჭს. ძალიან წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო. სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა, ჩალაუბნის ქუჩაზე. მისი დედა - თამარ გელოვანი-გეგეჭკორი ჩვენი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო. გოგის უფროსი ძმა, მერაბიც ამ სკოლაში სწავლობდა. ჩვენზე ორი კლასით წინ იყო სალომე ყანჩელი.

- ქიქოძეებთან სახლში ხშირად მიდიოდით?

- რასაკვირველია, სამეცადინოდ, დაბადების დღეებზე. მანანას დაბადების დღე იყო 30 ივნისს, ჩემი - 28 მაისს. ე.ი. აუცილებლად ჯერ ჩემთან მოდიოდნენ. ერთი წელიც არ ყოფილა, რომ დაბადების დღე არ გადაგვეხადა. ბიძია გერონტი კარგად მახსოვს, ქუჩაში თავაწეული დადიოდა, თითქოს ვერავის ხედავდა. მე და მანანას ისე ჩაგვივლიდა, ვერც შეგვამჩნევდა. მანანას დედა, არაჩვეულებრივი დეიდა ტასო ამირეჯიბი (ჭაბუას მამიდა) მხატვარი იყო, ყველას ეფერებოდა, მისი ხმამაღალი სიტყვაც არ გაგვიგონია.

- ახალგაზრდები როგორ ერთობოდით, სად დადიოდით?

- ომის დროს ჩაბნელებულ ქალაქში სისტემატურად იმართებოდა კონცერტი. ჩამოდიოდნენ მუსიკოსები: აბორინი, ტაბარკინა, ნეიგაუზი... ყოველთვის ვესწრებოდით იმ კონცერტებს. უფრო ოპერაში დავდიოდით, იქაც ჩამოდიოდნენ გასტროლიორები, თან დარბაზში სითბო და სინათლე იყო. სიბნელის მიუხედავად, ქალაქში ღამით სიარულის არ გვეშინოდა, სიწყნარე იყო, ხელს არავინ გახლებდა და ხმასაც არ გაგცემდა. ომის დამთავრების შემდეგ, ინსტიტუტის პერიოდში (სამედიცინოზე ვსწავლობდი) გაუთავებელი დღეობები და ქეიფები გვქონდა. თითქოს წესი იყო, რატომღაც სულ ღამეებს ვათენებდით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩემი მეგობარი ლეილა ჭიჭინაძე სოხუმში გაანაწილეს, იქ გათხოვდა და დარჩა კიდეც. სოხუმი ძალიან მიყვარს. ჩემს მეუღლეს საგზურს აძლევდნენ და ყოველ წელს მივდიოდი დასასვენებლად შვილებთან (გია და რუსიკო) ერთად, მერე კი ლეილას აუცილებლად ვინახულებდი.

- სკოლის ან ინსტიტუტის მეგობრები იკრიბებოდით?

- ყველაზე ხშირად მანანა ქიქოძეს ვხვდებოდი. მას მძიმე ცხოვრება ხვდა წილად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველმხრივ შემკული ქალი იყო, ბედი არ ჰქონდა და შვილის - ლევანის სიკვდილსაც მოესწრო... ბოლოს, ავად რომ გახდა და ლოგინიდან ვეღარ დგებოდა, მასთან ყოველდღე დავდიოდი.

deda-shvili-copy-1679392649.jpg

- მალე 100 წლისა ხდებით. როგორ აღიქვამთ ამ ციფრს? თქვენმა დედამ 100 წელს გადააბიჯა, არა?

- არ მჯერა, რა არის 100 წელი? ასე მგონია, ისევ ის ვარ! დედაჩემი 103 წლისა უნდა გამხდარიყო ოქტომბერში და ივლისში გარდაიცვალა. არც სკოლიდან და არც ინსტიტუტიდან, აღარავინ მყავს... ჩვენი კლასელი პიანისტი რუსიკო ჩხეიძე და მისი მეუღლე ბორის ჭიაურელი მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდნენ. ბორისის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს სიმებიანი კვარტეტის ჩამოყალიბება. სახლზე მემორიალური დაფაც არის. სკოლის მეგობარი გვყავდა ექიმი ეთერ ჭუმბურიძე, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა და იქ ჩასულებს ყოველთვის გვმასპინძლობდა, მასთან ვცხოვრობდით. ინსტიტუტის მეგობარი იყო თვალის ექიმი ლია კახიანი. ჩემი თანაკლასელები იყვნენ მედეა მაჭარაშვილი და თინა ღუტიძე... თინა ჩემს ქუჩაზე ცხოვრობდა, თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით... ერთი ადამიანიც აღარ არის ცოცხალი, რომ რამე ვკითხო, რამე გავიხსენოთ. არადა, ლამის ყოველღამე, ძილის წინ იმდენი რამ მახსენდება... ხშირად ვიგონებ მეგობრებთან გატარებულ დღეებს.

- ახლა ალბათ, თქვენი შვილის მეგობრებთან მეგობრობთ.

- ჩემი აღარავინ მყავს და... ისინი აქაც მოდიან და თავისთან როცა მეპატიჟებიან, სიამოვნებით მივდივარ, აბა რა! ჩემი შვილების მეგობრები ძალიან მიყვარს, კარგები არიან. კიდევ, ჩემი მეგობრების შვილებთანაც ვაგრძელებ ურთიერთობას. ისინი საკუთარი შვილებივით მიყვარს, მათაც ვუყვარვარ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში რუსუდანი ამბობს, მშობლებს არ უნდოდათ ჩემი მსახიობობაო. რატომ?

- ყოველ ზაფხულს წყნეთში ვისვენებდით. რუსიკო მოაგროვებდა ბავშვებს და სულ რაღაცას დგამდა, სახლიდან ხან რა მიჰქონდა და ხან - რა. სურვილი და სიყვარული რომ ჰქონდა, ეტყობოდა, მაგრამ ვერ ვხედავდი განსაკუთრებულ მონაცემებს. ამიტომ წავიყვანე ლილი იოსელიანთან, რომ მას ეთქვა, ჰქონდა თუ არა მონაცემები (გამოვძებნე მისი ახლობელი, რომელმაც დაურეკა ლილის და მასთან სახლში მივედით). გამოვიდა ეს ფარფატა ქალი, დასვა რუსიკო, რაღაცები შეეკითხა, ლექსიც ათქმევინა... ვეუბნები: ქალბატონო ლილი, მითხარით, ღირს თუ არა, ამისი შესვლა თეატრალურში? - ღირსო, - თქვა.

- შვილის სპექტაკლებზე რა ემოციები გაქვთ და მამა რას ამბობდა?

- რატომღაც ყოველთვის ძალიან ვღელავ, მით უფრო, პირველ სპექტაკლზე - „შუშანიკის წამება“, მახსოვს როგორ ვინერვიულე. მამამისიც კმაყოფილი იყო. ის ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან და ბევრი სპექტაკლი ვერც ნახა. ახლა, რაც რეჟისორობაც დაიწყო, ძალიან დაკავებულია, ყოველდღე სამი რეპეტიცია აქვს. გოგი მარგველაშვილი დგამს სპექტაკლს და იქ თავად მონაწილეობს, ხოლო ორ სპექტაკლში, რომლებიც რუსიკომ დადგა - „ზვავი“ და „ხომ არ აფრენ?!“ რამდენიმე მსახიობი უნდა ჩაანაცვლოს და იმათთან მუშაობს. დილით მიდის და საღამოს გვიან ბრუნდება.

- ეტყობა, რუსუდანი გიყვებათ თავის ამბებს...

- აუცილებლად! მეც ვეკითხები და რომ არ ვკითხო, თავად მიამბობს. მეც ასე ვიყავი თავის დროზე, დედაჩემს ყველაფერს ვუყვებოდი: სად ვიყავი, რა ვნახე, რა გავაკეთე.

- სახლის საქმეებს როცა მორჩებით, მერე თუ გეგმავთ ვთქვათ, ფილმის ყურებას ან სხვა რამეს?

- მაგალითად, გუშინ ჯერ მაღაზიაში ჩავედი, მერე სადილი მოვამზადე. ტელევიზორში ფილმებს ვუყურებ, ახალი ამბებიც მაინტერესებს. ახლა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობას - „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ კიდევ ერთხელ ვკითხულობ.

- ქალბატონო გურანდა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.

- გმადლობთ.

ნანული ზოტიკიშვილი