"მარტო ცხოვრების საოცარი ჟინი მქონდა" - გზაპრესი

"მარტო ცხოვრების საოცარი ჟინი მქონდა"

გადავწყვიტეთ, ტელეწამყვანი და "ნიკოს შოუს" ბენდის წევრი - მანუ მურღულია მკითხველისთვის უკეთ გაგვეცნო. აღმოჩნდა, რომ თაყვანისმცემლების მიერ მიძღვნილი საჩუქრების გამო, მანუ თავს ხშირად უხერხულად გრძნობს, რადგან თავად დიდ ინტერესს არავის მიმართ არ ავლენს - ცხოვრების ამ ეტაპზე საქმეზეა ორიენტირებული. მიიჩნევს, რომ პირადი ურთიერთობა ადამიანს გარკვეულწილად ასუსტებს...

- ვიდრე ტელეწამყვანად მუშაობას დავიწყებდი, მანამდე "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" დილის გადაცემის ჟურნალისტი გახლდით - სიუჟეტებს ვამზადებდი... პროფესიით ფილოლოგი ვარ, ბაკალავრის ხარისხი მაქვს.

- ტელევიზიაში როგორ მოხვდი?

- ლამის დაბადებიდან აქ ვარ (იცინის), რადგან მამიდაჩემი ჟურნალისტია. მცირე ასაკიდან დავყავდი ტელევიზიაში, რადიოში... ეს სფერო ჩემთვის უცხო არ იყო. მომწონდა... მერე, ისე მოხდა, რომ გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ (ჰამბურგში, კონსერვატორიაში ვსწავლობდი), საქართველოში დაბრუნებულმა ტელევიზიაში მუშაობა გადავწყვიტე. "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", დილის გადაცემაში - "ახალი დღე" მივედი. "მასტერშეფსა" და "ვოისზე" ვიყავი გამწესებული - მათ შესახებ სიუჟეტებს ვამზადებდი. იქ დაახლოებით ორ წელიწად-ნახევარი ვიმუშავე.

- ფილოლოგობა ბაბუის გავლენით ხომ არ გადაწყვიტე?

- არა. რეალურად, იურისტობა მინდოდა. მოსწავლეობის პერიოდში ძალიან აბდაუბდა რაღაც დამემართა: თავდაპირველად გერმანიაში, საერთოდ სხვა ქალაქში (კიოლნში) იურიდიულ ფაკულტეტზე სასწავლებლად გამგზავრებას ვაპირებდი. შემდეგ სიტუაცია ამერია... მერე ბერკლიში სწავლის 50%-იანი დაფინანსება მივიღე, მაგრამ მოგეხსენებათ, იქ მაინც მაღალი გადასახადია... საბოლოო ჯამში, თსუ-ში, ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე...

- მოგწონს არჩეული პროფესია?

- სხვათა შორის, ძალიან მომწონს, რადგან რეალურად, მაგრად მადგება: არავის ვაკნინებ, მაგრამ რასაც ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობთ, შესაძლოა, ასეთ მრავალფეროვან განათლებას ჟურნალისტებიც არ იღებენ.

- ტელეჟურნალისტების მეტყველებაში ბევრ ხარვეზს ამჩნევ?

- ვერ ვიტყვი, ტელევიზორთან ბევრ დროს ვატარებ და ვაკვირდები, ვინ როგორ ლაპარაკობს-მეთქი, მაგრამ - ჰო, რაღაცები შემჩნეული მაქვს, თუმცა ისეთი ტიპის ადამიანი არ ვარ, გრამატიკის გამო ვიღაცები განვსაჯო.

- ტელეეთერს როგორ მოერგე?

- მარტივად, რადგან ძალიან მოწადინებული ვიყავი, ტელევიზიაში მემუშავა. ნერვიულობის ეტაპიც "ლაითად" მქონდა. ჩემი პირველი ეთერიც მახსოვს: ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, რა გამეკეთებინა... შესაბამისად, კამერა ჩაირთო თუ არა, ნერვიულობა "გამომერთო", მაგრამ ახლა როცა ვუყურებ, როგორი ვიყავი ეკრანზე 2 წლის წინ, ვხვდები, კამერასთან მუშაობის თვალსაზრისით, უკვე ძალიან გავიზარდე.

- შენს ხმის ტემბრთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მითქმა-მოთქმა იყო - "დაყენებული" ხმა აქვსო...

- ბავშვობიდან ასეთი ბოხი ხმა მაქვს. მახსოვს, ნაცნობები ბინის ტელეფონზე რომ გვირეკავდნენ და მე ვპასუხობდი, ხშირად მამაჩემი ვეგონე (იცინის). ხმას არ "ვიყენებ". მით უმეტეს, მგონია, რომ 24/7-ზე "დაყენებული" ხმის ტემბრით ვერავინ ილაპარაკებს. "ტიკტოკზე" ჩემი რამდენიმე ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ კომენტარები დაწერეს: ამ გოგოს ასეთი ბოხი ხმა რატომ აქვს? სიგარეტს ეწევა? "დაყენებული" ხმა აქვსო?.. სიგარეტსაც არ ვეწევი... მსგავს კომენტარებს დიდად არ განვიცდი.

- მუსიკით როდის დაინტერესდი და შენი შესაძლებლობები როგორ განავითარე?

- საერთოდ, ჩვენი ოჯახი ძალიან მუსიკალურია: ბებო ფორტეპიანოზე მაგრად უკრავს. მამა - ბუბა მურღულია მღერის, თავისი ანსამბლი - "იბერი" ჰყავს. მთელი დედამიწა მოვლილი აქვს. ანსამბლის გასტროლზე არაერთ ქვეყანაში მეც ნამყოფი ვარ. შესაბამისად, ბუბას, ბებიის და ასევე, მამიდის გამო, მუსიკალურობა მეც მცირე ასაკიდანვე მახასიათებდა. ამის ამსახველი ვიდეოებიც გვაქვს, თუ როგორ სუფთად ვმღერი გამას 1 წლის ბავშვი... სკოლაში სწავლის პარალელურად (პირველივე კლასიდან), მუსიკალურ შვიდწლედში დავდიოდი. შემდეგ ათწლედიც დავამთავრე, მერე კი ჰამბურგში, კონსერვატორიაში ვსწავლობდი... თან, მცირე ასაკიდანვე, "ანა-ბანაში" ვმონაწილეობდი. საბავშვო "ევროვიზიის" ქართულ შესარჩევ კონკურსზეც გავედი - ჯგუფ "შატალოში" ვმღეროდი...

- გერმანიაში გატარებულ წლებზე, დამოუკიდებლობის პირველ შეგრძნებაზე რას გვეტყვი?

- გერმანიაში 2018 წელს გავემგზავრე. როგორც კი გავიგე, რომ 2-წლიანი ვიზა მომცეს, 1 თვე "ჩემოდანზე ვიჯექი" - ერთი სული მქონდა, გავმგზავრებულიყავი. მარტო ცხოვრების საოცარ ჟინს ვგრძnობდი! გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ბავშვობიდანვე მომწონდა... ბედნიერი ვიყავი, რომ გავემგზავრე, მაგრამ იქ ჩასულს გერმანული ცხოვრების წესი დიდად არ მომეწონა, რადგან ცოტა არ იყოს, ჩემთვის უემოციო ხალხია - მალევე მომაწყინეს თავი (იღიმის). ახლა უკვე ვიცი, რომ მხოლოდ საქართველოში ცხოვრება მინდა. რეალურად, გერმანიაში კარგი გამოცდილება მივიღე და ახლა შედარებით რაციონალურად ვფიქრობ, ვიდრე მანამდე; ცოტა ნაკლებად ემოციური და ძალიან პუნქტუალური ვარ (იცინის)...

img-0656-1680006627.jpeg

- სამშობლოში დაბრუნებულს დამოუკიდებლად ცხოვრების მოთხოვნილება ხომ არ გაგიჩნდა?

- ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და ეს მომწონს. სურვილი არ მაქვს, საცხოვრებლად ცალკე გადავიდე, თუმცა არც ამის მეშინია: გარკვეულ პერიოდში შესაძლოა, ის ეტაპიც დამიდგეს, როცა მარტო ცხოვრება მომინდება, მაგრამ ახლა ამ თემაზე საერთოდ არ ვფიქრობ, რადგან მშობლებთან და დასთან ერთად კომფორტულად ვცხოვრობ... ჩემი უმცროსი დის სახით, შინ გენიოსი გვყავს. მგონია, მასზე ჭკვიანი დედამიწაზე არავინ დადის. "წიგნებში ცხოვრობს". ახლახან სამედიცინო ფაკულტეტზე უმაღლესი ქულებით, 100%-იანი გრანტით ჩააბარა.

- მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ჩემგან განსხვავებით, დედას ძალიან კარგი ხასიათი აქვს (იცინის). ყოველთვის ყველაფერში მხარში მიდგას. ჩემი პირველი მრჩეველი და გულშემატკივარია. მამასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, გასტროლებზე ხშირად დავდივართ. რამდენიმე მუსიკალურ ნომერში ანსამბლთან ერთადაც ვმღერი, მაგრამ მათ ჟურნალისტის ამპლუაში მივყვები და სიუჟეტი ჩამომაქვს ხოლმე. ასევე, როცა ბუბას ანსამბლი გასტროლზე მიჰყავს, 1 დღე "სუფრის დღედ" აქვს გამოყოფილი: უცხოელ სტუმრებს ჩვენი სუფრის კულტურულ ტრადიციებს აცნობენ. რასაკვირველია, სუფრაზე ქართული კერძები უნდა იყოს. ყველაფერს თავად ვამზადებ. ავსტრალიაში ქართული კერძები 100-კაციანი სუფრისთვის მოვამზადე, ასევე - ნორვეგიაშიც, სადაც ბოლოს ვიყავით...

- მზარეულობას როგორ დაეუფლე?

- პროფესიონალი მზარეული არ ვარ, მაგრამ ტრადიციული კერძების მომზადებაში დედამ და ბებომ მავარჯიშეს. შესაბამისად, ეს საქმე არც გამჭირვებია, მაგრამ საერთოდ, ძალიან რთულია, როდესაც საჭმელს ბევრი ადამიანისთვის ამზადებ. ამას დიდი შრომა სჭირდება. ვხვდები, საბრალო მზარეულები რა დღეში არიან (იღიმის). ზუსტად ვიცი, ამ სფეროში მუშაობა არასოდეს მომინდება, თუმცა გასტროლზე ყოფნისას, რამდენიმე დღით, ჩემს თავს სუფრისთვის გადავდებ ხოლმე და ყველანაირად ვცდილობ, კარგი კერძები მოვამზადო.

- კერძებს ყოველდღიურად არ ამზადებ?

- არა, რადგან სახლში თითქმის აღარ ვარ. არაერთ ადგილას ვმუშაობ და დრო არ მრჩება კერძების მოსამზადებლად, თორემ ამის კეთება ძალიან მიყვარს.

- ბაბუასთან - ბატონ გია მურღულიასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ბაბუა მართლა ყველაზე კარგი მეგობარია. სულ მეღიმება, როცა გიაზე ვლაპარაკობ (იღიმის)... ჰგონიათ, თითქოს ცოტათი მკაცრია, რადგან ტელეეკრანზე ძალიან აკადემიური ჩანს. სახლში ყველაზე საყვარელია. იუმორის საოცარი გრძნობა აქვს. ანეკდოტების კრებულიც გამოსცა, რომელშიც მგონი, 3000 ანეკდოტია გაერთიანებული. მათ წლების განმავლობაში აგროვებდა... "შოპინგზე" ერთად სიარული გვიყვარს - ჩვენთვის ეს გართობის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. გიას ჩემთვის ახალი ტანისამოსის (და არა მხოლოდ) შეძენა ძალიან უყვარს. ეს მთელი რიტუალია: სამოსს ერთად ვარჩევთ...

- ტელევიზიაში შენს საქმიანობას როგორ აფასებს?

- სიმართლე გითხრა, დადებითად. უმეტესად, მისი რჩევაა, ემოციების მართვა კიდევ უფრო უკეთ შევძლო და ძალიან რაციონალური ვიყო. საერთოდ, ცოტათი უცნაური, მარტივად ფეთქებადი ხასიათი მაქვს. ცოტათი ჯიუტიც ვარ. გია ყოველთვის ცდილობს გამახსენოს, რომ რაღაცნაირად, ხასიათის თვისებები დავაბალანსო, მშვიდი, წყნარი ვიყო, რაც ძირითადად, არ გამომდის (იღიმის). სხვათა შორის, ბოლო დროს მისი რჩევები შედარებით მეტად მადგება და ვითვალისწინებ კიდეც. მანამდე ისეთი ასაკი მქონდა, როცა დედამიწის ზურგზე არავის რჩევა არ მაინტერესებდა. ახლა ვხვდები, ეს ცუდი ტაქტიკა იყო და შევცვალე, ნელ-ნელა ყველას მოსმენას ვიწყებ (იღიმის).

- თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი?

- სხვათა შორის, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. საერთოდ, კეთილი ადამიანი ვარ. ვერ ვიტან, რომ ვინმეს ვაწყენინო. შესაბამისად, ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან კვირის განმავლობაში არაერთ საჩუქარს ვიღებ. რაღაცნაირად, მერიდება ხოლმე, რადგან თავად დიდ ინტერესს არავის მიმართ არ ვიჩენ. ამ ეტაპზე, საკუთარი თავის წარმატებაზე ვარ ორიენტირებული. ვფიქრობ, ურთიერთობები რაღაცებს ართულებს და ცოტა უფრო სუსტს გხდის ადამიანს...

img-2779-1680006612.jpeg

- ამ მხრივ გამოცდილება გქონია?

- შეყვარებული მყავდა. ჩვენი ურთიერთობა წელიწად-ნახევარი გაგრძელდა. მაშინ პატარა ასაკის გახლდით და კარგი გამოცდილება მივიღე. მაგრამ რომ ვთქვა, სიგიჟემდე შეყვარებული ვიყავი-მეთქი, მოვიტყუები. ეს იყო ურთიერთობა, რომელიც პიროვნული ზრდისთვის წამადგა. იმ ადამიანთან დღემდე ვმეგობრობ. ერთმანეთთან კომფორტულად ვართ.

- ამჟამად შენი მუსიკალური შესაძლებლობების რეალიზებას სად ახდენ?

- ახალ გადაცემაში - "ნიკოს შოუ". ეს საქმე მომწონს. ჩემთვის მუსიკა განუყოფელი ნაწილია. სადაც უნდა წავიდე, ჩემთვის მუსიკა მაინც პირველ ადგილზეა. სიმღერა ძალიან მიყვარს. ასე თუ ისე, ბენდთან ერთად მუშაობის გამოცდილება მქონდა, მაგრამ ახლა ამ საქმეში სრულიად ჩართული ვარ. მიმაჩნია, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია...

ეთო ყორღანაშვილი