"ჩემი პერსონაჟით სერიალში ინტრიგა ჩავარდა"
"ჩემზე ამბობენ, რომ ძალიან მეოჯახე ვარ", - ამბობს მსახიობი ვანო დუგლაძე. რა დროს იბნევა, რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რაში უშლის ხელს "კახური პირდაპირობა", რით ამაყობს და რის გამო საყვედურობენ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. მამას თეატრში ხშირად დავყვებოდი, სარეკვიზიტოში, გარდერობში, სამსახიობო ფოიეში, კულისებში ვიზრდებოდი, სულ იქ ვთამაშობდი და არც მიფიქრია, სხვა პროფესიაც თუ არსებობდა. თეატრი იმდენად მიყვარდა, ყველაზე მეტად სცენაზე გამოსვლა და თამაში მინდოდა.
- როდესაც მამამ გაიგო, მის პროფესიას ირჩევდით, რა გითხრათ?
- მამას უნდოდა ფინანსისტი ან ეკონომისტი გამოვსულიყავი. მაშინ ისეთი დრო გახლდათ, სურდა შემოსავლიან პროფესიაზე მეფიქრა. შემდეგ დიდი თხოვნა იყო, იქნებ საოპერატოროზე, სარეჟისოროზე ჩამებარებინა, მაგრამ... ჩემი ჯიუტად გავიტანე, მხოლოდ სცენაზე დგომა მინდოდა. რადგან მშობლების პროფესიას გავყევი, ყოველი პრემიერის თუ რიგითი სპექტაკლის შემდეგ მათი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ძალიან მეოჯახე ვარ.
- მართლა ასეა?
- ნამდვილად ასეა. კარგი მეუღლე და არაჩვეულებრივი შვილები მყავს. ვფიქრობ, მსახიობობაზე მეტად მეოჯახის როლი მოვირგე.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...იმავე გზას სიამოვნებით გავივლიდი.
- სერიალში "სიყვარულს მიღმა"...
- ...თამაში ძალიან სასიამოვნოა. დიდი ხანია, იმ შემოქმედებით ჯგუფთან ვთანამშრომლობ, რომელიც სერიალს იღებს. ჯერ იყო "ჩვენ გვერდით", მერე "იდეალური დედა", ახლა - "სიყვარულს მიღმა". ამ ადამიანებთან თანამშრომლობა საინტერესო და სასიამოვნოა, მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ჩემი პერსონაჟით სერიალში ინტრიგა ჩავარდა, ჩემს გმირს მარის დაქალი ნანიკო ძალიან მოსწონს, მაგრამ ამბავი როგორ განვითარდება, ეგ უკვე აღარ ვიცი. შევხედოთ, შემდეგ სეზონში რა როგორ იქნება, ეს მეც ძალიან მაინტერესებს.
- მაყურებელს სხვა მოლოდინი ჰქონდა...
- დიახ, მარის და ჩემი პერსონაჟის სიყვარულის ამბავს ელოდა. ვნახოთ, მომავალში რა მოხდება.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- ...არ ვიცი, მოვიდა თუ არა ჩემთან წარმატება ან იყო და ვერ შევამჩნიე? ძალიან თვითკრიტიკული ვარ.
- მგონი, თავმდაბალიც.
- ალბათ, არ ვიცი. ყოველთვის ვცდილობ, ყველა როლში მაქსიმუმი ჩავდო და ამ მაქსიმუმის შემდეგ, სულ მაქვს განცდა, რომ მეტი შემიძლია.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...ჩემს მეუღლეს, ანანო მირიანაშვილს. ის ძალიან ერთგული მეგობარია, ყველაფერში მაქსიმალურად მიწყობს ხელს. თეატრმცოდნეა და მისი, როგორც პროფესიონალის აზრიც მნიშვნელოვანია. გაგვიმართლა, რომ ერთნაირი გემოვნება და აზრების თანხვედრა გვაქვს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ანანოს შევხვდი. ისედაც იცის, მაგრამ ახლა თქვენი ჟურნალის საშუალებითაც ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს!
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...უშუალობა, უბრალოება.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...შვილებთან ერთად ვიყო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...იუმორის გრძნობა.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...თვითკრიტიკულობა, ზოგჯერ ზედმეტი მომდის.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ზოგჯერ სჯობს, ნაკლები ილაპარაკო, სიმართლის თქმით ბევრს ვაწყენინე.
- ასეთი პირდაპირი ხართ?
- ეს კახური თვისებაა. კახურად პირდაპირ თქმა ვიცი ხოლმე, ოღონდ გულწრფელად, არა - ბოროტულად.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...არანაირი "თუ", პატიება მარტივად შემიძლია. ოღონდ ძალიან მტკივნეული არ უნდა იყოს.
- ასეთიც ყოფილა?
- მსგავსი ფაქტი ერთხელ იყო ჩემს ცხოვრებაში. ადამიანმა შეურაცხყოფა მომაყენა. ის წყენა მახსოვს და ალბათ სულ მემახსოვრება. დღეს ის პიროვნება ჩემს ცხოვრებაში აღარ არის.…
- ვიბნევი...
- ...ხშირად. ახლაც დაბნეული ვარ (იცინის), არ ვიცი, რას მკითხავ. სცენაზე დაბნევა როლში ისე უნდა გაამართლო, რომ მაყურებელი ვერ მიხვდეს.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...…
- ...ჩემს ოჯახთან ერთად სადმე კურორტზე, სასურველია საქართველოში.
- გამორჩეულად საყვარელი ან ამოჩემებული ადგილები გაქვთ?
- ბავშვები რაც გაიზარდნენ, მე და ჩემმა მეუღლემ მათთან ერთად მოგზაურობა დავიწყეთ. სამცხე-ჯავახეთსა და სვანეთში ვიყავით. როგორც ბავშვებისთვის, ასევე ჩვენთვის მოგზაურობა ისეთი ბედნიერი და დასამახსოვრებელი იყო, ვგეგმავთ, მთელი საქართველო შემოვიაროთ, ჩვენი სალოცავები მოვილოცოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ლამაზი ბუნება, უნიკალური არქიტექტურული შენობები გვაქვს და არ ვიცით, რადგან არ ვნახულობთ.
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…
- ...უსამართლობას. ამ დროს ყველაფერი "გამომერთვება" და ძალიან ვბრაზდები.
- მეზარება...
- ...დილით ადრე ადგომა.
- სიყვარული ეს...
- ...არის ვერტიკალური და ბრუნვადი.
- პირველად რომ შემიყვარდა...…
- ...ბაღში დავდიოდი, ძალიან მორცხვი ბავშვი ვიყავი, გოგოს ვერაფერს ვეუბნებოდი, ჩემთვის ჩუმად მიყვარდა.
- მაკვირვებს...
- ...ადამიანების ცუდი საქციელი. ქუჩა, ქალაქი ხომ ჩვენი სახლია, რატომ უნდა დაანაგვიანო, რატომ უნდა დაკაწრო, გააფუჭო?!. სასიამოვნოდ გაკვირვებულიც არაერთხელ დავრჩენილვარ. მაგალითად, როცა ვხედავ ერთგულებას და სიყვარულს სხვა ადამიანებში.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...ფილმმა, სპექტაკლმა, სანახაობამ... ანიმაცია გამორჩეულად კარგი განწყობის მომტანია.
- ვრისკავ...
- ...იშვიათად. ფრთხილი ვარ.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ალბათ ის არის, რომ ძალიან მშრომელი არ ვარ, შრომაში თავდადება არ შემიძლია. როცა ამას სხვა ადამიანებში ვხედავ, მომწონს, მაგრამ თავად მაგ ტალღაზე ვერ გადავედი.
- ახლაც ზედმეტად თვითკრიტიკული ხომ არ ხარ?
- შეიძლება, როლს არაფერს ვაკლებ, მაგრამ მაინც მგონია, რომ მეტი შემეძლო.
- ვამაყობ...
- ...ჩემი ქვეყნით. მეამაყება, რომ ქართველი ვარ, ამდენი საამაყო ადამიანის და გმირის სამშობლოა ეს ქვეყანა.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...მრცხვენია, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. აღარ ვიცი, რა ვქნა; მადლობის გადახდა მინდა, მაგრამ ესეც არ გამომდის.
- შიში მაქვს...
- ...იმ ადამიანების დაკარგვის, ვინც ცხოვრებაში ვიპოვე.
- ვუფრთხილდები...
- ...საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებს.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...რომ ზარმაცი ვარ.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...…
- ...არაფერს.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ბოლომდე ვერაფერი ვისწავლე.
- ვიტყუები, როცა...
- ...ვაგვიანებ. უმტკივნეულო, უბოროტო ტყუილს თუ ვიტყვი, სხვა შემთხვევაში არ ვიტყუები.
- თავისუფლება არის...
- ...ის თემა, რომელზეც ძალიან ბევრი ფილოსოფიური ნაშრომი და ნარკვევია დაწერილი. ეს ყველაზე კარგად მამარდაშვილს აქვს ახსნილი. ჩემი აზრით, თავისუფლება არ არსებობს. არ შეიძლება ადამიანი გათავისუფლდეს. შენ ვერ იქნები თავისუფალი მშობლებისგან, ოჯახური ვალდებულებებისგან. რაღაც ფორმით ბორკილი ყველას გვადევს. "თავისუფალი ვარ და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ", - ასეთი რამ არ არსებობს. ბევრი მიფიქრია, რა არის თავისუფლება, ძალიან ბევრნაირი აღქმა არსებობს.
- არსებობს თავისუფლების ხარისხიც.
- რისგან თავისუფალი?
- მაგალითად, საზოგადოებრივი აზრისგან.
- საზოგადოებრივი აზრისგან თავისუფალი უნდა იყოს ყველა ადამიანი. ამისთვის სწორი აღზრდა და კარგი განათლების მიღებაა საჭირო. ადამიანმა ბევრი უნდა იკითხოს და კარგად ისწავლოს მსოფლიო ისტორია. წარსულში პასუხს ყველანაირ კითხვაზე ვიპოვით.
- როცა მარტო ვარ...
- ...მაქსიმალურად ვცდილობ განტვირთვას.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ბავშვობაში ვოცნებობდი, იმდენი ფული მქონოდა, ყველასთვის დამერიგებინა; ვისაც სახლი არ ჰქონდა, მათთვის სახლი მეყიდა; ვისაც ხელფასი არ ჰქონდა, მათთვის შემოსავალი დამენიშნა. მინდოდა, ყველას ბედნიერად და შეძლებულად ეცხოვრა.
- დღესაც იმავეს ფიქრობ?
- გაცემა ძალიან მიყვარს. დღეს ბევრი ფული რომ მქონდეს, ბავშვობის ოცნებას ავიხდენდი.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...შრომა მშველის. გადაღება, სპექტაკლი, რეპეტიცია - სულ დაკავებული უნდა ვიყო.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...რომ დავფიქრდე, ძალიან ბევრი რამ გამახსენდება, მაგრამ გონებაში პირველად ერთი ფაქტი "მოვიდა". ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლზე "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" ერთ-ერთ მთავარ როლზე შემიყვანა. ქაქუცას ძუძუმტე უნდა განმესახიერებინა. მსახიობი, რომელიც ამ როლს ასრულებდა, ქვეყნიდან წავიდა და ჩანაცვლება გახდა საჭირო. ძალიან ვნერვიულობდი, 21 წლის ვიყავი, თან დიდი როლი იყო. მაშინ ჩემმა პედაგოგმა ნუკრი ქანთარიამ მითხრა, როცა დადგმულ სპექტაკლში შედიხარ, ყველაზე მთავარი ის კი არ არის, შენ ითამაშო კარგად, მთავარია, სხვებს არ შეუშალო ხელიო.
- მაშინ ამ სიტყვებმა დაგამშვიდათ?
- ძალიან. მე რომ შევედი, უკვე მე-7 წელი იყო, რაც ამ სპექტაკლს თამაშობდნენ. პირველი ორი სპექტაკლის შემდეგ, მეც ავყევი და მერე უკვე თამაში დიდი სიამოვნება იყო.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...დიდი მადლობა თქვენ, "გზის" ერთგული მკითხველი რომ ხართ. მშვიდ, თავისუფალ, ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ!
თამუნა კვინიკაძე