სანთლის დამზადების ხელოვნება - გზაპრესი

სანთლის დამზადების ხელოვნება

თანამედროვე სამყაროში სანთლები არა მხოლოდ განათების ფუნქციას ასრულებს, არამედ დეკორატიული დანიშნულებაც აქვს. ის ბევრი ინტერიერის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, ადამიანები ცდილობენ ორიგინალურ ფორმებთან ერთად, მას სხვადასხვა არომატიც შემატონ. ამ ნივთებს სადღესასწაულო განწყობაც მოაქვს, სიმყუდროვის განცდასაც ქმნის და დეკორატიული სანთლები ბევრისთვის სასურველი საჩუქარიცაა.

4-1680512701.jpeg

ნატალია აზალაძე:

- პროფესიით ფრანგული ენის პედაგოგი ვარ. სტუდენტობის შემდეგ ბავშვებს კერძოდ ვამზადებდი. მოგვიანებით, მცირე ხანს, საჯარო რეესტრში ვმუშაობდი, მაგრამ შვილების გამო (8 და 11 წლის ბიჭები მყავს) სამსახურს თავი დავანებე. ძალიან მიყვარს კერვა, ხელსაქმე და გადავწყვიტე სახლიდან სხვადასხვა საქმე შემესწავლა. არჩევანი ტანსაცმლის დიზაინის შემსწავლელ კურებზე შევაჩერე, მოგვიანებით კი სანთლების დამზადების ხელოვნებით დავინტერესდი. პირველი ნივთი ჩემთვის დავამზადე და მესიამოვნა როგორც შექმნის თერაპიული პროცესი, ისე შედეგი. მაღალი სანთელი იყო, გარშემო ვარდებით გაწყობილი. ამის შემდეგ ვეღარ გავჩერდი. სანთლების დამზადება ახალი დაწყებული მაქვს, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ დახვეწილი ნამუშევრებია. ეტაპობრივად ახალ-ახალ ფორმებს ვამატებ. ასე მგონია, ყოველი სანთელი ჩემს ემოციას გამოხატავს. ვინაიდან არაერთმა ადამიანმა სანთლების შეძენის სურვილი გამოხატა, ვიფიქრე, რატომაც არა, რეალიზაციაზე უნდა ვიფიქრო-მეთქი და სოციალურ სივრცეში გვერდი შევქმენი. თანდათან სანთლის დამზადების ხელოვნებაზე მეტი ინფორმაცია მოვიძიე, ვნახე, როგორ შეიძლებოდა ისინი სხვადასხვა არომატით გამეჯერებინა. კარგად გამომდის "ფერების დასმა".

შეკვეთებიდან გამომდინარე, როგორც დავაკვირდი, დეკორატიულ სანთლებს საჩუქრად არჩევენ, თუმცა თავადაც დიდი სურვილი აქვთ ინტერიერში ერთი-ორი ასეთი ნივთი ჰქონდეთ.

თბილისში ვცხოვრობ, შინ ვარ ბავშვებთან და პარალელურად საყვარელ საქმეს ვითავსებ. ყოველთვის მომწონდა გამოთქმა, არასოდეს იმუშავებ, თუ საყვარელ საქმეს გააკეთებო. ზუსტად ასეა ჩემს შემთხვევაში, ყოველდღიურად არა სტრესული, არამედ სასიამოვნო საქმით ვარ დაკავებული.

3-1680512690.jpeg

- სხვადასხვა ფერისა და ფორმის სანთლებს ამზადებთ. საინტერესოა, ყველაზე დიდ ინტერესს რომელი იწვევს?

- პირადად მე ძალიან მიყვარს ხელისგულზე მოთავსებული პატარისა და ბავშვისსახიანი ანგელოზის ფიგურები. მაქვს ქილის სანთლები, ასევე დების, ორსულის, შეყვარებული წყვილის, ვარდების, ადამიანის გულის ფორმის სანთლები. ერთ-ერთ ფიგურაა ქალი, რომელსაც ჩვილი ჰყავს ჩახუტებული ა.შ. რაც შეეხება სხვების დაინტერესებას, ჩემი ნამუშევრები ბუკიას ბაღში ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გამართულ გამოფენაზე, 2 დღით მქონდა გატანილი. როგორც დავაკვირდი, დიდ ინტერესს იწვევდა ქალის შიშველი ტორსის ფორმის დეკორატიული სანთლები და ყველაზე მეტიც ის გაიყიდა. რაც შეეხება არომატს, ესპანურ ეთერზეთებს ვყიდულობ, სანთლებს რომ მრავალფეროვანი და მდგრადი სურნელი შევძინო. ახლახან ამერიკული ბრენდის სანთლის ეთერზეთები გამოვიწერე და მოუთმენლად ველი. სანთლები გამოფენაზე რომ გავიტანე, ხალხი ამბობდა, რომ ჩემს დახლთან ისინი სურნელს მოჰყავდა. მთელი სახლი სანთლების სურნელითაა გაჯერებული, ამას მიჩვეული ვარ და სხვებისგან ასეთი სიტყვები რომ მესმოდა, ძალიან მიხაროდა. მოკლედ, სულ ვცდილობ, არომატული, განსხვავებული, ლამაზი სანთლები დავამზადო.

ანა კალანდაძე