"ვერ ვიტყვი, - გაგიჟებით მიყვარდა, ჩემი პირველი სიყვარული იყო-მეთქი..." - გზაპრესი

"ვერ ვიტყვი, - გაგიჟებით მიყვარდა, ჩემი პირველი სიყვარული იყო-მეთქი..."

სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულად პოპულარული გოგონები - ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია მართალია, ბევრისთვის დუეტად მოიაზრებიან, მაგრამ ამჯერად, მხოლოდ ნუცას გავესაუბრეთ, რომელსაც სოლო ალბომი აქვს უკვე გამოცემული. ახალგაზრდა მომღერალს სოლო კონცერტიც ჰქონდა. ამ სასიამოვნო ფაქტებს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა...

- თავს მშვენივრად ვგრძნობ. რაც ყველაზე მეტად მიხარია, ისაა, რომ სწავლა ისე გავაგრძელე, როგორც მინდოდა, ანუ უნივერსიტეტის ამბებში მაქსიმალურად ჩართული ვარ. ასევე, მე და ბენდმა "ნიუტონმა" პროექტი აღვადგინეთ, პროგრამა გავაგრძელეთ და ბევრ კონცერტსაც ვგეგმავთ... მე და მარიამ შენგელიას ერთობლივი სიახლეები გვაქვს: სოლისტები ვართ, მაგრამ რაკი ჩვენს ერთად გადაღებულ ვიდეოებს დიდი მოწონება ხვდა წილად, "გავდუეტდით" და როცა გადაცემაში სტუმრად მიწვევენ, მეუცნაურება კიდეც, თუ მარიამთან ერთად მისვლას არ მთხოვენ, რადგან ყველგან ერთად ვართ. ახლაც რომიდან ჩამოვედით, სადაც კონცერტი გვქონდა. დიდი შანსია, მალე ისრაელშიც გავემგზავროთ... მოკლედ, ჩვენს ცხოვრებაში კარგი ამბებია.

- შენ და მარიამი როგორ დამეგობრდით?

- რაკი ერთსა და იმავე სფეროში ვმუშაობდით, ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით. დაახლოებით 6 წლის წინ, ბათუმში პირადად გავიცანი. მალევე დავმეგობრდით. აღარც კი მახსოვს, როგორ გავხდით ახლო მეგობრები. მას მერე ყველგან ერთად ვართ, ერთმანეთის ოჯახებიც ძალიან გვიყვარს... მოკლედ, ერთად კომფორტულად ვგრძნობთ თავს.

- მუსიკალურ სფეროში, შენს პირველ წარმატებად რას მიიჩნევ?

- არც დავფიქრდები, ისე ვიტყვი, რომ - "ანა-ბანას", რადგან იქ მონაწილეობა მთლიანად ჩემი ორგანიზებული იყო (რა თქმა უნდა, ბებოს დახმარებით). მშობლებმა არც იცოდნენ, კასტინგზე რომ ჩავეწერე. მეუბნებოდნენ, - ნუცა, არც პედაგოგი გყოლია, შვილო ან საერთოდ, თუ იცი, რა სიმღერა უნდა შეასრულოო?! პატარაობიდანვე საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. როცა გავიზარდე, ეს თვისება აღარ გამომყვა, პირიქით - ზედმეტად კრიტიკული გავხდი... "ანა-ბანაში" სიმღერა 3 ენაზე - ქართულად, ინგლისურად და რუსულად უნდა შემესრულებინა. 9 წლის ბავშვს ესეც კი მომზადებული მქონდა - ვიცოდი, რას ვიმღერებდი. კონკურსის წინადღეს დედას ვუთხარი, - კასტინგზე უნდა წავიდეთ-მეთქი. - ვაიმე, რის კასტინგზეო?! - გაუკვირდა (იცინის)... წავედით და, ისე მოხდა, რომ მეორე ტურში გადავედი, 12 ბავშვს შორის მოვხვდი, საბოლოოდ კი გავიმარჯვე. მცირე ასაკიდან ცოცხალ ბენდთან, ორკესტრთან ვმუშაობდი, ცნობილ მომღერლებთან ერთად დუეტებს ვასრულებდი - ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. რა თქმა უნდა, იმ პროექტშიც ჩემ გვერდით მარინა ბერიძე იყო. საერთოდ, სადაც უნდა წავიდე, ყველა პროექტში ქალბატონი მარინა ჩემ გვერდითაა. ეს ის ადამიანია, ვინც ამირჩია და საბოლოოდ, გავიმარჯვე.

- მცირე ასაკში წარმატებამ შენზე როგორ იმოქმედა?

- პროექტს მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ბავშვებს პოპულარობა ძალიან მოგვწონდა, გვსიამოვნებდა... "ანა-ბანას" დასრულების შემდეგ, მუსიკალურ ათწლედში ჩაბარება გადავწყვიტე - ვიოლინოზე ვუკრავდი, მაგრამ ტრავმის გამო, თავის დანებებამ მომიწია... მერე, რადგან ათწლედს და სკოლას ერთმანეთს ვერ ვუთავსებდი (სწავლა ორივეგან დილით მიმდინარეობდა), გადავწყვიტე, ათწლედიდან გამოვსულიყავი და მთლიანად სკოლაში სწავლაზე ვკონცენტრირებულიყავი. მუსიკალურ სფეროში, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პროექტები დაიწყო. ერთ-ერთი "მხოლოდ ქართული" გახლდათ, სადაც სერიოზულმა ადამიანებმა მნახეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი გადაწყვიტა, ჩემი სპონსორი გამხდარიყო - ჩემი პირველი, სადებიუტო ალბომი დაეფინანსებინა, შემდეგ კი სოლო კონცერტი, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში ჩატარდა. ვერ ვხვდები, რა შეიძლებოდა იმაზე მნიშვნელოვანი ყოფილიყო, რომ 22 წლის ასაკში სოლო კონცერტი მქონდა. სულ ვამბობ, ჩემს კონცერტში ისეთ ადამიანები იყვნენ "ჩართულები", რომლებიც თავიანთ საქმეში პირველები არიან-მეთქი: ზაზა შენგელია, მარინა ბერიძე, ბენდი "ნიუტონი", ალეკო ბერძენიშვილი... მარჯანიშვილის თეატრს რაც შეეხება, ეს ადგილი ჩემთვის ბავშვობიდან განსაკუთრებული იყო. თავად ეს შენობა ძალიან მიყვარდა. თან, "პლეხანოვზე" ვცხოვრობ და ამ თეატრთან ხშირად გავივლ-გამოვივლიდი ხოლმე...

- შენს სპონსორზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო - ნუცას თაყვანისმცემელიაო და ამ ამბავს რომანტიკულ ურთიერთობას უკავშირებდნენ...

- მითქმა-მოთქმა კი არა, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. ამის შესახებ ერთ-ერთ ჟურნალში დაწერეს. არ იცით, რა ამბავი იყო, რადგან ჩემი სპონსორი სერიოზული პიროვნება, დიდი ფიგურა გახლავთ. მან არა მხოლოდ ჩემი კონცერტი დააფინანსა, არამედ საქართველოში რაც კი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები გვაქვს, ყველაფერს აფინანსებს, რადგან ძალიან უნდა, ჩვენს ქვეყანას დაეხმაროს. ჩემი კონცერტიც საქველმოქმედო იყო. ასე უწოდებენ პროექტს, როდესაც სპონსორი არ ითხოვს თუნდაც, იმ თანხას, რასაც კონცერტი გამოიმუშავებს. მართლა ღვთისნიერი ადამიანია. სულ ვამბობ, - ძალიან გამიმართლა-მეთქი... 60 წლის კაცი, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს, ჩემს თაყვანისმცემლად მოიხსენიეს - ისე გამოიყვანეს, თითქოს ვიღაც "პაკლონიკი" მყავს, რომელსაც ალბომი "დავასპონსორებინე". კატასტროფა იყო!.. რა თქმა უნდა, არანაირი რომანტიკული ურთიერთობა არ ყოფილა. საოცარი ადამიანია. სოფო ბათილაშვილის სოლო კონცერტიც და ალბომიც ამ ადამიანმა "დაასპონსორა"... ძალიან მინდა, ხალხმა სწორად გაიგოს და უხერხულ სიტუაციაში აღარ აღმოვჩნდეთ.

- შენს ალბომში რა ტიპის სიმღერებია შესული?

- ქავერები, ძველი ქართული სიმღერების ახლებური ვერსიები, რომლებიც ყველას უყვარს, თითქოს ყველას გულში აქვს, მაგრამ გადამღერებული და მსმენელისთვის მოსაბეზრებული არ არის. რეპერტუარი მარინა ბერიძემ და ზაზა შენგელიამ შემირჩიეს. მათ ზუსტად იციან, რა უნდა შევასრულო... ასევე, ალბომში ფრანგული და ინგლისური სიმღერა შევიდა, ერთი სრულიად ახალი სიმღერა კი ჩემმა საყვარელმა მეგობარმა - კომპოზიტორმა ნატო თოთიბაძემ მაჩუქა. მას სხვანაირი ემოციით ვასრულებ, რადგან მომწონს, ძალიან "ჩემია"... საავტორო სიმღერა არ მაქვს. ცხოვრებაში ჯერ ის პერიოდი არ მიდგას, საავტორო სიმღერები რომ ვწერო.

- როგორც ვიცი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობ. რატომ აირჩიე ეს პროფესია?

- რაღაცნაირად, ბიზნესის ადმინისტრირება ძალიან მაინტერესებდა. თან, იმ პერიოდში, როცა ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარე, "მხოლოდ ქართულში" ვმონაწილეობდი და ამის გამო უნივერსიტეტში იშვიათად დავდიოდი. მერე ვიფიქრე, ბიზნესი ჩემი სფერო არ არის-მეთქი. ალბათ, უნივერსიტეტში აქტიურად რომ მევლო, ამ სფეროს ბოლომდე გავყვებოდი. საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, 2 საქმე ერთდროულად არ გამომივიდა. როცა ბიზნესის მართვას სწავლობ, შენი დრო მთლიანად სწავლას უნდა მიუძღვნა. რაკი ეს ვერ შევძელი, ახლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავედი. გადავწყვიტე, რომ ეს პროფესია ჩემთან "ახლოსაა". ახლა ჟურნალისტიკის ისტორიას, ძალიან სერიოზულ, მნიშვნელოვან ფაქტებს ვსწავლობ. ჯერჯერობით მომწონს. თან, სულ ამ სფეროში ვტრიალებ, სულ ტელევიზიაში ვარ. ვფიქრობ სამომავლოდ გამომადგება...

- ჟურნალისტის პროფესიის დაუფლებისკენ რამ ან ვინ გიბიძგა?

- დედამ მითხრა, - მოდი, აბა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლა სცადე. შეიძლება, ისე მოგეწონოს, რომ ძალიან ბედნიერი იყოო. საერთოდ, თუ არ მომეწონა და არ დავინტერესდი, უბრალოდ, სასწავლო მასალას დავიზეპირებ, მეორე დღეს კი დამავიწყდება, ხოლო თუ ძალიან მომწონს, მთელი გულით ვსწავლობ... არა მგონია, ამ მხრივ გადაწყვეტილება კიდევ შევცვალო.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები არიან. ასეთი ცუდი თვისება მახასიათებს: როცა ადამიანის მიმართ ინტერესი არ მაქვს, ის კი ჩემ მიმართ ყურადღებას იჩენს, ცოტათი აგრესიული ვხდები (იღიმის). ყველანაირად ვცდილობ, ტყუილად არ გაისარჯოს, არ ეცადოს... ვცდილობ, საკითხი ყველასთან ძალიან ზრდილობიანად მოვაგვარო. ამ ეტაპზე, ჩემს ცხოვრებაში სერიოზული არავინაა. დაკვირვებას ვაწარმოებ. ყოველთვის ასეა: შეიძლება ადამიანი შენთან ურთიერთობაში ძალიან კარგი იყოს და გეგონოს, მასზე იდეალური კაცი არ არსებობს, მაგრამ სინამდვილეში როგორია, ეს კიდევ ცალკე ამბავია...

image00001-1680593558.jpeg

- სერიოზულად გყვარებია?

- ადამიანის მიმართ სერიოზული სენტიმენტები მქონია, მაგრამ ვერ ვიტყვი, - გაგიჟებით მიყვარდა, ჩემი პირველი სიყვარული იყო-მეთქი.

- ცუდი გამოცდილება იყო?

- არა. ყველაზე კარგი გამოცდილებაა, რაც ცხოვრებაში მივიღე. ამ ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა.

- როგორი უნდა იყოს ადამიანი, შენი გული რომ მოიგოს?

- კრიტერიუმები, თუნდაც - გარეგნობასთან დაკავშირებული, არ მაქვს, რადგან განსხვავებული ტიპაჟები მომწონებია... ერთი სტილის ბიჭები არ მომწონს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ძალიან საქმიანი უნდა იყოს, აუცილებლად იუმორის გრძნობა ჰქონდეს და რაც მთავარია, ჩემი ცხოვრების რუტინას აჰყვეს. ჩემი პროფესია და აქტიური ცხოვრება მას დისკომფორტს არ უნდა უქმნიდეს. ერთმანეთის გვერდით კომფორტულად უნდა ვიყოთ. მე და მარის ხშირად გვეუბნებიან, - თქვენ გვერდით ყოფნა და თქვენი რეჟიმისთვის ფეხის აწყობა, რთულიაო. ასეთი რთულიც არა მგონია, რომ იყოს. უბრალოდ, სასურველი ადამიანი უნდა გამოჩნდეს და მერე, ვნახოთ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი