მუსიკოსობიდან ამერიკაში წარმატებულ ბიზნესლედობამდე გავლილი გზა - გზაპრესი

მუსიკოსობიდან ამერიკაში წარმატებულ ბიზნესლედობამდე გავლილი გზა

თამარა დელონი - ეს სახელი ნიუ-იორკში, ფლორიდასა თუ მiლბურნში ბევრმა იცის და ისიც იციან, რომ თამარა ქართველია, რომელსაც რამდენიმე სკოლა აქვს გახსნილი, სადაც მუსიკას "უცნაური" მეთოდით ასწავლიან. უცხო ქვეყანაში ახალჩასულმა, მუშაობა რესტორანში დაიწყო, შემდეგ კი იმდენს მიაღწია, რომ ოცნება აისრულა და ბევრისთვის საოცნებო ამ უზარმაზარ ქვეყანაში დღეს თავად აქვს ბიზნესი, სადაც თავად ჰყავს დასაქმებული ცნობილი ადამიანებიც კი...

აქვე გეტყვით, რომ თამარა ცნობილი მომღერლის, ნათელა იოსებიძის შვილი და ასევე ცნობილი მუსიკოსის - ეთერ იოსებიძის გაზრდილი გახლავთ, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ეთერის 2 წლის შვილზე, დღეს უკვე პოპულარულ მომღერალ თეონა კოროშინაძეზე ზრუნვა სწორედ თამარამ იკისრა და გოგონას დედობა გაუწია.

- დედა - ნათელა იოსებიძე სახელგანთქმული მომღერალი იყო. უფრო საზღვარგარეთ იცნობდნენ. უმამოდ გავიზარდე, რადგან ის არ იყო ქართველი და ჩვენს სამშობლოში ჩამოსვლა მისთვის ან დედასთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა. ნათელას მთელი ცხოვრება კა-გე-ბე უთვალთვალებდა და მეც არ მქონდა უფლება, ვინმესთვის მეთქვა, რომ დედას დიდი სიყვარული აკავშირებდა ფრანგ ადამიანთან, რომლისგანაც გამაჩინა, თორემ მერე აღარსად გაუშვებდნენ, საზღვარს არ დაატოვებინებდნენ. ჰოდა, სპექტაკლების თამაში გვიწევდა, რომ ჩემი ფრანგი მამის შესახებ არავის სცოდნოდა. დედას ხშირი მოგზაურობის გამო, ისე მოხდა, რომ ბებიამ, ბაბუამ, ბიძამ და დეიდამ - მომღერალმა ეთერ იოსებიძემ გამზარდეს, რომელსაც ქართველი საზოგადოება იცნობდა, როგორც კარგ მომღერალსა და მუსიკოსს. ის მაშინ გასათხოვარი იყო და ჩემზე, როგორც შვილზე, ისე ზრუნავდა. უნდოდა მუსიკოსი გამოვსულიყავი და ღამის 12 საათამდე, 5-6 საათი მავარჯიშებდა ფორტეპიანოსთან. სკოლის დამთავრების შემდეგ მეორე მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე, ცოტა მოგვიანებით კი თეატრალურ ინსტიტუტში.

337024637-3432579090355459-4775768857442702391-n-copy-1680594455.jpg

- დედათქვენს არეტა ფრანკლინს ადარებდნენ, არა?

- დიaხ, ქართველ არეტა ფრანკლინს ეძახდნენ და მას რომ ვუყურებდი, მინდოდა, მეც მომღერალი გამოვსულიყავი... კარგი პიანისტი ვარ, თუმცა, მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, აღარ მინდა თქვენი მუსიკა-მეთქი და თეატრალურში ჩავაბარე. მოვხვდი ლერი პაქსაშვილის ჯგუფში. მოკლედ, ის პერიოდი კარგად მახსენდება: ვმღეროდი, დავდიოდი ანსამბლებში, პანტომიმის თეატრშიც მოვსინჯე საკუთარი შესაძლებლობები... აქტიური ცხოვრება მქონდა...

- და შემდეგ ამ ყველაფრის მიტოვება, სხვა გარემოსთან შეგუება არ გაგიჭირდათ? თუ ამერიკა თქვენი ოცნების ქვეყანა იყო და პირიქით, მიგეჩქარებოდათ?

- კი, ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე სულ ვოცნებობდი. დედა ამერიკაში პირველად რომ ჩამოვიდა, მე 4 წლის გახლდით და შინ დაბრუნებული ისე ემოციურად ჰყვებოდა აქ მომხდარ ამბებს, აშკარად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო. სურათები დამათვალიერებინა და იმის მერე მეც სულ "ტვინში მქონდა", რომ ოდესმე უნდა მეცხოვრა ამერიკაში, სადაც შვილებს გავაჩენდი, ავიწყობდი ჩემს საქმეს, ბიზნესს. ჰოდა, ერთხელაც ამისრულდა ოცნებები: ერთი შვილი აქ გავაჩინე და საკუთარი საქმეც მაქვს. ახლა ვფიქრობ, რომ ღმერთს ვუყვარვარ. დღეს ჩემს სკოლაში ისეთი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც ბროდვეიზე დგანან, ჯულიარდი აქვთ დამთავრებული და მე, ქართველ გოგოს, რომელიც აქ თავის დასამკვიდრებლად ჩამოვედი, რომელსაც მხოლოდ ქართული მუსიკალური განათლება მაქვს, ხელის აწევით მესაუბრებიან და მე მათ ხელფასს ვუხდი.

- როგორ გაჩნდა ამერიკაში გამგზავრების შანსი და თქვენი პირველი ნაბიჯები გაიხსენეთ უცხო ქვეყანაში...

- 27 წელია ამერიკაში ვარ. თითქოს ჩემი ცხოვრება სიზმარი იყო და არც მჯერა, რომ ოდესღაც საქართველოში ვცხოვრობდი... ახლა ფლორიდაში გახლავართ, სადაც საკუთარი სახლი მაქვს. ადრე მანჰეტენზე ვცხოვრობდი, სადაც საშინელი ჰაერი, ხმაური და ბევრი ტრანსპორტია. ერთხელ 20 წუთის სავალ გზაზე მთელი 6 საათი საცობში ვიყავი, ამიტომ მანქანით მანჰეტენზე გავლაც არ მიყვარდა. აი, ფლორიდა კი სულ სხვაა, ვგიჟდები აქაურობაზე და გადავწყვიტე, ერთი სკოლა აქაც გავხსნა. ჩანაფიქრს მალე განვახორციელებ.

რაც შეეხება პირველ ნაბიჯებს: ეთერის გარდაცვალებიდან ცოტა ხანში, დედა ამერიკაში წამოვიდა და მერე ყველანი - მე ჩემი ქმარ-შვილით და თეონა აქ წამოგვიყვანა... დღევანდელი გადასახედიდან, ძალიან სასაცილო იყო ჩემი პირველი ნაბიჯები. ინგლისური ენა არ ვიცოდი. ამერიკაში ჩამოსვლამდე ფრანგულს ვსწავლობდი, რადგან საფრანგეთში წასვლას ვაპირებდი. ჰოდა, აქ ჩამოსულს შემეშინდა, ნუთუ ამათ ენაზე ოდესმე ვილაპარაკებ-მეთქი?.. დედამ ყველაფერი დამახვედრა, სახლიც, სამსახურიც, მაგრამ ენის ბარიერი მაწუხებდა. პირველად რესტორანში ვმუშაობდი. 5-ვარსკვლავიანი დაწესებულება გახლდათ. მენეჯერმა თქვა: გარეგნობა კარგი აქვს და მიმტანად მივიღებთო. შუა დარბაზში პიანინო იდგა. ერთხელ ცდუნებას ვერ გავუძელი, ჩავედი და შოპენის თუ რახმანინოვის დაკვრა დავიწყე. დასრულებისას კი ვიღაცამ ტაში დამიკრა. შეცბუნებული მოვტრიალდი და რესტორნის მეპატრონე შემრჩა ხელში. შენ ვინ ხარო? - ოფიციანტი-მეთქი, დამტვრეული ინგლისურით ვუთხარი. - ჩემთან წამოდიო. ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა და გავყევი. შემიყვანა თავის ოთახში და მოულოდნელად, იცი, რა მითხრა? - მე კლარნეტი მაქვს, ვუკრავ. ძალიან ვაფასებ მუსიკოსებს და ვფიქრობ, შენნაირი გოგო ლანგარს არ უნდა დაატარებდეს. განა იმიტომ, რომ ლამაზი ხარ? არა, კარგი პიანისტი ბრძანდები და ახლა ბარტენდერის კურსებზე გაგგზავნი, ფულსაც მე გადაგიხდი. ოღონდ, თუ კლიენტები მოითხოვენ, რომ ვინმემ დაუკრას, დაჯდები და ნაწარმოებს შეასრულებო. გაოგნებული მაშინვე დავთანხმდი. ღამეში 400-500 დოლარს მიხდიდნენ ჩემს საყვარელ საქმეში - ეს ხომ არის გამართლება?!. ინგლისურიც მალე ვისწავლე, რადგან ცდას არ ვაკლებდი, ვიჯექი თუ ვიდექი, ყველგან ვმეცადინეობდი... რაღაც პერიოდის შემდეგ ჩემთან მოვიდნენ შმირკოვსკები, რომლებიც ამერიკაში ვარსკვლავები არიან. ერთ-ერთმა ძმამ მითხრა, - სამეჯლისო სკოლა გვაქვს და თუ დაგვთანხმდები, ჩვენს მოსწავლეებს ვოკალი ასწავლეო. ეს შანსიც გამოვიყენე და სულ მალე, მე და დედამ მათთან მუშაობა დავიწყეთ.

336636355-1569808476878389-7342340891151676953-n-1680594466.jpg

- ფაქტობრივად, ახალჩასულს დედაც დაგისაქმებიათ...

- ასე გამოვიდა. მანამდე სუპერვაიზერად მუშაობდა, მოხუცებს ართობდა, ავარჯიშებდა. მღეროდა კაბარეს. მას ინგლისური რეპერტუარი ჰქონდა და თავის გამოჩენა არ უჭირდა... გარკვეული ხნის შემდეგ საკუთარი სკოლის გახსნის იდეა გამიჩნდა და მიზნისკენ პირველი ნაბიჯებიც გადავდგი, მაგრამ ფაქტია, ძმებმა გაგვიკვალეს გზა ამერიკაში. დღეს ჩვენს სკოლას სხვა ვერ შეედრება, ამას თამამად ვიტყვი. სხვაგან მასწავლებელი უბრალოდ გვერდით უზის მოსწავლეს და აკვირდება, ბავშვი როგორ უკრავს, მაგრამ არც თეორიას ასწავლიან და არც ნოტებს აწერინებენ. ჩვენთან კი მოსწავლეები ყველაფერს საფუძვლიანად სწავლობენ. ახლა წიგნსაც ვუშვებ მუსიკის სწავლების შესახებ, ქართული მეთოდით, რომელიც ძალზე საინტერესოა და დიდ ცოდნასაც გაძლევს...

ჩემს პირველ სკოლას დავარქვი "ტალანტების აკადემია", რომელმაც 5 წელი იარსება. მერე უცნაური რამ მოხდა, შენობაში მთელი ჭერი ჩამოინგრა... რაღაც პერიოდი დამჭირდა ყველაფრის თავიდან დასაწყებად და მერე მილბურნში გავხსენი სკოლა, საქმეც ნელ-ნელა ავაწყვე. ახლა ნიუ-იორკში მაქვს და როგორც გითხარით, დღე-დღეზე გავხსნი ფლორიდაშიც. კიდევ ორი სკოლაა, სადაც მე არ ვმუშაობ, მაგრამ იქაურობას ვაკონტროლებ.

- გარდა ამისა, ქართველი მომღერლები ჩაგყავდათ ამერიკაში და ორგანიზებას უწევდით კონცერტებს...

- ასეა. 2003-ში დავიწყე მომღერლების ამერიკაში ჩამოყვანა: ქეთა თოფურია, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე, ნუნუ გაბუნია, თამუნა ამონაშვილი და ა.შ. ასევე, მოცეკვავეები. პირველი კონცერტი მილენიუმის საკონცერტო დარბაზში "გავაკეთე", სადაც 3000 კაცი ეტევა. მაშინ ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე, რუსა მორჩილაძე და ოთარ ტატიშვილი მყავდა მოწვეული. მთელი დარბაზი გაივსო, ვერსად ნახავდით ცარიელ ადგილს. მეორე კონცერტი ნიუ-ჯერსიში გაიმართა, სადაც ხალხი ლამის ერთმანეთს ეჯდა კალთაში. ჩემი ნათია და თეონაც მაშინ გავაცანი მსმენელს, დედამაც იმღერა. მერე "თბილისობა" მოვაწყვე გემზე, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს...

- შვილებზეც გვიამბეთ...

- როცა დეიდაჩემი, ეთერი გარდაიცვალა, მისი გოგონა - თეონა ვიშვილე. 2 წლის შემდეგ გამიჩნდა ნათია და ფაქტობრივად, გოგონები ერთად გაიზარდნენ, ის დღემდე ყველას ჩემი შვილი ჰგონია და არა დეიდაშვილი. თან, რაღაცით მგავს, როგორც მე ვგავდი ეთერს. თავის დროზე როგორც დეიდა ზრუნავდა ჩემზე, მეც ასეთივე მზრუნველობით ვექცევი მის შვილს. განსხვავება ის არის, რომ თეონას ისე მკაცრად ვერასდროს ვექცეოდი, როგორც ეთერი. დღეს რომ მკითხოთ, რამდენი შვილი გყავსო? გიპასუხებთ, რომ სამი!.. რაც შეეხება ჩემს უმცროს შვილს - ნიკა ამერიკაში დაიბადა, ამ ქვეყნის მოქალაქეა. დღეს ის ჩემი სკოლის მენეჯერია და ყველაფერში მეხმარება, კონკურსებს ის აკეთებს, საგამოცდო საკითხებს აგვარებს და იურიდიული ფაკულტეტის ბოლო კურსზეა. კარგად მღეროდა, მაგრამ არ მოიწადინა სცენაზე დგომა და ახლა ნანობს ამას.

- ნათია და თეონა კარგი მომღერლები არიან, მაგრამ თეონასგან განსხვავებით, ნათიამ სულ სხვა გზა აირჩია და ექიმი გახდა...

- მე და დედა მათ გამუდმებით ვამეცადინებდით, შემდეგ კი ისინი კონკურსებში მონაწილეობდნენ და თავიანთი წარმატებებით გვახარებდნენ, სულ პირველ ადგილს იღებდნენ. 2003-ში ნათიამ და თეონამ ჰოლივუდში იმღერეს და ჩემს გოგოებს გრან-პრი ხვდათ წილად. მაშინ მეც ჰოლივუდში ვიყავი.ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ კონცერტზე დასასწრები ბილეთები ძალიან ძვირი ღირდა და მაშინ არ მქონდა ისეთი მატერიალური მდგომარეობა, როგორიც დღეს მაქვს. ამიტომ, თანხა დავზოგე და გარეთ ვიჯექი, მონიტორზე ვადევნებდი თვალს გოგონების გამოსვლას. გამარჯვებულები რომ გამოაცხადეს, კარზე ბრახუნი ავტეხე, - გამიღეთ, ჩემმა გოგოებმა გრან-პრი აიღეს-მეთქი. სხვათა შორის, შემიშვეს. უნდა გენახათ, როგორ შევრბოდი (იცინის). ძალიან მასახელეს.

ნათია რამდენიმე ბროდვეის შოუშიც მონაწილეობდა და მეუბნებოდნენ, კარგი მომღერალი დადგებაო. წრეზე, სადაც მივიყვანე, ყველგან აქებდნენ: კარგი მოცურავე იქნება, კარგი კარატისტი დადგება, კარგი ჩოგბურთელია, მშვენიერი ცხენოსანი... ერთხელაც ვკითხე, - შვილო, ნეტავ, სინამდვილეში ვინ გამოხვალ-მეთქი? ექიმიო, - სერიოზულად მითხრა. - ჰიუსტონივით მღერი და ექიმობას მომღერლის კარიერა არ გირჩევნია-მეთქი? - არა, ექიმობაში მეტი ფულიაო და ბოლომდე მიჰყვა საკუთარ მიზანს. დღეს ის მილიონერია. ბავშვმა 6 თვეში, როგორც კი თავისი კლინიკა გახსნა, უამრავი ადამიანი მიიზიდა... აი, თეონამ კი მომღერლის კარიერა აირჩია და აქ თავისი ბენდი ჰყავს, მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი, მაღალი დონის საღამოებზე იწვევენ... ვამაყობ სამივე შვილით.

- მეუღლეზეც მიამბეთ...

- ჩემი ქმარი ძალზე სიმპათიური ქართველი ბიჭი იყო, რომელზეც მთელი თბილისის გოგოები გიჟდებოდნენ. ერთმანეთი ეკლესიაში გავიცანით, სადაც მე ვგალობდი (სხვათა შორის, დედაც გალობდა. ის პატრიარქს პირადად იცნობდა და ილია მეორეს ძალიან უყვარდა). ერთ დღეს მოხუცებულმა ქალბატონმა მთხოვა, კიბეზე ვერ ავდივარ. იქნებ ახვიდე და ხატი გაწმინდოო. ავედი. უცებ კიბე აყირავდა, მაგრამ გადავრჩი, ვიღაცამ დამიჭირა. ულამაზეს ბიჭს ჩავუვარდი ხელებში. რომ დავინახე, კიანუ რივზივით სიმპათიური, 2-მეტრიანი ბიჭი, მაშინვე შემიყვარდა (იღიმის). ისიც არ დარჩა გულგრილი და 6 თვეში გავიპარეთ... ბადრი 3 წლის წინ, "კოვიდით" გარდაიცვალა. კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და ჩემს სკოლაში მუშაობდა, ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა ბავშვებს. სამწუხაროდ, როგორც ბევრი სხვა ქართველი მამაკაცი, ისიც არაჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა და, ერთ დილას, როცა გავიღვიძე, გარდაცვლილი დამხვდა. ისე შემეშინდა, 6 თვე ძალიან ცუდად ვიყავი...

- მამაზეც მიამბეთ. მასთან შეხვედრა ვერ მოახერხეთ, არა?

- სამწუხაროდ, ვერ შევხvდით. მხოლოდ ტელეფონით მქონდა მასთან კონტაქტი. ორჯერ ვნახე ეკრანიდან: ულამაზესი, ცისფერთვალება კაცი იყო. ყველაფრისთვის ბოდიში მომიხადა. შეხვედრას ვგეგმავდით, მაგრამ ვერ მოვასწარით, 8 წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა. მას არ ჰყავდა არც ცოლი, არც სხვა შვილი. ისიც მუსიკოსი იყო.

- დედათქვენიც ამერიკაში გარდაიცვალა, არა?

- დიახ, 65 წლის ასაკში, ისიც სიმსივნით. ისე ვუვლიდი, ისეთ ექიმებთან დამყავდა, რომ მითხრეს, - იცოდე, 15 წლით გაუხანგრძლივე სიცოცხლეო. იცი, რაზე მწყდება გული? დედას საქართველოში ბევრი არ იცნობდა. ხშირად საუბრობენ ფილმზე "სიყვარული ყველას უნდა". ეს ფილმი არის მიუზიკლი და მასში სიმღერას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. არადა, არასდროს ახსენებენ იმ მომღერლებს, რომლებმაც ეს ფილმი გაალამაზეს. დედა ბერტა ხაფავას გმირს ახმოვანებდა. როგორ იცინის, კივის, მღერის, თავადაც ხომ მოგისმენიათ?! ბესო კალანდაძე ბურნუთას ახმოვანებდა, ეთერ იოსებიძე კი ქეთოს... მათი სახელები ფილმის ტიტრებშიც კი არ წერია და ეს ძალიან სამწუხაროა...

336656563-754121166433155-7795323864918314686-n-1680594478.jpg

- როგორც ვიცი, უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ...

- ასეა (იცინის). მათ შორის რამდენიმე ძალიან ცნობილი და უმდიდრესი ადამიანია. არის ერთი პიროვნება, რომელმაც შეძლო ჩემი ყურადღების მიქცევა, მაგრამ მასთან ურთიერთობის აწყობას არ ვჩქარობ. თუ ამ მისტერ "იქსის" წინადადებას ოდესმე დავთანხმდები, ამის შემდეგ მასზე სიამოვნებით მოგიყვებით... სხვათა შორის, ბოლო დროს ორმა ცნობილმა ქართველმა მთხოვა, რომ სურვილი აქვთ, ჩემს ოჯახზე რეალითი შოუ გადაიღონ. ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვფიქრობ. ვნახოთ, მგონი შემოთავაზებას დავთანხმდები...

- საქართველოში ბოლოს როდის იყავით?

- იშვიათად ვახერხებ ჩასვლას. პანდემიის მერე არ ვყოფილვარ, მაგრამ მე მიყვარს ჩემი სამშობლო და გული შემტკივა მასზე. იქ ბევრი მეგობარი, კლასელები, ნათესავები მყავს. ასევე, ჩემი უერთგულესი ადამიანები: ნატალია, მარინა, ზურა და მამუკა, რომლებიც თბილისში ჩემს სახლსაც აქცევენ ყურადღებას... და კიდევ, ჩემი უსაყვარლესი ადამიანების საფლავებიც მანდაა, ჩემს სამშობლოში.

ლიკა ქაჯაია