"ჩვენი მეგობრობა ვეღარ გაგრძელდა" - გზაპრესი

"ჩვენი მეგობრობა ვეღარ გაგრძელდა"

ასაკი: 28 წლის.

განათლება: დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: მოცეკვავე, ქორეოგრაფი. აქვს საკუთარი სტუდია. თანამშრომლობს თეატრთან.

ჰობი: ცურვა.

ცხოვრების დევიზი: "ყველაფერი შესაძლებელია, მთავარი მონდომებაა".

- როგორ ფიქრობ, ხალხს შენ შესახებ როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად როგორი ხარ?

- ჩემთან დაკავშირებით, მრავალი აზრი აქვთ: ზოგს საყვარელი ვგონივარ, ზოგს - ბოღმიანი (იცინის), ზოგს - კეთილი... ყოველ შემთხვევაში, ჩემ მიმართ უმრავლესობა დადებითადაა განწყობილი, რაც მიხარია. რეალურად, მშვიდი ადამიანი ვარ, მხიარულიც - სიტუაციის შესაბამისად...

- დღის რომელი მონაკვეთში ხარ უფრო შრომისუნარიანი, ენერგიული?

- შუადღიდან. პროფესიაც ისეთი მაქვს, რომ შუადღიდან უკვე "ხოდზე" უნდა ვიყო (იცინის). დაახლოებით დღის 5 საათიდან აქტიური სამუშაო რეჟიმი მეწყება...

- ბოლოს შენიშვნა ვისგან და რის გამო მიიღე?

- დედიკოსგან - ძალიან ჩუმი ხარ და არ მელაპარაკებიო (იცინის). არადა, უბრალოდ, დაღლილი ვარ ხოლმე.

- მეგობრები, ახლობლები ყველაზე ხშირად რას გსაყვედურობენ?

- დაქალი ყოველთვის მსაყვედურობს, რომ "ვიკარგები". უბრალოდ, დრო არ მაქვს, რომ ხშირად ვნახო...

- დღე-ღამეში რამდენ საათს გძინავს?

- 6, მაქსიმუმ - 7 საათს: ღამის 3 საათიდან დაახლოებით დილის 8-მდე.

- კარგ ფორმაში ყოფნისთვის რას აკეთებ?

- განსაკუთრებულს არაფერს. უბრალოდ, ცეკვა და ყავა მეხმარება, რომ ენერგია აღვიდგინო.

- საკუთარ თავს რომელ ცხოველს ან ფრინველს ადარებ?

- პანტერას (იცინის). მგონია, რომ ამ ცხოველს უფრო მეტად ვგავარ.

- 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- შავს. ეს ფერი ძალიან მიყვარს და ჩემთან ყველაზე "ახლოს" არის.

- ოდესმე საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?

- კი, ასეთი ეპიზოდები მქონდა ხოლმე, როცა ცეკვას ვიწყებდი, რადგან უცებ, სამეჯლისო-სპორტული ცეკვებიდან ჰიპ-ჰოპის მიმართულებაზე გადავედი. მეგონა, ვერ შევძლებდი, თუმცა თანდათან მივხვდი, რომ საკმაოდ კარგად გამომდის (იღიმის).

- დროში მოგზაურობა შესაძლებელი რომ იყოს, რომელ ეპოქას აირჩევდი?

- მგონია, სწორ დროს ვარ დაბადებული და მსგავს შესაძლებლობას არ გამოვიყენებდი. ეს პერიოდი ძალიან მომწონს.

- ახლობლები მოფერებით რა მეტსახელით მოგმართავენ?

- მოფერებით მხოლოდ მამიკო მეძახის "ცქნაფას". სხვები სახელით მომმართავენ.

- შენი მესაიდუმლე ვინ არის?

- ჩემი მეგობრები - თეო და თენგო. თეოს უნივერსიტეტიდან მოყოლებული ვიცნობ, პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ, თენგო კი თეოსგან გავიცანი. ძალიან დავახლოვდით.

- ადამიანებს ადვილად უმეგობრდები?

- არა. ამიტომ მყავს გარშემო ცოტა, მაგრამ ნამდვილი ახლო მეგობარი.

- როგორ ყალიბდება ახლო მეგობრობა?

- დროს მოაქვს. თუ ვხედავ, რომ ადამიანი ჩემთან "ახლოსაა" ხასიათით, შეხედულებებით... ასეც რომ არ იყოს, ჩემთვის მთავარი ადამიანური ფაქტორია, ვიდრე სხვა რაღაცები...

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევი?

- მეცინება (იცინის). სერიოზულად არ აღვიქვამ. ასეთ სიტუაციაზე ძალიან მეცინება ხოლმე...

- ცხოვრების ამ ეტაპზე, შენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევ?

- იმას, რომ საკუთარი სტუდია მაქვს, ბავშვებს ვასწავლი. ეს ძალიან მახარებს და დიდი წარმატება მგონია. ამავდროულად, თეატრთანაც ვთანამშრომლობ, მიუზიკლებში ვმონაწილეობ... მგონია, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი ახალი გამოცდილებაა.

- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლია?

- სულ შემიძლია! რომ არ მჭირდებოდეს, საერთოდ, არც ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი არ ვიქნებოდი.

- ამჟამად, სოციალურ ქსელებს რამდენ დროს უთმობ?

- ბევრ დროს ვერ ვუთმობ. შეიძლება, კვირა ისე გავიდეს, "ტიკტოკზე" "ლაივში" არ გავიდე ან საერთოდ, ვიდეო არ გამოვაქვეყნო. არ მცალია, სხვა რაღაცებით ვარ დაკავებული... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მჭირდება, ჩემთვის სოციალური ქსელი პრიორიტეტული არ არის.

- შენს ცხოვრებას რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- პირველ რიგში - ადამიანობა. ვგულისხმობ, რომ რაღაც ზღვრები არსებობს, რასაც არ უნდა გადავაბიჯოთ.

- მეგობარი დაგიკარგავს?

- კი.

- რის გამო?

- სიშორის. უბრალოდ, საქართველოში აღარ ცხოვრობს. ამ შემთხვევაში, ჩვენი მეგობრობა ვეღარ გაგრძელდა და "დავიკარგეთ".

img-2383-copy-1681063292.jpeg

- როგორ ფიქრობ, შესაძლებელია, რომ ქალი მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?

- რა თქმა უნდა, 100%-ით (იღიმის)!..

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- საერთოდ არაფერი. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჯერჯერობით, არც არავინ მინდა გვერდით მყავდეს, რადგან საქმეებში ისე ვარ ჩართული, პირადი ცხოვრებისთვის დროც არ დამრჩება. ამიტომ ახლა კარგად ვარ (იღიმის).

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- ახალი თაობის მოცეკვავეების აღზრდა. ის სფერო, რაშიც თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ, საშუალებას მაძლევს, ჩემი ცოდნა და შესაძლებლობა მომავალ თაობას გადავცე. ამას ძალიან კარგად ვაკეთებ. მიხარია, რომ ნელ-ნელა კარგ მოცეკვავეებს ვზრდი და გამიზრდია კიდეც - დღეს სცენაზეც დგანან, ცეკვავენ და თავად არიან ქორეოგრაფები...

ეთო ყორღანაშვილი