მებაჟე ოფიცრის ხელით შექმნილი ჩვილთა და ბავშვთა პროდუქცია - გზაპრესი

მებაჟე ოფიცრის ხელით შექმნილი ჩვილთა და ბავშვთა პროდუქცია

თუ სასურველ შედეგს ვერ იღებს, შეუძლია ნაქსოვი დაარღვიოს და ხელახლა სცადოს, რომ პატარებისთვის მხოლოდ საუკეთესო ვარიანტი წარმოადგინოს. თავად საკუთარი ხელით მოქსოვილ სათამაშოს ბრელოკად ატარებს, დანარჩენი დრო კი უმეტესად იმ პატარ-პატარა ნივთის შექმნაზე მიდის, რომელიც ძირითადი სამუშაოს შესრულების შემდეგ რჩება.

3-1681063628.jpg

- ქუთაისში ვცხოვრობ. პროფესიით ეკონომისტი ვარ. ამჟამად ქუთაისის შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში ვმუშაობ, ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცერი ვარ. ყოველ მესამე დღეს დავდივარ სამსახურში, დანარჩენ დროს კი ქსოვას ვუთმობ. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, 1 ნივთის დასამზადებლად დაახლოებით 10-12 დღე მჭირდება.

4-1681063733.jpg

ჩვილთა და ბავშვთა ნივთებს ყაისნაღითა და ჩხირებით ვქსოვ. მათი სისტემატური დამზადება დაახლოებით 2 წელია, რაც დავიწყე. 5 წლის ვიყავი, ქსოვა რომ ვისწავლე. ბებია ქსოვდა და მის შემხედვარეს სურვილი მეც გამიჩნდა. ვინაიდან სულ სხვა გეგმები და მისწრაფებები მქონდა, წლების განმავლობაში არ მიქსოვია. მოტივაცია ბიძაშვილის ტყუპი გახდა: როცა ისინი დაიბადნენ, მინდოდა, რამე ჩემი ხელით შექმნილი მეჩუქებინა და ჩვილებს ყაისნაღით ფეხსაცმელები მოვუქსოვე. ნამუშევარმა ინტერესი გამოიწვია და რამდენიმემ მთხოვა, ფეხსაცმელი მათი შვილებისთვისაც მომექსოვა. მაშინ გამიჩნდა იდეა, ჩემი ჰობი, რომელიც სიამოვნებას მანიჭებდა, დამატებითი შემოსავლის წყაროდ მექცია. დაინტერესება იმდენად დიდი იყო, გადავწყვიტე, ჩემი პატარა ბრენდი შემექმნა, ჩვილთა და ბავშვთა პროდუქციის შესაბამისი სახელით. ეტაპობრიბად დავამატე სხვა ნივთები: სათამაშოები, კომბინეზობები, ჟაკეტები, შარფები, ქუდები და ა.შ.

6-1681063641.jpg

- ხელნაკეთ ნივთებზე ვინც მუშაობს, აღნიშნავენ, რომ საბავშვო ნივთებზე განსაკუთრებულად დიდია ინტერესი. თქვენი დაკვირვებითაც ასეა?

- დიახ, ასეა და ეს ინტერესი ყველა ნივთზე ერთნაირად ვრცელდება. ძირითადად, წლამდე ბავშვების პროდუქციაზე ვმუშაობ და ამაზე უფრო დიდი მოთხოვნაა, თუმცა მომიქსოვია 3 წლამდე ბავშვების სამოსიც. რაც შეეხება სათამაშოებს, ამ შემთხვევაში ასაკი შეზღუდული არ არის. სოციალურ ქსელში განთავსებულ ჩემს ნამუშევრებს თავიდანვე დიდი ინტერესი მოჰყვა. მახსოვს, გვერდის შექმნიდან დაახლოებით 2 თვეში, ახალი წელი იყო და იმ პერიოდში იმდენი შეკვეთა შემოვიდა, რომ დამზადებული ნივთების დარიგებისას, ახალ წელს ლამის გზაში შევხვდი (იღიმის). შეკვეთები ძირითადად თბილისიდან და დასავლეთ საქართველოდან მაქვს.

1-1681063697.jpeg

- წლების წინ ბიჭებს მხოლოდ ცისფერი ტონალობის სამოსს ურჩევდნენ, ხოლო გოგონებს - ვარდისფერს, თუმცა მგონი, ბოლო წლებში ეს ტენდენცია შეიცვალა და ბავშვთა გარდერობი საკმაოდ გაფერადდა...

- დიახ, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ასაკოვანი მანდილოსნები სამოსს მაინც ასეთი მიდგომით არჩევენ. ასეთ დროს ვცდილობ, სხვადასხვა ფერი შევთავაზო, რაზეც ზოგი არ მომყვება და ზოგი მთანხმდება, მაგრამ რასაც ვაკვირდები, ბოლო დროს ეს სტერეოტიპი უმთავრესად მაინც დარღვეულია. მაგალითად, წელს ძალიან აქტუალურია: მწვანე, იისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი. ზოგადად, ყოველწლიურად მოდაში სხვადასხვა ფერია და როგორც ჩანს, ბავშვების სამოსის შერჩევისას ეს მიდგომა მოქმედებს.

5-1681063708.jpg

- ფეხსაცმელი, სამოსი და სათამაშოები, სამომავლოდ კიდევ რამის დამატებას ხომ არ გეგმავთ?

- ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის საცურაო კოსტიუმების მოქსოვას ვაპირებ, რაც ბოლო 1-2 წელია, ძალიან აქტუალურია. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყე, რათა საზაფხულოდ მრავალფეროვანი არჩევანი მქონდეს.

ანა კალანდაძე