"კოლუმბია სამოთხეა დედამიწაზე, ისევე როგორც საქართველო..." - გზაპრესი

"კოლუმბია სამოთხეა დედამიწაზე, ისევე როგორც საქართველო..."

"...მარნის გახსნა მინდოდა, მაგრამ რესტორანმა "დაასწრო", - ამბობს ანა ზაალიაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კოლუმბიაში ქართული რესტორანი გახსნა.

- მეათე წელია, კოლუმბიაში ვარ... საქართველოში ერთ-ერთ საერთაშორისო, გერმანულ-ქართულ ბანკში ვმუშაობდი, პროექტების მენეჯერი ვიყავი, შემდეგ კოლუმბიაში მიმიწვიეს. ჩამოსვლიდან მალევე, 2016 წელს საკუთარი კომპანია გავხსენი, სადაც საერთაშორისო ბიზნესოპერაციებს ვახორციელებ, მათ შორის ქართული პროდუქციის იმპორტს კოლუმბიაში... მომავალი მეუღლე აქ გავიცანი. მას ქართული ყველაფერი ძალიან მოსწონს, განსაკუთრებული მხარდაჭერა კი მისგან მაშინ ვიგრძენი, როცა ქართული რესტორანი უნდა გაგვეხსნა...

- გსურდათ ქართული კერძები უცხოელებისთვის გაგეცნოთ?

- დიახ... მოგეხსენებათ, ადამიანის პირველი მოთხოვნილება საკვებია, ქვეყნებს შორის კულტურული გაცვლაც გემოების საშუალებით ხდება.

- კერძებს ვინ ამზადებს?

- მზარეულები, მომსახურე პერსონალი გვყავს, მაგრამ ყველა კერძის შიგთავსს ჯერჯერობით თავად ვაზავებ, სანამ ძირეულად აითვისებენ ჩვენებურ გემოს... ისე კი, ეგზოტიკური სანახავია, შავკანიანი ქალბატონები თეთრ ხინკალს რომ ახვევენ.

- ფერად ხინკლებსაც ამზადებთ?

- ფერადი ხინკლები მხოლოდ საცდელად მოგვიმზადებია. ამ ეტაპზე მენიუში ქართული კერძების მცირე ჩამონათვალი გვაქვს. კოლუმბიაში 2017 წლიდან აჯიკას, ტყემალს, სხვადასხვა ბოსტნეულის კონსერვებს ვაწარმოებთ. ჩვენი ინტერესი იყო ამ პროდუქციის ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გატანა. თითქმის ყველა კოლუმბიელი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და აუცილებელია, ამას ჩვენც ფეხი ავუწყოთ, ამიტომ გვაქვს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის ხინკალიც.

331069611-1495846824276250-5124400837694233185-n-1681063910.jpg

- ქართული კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები საქართველოდან მიგაქვთ?

- არა, რადგან იმპორტი ხარჯებს ძალიან ზრდის... სანელებლები მოგვაქვს, რაც აუცილებელია, სხვა საჭირო ინგრედიენტებს კი აქ ვპოულობთ. თუმცა, გულწრფელად გეტყვით, საქართველოში ნამყოფი კლიენტი გვეუბნებოდა, თქვენთან უფრო გემრიელი ხაჭაპურიაო... ყველის გარდა, ცომსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან ხაჭაპური ხრაშუნაც არის და რბილიც. ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი გამოგვივიდა.

- რესტორანში ქართველები მოდიან?

- კოლუმბიაში, ჩემ გარდა, მხოლოდ ერთი ქართველი ცხოვრობს... მოდიან ამერიკელები, რუსები ან აქაურები, რომლებიც რუსეთში არიან ნაცხოვრები, ნამოგზაურები. ასეთი საკმაოდ ბევრია... კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში 12 მილიონამდე მოსახლეობაა. დიდი შესაძლებლობების ქალაქია და რამდენიმე ქართული რესტორნის გახსნას კიდევ ვაპირებთ. წელს ჩამოგვივა იმპორტირებული ქართული ლუდი, ღვინო, კონიაკი. ზოგადად, მარნის გახსნა მინდოდა, მაგრამ რესტორანმა "დაასწრო". მარნის გახსნა უფრო დიდ თანხებთან და პროცესებთანაა დაკავშირებული.

- ქართული სასმელებიდან რა მოსწონთ?

- მოგეხსნებათ, წვენი აუცილებლად უნდა იყოს მენიუში... კოლუმბიაში მთელი წლის განმავლობაში ხილის ულევი მოსავალია. კოლუმბიელები ხილს ბლენდერში ატარებენ და ისე მიირთმევენ. რადგან ჩვენ განსხვავებულის შეთავაზება გვსურდა, ხილის კომპოტებს ვამზადებთ. ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით ყურძნის.

- როგორი ინტერიერი გაქვთ, ქართული გარემო შექმენით?

- აქ ეკრანზე სულ საქართველოზე შექმნილი ვიდეოა ჩართული; ისმის ქართული სიმღერა; კედლებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფოტოები და ქართული დროშაა გაკრული. მალე საქართველოში ჩამოვალ და კოლუმბიაში ქართული, ეროვნული სამოსი და სუვენირები უნდა წამოვიღო.

- თქვენი მეუღლე რა პროფესიისაა?

- ტექნოლოგიური ინჟინერია, მეორე პროფესიით - მხატვარ-არტისტი.

- გვიამბეთ თქვენს შვილზე...

- ჩვენი გოგონა სოფია-მარიამი 2017 წელს დაიბადა... თავიდან ქართულს ვასწავლიდი, მაგრამ რადგან ჩემ გარდა ქართულად არავინ ესაუბრებოდა, სამ წლამდე ლაპარაკი არ დაიწყო. შემდეგ მივხვდი, მეც ესპანურად უნდა დავლაპარაკებოდი. ქართული სიტყვები იცის და კიდევ ვასწავლი. საქართველოში ჩემს ოჯახთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. როცა მშობლებს ვესაუბრები, ჩემი შვილი მისმენს და ქართულ სიტყვებს იმეორებს... ჯერ კიდევ დღეების იყო, საქართველოში რომ ჩავიყვანე. უკვე ბევრჯერ არის ნამყოფი და სულ მალე ქართულად კარგად ალაპარაკდება, ამაში დარწმუნებული ვარ.

330923603-897843514794887-8504956328689125752-n-1681063899.jpg

- როგორი ქვეყანაა კოლუმბია?

- კოლუმბია სამოთხეა დედამიწაზე, ისევე როგორც საქართველო... კოლუმბიაში არის ლამაზი მთები, მდინარეები და ჩანჩქერები, ნაყოფით დახუნძლული მარადმწვანე ხეები; ისმის ფერადი ჩიტების ჭიკჭიკი; გულს უხარია ულამაზესი ყვავილების ყურება. კლიმატი თბილია. ძალიან ეგზოტიკური ქვეყანაა, მთელი წლის განმავლობაში მოსავლიანი. აქ წლის ნებისმიერ დროს არის მარწყვი და ყველა ის ხილი, რაც ქართველებს ხშირად გვენატრება... ამიტომაც არ აქვთ კოლუმბიაში კონსერვების მომზადების ტრადიცია, რასაც ახლა ჩვენ ვთავაზობთ და ეს მათთვის ძალზე საინტერესოა.

აქ ბევრს აინტერესებს ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურა და ისტორია. როცა ვამბობ, რომ ღვინის სამშობლოდან ვარ, მეკითხებიან, - ღვინო ხომ საფრანგეთიდან არისო?.. ვცდილობ ჩვენი ფესვები, ჩვენი სიმდიდრე ყველას გავაცნო. ქართველებს ხომ ბევრი რამ გვაქვს საამაყო!

მანანა გაბრიჭიძე