პროფესიული აღმაფრენა და დაბრკოლებები პაატა გულიაშვილის ცხოვრებაში - გზაპრესი

პროფესიული აღმაფრენა და დაბრკოლებები პაატა გულიაშვილის ცხოვრებაში

ამბობს, რომ პროფესიული იღბალი სწყალობს, თუმცა მისი გზა სულ "გამწვანებული" არასდროს ყოფილა. ამ გზაზე იყო დაბრკოლებები, პროფესიული აღმაფრენაც და როლის გარეშე გატარებული წლებიც. პაატა გულიაშვილის წარმატება თავდაუზოგავმა შრომამ, საქმის სიყვარულმა, საკუთარ თავზე მუშაობამ განაპირობა. ამის შესახებ უფრო ვრცლად მსახიობი თავად გვესაუბრება:

- ჩემი პროფესია წვალების, ნერვიულობის, ხშირ შემთხვევაში უიღბლობის, კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილების და მსგავსი შემთხვევების ერთობლიობაა. აქედან გამომდინარე არც ჩემი ცხოვრება იყო "გამწვანებული". ყოველთვის ძალიან ბევრს ვშრომობდი. შეიძლება მაყურებელს მოსწონდე, მაგრამ რეჟისორს არა ან თავისი ახლობლის წინ წაწევა უნდოდეს. არიან რეჟისორები, რომლებიც თავიანთ მსახიობებს ირჩევენ და როლებს მათ ურიგებენ; არიან რეჟისორები, რომლებიც ნამდვილ ტიპაჟებს ეძებენ და ნაცნობ მსახიობებს არ იღებენ. შრომა ძალიან მნიშვნელოვანია. ნიჭიერებასთან ერთად, შედეგი აუცილებლად მიიღწევა. არას რომ გეტყვიან, კონკრეტული მიზეზის გამოსწორება უნდა დაიწყო. შენს საქმეში ბევრი რამ უნდა იცოდე, ბევრი რამ გამოცდილებასაც მოაქვს, მაგრამ განათლება უნდა გქონდეს. ადამიანები სპექტაკლებში თამაშობენ და არ იციან, იმ დრამატურგს სხვა რამეც თუ აქვს დაწერილი.

- თქვენს წარსულს თვალი რომ გადაავლოთ, რა შეგიძლიათ თქვათ, გამართლების მეტი შემთხვევა გქონდათ თუ უიღბლობის?

- იღბალი უმნიშვნელოვანესია. უდიდესი როლი აქვს, სად და როგორ მოხვდები. ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ამ შემოქმედებას მაზიარეს. თეატრალურში გიორგი შალუტაშვილის და ალეკო მახარობლიშვილის ჯგუფი დავამთავრე, მათთან ახლოს ვიყავი, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, სტუდენტებს სულ მხარში გვედგნენ. შემდეგ ავთო ვარსიმაშვილმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში. მან სცენა დამითმო, მონოსპექტაკლს ვთამაშობდი. რაღაც პერიოდის შემდეგ, ჩვენ დავმეგობრდით, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მხარში პროფესიულად მედგა.

- მაშინ ამის მნიშვნელობას აცნობიერებდით თუ წლების შემდეგ მეტად დააფასეთ?

- არა, მაშინაც ვაცნობიერებდი. თეატრი ახალგაზრდებში ძალიან მოდაში იყო, სპექტაკლებზე სულ დადიოდნენ. ლევან წულაძემ თეატრალური სარდაფის რეპერტუარში ჩასვა ჩემი მონოსპექტაკლი, შემდეგ ბატონ ლეო ანთაძესა და ქალბატონ თამარ სხირტლაძესთან ერთად მომიწია თამაშმა, მოგვიანებით კი რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში წამიყვანა. ამას ბედისწერას ვუკავშირებ. სულ ახლახან გიორგი შალუტაშვილმა თელავის თეატრში "ვენეციელი ვაჭარი" წარმოადგინა, დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა იყო, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი, კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე. შეილოკის როლი ვითამაშე - ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის ძალზე მნიშვნელოვანი როლია. "ვენეციელ ვაჭარს", როგორც შექსპირის სხვა ნაწარმოებებს, ხშირად არ დგამენ. გოგი ქავთარაძეს აქვს ადრე ეს როლი ნათამაშები, რაღაც პერიოდის უკან სარდაფში მერაბ ნინიძემ შეასრულა. ეს სპექტაკლი გორის თეატრშიც დაიდგა.

14 იანვარს ამ როლისთვის თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია ავიღე, "მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის", 7 მარტს კი, თეატრის საერთაშორისო დღეს, თეატრალური საზოგადოების უმაღლესი ჯილდო, აკაკი ხორავას სახელობის პრემია გადმომეცა. აქამდეც ბევრი როლი იყო, მაგრამ აქ სულ სხვა ხარისხისაა დრამატურგია, მუსიკა, მხატვრობა....

- გისურვებთ, ეს პროფესიული აღმაფრენა შემოქმედებით საქმიანობაში კიდევ ბევრჯერ გქონდეთ!

- დიდი მადლობა!

- ადამიანებს თქვენთვის დაბრკოლებები ხელოვნურად ბევრჯერ შეუქმნიათ? ამ დროს როგორ იქცევით?

- ნათქვამია, ადამიანი ქვას თუ გესვრის, რა მნიშვნელობა აქვს, მოგხვდება თუ არაო?.. იყო პერიოდი, როდესაც ამას ძალიან განვიცდიდი და ვღელავდი. პროფესიული ინტრიგა ბევრ სფეროშია, მაგრამ რადგან საზოგადოება მსახიობების უმეტესობას იცნობს, ჩვენთან უფრო კარგად ჩანს, უფრო გახმაურდება ხოლმე. დაბრკოლებები ხელოვნურად, რა თქმა უნდა, შეუქმნიათ. მწყენია, გული მტკენია, მაგრამ მოთმენა და ადამიანების გადახარისხება ვისწავლე. არ შეიძლება ყველას აჰყვე, სჯობს სცენაზე საქმით დაამტკიცო, ვინ ხარ, რა შეგიძლია, ვიდრე კულუარებში არჩიო. წლები ისე გასულა, როლი არ მქონია, მაგრამ უმადური მაინც არ ვარ. რობერტ სტურუა ცოცხალი ლეგენდაა, მასთან არაერთ როლზე მაქვს ნამუშევარი. იღბალია, როდესაც რუსთაველის თეატრში სახელოვანი მსახიობების გვერდით ხვდები. სამწუხაროდ, დღეს ბევრი მათგანი ცოცხალი აღარც არის. ვმეგობრობდი კახი კავსაძესთან (და მისი აზრი ჩემდამი, რომელიც დაფიქსირებული აქვს), ჯემალ ღაღანიძესთან, სოსო ლაღიძესთან, გია ყანჩელთან... როგორ ვთქვა, იღბალი არ მაქვს-მეთქი? თუმცა, ჩემი გზა მარტივი არასდროს ყოფილა.

278099280-1140256193375385-5617223781018905973-n-1681203879.jpg

- მითხარით, წლები როლის გარეშე გავატარეო. მაშინ ამას რა გიკომპენსირებდათ?

- საქმიანობა ტელევიზიაში, რომელიც უკვე 20 წელს ითვლის. შესაბამისად, გულს იქ ვაყოლებდი. ახლა პროდიუსერობაც შევითავსე. იუმორისტული მიმართულების 3 გადაცემა მაბარია, ესეც ძალიან რთულია. მაყურებელი უმნიშვნელო შეცდომას არ გაპატიებს. ან უყვარხარ, ან - არა, შუა არ არსებობს. ინტერნეტსივრცეში ყველაფერს ყოველგვარი მორიდების გარეშე წერენ. იყო პერიოდი, როცა თითოეულ ფრაზას სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებდი. არაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ ხალხი კარგ ხასიათზე დავაყენო. თუ ვიღაცას იმიტომ არ მოვწონვარ, რომ კონკრეტული იუმორისტის ხიბლშია ჩავარდნილი და პირდაპირ წერს, სად შენ და სად ისო, ამას ყურადღებას ვეღარ მივაქცევ. მოგეხსენებათ, სიყვარული ბრმაა (იცინის).

- ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ მსახიობობა მარტივი პროფესიაა, სინამდვილეში კი ძალიან რთულია და დიდ შრომას მოითხოვს. ამ საქმეში თქვენთვის ყველაზე დიდი სტიმული რა (ვინ) არის, ძალას რა გაძლევთ?

- მართალია, ბევრს ჰგონია, რომ როლის თამაში ადვილი საქმეა. თეატრმცოდნეები ამა თუ იმ მსახიობს ისე მარტივად ასწორებენ მიწასთან, ცოტათი უხერხულია. რუსთაველის თეატრში ნიკა წულუკიძემ არაჩვეულებრივი პროექტი წარმოგვიდგინა (ნიკა წულუკიძე თავისი საქმის პროფესიონალია. ისეთ ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს ქართული თეატრისთვის, არ შეიძლება არ აღინიშნოს). მსახიობების როლები თეატრმცოდნეებმა შეითავსეს, ის ნერვიულობა, ღელვაც გამოცადეს, მსახიობებს თითოეული სპექტაკლის წინ რომ გვაქვს. რამდენიმეს ველაპარაკე და იმედია, თითოეულ ფრაზას მომავალში ძალიან დიდი გულისყურით დაწერენ. მსახიობობა ურთულესი პროფესიაა, მსგავსი მეორე არ მეგულება. გონებრივად ძალიან იღლები, ნერვიულობაა სულ, ზოგიერთ მსახიობს შაქარი უწევს, კულისებში ვარდება, ზოგს მღელვარების ფონზე წნევა ეწევა. ეს დეტალები მაყურებელმა ხომ არ იცის.

სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, მსახიობები შრომის შესაბამის ანაზღაურებას იღებდნენ. ყველას თავისი სათქმელი აქვს, მე ჩემს თეატრზე ვიტყვი, თელავის თეატრს კულტურის მინისტრი ძალიან მოეხმარა, ხელფასი გაგვიზარდა, გასტროლზე გაგვიშვა, პროექტს გვიფინანსებს... კარგად გვეხმარებოდა წინა მინისტრიც, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. თეატრი ქვეყნისთვის უნდა გახდეს პრიორიტეტი. დამიჯერეთ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- თეატრის კრიტიკოსების რეცენზიები ახსენეთ. თქვენზე თუ დაუწერიათ ისეთი რამ, რაც გულზე ძალიან ცუდად მოგხვდათ?

- გულწრფელად ვამბობ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, არ მახსოვს, მსგავსი რამ მომხდარიყოს. სულ დადებითი შეფასებები წამიკითხავს. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ბევრს ვშრომობ. გამოცდილებას იცი, რა მოაქვს? თავს კარგად თუ არ ვგრძნობ, გამორიცხულია, რომელიმე რეჟისორს დავუთმო და ბოლომდე არ ავახსნევინო, ამას რატომ ვაკეთებ. მე დარწმუნებით უნდა ვიცოდე, გმირის ამოცანა რა არის. თუ თავად არ ვიცი, რას ვაკეთებ, ასეთ როლზე არასდროს ვიმუშავებ, როგორი გენიალური რეჟისორი და პიესაც უნდა იყოს. სხვათა შორის, მე ვარ მსახიობი, რომელიც რეჟისორებთან კამათით გამოირჩევა. მუშტი-კრივზე არ გადავდივარ, მაგრამ... თუმცა, ესეც ყოფილა ახალგაზრდობაში. ნუ, მთლად მუშტი - არა, მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებულობიდან გამომდინარე, ემოციური კამათი მქონია.

- შემოქმედებით პროცესში, რეჟისორსა და მსახიობს შორის კამათი საჭიროც არის, არა?

- ალბათ საჭიროა. პრემიერის შემდეგ 3 დღეში მთავრდება ყველაფერი, სხვა სპექტაკლზე ფიქრს იწყებ. დღეს ისეთი ეპოქაა, ინტერნეტმა შეჭამა ეს პროფესია. ადამიანი, რომელსაც სულაც არ აქვს მსახიობის დიპლომი, ჩაწერს ვიდეოს და 2 წუთში პოპულარული ხდება. მსახიობმა ძალიან უნდა მოინდომო, საკუთარი ტყავიდან ამოხტე, რაღაც განსხვავებული მოიფიქრო, რაღაც პერიოდი მაინც, რომ თქვან, ეს ნოვაციააო.

121013163-793720384695636-8439580546299655073-n-1681203864.jpg

- ანუ თავის დასამკვიდრებლად დღეს მეტი ძალისხმევაა საჭირო, ვიდრე წლების წინ იყო?

- რა თქმა უნდა. ამიტომ დიდი შრომაა საჭირო, უფროსის მოსმენა, გამოცდილების გაზიარება. თუ დაიჯერებ, მე ყველაზე მაგარი ვარო, ვერაფრით განვითარდები.

- საკუთარი გამოცდილებით, რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს კარიერაში ახლა დგამენ?

- ყველაფერი უნდა სცადონ, სულ მოძრაობაში იყვნენ. თუ ფიქრობენ; ეს გავაკეთო? ის რას იტყვის? როგორ გამოვა? ვეტყვი, იშრომონ და გააკეთონ, საკუთარ თავს აუცილებლად იპოვიან. ინდივიდუალიზმი არ დაკარგონ, განათლების მიღება, კითხვა არ დაიზარონ. უფროსი თაობისადმი პატივისცემა და ზრდილობა აუცილებელია. შემიმჩნევია, ზოგიერთი უფროსებთან ბატონობით აღარ ლაპარაკობს; უფროსი რომ შემოდის, ფეხზე არ დგება. პირველ რიგში, უნდა იყო ადამიანი და მერე გინდ რეჟისორი იყავი, გინდა მსახიობი ან - ვინც გინდა. მსახიობის პირველი შემფასებელი მაყურებელია, კრიტიკოსის წერილი გვერდით რჩება, მნიშვნელოვანია რას ფიქრობს მაყურებელი შენზე.

თამუნა კვინიკაძე