"ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ მსგავსი არაფერი მჭირდა" - გზაპრესი

"ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ მსგავსი არაფერი მჭირდა"

ახლახან ბარბარა სამხარაძემ საკუთარი სიმღერა - Ocean Side პირველად გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად და დღითი დღე კიდევ უფრო მეტად პოპულარული ხდება... ბარბარასთან ინტერვიუ სწორედ ამ წარმატებული სტარტის თემით დავიწყეთ... 22 წლის მომღერალი ცხოვრების იმ დეტალებზეც გულახდილად გვესაუბრა, რის შესახებაც მანამდე საჯაროდ არ უსაუბრია...

- Ocean Side 2020 წლის მარტში დავწერე, როცა პანდემია იყო და ქალაქსა თუ სოფელში, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს მენტალური პრობლემები ჰქონდა, ზოგს - შესამჩნევი, ზოგს - შეუმჩნეველი. თავად ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ მსგავსი არაფერი მჭირდა, მაგრამ ფაქტია, შემოქმედებამ ჩემი ცოტათი ბნელი მხარე წარმოაჩინა (იღიმის)... პანდემიის გამო ყველაფერი რომ ჩაიკეტა, 6 თვე თბილისში, სახლში ვიყავი და მაღაზიაშიც არ ჩავსულვარ. განა მეშინოდა? უბრალოდ, არ მინდოდა. 4 კედელს შორის ყოფნა მომწონდა. ისეთი ავტორების წიგნებს ვკითხულობდი, რომლებმაც ბოლო წიგნი დაწერეს და თავი მოიკლეს... მოკლედ, საკუთარ თავს ვსტრესავდი... ერთ დილასაც აღმოვაჩინე, რომ სიმღერის შექმნა მინდოდა. ახლა ვხვდები, სიმღერას Ocean Side (ოკეანის მხარე) რატომ დავარქვი - არაცნობიერიდან ამოტივტივდა... მას მერე დაწერილ ჩემს სიმღერებში ფრაზას - My mind is screaming (ჩემი გონება ყვირის) ყველგან ვიყენებდი. თითქოს მინდოდა, ამ სიმღერით ხალხს შეემჩნია, რომ ის ადამიანი, ვისაც იცნობენ - მხიარული, პოზიტიური ბარბარა შეიძლება, ოკეანეზე "ღრმა" იყოს... ოკეანე შესწავლილი სადამდეცაა, იქამდე იციან. ადამიანიც ასეა: სადამდეც გიშვებს, იქამდე იცნობ, მაგრამ "იმის იქით" შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს... თავდაპირველად "იუთუბზე" "ყურსასმენების ვერსია" ავტვირთე. შემდეგ რატომღაც, ვიფიქრე, - მოდი, "ტიკტოკზე" მუსიკას ავტვირთავ და მისამღერს ვიმღერებ-მეთქი... ატვირთულ ვიდეოს 2 დღეში უკვე 100 ათასი "ნახვა" ჰქონდა! ახლა უკვე 600 ათასზე მეტია (იღიმის)... ყველა მიწერდა, - სიმღერის სტუდიური ვერსია ჩაწერეო. იმდენი ადამიანი დაინტერესდა, რომ ცოტათი შემრცხვა და 27 თებერვალს სტუდიური ვერსია მართლა გავაკეთე. გამოქვეყნება მალევე მინდოდა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში უსიამოვნო მოვლენები მოხდა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც პრობლემა შემექმნა... 19 მარტს გადავწყვიტე, რომ სიმღერის პრეზენტაცია 22-ში გამეკეთებინა. ჩემს საუკეთესო მეგობარსაც კი არ ვასმენინებდი - ჯერ ინტერნეტში უნდა აიტვირთოს და მერე მოუსმინე-მეთქი... ყველაზე საინტერესო ის არის, რომ როცა ვიდეო გამოვაქვეყნე, "ინსტაგრამზე" შეტყობინება მივიღე - თურმე, "ყურსასმენების ვერსიაც", რომელიც 2020 წელს ავტვირთე, იმავე დღეს - 22 მარტს გამომიქვეყნებია... მოკლედ, 3 წლის შემდეგ Oცეან შიდე ხელახლა დაიბადა. მეგობარს ხუმრობით ვუთხარი, - ატვირთვიდან 1 დღეში 10 ათასი "ნახვა" ექნება-მეთქი. როცა 0-დან იწყებ, ამდენი "ნახვის" დაგროვების სურვილი დაახლოებით იგივეა, რომ სასახლის აშენება 1 დღეში მოინდომო... ზუსტად 1 დღეში, ჩემს სიმღერას 13 ათასი "ნახვა" ჰქონდა. საოცრება იყო! მე და ჩემი მეგობარი ვისხედით და სტატისტიკას თვალს ვადევნებდით. უბედნიერესი ვიყავი, როცა ვხედავდი, რომ ვიდეოს ერთდროულად 34 ადამიანი უყურებდა, მერე ეს რაოდენობა 7 ათასამდე გაიზარდა და ემოციები დამიქვეითდა, - რა მჭირს-მეთქი?! სიმღერის გამოსვლიდან დამაწყნარებლებს ვსვამ (იცინის). ემოციები რთული სამართავია, მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდება ხოლმე... თან, ცუდი კომენტარი თითქმის არ მხვდება. აბსოლუტურად ყველა მინაწერს ვკითხულობ, ვიდეოებს ვნახულობ... "ტიკტოკზე" ამ სიმღერაზე უკვე 7 ათასზე მეტი ვიდეოა გადაღებული. ყველა - ვერა, მაგრამ რომელზეც მომნიშნეს, ის ვიდეოები ვნახე.

- აღნიშნე, ემოციების მართვა რთულიაო. მცირე ასაკის იყავი, როცა "ნიჭიერში" გაიმარჯვე, რაც ალბათ, არანაკლებ ემოციებთან იყო დაკავშირებული. როგორ გაუმკლავდი?

- "ნიჭიერის" შემდეგ დროც ხომ შეიცვალა, არა? 7-8 წელია გასული. ადამიანებიც შეიცვალნენ... დიდი ხანია, ხალხისგან ამხელა ყურადღება არ მიგრძნია, რასაც ახლა ვგრძნობ. თითქმის ყოველი მეორე გამვლელი მიყურებს და მიღიმის. რომ არ ერიდებოდეთ, ალბათ, ყველა ჩამეხუტებოდა, სახეზე ისეთი გამომეტყველება აქვთ (იღიმის)... "ნიჭიერში" მართლა მცირე ასაკში გავიმარჯვე, რამაც დღემდე მომიყვანა და ის ბარბარა შექმნა, როგორიც ვარ... ჩემთვის ის პერიოდიც ურთულესი იყო: წარმოიდგინეთ, 14-15 წლის მოზარდს იმხელა პასუხისმგებლობა გაქვს, რომ როცა ხალხი ქუჩაში გაჩერებს, უნდა გაუღიმო, რაც უნდა გტკიოდეს... ჩემს შემთხვევაში, ტკივილი დიდი დოზით იყო... დღეს რომ მითხრან, - ისევ ისეთ წარმატებას მიაღწევ და ისეთი რაღაცები უნდა გაიაროო, 100%-ით უარს ვიტყვი, რადგან დღეს ჩემი თავის იმედი არ მაქვს, რომ იმ გზას იმავე ემოციით და პასუხისმგებლობით გავივლი. საერთოდ, ჩემ მიერ წინ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს შავი ფონი აქვს. სულ ვცდილობ, ამ საკითხს ჩავუღრმავდე... დედაჩემმა ასეთი ახსნა მოუძებნა: ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით ისეთი ემოციური და მგრძნობიარე ვარ, რომ ხანდახან ცხოვრება სახეში შემომცხებს ხოლმე, - შენ რაზეც ნერვიულობ, რეალურად, ეგ კი არა, გაცილებით მეტად სანერვიულო რაღაცები არსებობს, რისი შეცვლაც არ შეგვიძლიაო. რომ დავუფიქრდი, ასეა... ამ სიმღერასაც დიდი შავი ფონი ახლდა, მაგრამ - ამად ღირდა. დედას სულ ვეუბნებოდი, - ნეტავ, ამ სიმღერამ ისეთი რა უნდა მომიტანოს, რომ ამ ყველაფრის გავლა და გადატანა გვიწევს-მეთქი? საბედნიეროდ, ბოლომდე გავედით...

1000003249-copy-1681204211.jpg

- რა გულისტკივილი ახლდა "ნიჭიერში" გამარჯვებას და ასევე, ახლა, შენი სიმღერის წარმატებას?

- საერთოდ, სატელევიზიო პროექტის მონაწილეები თავიანთი მწუხარებით სპეკულირებენ: ვიღაცას ახლობელი გარდაცვლილი ჰყავს, ვიღაცას - ემიგრაციაში... "ნიჭიერის" პერიოდში ჩემს ცხოვრებაში 2 ტრაგედია მოხდა, რომლის შესახებაც აბსოლუტურად არავის გაუგია. ამის შესახებ ჩემგან შემოქმედებით გუნდს არაფერი გაუგია. არ ვიცი, მერე საიდან შეიტყვეს... ნახევარფინალამდე 2 კვირით ადრე, ჩემი სკოლელი, მეგობარი გოგონა "გაზით" გაიგუდა... მისი დაკრძალვიდან მესამე დღეს ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი - ბებია (დედაჩემის დედა) გარდაიცვალა... დასაფლავებებიდან პირდაპირ გადაღებებზე მივდიოდი. ფაქტობრივად, რეპეტიციებზე ხელით დამატარებდნენ, - მეუბნებოდნენ, ნაბიჯი საით უნდა გადამედგა... ასეთი საშინელი პერიოდი გავიარე, მაგრამ ეს არავის უგრძნია... საფინალო სიმღერის - Let It Be კლიპი გამომიგზავნეს - პანაშვიდი იყო ასახული... ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრება, რაც მანამდე გავიარე, 1 კლიპში იყო მოქცეული... თუ დააკვირდებით, გამარჯვებულად რომ მაცხადებენ, ცრემლი არ მომდის - რეალურად, ის გამარჯვება არაფრად მიღირდა, რადგან ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად მგულშემატკივრობდნენ ("ნიჭიერში" სწორედ ბებიის გამო გამოვედი), ამქვეყნად აღარ იყვნენ. იცი, იმ პერიოდს რას შევადარებ? წიწაკა რომ ჭამო და თან, ტორტი დააყოლო - არც სიტკბო გრჩება პირში და სიმწარეც არ უფერულდება... ამ ყველაფერს პანიკური შეტევები მოჰყვა. როცა ქუჩაში გამოსულს ხალხი მეხუტებოდა, ჩემი ცუდიც და კარგიც ერთნაირად მამძიმებდა, პირღებინების საშინელი შეგრძნება მქონდა. მინდოდა თუ არა, ყველაფერზე უნდა მეცინა... საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვმგზავრობდი. მაშინ ჩემი სახლიდან ტელევიზიამდე 15 წუთის სავალი გზა იყო და სანამ იმ გზას გავივლიდი, დედა სამჯერ მირეკავდა - მამოწმებდა, კარგად ვიყავი თუ არა. ზოგჯერ რეპეტიციებზე დამყვებოდა. შენობაში არ უშვებდნენ. ამიტომ გარეთ, მანქანების სადგომზე, ქვაზე ჩამომჯდარი მელოდებოდა...

ახლანდელ სიტუაციას რაც შეეხება, სიმღერის გამოქვეყნება 3 მარტს მინდოდა, მაგრამ პირველ მარტს ბაბუა გარდამეცვალა... მერე, მისი დაკრძალვის დღეს, ოჯახის ახლობელი გარდაიცვალა... ჩემი იმუნიტეტი ისე დაქვეითდა, რომ ლამის ვირუსის ყველა სიმპტომი გამომივლინდა, ძალიან ცუდად ვიყავი. სოფლიდან თბილისში ჩამოვედი თუ არა, ტემპერატურამ ამიწია, ვერ ვსუნთქავდი, საუბარი მიჭირდა... რამდენიმე დღის შემდეგ ყურების ტკივილი დამეწყო. დღემდე, ცალ ყურში ნახევრად არ მესმის. სმენა ნელ-ნელა მიბრუნდება... ადამიანი რომ შემომხედავს, იფიქრებს, - როგორ შეიძლება, ამას დაბალი იმუნიტეტი ჰქონდესო? მაგრამ ჩემი ემოციები, რასაც ვერ გამოვხატავ, ჩემში ფეთქდება, მერე ეს ზვირთები ოკეანის ტალღებივით მოედინება და შემოქმედებაში ვლინდება... წეღან ვფიქრობდი, - ღმერთო დეპრესია როგორ ვინატრო, რომ კიდევ ასეთი სიმღერა შევქმნა-მეთქი (იცინის)?.. საერთოდ, ხელოვნება ბედნიერების ჟამს არასოდეს იქმნება. ხელოვნებას გრძნობა სჭირდება, რომ ვიღაცას დაანახვო, რას განიცდი... ამას წინათ ჩემი სიმღერის შესახებ ვიღაცამ დაწერა, - როგორ ყველაფერს უხდებაო... მართლაც, ყველანაირ ვიდეოს უხდება ფონად... დედაჩემი სულ ამას მეუბნება, - ვიცი, შენ უფრო დიდი მისია გაკისრიაო... იცი, ყველაზე მეტად რა მაბედნიერებს? ხალხი მწერს: ჩემი შვილი აუტისტური სპექტრის მქონეა, 4 წლისაა, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ შენს სიმღერას მღერისო; მოხუცს ვუვლი, რომელიც აგრესიულია, მაგრამ ამ სიმღერას ვასმენინებ და მშვიდდებაო; შვილი გარდამეცვალა, დეპრესიას ამ სიმღერით ვუმკლავდებიო... 22 წლის ასაკში, ამაზე მეტი ბედნიერება რა მინდა, მეტი რაღა უნდა გავაკეთო?! თან, ჩემი პირველი სიმღერაა... მოკლედ, არ ვიცი, ამ ყველაფრის ფონზე, საღ ჭკუაზე როგორ დავრჩები. ღმერთო, იმდენი წარმატება მომეცი, რაც ჩემს მენტალობას უარესად არ შეარყევს. ამ ყველაფრის გაანალიზება რთულია. თან, ამ ფონზე, უნივერსიტეტში უნდა ვიარო, ლექციაზე ვიჯდე, ვისწავლო... ლექტორი მეუბნება, - მხოლოდ სიმღერა გეყოფაო? - ჰოდა, რომ არ მყოფნის, აი, მოვედი-მეთქი (იცინის)...

- რომელ პროფესიას ეუფლები?

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებდა... ვფიქრობ, ჟურნალისტიკა ზუსტად ის არის, რაც რეალურად, მჭირდებოდა: ადამიანებთან საუბარი, კომუნიკაცია... არჩეული პროფესიით კმაყოფილი ვარ - მაბედნიერებს.

snow-20220119-222010-503-original-1681204223.jpg

- შენი მუსიკალური შესაძლებლობების რეალიზებას სად ახდენ?

- არსად ვმღერი. ონლაინსწავლების პერიოდში, მოსწავლეები მყავდა - ჩვენს ჯგუფს "ბარბის სტუდია" ერქვა... დღეს ბევრი მშობელი კიდევ მწერს - სტუდია გახსენი, გეხვეწები, ჩემი შვილი აამღერეო... მეც მირჩევნია, რაღაც საკუთარი შევქმნა და თუნდაც, მინიმალური შემოსავალი მივიღო, მაგრამ საკუთარ თავში იმდენ შესაძლებლობას აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ყველაფერი მარტივად მბეზრდება: ერთ საქმეს დავიწყებ, მივატოვებ, მერე სხვა რამეს ვიწყებ... ყოველ ეტაპზე, საკუთარ თავში რაღაც სიახლეს აღმოვაჩენ... ამჟამად, მხოლოდ ჩემი თავისთვის, ოთხ კედელს შორის ვმღერი. ძალიან მინდა, სიმღერებმა "წინ წამწიოს". ტელევიზიები მაშინ მიწვევენ, როცა ჩემი რეიტინგი მაღალია, პოსტს ბევრი "ნახვა" აქვს... მეც ჟურნალისტიკას ვსწავლობ, ვინ უნდა მომატყუოს, როდის მიწვევენ, როდის უნდათ გადაცემაში ბარბარა (იღიმის)? ან ზედმეტ წონაზე საუბრისთვის მიწვევენ, - მოდი, ისაუბრე, ხალხს დაუმტკიცეო... სიტყვით რაღა დავამტკიცო? ჩემი ისტორია მეტყველებს, რომ დავამტკიცე კი არა, მყარად ვდგავარ... კი, ტელევიზია კარგია, მაგრამ - იმ შემთხვევაში, როცა მე მჭირდება... მხოლოდ რამდენიმე ტელევიზიაში მივალ, სადაც მისვლა ჩემს გულს უხარია და არა - იქ, სადაც უბრალოდ, რეიტინგის "დადება" უნდათ. ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი, სადაც წამყვანებმა ჩემი გვარ-სახელიც არ იცოდნენ. ასეთ ტელევიზიაში როგორღა მივიდე (იღიმის)?!.

ეთო ყორღანაშვილი