"ბედნიერება სამშობლოს გარეშე იგივეა, რაც ფანჯრიდან დანახული გაზაფხული" - გზაპრესი

"ბედნიერება სამშობლოს გარეშე იგივეა, რაც ფანჯრიდან დანახული გაზაფხული"

ყველასთვის საყვარელი ცუცა კაპანაძე მეჩვიდმეტე წელია ამერიკაში ცხოვრობს. რამდენიმე წელი იქ კიდევ აპირებს დარჩენას, შემდეგ კი ალბათ თბილისში, თავის ძველ ბინაში დაბრუნდება. ირწმუნება, რომ ძალიან მოსწონს ქალაქი ბრუკლინი, თავისი პატარა, კოხტა ბინა, რომელიც მეგობართან, მანანა ჩიტაურთან ერთად აქვს ნაქირავები. უყვარს საქმე, რომელსაც სამშობლოდან შორს მყოფი ქართველი ბავშვებისთვის აკეთებს. უხარია მეგობრების გარემოცვაში ყოფნა, მაგრამ მისი ყველაზე სანუკვარი ოცნება მაინც საქართველოს უკავშირდება. უფრო ვრცლად ცუცა კაპანაძის ამერიკულ ცხოვრებასა და საქართველოსთან დაკავშირებულ მიზნებზე მსახიობი თავად გვესაუბრება.

- ნამდვილად არ მეგონა, ამდენ ხანს ამერიკაში დარჩენა თუ მომიწევდა. თუმცა ვიცოდი, რომ ძალიან მალეც ვერ დავბრუნდებოდი. დაზუსტებით კი იმის თქმა შემიძლია, რომ აუცილებლად დავბრუნდები მინიმუმ ოთხ და მაქსიმუმ ხუთ წელიწადში.

- როგორია თქვენი ამერიკული ცხოვრება?

- ქართული კულტურის ცენტრში ბავშვებთან ვმუშაობ. სხვათა შორის, ეს ქართული კულტურის პირველი ცენტრია, რომელიც ნიუ-იორკში შექმნა ჩემმა მეგობარმა ლიკა ბახტურიძემ და მისმა მეუღლე ვიქტორ სირელსონმა. როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე საბავშვო თეატრი გავაკეთეთ. ასევე შეიქმნა ნიუ-იორკის ქართული თეატრი უფროსებისთვის. ემიგრაციაში ყოფნისას ადამიანებს იოლად ემართებათ დეპრესია, მით უფრო, როდესაც საყვარელ საქმეს ვერ აკეთებენ. შეიძლება ითქვას, რომ თეატრმა არა მარტო პროფესიული საქმიანობის წყურვილი დამიკმაყოფილა, არამედ დეპრესიისგან მიხსნა და გადამარჩინა. საოცარ ენერგიას მაძლევენ ბავშვები, მაცოცხლებენ.

- რა ასაკის ბავშვებთან მუშაობთ?

- 3-დან 10 წლამდე ბავშვებთან, კვირაში ორი დღე ვმუშაობ. მადლობა ღმერთს, რომ ლევან კოღუაშვილმა გადამიღო ფილმში "ბრაიტონი-4", რომელიც "ოსკარზე" იყო წარდგენილი და ექვსი საუკეთესო ფესტივალის მთავარი პრიზი აიღო. სხვათა შორის, ის თბილისის კინოფესტივალზეც აჩვენეს... აქ მუშაობს ქართველი რეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე. ბრუკლინში მას სარეჟისორო კოლეჯი აქვს. 3 თუ 4 ფილმი გადაiღო და ერთ-ერთ მათგანში, რომელსაც "ნანა" ჰქვია, მთავარი როლი მაქვს. ამ ფილმმა კანადის კინოფესტივალზე გაიმარჯვა, ნიუ-იორკის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი და იქაც დაჯილდოვდა... ახლა ნოდარ მარშანიშვილი (ფილმების "ტიფლისასა" და "ქერჩის" რეჟისორი) იღებს ფილმს, სადაც მუსიკის მასწავლებლის როლი მაქვს და ბედნიერი ვარ, ამ ფილმში მერაბ ნინიძეც მიიღებს მონაწილეობას. გადაღებები ესპანეთსა და გერმანიაში იქნება.

- ე.ი. მთლიანად თქვენი პროფესიული საქმიანობით ხართ დაკავებული?

- არა, ჩემო კარგო, ასე არ არის... "კოვიდის" შემდეგ თეატრი თითქმის სამი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო. ახლა საქართველოდან ჩამოდის ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრის - "მოდი ნახე" მთავარი რეჟისორი ნუგზარ ბუცხრიკიძე. მოგეხსენებათ, მთელი "პა-სეანსელები" ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვართ, ჩემი საუკეთესო წლები იქ მაქვს გატარებული. ახლა რეზო კლდიაშვილის პიესას "იადონას თეატრს" დგამს. ეს ორკაციანი პიესაა. მამაკაცის როლს ასრულებს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი მერაბ მაისურაძე. ძალიან ნიჭიერი ადამიანია. შემოდგომაზე გვექნება პრემიერა. აქ ისე არ გამოდის, როგორც თბილისში, ყოველდღე რომ ვმუშაობდით თეატრში. ჩვენ აქ ყველას სხვა სამსახურიც გვაქვს, სხვაგვარად ვერ ვიარსებებთ. თეატრი და ქართული კულტურის ცენტრი ჩემი შემოსავლის წყარო არ არის, სულიერი საკვები, გადამრჩენია.

- თქვენი შემოსავლის წყარო რა არის?

- ბებია, როგორც ბევრი სხვა ქართველის.

- ჩემთან სატელეფონო საუბრისას შემთხვევით ქართველს შეხვდით ქუჩაში. ჩვენი თანამემამულეები ბრუკლინის ქუჩებში ასე მომრავლდნენ?

- წარმოუდგენელი რამ ხდება, აქ ძალიან ბევრი ქართველია. რატომაც არა?! ღმერთმა ამრავლოს ქართველი ყველგან, ამერიკაშიც და საქართველოშიც. მთავარია, თავიანთ ფესვებს არ მოსწყდნენ; არ დაივიწყონ, ვისი გორის არიან.

- როგორ ფიქრობთ, ამერიკაში მცხოვრები ბავშვები საკუთარი ფესვების შენარჩუნებას ახერხებენ?

- სხვათა შორის, ახერხებენ. მაგალითად, ჩვენი კულტურის ცენტრში 150 ბავშვია, მე კლასში 20 ბავშვი მყავს. ისინი ნამდვილად ძალიან დიდ ინტერესს ავლენენ ქართული კულტურის მიმართ. აქ ოთხი ქართული თეატრია - დიდების, თინეიჯერების, პატარების და ცალკე კიდევ მუსიკალური თეატრია.

- თინეიჯერები კარგი ქართულით თუ მეტყველებენ?

- ყველა გამართული ქართულით მეტყველებს. თითქმის ყველა ბავშვი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველ ზაფხულს საქართველოში ატარებს. მშობლები ყველანაირად ცდილობენ, ორი თვით მაინც გამოუშვან შვილები სამშობლოში. ეს ბავშვები საქართველოდან სულ სხვანაირები ბრუნდებიან და აღფრთოვანებული ჰყვებიან სამშობლოში გატარებულ თითოეულ დღეზე, იქ შეძენილ მეგობრებზე. ძალიან ბევრი მათგანი საკუთარ სამომავლო მიზნებს სწორედ საქართველოს უკავშირებს, რაც ძალიან მიხარია. ვერ გეტყვით, რომ აქ გაზრდილი ყველა ქართველი საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნდება, მაგრამ ნაწილი მაინც შეასხამს ფრთებს ამ ჩანაფიქრს.

- ხშირად გიწევთ ამერიკაში ჩასული ქართველი მეგობრების დახმარება?

- როდესაც ნაცნობ-მეგობრები მიკავშირდებიან და რჩევას მეკითხებიან, ვეუბნები, რომ დღეს ამერიკაში თავის დამკვიდrება ძალიან ძნელია, მით უმეტეს, როდესაც არც საბუთები გაქვს და არც ენა იცი. სწყინთ ამის მოსმენა. ფიქრობენ, რომ მე აქ კარგად მოვეწყვე და ახლა სხვების დარდი აღარ მაქვს ან რაღაც კაპრიზის გამო, მათი ჩამოსვლა არ მინდა. არა, ბატონო, ყველამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე უბრალოდ ვერავის მოვატყუებ, რაც სიმართლეა, იმას ვამბობ. ბოლო დროს ხშირია შემთხვევა, როდესაც ქართველები პრობლემებს ვეღარ უმკლავდებიან და უკან ბრუნდებიან. ძველებურად აღარც სამუშაო ადგილები იშოვება, აღარც ბინები. ამ ყველაფერთან ერთად, გაძვირებულია საკვები, საცხოვრებელი ფართობი, ყოველდღიური მოხმარების საგნები, მგზავრობა... ადრე მეტროს baraTi 55 დოლარი ღირდა, ახლა 130 დოლარი ღირს. გარდა ამისა, ახალჩამოსულ ადამიანს შეიძლება თვეობით მოუხდეს ერთ პატარა ოთახში, 5-6 კაცთან ერთად ცხოვრებამ.

cuca-1681204578.jpg

- ცუცა, თავად თუ გაგიჭირდათ მანდ თავის დამკვიდრება?

- ვიდრე საცხოვრებლად ჩამოვიდოდი, რვაჯერ ვიყავი ამერიკაში გასტროლით, თეატრიდან. ასე თუ ისე, რაღაც წარმოდგენა მქონდა ამ ქვეყანაზე. გარდა ამისა, მადლობა ღმერთს, რომ აქ მეგობარი დამხვდა. შეიძლება ითქვას, ლანგრით მომართვეს ყველაფერი. ჩემი მეგობრის სახლში, მანჰეტენზე ვცხოვრობდი, ქირას არ ვიხდიდი, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი, თეატრში დავდიოდი... ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიჭირდა... ზოგიერთს შორიდან იოლი ეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში რთულია ემიგრაციისთვის დამახასიათებელ სირთულეებთან გამკლავება. დიდი მადლობა ამერიკას, ამ ქვეყანამ შემიფარა, გამომკვება, ბევრი სიკეთე დამანახვა, მაგრამ მე უნდა დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში და იქ ვაკეთო ჩემი საქმე.

სხვათა შორის, ერთ-ერთ მუსიკალურ სპექტაკლში სამოცი წლის ემიგრანტ ქალბატონს განვასახიერებ, რომელიც საკუთარ თავს პირობას აძლევს, რომ აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ბოლოს ასეთ რამეს ამბობს - ბედნიერება, სამშობლოს გარეშე ეს იგივეა, რაც ფანჯრიდან დანახული გაზაფხულიო. არა, მე ჩემი გმირისგან განსხვავებით, მართლა დავბრუნდები ჩემს სახლში!

- ალბათ დროდადრო ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას.

- იშვიათად ჩამოვდივარ, როდესაც გადაღებები მაქვს და მაშინაც დიდხანს ვერ ვრჩები.

- განტვირთვისთვის, პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩებათ დრო?

- ამის გარეშე როგორ შეიძლება?! გათხოვებას არ ვაპირებ. ჩემი ყველაზე დიდი გართობა ახალი სპექტაკლის ნახვა და მეგობრებთან ერთად ბარში წასვლაა.

- საქართველოში დაბრუნებისას სად აპირებთ ცხოვრებას?

- სოლოლაკში, ჩემს ერთოთახიან ბინაში, მეტი არც მჭირდება. ხშირად ვივლი ჩემს საყვარელ ზემო იმერეთში, საჩხერეში - იქ, სადაც ჩემი დიდი ოჯახია და სადაც სიყვარულით მელოდებიან.

ხათუნა ბახტურიძე