გენერალ მაზნიაშვილის ლეგიონის ახალწვეული და საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი - გოგონა "ცუდი ხუმრობებით" - გზაპრესი

გენერალ მაზნიაშვილის ლეგიონის ახალწვეული და საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი - გოგონა "ცუდი ხუმრობებით"

ნინი ზერეკიძე ტელემაყურებელმა "ნიკოს შოუდან" "ცუდი ხუმრობებით" გაიცნო. 19 წლის ნინი საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის ახალწვეული გახლავთ... როგორ მოხვდა ტელევიზიაში, ამის შესახებ თავად გვიამბობს.

- უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, "ქართული ლიგის" (მხიარულთა და საზრიანთა კლუბი) გუნდში გავწევრდი. სცენაზე ჩემი დებიუტი იქ შედგა და წარმატებით დასრულდა - "საუკეთესო გოგო მონაწილედ" დამასახელეს, ლიდერების კონკურსში გავიმარჯვე... შემდეგ "იუმორინიდან" შემოთავაზება მივიღე - "ქართული ლიგის" ნაკრები გუნდი უნდა გამოსულიყო. გუნდი შევკარით და მაყურებლების წინაშე 5-10-წუთიანი ნომრით წარვდექით... ჩემთვის ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისეთ ადამიანებს შევხვდი, რომლებსაც მხოლოდ ტელეეკრანზე ვხედავდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მათ პირადად შევხვდებოდი და მით უმეტეს, ვესაუბრებოდი. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ნიჭიერი ვარ და ყველაფერი კარგად გამომდის. უნიჭიერესი ხალხისგან ამის მოსმენა გულისამაჩუყებელიც იყო და ძალიან გამომადგა კიდეც, რადგან ჩემს შესაძლებლობებში უფრო მეტად დავრწმუნდი - ისეთი რაღაცები შემიძლია, რასაც ვერ წარმოვიდგენდი... მერე უკვე სამსახური შემომთავაზეს - ტელევიზიაში სცენარისტად მუშაობა დავიწყე. ძალიან მომწონს რასაც ვაკეთებ. გამოცდილებასაც ვიძენ და ნელ-ნელა ვვითარდები. პროფესიონალად არავინ იბადება. ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების არეალი გავაფართოო, ცხოვრებაში მეტს მივაღწიო.

- ე.წ. ცუდ ხუმრობებს "ნიკოს შოუსთვის" თავად წერ?

- თავდაპირველად ტელევიზიაში რომ მოვედით, გარკვეული თემები გვქონდა მოცემული, რომლებზეც უნდა გვემუშავა. საერთოდ, ხუმრობებს ყველანი ცალ-ცალკე ვწერთ, შემდეგ ერთიანად ვკითხულობთ. მერე "ვცხრილავთ": კარგ ხუმრობებს ვტოვებთ, ცუდს - ვშლით... თავდაპირველად, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, ხუმრობა რა მიმართულებით, როგორ დამეწერა და რაზეც თავად მეცინებოდა, ის დავწერე. ჩემი უფროსი - ბატონი ზვიად ბლიაძე რომ შემოვიდა, უბედნიერესი ვიყავი: ვიფიქრე, ახლა ჩემ მიერ დაწერილ მაგარ ხუმრობებს წავუკითხავ და შემაქებს, - ვაუ, ეს რა კარგი რაღაც დაგიწერია, ყოჩაღო! ინიციატივა გამოვიჩინე და ხუმრობების კითხვა პირველმა დავიწყე. ვკითხულობდი და ისე ვიცინოდი, რომ ცრემლები მომდიოდა. ყველა ჩუმად იყო... მერე ყველამ იმაზე დაიწყო სიცილი, რომ ჩემს სულელურ ხუმრობებზე თავად მეცინებოდა. საერთოდ, ჩვენი უფროსი ხშირად არ იცინის. სულ გვეუბნება, - სერიოზულად რომ იფიქრებ, იუმორი კარგი გამოდის, ყველაფერი სიცილ-ხარხარით არ კეთდებაო. ხშირად კარგ ხუმრობაზეც არ იცინის. უბრალოდ გვეუბნება, რა არის კარგი და რა - ცუდი. ჩემს სიცილზე, ხუმრობების მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე იმდენი იცინა, რომ ზუსტად 5 წუთში მითხრა, - ასეთი იდეა მაქვს: ისეთი ხუმრობები დაწერე, როგორსაც წერ ხოლმე და უბრალოდ, "ნიკოს შოუში" ხალისიანად, ბედნიერად შედი, ეს მუხტი ყველას გადასდეო. ბატონი ზვიადი ყველა სცენარისტს ეუბნება, რა დაწეროს, რა თემაზე იფიქროს, მე კი - როგორც ფიქრობ, ისე დაწერეო, - ანუ მიმართულებას არ მეუბნება, რადგან ისედაც იცის, რომ კარგ ხუმრობებს ვერ დავწერ... ინტერნეტში ჩემი ვიდეოების შესახებ კომენტარებს თვალს ვადევნებ. ამბობენ, - ეს როგორი იუმორია? ამას ჰგონია, სასაცილოაო?!. ვერ ხვდებიან - სასაცილო ისაა, რომ სასაცილო არ არის (იცინის). უარყოფითი კომენტარების გამო ზოგჯერ გული მწყდება, მაგრამ მერე ვფიქრობ, ესეც საჭიროა: რაღაცას რომ აკეთებ, ამას ხალხისგან დადებითი დამოკიდებულებაც მოჰყვება და უარყოფითიც. ჩემი საქმე ბედნიერებას მანიჭებს. ბევრი მაყურებელი მეუბნება: "ნიკოს შოუში" შენი შესვლის ეპიზოდს ველოდებით, რომ გემრიელად ვიცინოთო. რეპეტიციის გავლის გარეშე შევდივარ: რეალურ ცხოვრებაშიც სწორედ ისეთი ვარ, როგორიც ეკრანზე. სიცილისთვის სპეციალურად მომზადება არ მჭირდება - შევდივარ და უკვე მეცინება, რადგან ჩემი ხუმრობები უნდა წავიკითხო. თავიდანვე დადებითად განწყობილი ვარ.

- გქონია შემთხვევა, როცა გადაცემის სტუმრებს შენი ხუმრობა ვერ გაუგიათ?

- ხშირ შემთხვევაში იგებენ და ამყვებიან ხოლმე, ერთად ვხალისობთ. 1-2 შემთხვევა იყო, როცა ვერ გაიგეს. გააჩნია, სიტუაციას როგორ შეხედავ: ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ვინმეს დავცინი და აბუჩად ვიგდებ. წამყვანი რომ ამბობს, - ახლა ჩვენი სცენარისტი შემოვა, რომელსაც ჰგონია, რომ ძალიან მაგარი ხუმრობები აქვს, მაგრამ რეალურად ასე არაა, თუმცა თავად ეცინებაო, ყველამ ამ მიმართულებით რომ იფიქროს, ყველაფერი უფრო თვალსაჩინო იქნება.

336680749-972972504077203-1430529998134408426-n-copy-1681205053.jpg

- იუმორის სფეროში მუშაობ და ისეთ ხუმრობებს წერ, რომლებიც ცუდ ხუმრობებად მიიჩნევა. თავდაპირველად ამ იდეამ ხომ არ დაგაკომპლექსა?

- შინაგანად ისეთი ვარ, რომ არაფერი არ მაკომპლექსებს. ყველაზე მეტად ჩემი ბუნება მეხმარება - სულ ვცდილობ, ადამიანს ბედნიერება მივანიჭო. ხშირად უბრალოდ, სიცილი დამიწყია და ეს ემოცია ყველას გადასდებია. ვერ ვიტყვი, მაგარი იუმორისტი ვარ-მეთქი, უფრო მეტიც - თავს იუმორისტადაც ვერ მივიჩნევ. უბრალოდ, საკუთარ თავს დავახასიათებ როგორც დადებით პიროვნებას, რომელიც ცდილობს, თავისი ემოციები ყველას გაუზიაროს და გააბედნიეროს.

- შენთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი რომელი სტუმარი იყო?

- ლევან საგინაშვილი, იგივე ბატონი ჰალკი (იცინის). გადაღება დაწყებული არ იყო, როცა დავინახე თუ არა, მასთან მივედი, - ვაიმე, ბატონო ჰალკო, რა საყვარელი ბრძანდებით-მეთქი!.. ეგონა, კამერები გვიღებდნენ... ჩემ მიმართ მაშინვე ძალიან დადებითად განეწყო. თან ვფიქრობდი, - რამე "ისეთი" რომ ვუთხრა, ხომ არ ეწყინება-მეთქი? ვიცი, ცოტათი ფეთქებადი ხასიათი აქვს და არ მინდოდა გამებრაზებინა - "ერთი ხელის დარტყმა ვარ" (იცინის)... ეს სტუმარი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, რადგან ხუმრობაში კარგად ამყვა. მართლა გულწრფელად ეცინებოდა. სიმღერაც - "მე ვარ ერთი ციდა" - წესით, არ უნდა შეესრულებინა, მაგრამ ძალიან მინდოდა, ემღერა - ვიცოდი, საყვარელი იქნებოდა. ამაშიც ამყვა (იცინის)...

- ნინი, უნივერსიტეტში რომელ პროფესიას ეუფლები?

- ჩემ გარშემო უკვე ყველამ რომ იცოდა, ვინ რა პროფესიას დაეუფლებოდა, მე ისევ გაურკვევლობაში ვიყავი. ამის გამო უხერხულობასაც ვგრძნობდი. გადავწყვიტე, ჩემს დადებით და უარყოფით მხარეებზე დავფიქრებულიყავი და გამერკვია, რაში ვარ ძლიერი... სულ იმას ვამბობ, რომ ძლიერი ვარ ადამიანებთან ურთიერთობაში. არ ვიცოდი, საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნება რაში შემეძლო. გადავწყვიტე, ისეთ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, სადაც ყველა არ აბარებდა და კადრებთან დაკავშირებული მოთხოვნა მაღალი იყო: საავიაციო უნივერსიტეტში საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტს ვსწავლობ. სატელევიზიო სივრცეში თუ მოვხვდებოდი, არ მეგონა, - თითქოს ტელევიზიაში ჩემი სფერო ვიპოვე, მაგრამ ამავდროულად, უნივერსიტეტშიც საინტერესო პროფესიას ვსწავლობ. ბორტგამცილებელთა კურსების გავლაც მინდა. საერთოდ, საავიაციო სფერო ძალიან საინტერესოა... ვცდილობ, სანამ ახალგაზრდა ვარ და შემიძლია, ბევრ სფეროს "მოვედო". გამოცდილებას ვაგროვებ, რაც შემდეგ საკუთარი თავის რეალიზებაში დამეხმარება.

- ბავშვობაში სცენაზე, ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება გქონია?

- არასოდეს. ამაზე არც ვფიქრობდი. 16-17 წლის ვიყავი, როცა ბავშვთა გასართობ ცენტრში დავიწყე მუშაობა. ჩემთვის ესეც ძალიან უცხო იყო. ზოგს წელიწადიც კი დასჭირვებია, რომ ცენტრში წამყვანის პროფესიას დაუფლებოდა, მე კი მისვლიდან 1 კვირაში უკვე დაბადების დღის წვეულებაზე სამუშაოდ გამიშვეს. მენეჯერი თან მახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თამაში არასწორად ავხსენი, ყველაფერი ამერია, მუსიკაც გამომერთო და ბევრი პრობლემა შემექმნა, ოფისში დაბრუნებულმა მენეჯერმა ჩემ შესახებ უფროსს უთხრა, - ყველაფერი აერია, მაგრამ დაბადების დღეზე ამდენი არასოდეს მიცინია და ასე არასოდეს გავრთობილვარო... ეს ჩემთვის ხალხთან ურთიერთობის, თავის გამოხატვის პირველი ეტაპი იყო. გასართობ ცენტრში დაახლოებით 2 წელი ვიმუშავე. დიდი გამოცდილება მივიღე: სასცენო, სამსახიობო...

- შენი ოჯახის შესახებაც გვიამბე.

- 2 და მყავს. მე შუათანა ვარ. უფროსი და მალე დაოჯახდება. სასტუმროს მართვის სპეციალისტი გახლავთ. დედაჩემიც ამ მიმართულებით მუშაობს. უმცროსი და სკოლის მოსწავლეა. უნდა ინგლისური ენის ფილოლოგი გახდეს. ოჯახის წევრებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. არასდროს დამავიწყდება: დედამ ჩემი პირველი ვიდეო რომ ნახა, ცრემლები მოსდიოდა. ყველას დაურეკა, - უყურეთ ჩემს შვილს, ნახეთ, რა ლამაზი იყოო (იღიმის)!.. მანამდე, "ქართული ლიგის" თამაშის ფინალზეც იყო მოსული. მართლა არ ვიცოდი და არ ველოდი, თუ "საუკეთესო გოგო მონაწილედ" დამასახელებდნენ. ჩემი გვარ-სახელი რომ დაასახელეს, დედა სიხარულისგან ტიროდა. თან, აღნიშნეს - ჩვენ ასეთი კარგი გოგო არ გვინახავს, მაგარ გუნდებს მოუგო, მით უმეტეს - პირველად მონაწილეობდაო. დედამ ეს სიტყვები რომ მოისმინა, სიამაყით ლამის დაფრინავდა (იღიმის). სულ ვცდილობ, ჩემი წარმატებით დედა გავაბედნიერო. დებიც მგულშემატკივრობენ. მამა საზღვარგარეთაა და თვალყურს იქიდან მადევნებს. ისიც სიამაყითაა სავსე... შინ 2 ლოკოკინა (აქატინა) და 1 ძაღლი მყავს.

- რომანტიკულ ურთიერთობებში როგორი ხარ?

- ძალიან კარგი (იცინის). ტოქსიკური ურთიერთობები არ მიყვარს. თავადაც არ ვარ ტოქსიკური. პრობლემას ყოველთვის გაგებით ვეკიდები. სულ ვცდილობ, მომავალზე ვიფიქრო, წარსულს არ ვიხსენებ. ეს რომანტიკულ და საერთოდ, ნებისმიერ ურთიერთობაში მეხმარება. ცუდი ხასიათიც არ მაქვს, პირიქით... ამჟამად ზედმეტად დაკავებული ვარ. ვფიქრობ ხოლმე, რომ როცა ადამიანი პირად ურთიერთობას გადაწყვეტ, ამისთვის დრო უნდა გქონდეს, თორემ, რაღაც რომ დავიწყო, მერე კი შესაბამისი ყურადღება ვერ დავუთმო, საკუთარ თავს დავადანაშაულებ. ამიტომ ვცდილობ, ჩემი მიზნები ბოლომდე წარმატებით განვახორციელო, შემდეგ კი ვნახოთ...

- თავისუფალ დროს რას აკეთებ?

- მიუხედავად იმისა, რომ ყოველი დღე "გაწერილი" მაქვს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონში დავრეგისტრირდი - ახალწვეული ვარ. სხვადასხვა თემატიკის (დაზვერვა, შენიღბვა, სალაშქრო...) საველე გასვლები გვაქვს. წინა გასვლისას ტალახში ვიხოხეთ, ვირბინეთ (15 კმ). ეს სამხედრო სფეროსთვის შემზადებასავით იყო. იმ ცხოვრებას გარკვეულწილად მაინც ვეზიარეთ, რასაც სამხედროები გადიან... ორთვენახევრიანი კურსია, რომლის დასრულების შემდეგაც სიგელსაც გაძლევენ. თუ თავს გამოიჩენ, ძალოვანი სტრუქტურებიდან, თავდაცვის სამინისტროდან შეთავაზებასაც მიიღებ - სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიებია.

334395498-738085804422135-8759354497785215120-n-copy-1681205042.jpg

- სამხედრო სფეროს მიმართ ინტერესი რამ გაგიღვიძა?

- უცნაური პიროვნება ვარ. ხომ შეიძლებოდა, უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მშვიდად მესწავლა, არა?.. რაღაც გამოჩნდება თუ არა, მინდა, ყველაფერი ვცადო! წინათ, ვინმეს რომ ეთქვა, - სიცხეში 15 კილომეტრს ტალახში, მდინარეში გაივლი, იხოხებ, წყლისა და საკვების გარეშე გაძლებო, - ვეტყოდი, - არა-მეთქი. ახლა, როცა ეს უკვე გავაკეთე, მივხვდი, - კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია! მხოლოდ ფიზიკურად კი არა, მენტალურადაც სიძლიერე გამოვიჩინე, საველე გასვლისას ისეთი ამბები გამოვიარეთ (იღიმის)... ამიტომ, სადაც უნდა ვიყო, მიღებული გამოცდილება უფრო და უფრო მაძლიერებს, ყველა სფეროში მადგება, მეტად თავდაჯერებული ვხდები. ვფიქრობ, იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე მგონია... ასევე, საავიაციო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ვარ: წელს უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა (მოგების შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ვიკავებდი)... უნივერსიტეტიდან სხვადასხვა აქტივობაში ვარ ჩართული: რაგბის "უნივერსიადა", ინტელექტუალური თამაშები, მაგალითად - "რა? სად? როდის?" და ა.შ.

ეთო ყორღანაშვილი