ნინო ჭელიძე: „მერწმუნეთ სკანდალები არ მიყვარს“ - გზაპრესი

ნინო ჭელიძე: „მერწმუნეთ სკანდალები არ მიყვარს“

„..შევძელი, რომ ბავშვობის ოცნებები აღარ მაქვს, ყველა ავისრულე, ყველაფერი რეალობად ვაქციე... წარმატების რეცეპტი მარტივია და არანაირი წარმატების საიდუმლოც არ არსებობს - მთავარია იცოდე, მიზანი რა არის და იმოძრაო თუნდაც მცირე-მცირე ნაბიჯებით ამ მიზნისკენ“, - ამბობს ფოტოჟურნალისტი ნინო ჭელიძე. მისი ცხოვრება მეტად მრავალფეროვანია, რომლის შესახებაც ვრცლად და გულწრფელად გვესაუბრა...

- როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

- 90-იანები ტკბილად მახსენდება, რადგანაც ბავშვობა იყო. ამჟამად უკეთესად ვცხოვრობთ... რეალურად, როგორც თბილისელების უმრავლესობა, ისე ვცხოვრობდით: მძიმე პირობებში. ზოგჯერ, სკოლიდან დაბრუნებული მაცივრის ღია კარს ვხედავდი, რადგან ის ცარიელი იყო. ნათხოვარი წიგნებით ვსწავლობდი, რომელსაც ვუვლიდი, ვაკრავდი, ვაწებებდი, რადგან მერე იმისთვის მიმეცა, ვისაც წიგნები არ ჰქონდა. მეც, როგორც უმრავლეს ბავშვს, სხვისი გამოცვლილი ტანსაცმელი მეცვა. ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი და გაკვეთილებს ლამპის შუქზე ვამზადებდი. ზოგჯერ ნავთი არ იყო და ვცდილობდი, მთვარის შუქზე წამეკითხა.

არასდროს დამავიწყდება პირველი ზეიმი: თბილისის ომის პერიოდი იდგა. საშინელ გაჭირვებას გაუთავებელი სროლები და სიკვდილის შიში დაემატა. წარმოიდგინეთ, სროლის ხმა "იავნანასავით" მქონდა ძილის წინ... მეზობელმა თეთრი ქსოვილისგან კაბა შემიკერა, რომელსაც ბზინვარებისთვის ნაძვის ხის დანაყული სათამაშოები დაუმაგრა. მაშინ ეს მიღებული დიზაინი იყო, საზეიმო კაბაზე ნაძვის ხის წვიმებსაც ვამაგრებდით.

ზეიმის დღეს კი გაირკვა, რომ სკოლა დაცხრილეს და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო არ იყო - ასე ჩაიშალა ჩემი პირველი ზეიმი. მაშინ არ ვიცოდი სამოქალაქო ომი რას ნიშნავდა, მხოლოდ სროლის ხმა მესმოდა და ამბები სიკვდილზე, ძარცვაზე...

კიდევ ერთი ამბავი ჩემს პირველ ძაღლს უკავშირდება. ვისაც ცხოველი ჰყავს, დამეთანხმება, როგორი მტკივნეულია ცხოველის სიკვდილი, მით უფრო, ბავშვისთვის, რომელმაც ლეკვი გაზარდა. მახსოვს, დედამ როგორ ჩამისვა კალთაში და ნელ-ნელა შემომაპარა მისი სიკვდილი. პატარაობისას მჯეროდა, რომ ძაღლები, რომლებიც ადამიანებს არ ჰკბენენ, სამოთხეში ხვდებოდნენ... ძაღლები დღესაც მყავს.

- განსაკუთრებით საყვარელი საგნები, პედაგოგები, შემდეგ სტუდენტობა როგორ გახსენდებათ?

- იცით, დღემდე ყოველ წელს ფეხით გავდივარ სკოლამდე მისასვლელ გზას. სკოლა სახლიდან საკმაოდ შორს იყო. საოცარი სიმშვიდე და ნოსტალგია მეუფლება მაგ დროს. მიხარია, როცა ჩემს მასწავლებლებს ქუჩაში ვხვდები. ამას წინათ კლასელმა მითხრა, შენ სკოლაშივე იცოდი, რაც გინდოდა. სულ ამბობდი, ჟურნალისტი უნდა გამოვიდეო და იმ საგნებს სწავლობდი, რაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებოდა. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვდა და დედაჩემთან რომ გადავამოწმე, გაოგნებული დავრჩი. თურმე ბავშვობის ოცნება ყოფილა.

ჩემი ოჯახის მადლიერი ვარ, განათლება რომ მომცეს. რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი გვაქვს დამთავრებული მეც და ჩემ დასაც... საერთაშორისო ურთიერთობები, ინფორმაციული ტექნოლოგიები და მარკეტინგი შევისწავლე... ჟურნალისტიკა არ მისწავლია, მაგრამ 14 წელია, მედიაში ვარ.

ყველაფერს იკლებდნენ, ჩვენთვის სწავლის ფული რომ გადაეხადათ. უფრო მეტიც, ჩემი ბებია-ბაბუაც ხელს მიწყობდნენ. მახსოვს, სტუდენტს ბებია ლოგინში მომართმევდა ხოლმე საჭმელს. სახლს კი არა, საკუთარ ნივთებსაც არ ვალაგებდი. სწავლის გარდა დროს არაფერზე მახარჯვინებდა. ორ ინსტიტუტში ერთდროულად ვსწავლობდი და მთელი ოჯახი მეხმარებოდა.

საკმაოდ დიდი ვიყავი, ბებია რომ გარდაიცვალა. ხომ იცით გამოთქმა, ბებია როცა აღარ არის, ბავშვობა მაშინ მთავრდებაო და მართალი ყოფილა. ჩემი ბავშვობა იმ დროს დასრულდა, როცა აღარც ბებია მყავდა და აღარც ბაბუა.

- პირველი სამსახური...

- ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება უკვე 6 წელია, ფოტოგრაფიაა. სხვათა შორის, "პალიტრანიუსში" ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და მას შემდეგ ფოტორეპორტაჟებს ვამზადებ.

ერთ ამბავს გავიხსენებ: უკვე მეორე უნივერსიტეტში მისაღები გამოცდა ბაბუაჩემის გასვენებას დაემთხვა... ბაბუა ხელოვანი ადამიანი იყო, თეატრში მუშაობდა, ხატავდა, ფოტოებს იღებდა და იმ დროისთვის რაც იშვიათი იყო, უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული მეორე მსოფლიო ომამდე. მას ოპერასა და თეატრში დავყავდი. ყოველთვის მომწონდა ხელოვნება, მაგრამ ჩემს თავში ვერაფრის ნიჭი ვერ აღმოვაჩინე...

ოთახში მასთან გამოსამშვიდობებლად შევედი, მერე გამოცდაზე უნდა წავსულიყავი და მაშინ ბაბუას შევპირდი, აუცილებლად შემოქმედებით ინდუსტრიაში ვიქნები-მეთქი. თუმცა, არ ვიცოდი, ეს როგორ მოხერხდებოდა. წლების შემდეგ მივხვდი, რომ შემეძლო მომენტი აღმექვა როგორც გადასაღები კადრი და კომპოზიციების სილამაზე დამენახა. ასე გაიღვიძა ჩემში ფოტოგრაფმა.

- როგორც ჟურნალისტს, რა გახსენდებათ განსაკუთრებულად?

- ჟურნალისტიკაც საკმაოდ სტრესული პროფესიაა, როცა ეპიცენტრში გიწევს ყოფნა ან მძიმე სოციალურ თემებზე მუშაობა. სულ მახსენდება ერთი ბებოს ამბავი: დაახლოებით 15 წლის წინ მარკეტის წინ ვნახე, გამოწკეპილი, სუფთად ჩაცმული, მორიდებით მოწყალებას ითხოვდა. აფხაზეთიდან დევნილი აღმოჩნდა, წყნეთში დევნილების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ომის მძიმე ისტორიებს მომიყვა. როგორ ჰყავდათ ტყვედ აფხაზებს (თუ სწორად მახსოვს, კერძების მოსამზადებლად). საქონლის ახალმოკვეთილი თავი სამზარეულოში ჩამოუკიდეს და ქალებისთვის უთქვამთ, თუ გაქცევას დააპირებთ, ყელს ასე გამოგჭრითო...

შემდეგ, ისევ შინაური აფხაზების დახმარებით დააღწია მათ თავი, სვანეთის გზა გადმოიარა და აქ მძიმე პირობებში ცხოვრობდა. თავგადასავლის მოყოლის შემდეგ მკითხა, - შვილო მალე დავბრუნდებითო? და იცით, რა დამემართა? გავიყინე!.. მახსოვს მისი აცრემლებული, თბილი, ცისფერი თვალები და ვუთხარი, ალბათ ასე, 5 წელიწადში-მეთქი და ვერ წამოიდგენთ, როგორ გაუხარდა. ძალიან ხშირად მახსენდება ის ბებო. მრცხვენია, რომ მოვატყუე და თან ვფიქრობ, რომ სხვა გზა არ მქონდა, არ მინდოდა მისთვის იმედი მომეკლა.

- გვიამბეთ ფილმებში მონაწილეობის შესახებ...

- ერმალო მაღრაძის ფილმში მონაწილეობა ძალიან მინდოდა და ეს პირდაპირ ვუთხარი. ფილმში ჟურნალისტი ვითამაშე. იცით, როგორი კაცი იყო ერმალო? მეოცნებე. ადამიანი, რომელსაც საკუთარი ოცნებები ჰქონდა და არ ნებდებოდა. ყველანაირი რესურსით ცდილობდა მიზნის მიღწევას, ნებისმიერ პირობებში და ასაკში, უბოროტო, ბავშვის გულით... ამიტომ ერმალოვ შევარქვით. ადამიანური სიყვარული იყო ბატონო ერმალო. მისი ფილმის პრემიერებზე დარბაზი ახალგაზრდებით ივსებოდა. ზოგიერთები გიჟდებოდნენ, „თეას“ პრემიერაზე ამირანის ორივე დარბაზი რომ გაავსო. ბილეთი ძლივს ვიყიდე. ყველაზე დიდ წარმატებას სიბერეში მიაღწია. გასაოცარი ბიოგრაფია აქვს. მე "ქართული კინოს ფიროსმანი" შევარქვი. არც დაფინანსება ჰქონდა, კამერა, კომპიუტერი აჩუქეს - ისე იღებდა, როგორც შეეძლო, მაგრამ იღებდა. ამერიკაში რომ დაბადებულიყო, მის ბიოგრაფიაზე ფილმს გადაიღებდნენ. გული დამწყვიტა მისმა გარდაცვალებამ.

- რამდენჯერმე გაეხვიეთ სკანდალში... კესარიასთან დაპირისპირება, თქვენი პოსტი გივი სიხარულიძის შესახებ, სადაც ძალადობაში ამხელდით...

- დამიჯერეთ, სკანდალები არ მიყვარს, რადგან ამას ჩემი სამუშაო დრო მიაქვს, შეიძლება საქმე დავაზარალო. ხშირი ყურადღებაც დისკომფორტია ჩემთვის. მღლის, მაცდენს...

საქვეყნოდ ცნობილია, რომ მე ჰომოფობი არ ვარ და თანასწორობას ვუჭერ მხარს. როდესაც პოლიტიკურ გადაცემაში კესო ჩაერთო, დაიწყო საუბარი, რომ ლამაზი ქალია. გვაჩვენებდა, სადღაც რესტორანში რა კარგ დროს ატარებს, რას სვამს, ბიჭებთან ერთადაა, როგორ დადის სილამაზის სალონებში და ფილტრების გარეშეც მომხიბვლელი ქალია... სიმართლე გითხრათ, მაგ დროს რაღაცნაირი თანაგრძნობა გამიჩნდა მის მიმართ. რომ გავიაზრე, კესოს სჭირდებოდა ამ ყველაფრის ასე საქვეყნოდ წარმოჩენა და მტკიცება, რომ ქალია, ლამაზია, კარგად ერთობა. შემდეგ გამოიყენა ის სიტყვები, რაც მაყურებელმა მოისმინა და განმარტა, რომ ეს მისი ჩვეული ლექსიკაა ეთერებშიც კი. ჩემთვის ცუდი ტონი იქნებოდა, ამაში რომ ავყოლოდი. ამიტომ არანაირი რეაქცია არ გამომიხატავს არც ეთერში და არც შემდგომ... რაც შეეხება გივი სიხარულიძეს, მასზე საუბარი საერთოდ არ მინდა...

იცით, შეიძლება ვიღაცებს მეც არ ვუყვარდე, რაც ბუნებრივია. არიან სოციალურ ქსელებში ადამიანები, საერთოდ უცხოები მოგადგებიან და ჭკუას გასწავლიან. იცით, როგორ რჩევებს იძლევიან? აი, ასე კი არ უნდა დაგეწერა, არამედ ასეო. მე ეს დიდი თავხედობა მგონია, როცა რჩევას არ გეკითხებიან და ცხვირს ყოფ.

- როგორც მოდელს, ულამაზესი ფოტოსესია გქონდათ...

- იური აკოპოვი ის ფოტოგრაფია, ვისაც ევროპის ჯილდო აქვს მიღებული. ერთი შეხედვით ერთმანეთის კონკურენტები ვართ, მაგრამ სხვადასხვა ჟანრში ვმუშაობთ. რამდენიმე კადრის დადგმის იდეა ჩემი იყო, განათებები და ტექნიკური მხარე - იურისი. არც მიკვირს ასეთი რეზონანსი რომ მოჰყვა, ბოლოს და ბოლოს, ორი პროფესიონალი ვართ და გადაღების პროცესში ერთმანეთის კარგად გვესმოდა. იურის ვუთხარი, ისეთი ლამაზი ფოტოები გამოგვივიდა, ახლა ნახე, რამდენი მომწერს გასაცნობად-მეთქი და მართლაც, ავივსე წერილებით... სხვათა შორის, ერთი ჩვევა მაქვს - უცნობებს არასდროს ვპასუხობ.

- როგორია თქვენი დღევანდელობა?

- იცით, ერთი ჩვეულებრივი პედაგოგის ოჯახიდან ვარ. იმ დროს ვიწყებდი პირველ სამსახურს, როცა ყოველი მხრიდან ისმოდა, რომ მდიდარი მამა ან გავლენიანი ნათესავი, ვინმეს ზურგი უნდა გქონდესო. მე არც ერთი მქონდა და საერთოდაც, მეზიზღებოდა ეს მიდგომა. ასევე, ის „შეტენვები“ უფროსებთან, რასაც სამსახურებში ვუყურებდი.

ყველა სამსახურიდან წამოვედი და გადავწყვიტე, ჩემი საქმე მქონოდა, მაგრამ 5-ჯერ გავკოტრდი. საკმაოდ დიდი სტრესი და დეპრესია გადავიტანე, მაგრამ ერთი რამ ვიცოდი, არ უნდა გავჩერებულიყავი, უნდა მემოძრავა.

ამის შედეგად ის შევძელი, რომ ბავშვობის ოცნებები აღარ მაქვს, ყველაფერი რეალობად ვაქციე. არადა, წარმატების რეცეპტი მარტივია და არანაირი საიდუმლოც არ არსებობს - მთავარია იცოდე მიზანი და იმოძრაო თუნდაც მცირე-მცირე ნაბიჯებით ამ მიზნისკენ.

მე არ ვიცი როგორი იქნება სამყარო ჩემს სიბერეში, მაგრამ ვცდილობ, აქედანვე არ ჩამოვრჩე ტექნოლოგიურ სიახლეებს. მომავალში შეიძლება არც ჟურნალისტი და არც ფოტოგრაფი დიდად საჭირო აღარ ვიყოთ, რობოტებმა ჩაგვანაცვლონ.

339432106-544428707893791-5016851147246459216-n-copy-1681758864.jpg

- თავის მოვლაზე, წონის კონტროლზე რას იტყვით?

- არ მესმის, ქალებისა და კაცების დაკნინების მიზნით, შე ბოტოქსიანოო, ასეთ ტერმინებს რომ იყენებენ... თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა გაძლევს საშუალებას, საკუთარ თავში რაც არ მოგწონს, შეცვალო და ეს რატომაა დასაცინი?

ასევე წონაზეც, ჩემთვის მთავარია, ადამიანს თავად მოსწონდეს საკუთარი თავი. უბრალოდ, სიმსუქნის დროს ორგანიზმი ვერ ფუნქციონირებს საჭიროებისამებრ და ჩნდება სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკი. პირადად მე წონის შესანარჩუნებლად მივმართავ ჯანსაღი ცხოვრების წესს: მოწესრიგებული ძილი, კვება, ვარჯიში, წყლის მიღება...

პანდემიის დროს შემექმნა წონის პრობლემა, როცა მომიწია ბიზნესის დახურვამ. სტრესის ფონზე 20 კილო მოვიმატე. მახსოვს, დიდი ზომის მხოლოდ ერთი შარვალი და ერთი პერანგი ვიყიდე და ჩემს თავს ვუთხარი, როცა ეს გაცვდება, იმავე ზომისას აღარ იყიდი! როგორც გინდა, ისე დაიკელი-მეთქი! და დავიკელი 15 კილო.

მანანა გაბრიჭიძე