ცნობილთა სააღდგომო სამზადისი და ამ დღესთან დაკავშირებული ემოციები - გზაპრესი

ცნობილთა სააღდგომო სამზადისი და ამ დღესთან დაკავშირებული ემოციები

მართლმადიდებლურ სამყაროში, ვნების შვიდეულის მძიმე დღეებს აღდგომის დღესასწაულის ბრწყინვალება, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიხარული ცვლის და ერთმანეთს ვახარებთ - ქრისტე აღდგა!

რა ტრადიცია აქვთ და როგორ ემზადებიან ამ დღისთვის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები? - ამას მათი ინტერვიუებიდან შეიტყობთ.

მაია ხორნაული, მსახიობი:

- აღდგომის და შობის დღესასწაულები გამორჩეულად მიყვარს. როგორც ყველგან, ჩემს ოჯახშიც დიდი ფუსფუსი და სამზადისია. თავად სათანადოდ ხშირად ვერ ვერთვები, მაგრამ როცა დრო მაქვს, ამას სიამოვნებით ვაკეთებ. ვღებავ კვერცხს, ვრთავ სახლს და ვემზადები ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულია.

- ოჯახში ყველაზე მეტს ვინ ფუსფუსებს?

- დედა, სულ ასე იყო, ღმერთმა ჯანმრთელად მიმყოფოს! დედა საკუთარ თავზე წელსაც ბევრ საქმეს იღებს.

- შინ პასქას აცხობთ?

- ვერ ვახერხებთ, მიუხედავად იმისა, რომ დედა კარგი კულინარია.

- კვერცხების დეკორატიულ გაფორმებაზე, ჯეჯილის დათესვაზე რამდენად ზრუნავთ?

- აუცილებლად, ეს ამბავი საკუთარ თავზე მაქვს აღებული და სუფრის გადასაფარებელსაც კი საგულდაგულოდ ვარჩევ. დეკორატიული კვერცხების მოხატვა ჩემს შვილთან ერთად დავიწყე. ეს არ არის ნამდვილი კვერცხი, პენოპლასტისგან ან თიხისგან მზადდება. ახლა საამისოდ ბევრი საშუალების შეძენაა შესაძლებელი. რაც შეეხება ჯეჯილის დათესვას, ძალიან მიყვარს, მაგრამ თავად რატომღაც არ ვაკეთებ. ეზოიან სახლში ვცხოვრობთ და სააღდგომო სადღესასწაულო სუფრას, უმეტეს შემთხვევაში, ეზოში ვშლი.

- აღდგომის დღესასწაული ბავშვობის პერიოდიდან როგორ გახსოვთ?

- ბავშვობაში ბებიისა და ბაბუის საფლავზე, გურიაში, ჩემს დედულეთში დავდიოდით. ეს იყო საოცარი დღეები. სოფელში რომ ჩავდიოდით, აღდგომის დღესასწაულს ყოველთვის აკაციის ყვავილობა ემთხვეოდა. ჰაერში აკაციის ყვავილის საოცარი სურნელი იდგა, მას ემატებოდა პასქის სუნი, კვერცხი ენდროში რომ იხარშება, მაგასაც თავისებური სუნი აქვს, ამ დროს ყვაოდა იასამანიც და ეს ერთმანეთში არეული ამდენი სურნელი საოცარ შეგრძნებებს ბადებდა. ახლაც მახსოვს და გული მიჩქროლდება. აღდგომის დღესასწაული თავისი შინაარსით ყველაზე აღმატებულია. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ამ დღეს მეუღლესთან და შვილებთან ერთად, მონასტრები მოვილოცო.

nato-1681759335.jpg

ნატო მეტონიძე, მომღერალი:

- სააღდგომო სამზადისზე ბევრი არაფრის ლაპარაკი შემიძლია - როგორც ვახერხებ, ისე ვემზადები. ერთი აღდგომა გამორჩეულად მახსოვს, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათ დღეს, ქრისტეს საფლავი მოვილოცე, მთელი კვირა წმინდა მიწაზე გავატარე. ძალიან რთულია, იმ ემოციის გადმოცემა, წლები გავიდა და ახლაც მიჭირს. რომ ჩამოვედი და მთხოვდნენ, შთაბეჭდილებები მომეყოლა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ამბებს ვყვებოდი, მაგრამ სულ სხვაა, როცა მონაყოლს ისმენ და სხვაა, როცა თავად განიცდი, იმ მადლის შეგრძნება სხვა რამეა. ადამიანისთვის სიკეთე და რამე კარგი თუ გინდა, უნდა უსურვო, წმინდა მიწაზე მოხვდეს. ყველას გვეხაროს აღდგომის სიხარულით! ყველა ადამიანს ვუსურვებ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, მიეცეთ შესაძლებლობა, მოილოცონ წმინდა მიწა და გახდნენ იმ საოცარი განცდის თანაზიარი, რომელიც იქ ჩასულ ადამიანს ეუფლება.

tatuli-1681759362.jpg

თათული ედიშერაშვილი:

- სამყაროს ამ უდიდეს დღესასწაულს, შესაბამისი ემოცია და განწყობა მოაქვს, ტაძარში ღამის წირვაზე ყოველთვის მივდივარ. შინ კი, როგორც ახალ წელს, აღდგომის დღესასწაულზეც მორთულობა მნიშვნელოვანია. ლამაზი ყვავილები, დეკორაციები განწყობაზე თავისებურად მოქმედებს. კვერცხს წითლად ყოველგვარი ტრადიციის დაცვით ვღებავ, სხვა ფერში არასდროს შემიღებავს. ყოველ წელს ვაცხობ სააღდგომო კულიჩს, კლასიკური რეცეპტით ვხელმძღვანელობ. სხვადასხვა წელს შეიძლება მეტი დარიჩინი, მეტი ცუკატი ან ილი გამოვიყენო, ყველას ხომ სხვადასხვაგვარად მოგვწონს. ბავშვებს მძაფრი გემოები დიდად არ უყვართ და ახლა ამასაც ვითვალისწინებ. წელს რატომღაც გადამავიწყდა, ჯეჯილი დროულად დამეთესა, სულ რაღაც 3 დღის წინ დავთესე და თავს დავფოფინებ, არ მინდა წყალი მოაკლდეს, ლამაზ ლანგარზე ლამაზი უნდა გაიზარდოს. მიხარია, დღეს ბევრი სააღდგომო აქსესუარი რომ იყიდება და გული მწყდება, ჩემს ბავშვობაში მსგავსი რამ რომ არ იყო.

- სახლის სადღესასწაულოდ გაფორმების საქმეში, თქვენი გოგონები რამდენად არიან ჩართულნი?

- მათთვის მწყრის კვერცხებს ვღებავთ. ხელსახოცების და სხვა აქსესუარების ლამაზად დალაგებას კი საკუთარ თავზე სიხარულით იღებენ.

- კარგი კულინარი ხართ?

- როგორც ამბობენ, გემრიელი კერძები გამომდის. სააღდგომოდ ჩაქაფულს ყოველთვის ვამზადებ - სადღაც ამაზე მაინც მეცინება, მაგრამ ასეა.

1009553-656188321086306-182990594-o-1681759403.jpg

ქეთი კანტიძე, მსახიობი:

- როგორც ყველა ქრისტიანულ ოჯახში ხდება, ვცდილობ, სააღდგომოდ მეც მოვემზადო. რომ ვთქვა, სასწაულებს ჩავდივარ-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ ჩემებურად მაინც ვცდილობ მრავალფეროვანი სუფრა მქონდეს. ამ დღეს მთავარი საკვების მირთმევა ხომ არ არის, განწყობაა მნიშვნელოვანი, ყველა ადამიანი გახარებული უნდა იყოს. აღდგომის დღესასწაული იმდენად დიდი ენერგეტიკის მატარებელი დღეა, იმდენად დიდ სიხარულს იტევს, გამორიცხულია, ეს შენზე არ მოქმედებდეს.

- კერძი, რომელსაც ამ დღესასწაულზე ყოველთვის ამზადებთ, რომელია?

- ჩაქაფული.

- გემრიელი გამოგდით?

- არ ვიცი, როგორ უნდა მოინდომო ან ისეთი რა უნდა გაუკეთო, რომ არ გამოვიდეს. ჩაქაფულს იმდენი მწვანილი უნდა, სულ რომ ეცადო, ცუდი გამოვიდეს, არ გამოვა.

- პასქას აცხობთ?

- აქამდე არასდროს გამომიცხვია და წელს გადავწყვიტე, ამ საქმესაც შევეჭიდო. ვიპოვე რეცეპტი, რომელსაც მარტივი პასქა ჰქვია და მინდა, ამ რეცეპტის მიხედვით მოვამზადო. რა გამოვა, არავინ იცის. ძალიან მოვინდომებ და იმედია, გემრიელი იქნება.

- კვერცხს მხოლოდ წითლად ღებავთ თუ...

- ყოველთვის სოფლის კვერცხს და მხოლოდ ნატურალური ენდროთი ვღებავ, ხახვის ფოთოლსაც კი არ ვურევ. სოფლის კვერცხი კარგად იღებება და გემოთიც მეტად მომწონს, ვიდრე ქარხნული.

- ჯეჯილი დათესილი გაქვთ?

- ეს რა გამახსენე, არ დამითესავს, დღესვე უნდა მივხედო მაგ საქმეს, აღდგომამდე 1 კვირაა დარჩენილი, იქნებ ამოსვლა მოასწროს.

- აღდგომის დღესასწაულს წმინდა მიწაზე შეხვედრიხართ?

- არასდროს და რა ბედნიერებაა, ვისაც ამის შესაძლებლობა მიეცა. ტელევიზიით თვალს არ ვწყვეტ, ყოველთვის პირდაპირ ტრანსლაციას ვუყურებ.

- ტაძარში წირვაზე მიდიხართ?

- ძალიან ბევრჯერ ვიყავი, ერთ წელს აღდგომის წინადღესაც ვეზიარე და აღდგომასაც. ტაძარში ღამე არაერთხელ გამითევია, მაგრამ ამ ბოლო დროს, რაც ასაკი მომემატა, სამსახურიც ისეთი მაქვს, ვეღარ ვახერხებ (ხომ იცი, ადამიანი გამამართლებელ მიზეზს რომ ეძებ. ახლა ვიგონებ, რა ვთქვა ისეთი, რომ ვერწასვლა გავამართლო).

- აღდგომის შემდეგ, თეატრში რომ იკრიბებით, მსახიობები შინ დამზადებული პასქებით თავს არ იწონებენ?

- მანანა კოზაკოვამ ისეთი უგემრიელესი ხაჭოს პასქის მომზადება იცის, რომ არ ვიცი, რას შევადარო, სასწაულია. სხვებს არ მოაქვთ. წელს უნდა გავაფრთხილო, ყველამ პატარა პასქა მოიტანოს. ხაჭოს პასქას დიდი დრო უნდა, მთელი რიტუალია, ასე მარტივად არ მზადდება. რა ვქნა, ეს არ შემიძლია, სჯობს მანანამ გამოაცხოს და რომ მოიტანს, ერთ ნაჭერს სიამოვნებით მივირთმევ. რატომ ვიწვალო? თან სახლში მხოლოდ მე და ბრუნო (კატა) ვართ, ბრუნო კი პასქას არ გეახლებათ. აღდგომის შემდეგ ორშაბათს ყოველთვის რაიონში მივდივარ, ჩემი მშობლები კასპში სოფელ გრაკალში არიან დაკრძალულები. მე და ჩემი და საფლავზე სანთელს ვანთებთ და მერე ახლობლებს შინ ვუმასპინძლდებით. საფლავზე სუფრის გაშლის ტრადიციას არ მივყვებით.

- ამ ტრადიციაზე რას იტყვით?

- სოფელში რატომღაც, ასე ურჩევნიათ, სუფრა საფლავზე გაშალონ. მე ეს არ მომწონს. ჩვენ დილაადრიანად გავდივართ, მერე ახლობლებს შინ ვეპატიჟებით. თუმცა, ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, წესი იყო, იქ სადილი აუცილებლად უნდა გაგეტანა, ეს მიცვალებულის პატივისცემად ითვლებოდა. პანდემიის შემდეგ ამ "რიტუალმა" ცოტათი მოიკლო და ეს კარგია. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჯანმრთელობა და უფლის წყალობა გვქონდეს!

თამუნა კვინიკაძე