"ხშირად მიგრძნია თავი უსარგებლოდ, მახინჯად, უნიჭოდ" - გზაპრესი

"ხშირად მიგრძნია თავი უსარგებლოდ, მახინჯად, უნიჭოდ"

სახელი გვარი: ლიკა შუკაკიძე

ასაკი: 39 წლის.

განათლება: დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალში "სიყვარულს მიღმა", არის თეატრის მსახიობიც. ასევე, აქვს საკუთარი ბიზნესი.

ჰობი: მოგზაურობა.

ცხოვრების დევიზი: "ყველა სიტუაციაში უნდა იპოვო ბედნიერება".

- როგორ ფიქრობთ, თქვენ შესახებ საზოგადოებას როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად როგორი ხართ?

- ალბათ, ჩემ შესახებ ისეთი შეხედულება აქვთ, თითქოს მკაცრი, ცოტათი გულცივი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ვარ, მაგრამ რეალურად პირიქით - ძალიან თავმდაბალი, გულთბილი ვარ (იღიმის).

- ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა მიგიღიათ და ვისგან?

- უცნაური - არ ვიცი, მაგრამ წლების წინ, ერთი მეგობრისგან (ბიჭია) ასეთი კომპლიმენტი მივიღე: ვაიმე, ეკრანზე ძალიან ლამაზი მეგონეო! გავშრი... პაუზის მერე დასძინა, - სინამდვილეში კიდევ უფრო ლამაზი ყოფილხარო და მეც ამოვისუნთქე (იცინის). მეგონა, მეტყოდა, - ფუ, რას ჰგავხარო. აღმოჩნდა, რომ მისთვის კიდევ უფრო ლამაზი ვყოფილვარ.

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარით, ქალს ფორმაში ყოფნისთვის დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?

- ალბათ, ქალს გააჩნია, როგორია, საკუთარ თავზე როგორი წარმოდგენა აქვს და როგორი უნდა, რომ იყოს. მაგალითად, თუ სურს, სრულიად სხვანაირი გახდეს, რა თქმა უნდა, პლასტიკური ქირურგია სჭირდება და ალბათ - ბევრი ფინანსები, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველა ქალი ინდივიდუალური, ძალიან ლამაზია და ყველას თავისი შარმი, მომხიბვლელობა აქვს. კარგად რომ გამოიყურებოდე, გარკვეული დოზით, ფინანსებია საჭირო, მაგრამ დიდი თანხა - ნამდვილად არა.

- ერთ დღეს ესთეტიკური მედიცინის ყველა ცენტრი რომ გაქრეს, თქვენთვის ეს დიდი დანაკლისი იქნება?

- ძალიან. ვერ გეტყვი, რომ ესთეტიკური ცენტრების ხშირი სტუმარი ვარ, მაგრამ მათი არსებობა ჩემში სიმშვიდის განცდას იწვევს.

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- ძალიან ხშირად მიგრძნია თავი უსარგებლოდ, მახინჯად, უნიჭოდ... ასეთი "გამონათებები" ხშირად მაქვს. მერე საკუთარ თავთან ბრძოლას ვიწყებ. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ასეთი "ჩავარდნა" არ აქვს, მაგრამ ამ დროს შენ გარშემო მომხდარ დეტალს, ნიუანსებს უნდა დააკვირდე. ზოგჯერ შეიძლება, პატარა ნიუანსმა მოგცეს სტიმული და ძალა, რომ თავიდან დაიბადო. ბოლომდე არასდროს არავინ უნდა ჩაიქნიოს ხელი. ყოველთვის უნდა იბრძოლო, რომ პირველ რიგში, შინაგანად კარგად იყო, რომ შემდეგ ეს შენი ცხოვრების ხარისხზე აისახოს.

- ცხოვრების ამ ეტაპზე, მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- ალბათ ბანალური, მაგრამ ყველასთვის გასაგები პასუხია: ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევა ჩემი 2 შვილია...

- თქვენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- კომფორტულად მაშინ ვარ, როცა ჩემთვის, მარტო ვიმყოფები (რეალურად, ძალიან მორიდებული ვარ). ეს ჩემი ცხოვრების წინსვლა-განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს. ყოველთვის თავს ძალას ვატან, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდე. მაგალითად, ჩემთვის კომფორტის ზონაა, როცა არ ვვარჯიშობ - მეზარება, მაგრამ კომფორტის ზონიდან გამოსვლა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რათა ადამიანი განვითარდე.

- თქვენი ყოველდღიური საზრუნავი რა არის?

- ბევრი რამე: ოჯახი, საკუთარი თავი, სამსახური, პროფესია და ის ვალდებულებები, რაც ყოველდღიურად მაქვს.

პირველ რიგში, ჩემი საზრუნავი შვილებია. ისინი სკოლაში და სხვადასხვა წრეზე დამყავს. რა თქმა უნდა, საკუთარი თავისთვის დროს ყოველთვის ვიტოვებ. სხვათა შორის, ჩემს თავს ხშირად ვესაუბრები. მაგალითად, საცობში მოხვედრილი მანქანაში რომ ვზივარ, საკუთარ თავს ველაპარაკები - რაღაცას განვიხილავ (იცინის)...

- უკეთესი მსახიობი ხართ თუ ბიზნესლედი?

- იმის გამო, რომ ბიზნესში ახალბედა ვარ, თავს უკეთეს მსახიობად მივიჩნევ. მაგრამ ბიზნესის მიმართ დიდი სიყვარული და მონდომება მაქვს. როდესაც ადამიანს რაღაც უნდა, მგონია, რომ გარკვეულ სიტუაციებში, განათლებაზე მნიშვნელოვანი მონდომებაა. განათლებული ადამიანი თუ არ მოინდომებს, შეიძლება პროფესიაში არ ივარგოს.

- ჰოლივუდის რომელ რეჟისორთან ითანამშრომლებდით სიამოვნებით?

- ტარანტინოსთან. მისი ფილმების პერსონაჟები მომწონს. ამ რეჟისორს ჩემთვის გასაგები იუმორი აქვს... მის ფილმებში ყველა მსახიობი ძალიან კარგად თამაშობს. მგონია, ეს დიდწილად მისი დამსახურებაა. ტარანტინოს ფილმში თამაშის ძლიერი სურვილი მაქვს!..

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრეთ?

- არ მახსოვს, ძალიან დიდი ხნის წინ, თუმცა ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ისეთი გზები გააკეთეს, ვფიქრობ, ავტობუსით ხომ არ ვიმგზავრო?..

- წარმატების მიღწევაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარებათ?

- ალბათ ის, რომ გულღია და გულთბილი ვარ.

- დღე-ღამეში რამდენ საათს გძინავთ?

- მინიმუმ, 7 საათს.

- დღის რომელი მონაკვეთი გიყვართ განსაკუთრებულად?

- დილა, რადგან სიახლესთან ასოცირდება - ახალი დღე იწყება...

- ოქროს თევზის ამბავი რეალური რომ იყოს, რომელი 3 სურვილის ახდენას სთხოვდით?

- ვთხოვდი, რომ ჰოლივუდში ბევრ ფილმში გადამიღონ და ძალიან ცნობილი გავხდე. 2 სურვილს დავიტოვებდი, შევინახავდი - როცა ჩემი შვილები გაიზრდებოდნენ, მათ ვაჩუქებდი.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება, ქალი მეორე ნახევრის გარეშე სრულყოფილად ბედნიერი იყოს?

- ალბათ, ეს ინდივიდუალურია, თუმცა მაინც მგონია, რომ ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც მარტო ყოფნა რთულია. რა თქმა უნდა, მეორე ნახევარი კარგი და მისაღები უნდა იყოს. ცუდ მეორე ნახევარს მარტო ყოფნა ჯობია (იღიმის).

- რომელი მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობთ ან უკვე დაძლიეთ?

- მავნე ჩვევაა, რომ ვარჯიში მეზარება, მაგრამ ბოლო დროს მაინც ვვარჯიშობ. კიდევ, წონაში რომ მოვიმატებ, არანორმალური დიეტების დაცვას ვიწყებ, ეს მავნე ჩვევა ჯერ ვერ დავძლიე და საკუთარ თავზე ნერვები მეშლება.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა". დიდი სითბოთი ამავსო. რომ ვკითხულობდი, მეგონა, ჩემთვის იყო დაწერილი... ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა.

- ბავშვობაში თქვენი მომავალი ცხოვრება როგორი წარმოგედგინათ? დღევანდელ რეალობას შეესაბამება?

- მთლად ისეთი არაა, როგორიც წარმომედგინა. უბრალოდ, სხვაობა ის არის, რომ მეგონა, აუცილებლად ჰოლივუდში ვიქნებოდი, მაგრამ არ ვარ, თუმცა მაინც იმ საქმეს ვემსახურები, რაც ბავშვობიდან მიყვარს.

- ბოლოს რის გამო იტირეთ?

- იმის გამო, რომ რაღაცნაირად ვიგრძენი, თითქოს უსარგებლო ვარ, რაღაცები არ გამოდის...

330316646-1695877380827957-4698627187638205217-n-1681759619.jpg

- არადა, მაგალითად, სერიალში თქვენი როლი აქტიურად ვითარდება...

- კი, ყველაფერი კარგად მიდის, მადლობა ღმერთს, მაგრამ მაინც მგონია, ცხოვრებაში ასეთი ეპიზოდები ყველას აქვს: ისეთ განწყობაზე იღვიძებ, რომ არაფერი მოგწონს და ფიქრობ, - "რასაც ვაკეთებ, ნამდვილად კარგია?" ამ დროს საკუთარ თავთან ჭიდილში ვარ და ნერვები მეშლება. პატარა რაღაცის გამო ვბრაზდები და მეტირება, თუმცა სხვათა შორის, მტირალა არ ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ, არ ვიტირო, მით უმეტეს - მაშინ, როცა ჩემთან ერთად სხვა ადამიანია. ეს თვისება დღემდე ვერ ამიხსნია: ალბათ, არ მინდა, სხვას ჩემი სისუსტე ვაჩვენო და მაქსიმალურად ვიკავებ თავს. სხვათა შორის, ჩემი უმცროსი ბიჭიც ასეა: როცა ეტირება, გადის - არ უნდა, მისი ცრემლები დაინახონ... ალბათ, ეს გენეტიკური ხასიათის გამოვლინებაა.

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- ჩემი უმთავრესი პრინციპია: ისე არავის მოექცე, როგორც არ გინდა, რომ შენ მოგექცნენ. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არ გამოგვდის, რადგან ზოგჯერ გავბრაზდებით, გავღიზიანდებით... მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ეს პრინციპი დავიცვა... ჩხუბს არასდროს ვიწყებ, თუ წონასწორობა არ დამაკარგვინეს. სულ ვცდილობ, თავშეკავებული ვიყო. მდგომარეობიდან უსამართლობას, ჩაგვრას გამოვყავარ, ასეთ დროს არაადეკვატური ვხდები...

ეთო ყორღანაშვილი