"ნამდვილად ბევრს გავუძელი" - გზაპრესი

"ნამდვილად ბევრს გავუძელი"

ახლახან, პროვოკაციებით ცნობილმა პაატა თედიაშვილმა სატელევიზიო პროექტი - "პრაიმ ჰაუსი" დატოვა: ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა, რომ ხალხის რჩეული გამხდარიყო, თუმცა პაატა ყველა ადამიანს მადლობას უხდის, ვინც ამ დუხჭირ ყოფაში მის საგულშემატკივროდ ფინანსური სახსარი გაიღო და დაურეკა...

- თავს კარგად ვგრძნობ, პროექტის დატოვების გამო სტრესი არ მაქვს და არც მქონია. უბრალოდ, ცოტათი გაოცების განცდა დამეუფლა, რის გამოც "პრაიმ ჰაუსი" ინტერვიუს გარეშე დავტოვე - უსიტყვოდ წამოვედი, რომ ემოციური ფონი ინტერვიუზე არ ასახულიყო... ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა საკუთარი თავის, ფსიქიკის, პიროვნული და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოცდა იყო...

- პაატა, როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- შემდგარ ადამიანს, რა თქმა უნდა - სისუსტეებით: ცხოვრებაში უამრავი გამოწვევაა. იმის გარანტია არ არსებობს, რომ გამოწვევებს ყოველთვის ფორმაში მყოფი შეხვდები, თუმცა "პრაიმ ჰაუსში" ყოფნისას დავინახე - თურმე, ძალიან ბევრი რამ შემძლებია, რათა ჩემი ნერვული სისტემა სტაბილური ყოფილიყო.

- გაქვთ ხასიათის თვისება, რომლის ფართო საზოგადოებისთვის ჩვენებაც გინდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეთ, ვერ მოასწარით?

- როგორიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვარ, პროექტშიც ისეთი ბუნებრივი ვიყავი: მახასიათებს ადამიანებზე ზრუნვა, მათ მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება, სწორი ანალიზი, გრძნობები, განცდები... იყო სიტუაციები, როდესაც ჩემი ოჯახი მენატრებოდა, მაგრამ სენტიმენტების გამომზეურებისგან თავს ვიკავებდი.

- პროექტში შესვლამდე თქვენი ყოველდღიურობა როგორი იყო?

- ვარჯიში ძალიან მიყვარს. ვცდილობდი, სპორტდარბაზში მუდმივად მევლო და წონა მეკონტროლებინა. მავნე ჩვევაც მქონდა - სიგარეტს ვეწეოდი. პროექტში მხოლოდ 2 კოლოფი შევიტანე, მაგრამ რომ დავინახე, მონაწილეები დიდი დოზით ეწეოდნენ, მეორე დღიდან 1 ღერიც აღარ მომიწევია. მოთამაშეებს უკვირდათ, - ამ რთულ სიტუაციაში ეს როგორ შეძელი? ჩვენ ვერ ვახერხებთ. რამხელა ნებისყოფა გაქვსო! მიხარია, რომ სტრესული სიტუაციების მიუხედავად, შევძელი და მავნე ჩვევა დავძლიე.

- პაატა, 500-600 სექსუალური პარტნიორის ყოლის შესახებ იხუმრეთ თუ?..

- ჰო, მონაწილეებს ღამის საუბრები გვქონდა ხოლმე, ვერთობოდით, ერთმანეთს გამომწვევ კითხვებს ვუსვამდით... ინერციით გასროლილი ფრაზა იყო, თორემ რეალურად, ამის კალკულაცია არ გამიკეთებია. მეორე დღეს, როცა სტუმარს ვემშვიდობებოდით, მან მითხრა, - იცი, გარეთ რა ხდებაო? მაშინ აქციები იმართებოდა, ქვეყანაში ემოციური ტალღები იყო. ვიფიქრე, კიდევ მორიგი რაღაც მოხდა. სტუმარმა მითხრა, რომ ჩემი "ფეისბუკის" გვერდი მენახა, როცა ტელეფონებს შემოგვიტანდნენ. ავღელდი, რამე შეცდომა ხომ არ დავუშვი, რის გამოც ხალხი მაკრიტიკებს-მეთქი? საბოლოოდ, ჩემს გვერდზე რომ შევედი, უამრავი წერილი, იუმორისტული ჩანახატი დამხვდა. სასიხარულო იყო, რომ 1 უწყინარი ფრაზა, რომლის თქმისას თითქოს თავს ძალა არ დავატანე, წავიტრაბახე, მერე განხილვის საგანი აღმოჩნდა, სხვათა შორის - დადებით ჭრილში. ამ თემაზე გაკეთებული უამრავი კომედიური ჟანრის "მიმი" შენახული მაქვს. ოდესმე ჩემს გვერდზე აუცილებლად გამოვფენ...

- მართალია, კალკულაცია არ გაგიკეთებიათ, მაგრამ რამდენიც იყო, როგორ ფიქრობთ, მათ ისე დაშორდით, რომ საგულშემატკივროდ დაგიმესიჯებდნენ, როცა აუტსაიდერის სკამზე იჯექით?

- ეტყობა, ყველანი ძალიან გავანაწყენე და გული დავწყვიტე, რადგან გარეთ ვარ - არ დამიმესიჯეს (იცინის).

- რეალურად, სასიყვარულო ურთიერთობებში როგორი ხართ?

- ჰოროსკოპის მიხედვით, მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული. მერწყულები რომანტიკულები, მელანქოლიურები არიან... ჩემი შემოქმედებითი ბუნებაც ხელს უწყობს იმას, რომ როცა ძალიან შეყვარებული ვარ, გრძნობის მორევში ბოლომდე ვიძირები და ადამიანები ხდებიან მუზა ჩემი ლექსისთვის, სიმღერისთვის, ხატვისთვის... ძალიან მელანქოლიური ვარ. შემიძლია, ამ დროს საკუთარ თავთან მარტო დავრჩე, "ჩავიკეტო"... შემდეგ, დრო რომ გადის, რაღაცნაირად, ირონიულად მეღიმება, მაგრამ იმ პერიოდში შექმნილ პროდუქტს თვალს რომ გადავავლებ, ვხვდები, გულწრფელი იყო. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ხოლმე იმ ადამიანებს, ვისთანაც რომანტიკული ურთიერთობა მქონდა და ეს განცდები მომიტანეს, რადგან მათ ჩემი იმ კონდიციამდე მიყვანა შეძლეს, რომ რაღაც დამეწერა, რაღაც გამეკეთებინა...

- ირონიულად რატომ გეღიმებათ ხოლმე?

- ადამიანი გრძნობებში ღრმად არ უნდა ჩაიძირო, სასოწარკვეთას არ მიეცე, რადგან ყველაფერი გაივლის - ავდარს დარი მოსდევს... ცხოვრების იმედი არასდროს უნდა გადაიწურო, როგორი რთულიც უნდა იყოს სასიყვარულო ურთიერთობა, როგორი იმედგაცრუებაც უნდა განიცადო... საკუთარ თავზე ირონიულად მეღიმება, რადგან ამდენი წლის ვარ, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე (იღიმის).

- ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადეთ - საკუთარი დედის გამო, მამაზეც კი უარი ვთქვიო... რას გულისხმობდით?

- მამას თავისი ცხოვრების წესი ჰქონდა, მუდმივად ციხეში იყო. ბავშვებსაც გვიწევდა მისვლა ორთაჭალის, რუსთავის, გეგუთის ციხეებში, 2-საათიანი შეხვედრები გვქონდა... ჩემი ბავშვობა ამ ყველაფერთანაა დაკავშირებული. დედა ამბობდა, - ბავშვები იზრდებიან, მათ ჯანსაღი გარემო სჭირდებათ. ეს ის სივრცე არაა, რომელიც მათ რაღაც ღირებულს მისცემსო. ბოლოს, მშობლების დაშორების მიზეზი სწორედ ეს საკითხი გახდა. დედას წუთით არ მივუტოვებივართ. თუკი რამე შეგვიძლია, გვისწავლია და გვინახავს ცხოვრებაში, მისი დამსახურებაა. გადავწყვიტე, დედისთვის ბოლომდე პატივი მეცა და მისთვის გული არ მეტკინა. რაღაცნაირად, არჩევანის გაკეთება მომიხდა, რომელიც რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო, მაგრამ რაკი მამა კაცი გახლდათ, გზების პოვნა თავად შეეძლო, ამიტომ დედასთან ცხოვრება ვარჩიე.

- მამასთან კონტაქტი არ გაქვთ?

- მამა გაურკვეველ სიტუაციაში გარდაიცვალა: სოფელში, ბარბარობა დღეს სახლი დაიწვა, რომელშიც მამა იმყოფებოდა. ეს საკითხი დღემდე ღიაა - ჩემი აზრით, გამოძიება ბოლომდე მიყვანილი არ არის... კონტაქტს რაც შეეხება, არ მქონდა, რადგან იმდენი საერთო ნათესავი გვაკავშირებდა, რომ ჩვენი კონტაქტის შესახებ დედა აუცილებლად გაიგებდა და გული ეტკინებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ იყო, ვეცადე მამასთან ურთიერთობა არ მქონოდა...

- პაატა, თითქოს თქვენი სიმღერის - "სიყვარულის არმია" და საერთოდ, თქვენი შემოქმედების მიმართ ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა...

- "სიყვარულის არმიამ" გადატრიალება მოახდინა: მანამდე ჩემი რეპერტუარი სხვაგვარი იყო. ამ სიმღერის ტექსტი, მიმართულება, ჟანრი ვერ გაიგეს: ზოგმა ეროტიკულ სიმღერად მიიჩნია, ზოგმა იუმორისტულად აღიქვა, ზოგმა - მართლა ფილოსოფიურად და მასში ბევრი რამ დაინახა, თუმცა ამ სიმღერამ პაატა თედიაშვილი ხელახლა დაბადა, ტელევიზიებთან დაკავშირებული ყველა ბარიერი ჩამოშალა... "სიყვარულის არმიას" მოჰყვა "მუსიკალური გველი", რომელიც ასევე სკანდალური და დასამახსოვრებელი იყო, შემდეგ - "ძინ ძინ", რომელმაც მგონი, ინტერნეტში "ნახვების" ყველა რეკორდი მოხსნა. "პრაიმ ჰაუსში" ეს სიმღერები არაერთხელ "დატრიალდა". მოისმინეს, მიიღეს და აhყვნენ, ანუ წინათ რაც სკეპტიკური იყო, წლების მერე პირიქით - უფრო მოთხოვნადი და საინტერესო გახდა. უკვე ინტერესდებიან, გავაგრძელებ თუ არა პროვოკაციული სიმღერების (რომლებიც სათქმელს სხვაგვარი ტექსტით გადმოსცემს) სერიას... წინათ რაც ბულინგის მიზეზი იყო, ახლა რაღაცნაირად დაბალანსდა.

- წლების წინაც მშვიდად უმკლავდებოდით სიტუაციას - ასე ჩანდა. რეალურად რა ხდებოდა თქვენს თავს?

- 6 წლის განმავლობაში, ჩემი პროვოკაციული სიმღერების, ფოტოსესიების შემდეგ, 100 ათასობით ადამიანი თავს მესხმოდა. მლანძღავდნენ მე, ასევე - ჩემს ოჯახს, წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მიუხედავად იმისა, რომ ამის წაკითხვა თუ მოსმენა რთული იყო, ამ თემისთვის სტატუსი არასოდეს მიმიძღვნია, არავინ გამილანძღავს. ნამდვილად ბევრს გავუძელი.

337369236-760497365706432-8909392832914160169-n-1681760429.jpg

- ძალას რა გაძლევდათ?

- ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს. ჩემი მეგობრებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი - ეს რად გინდა? ახლა ქუჩაში სხვაგვარად გიმზერენ, ირონიაცაა, დაცინვაცო... დღეს ბევრი ადამიანი მოდის და ჩემთან ერთად ფოტოს იღებს, - აუ, რა მაგარი ხარ, ამ მოსაწყენ ცხოვრებაში რაღაცას რომ აკეთებო! საერთოდ, როცა რამეს ვაკეთებ, ყოველთვის ვიცი - ის დღეს თუ არა, გზას ხვალ მაინც იპოვის. მეგობრებს, ოჯახის წევრებს სულ ამას ვეუბნებოდი, - ვიცი, რთულია გაგება, აღქმა, ლოდინი. კომფორტის ზონიდან გამოვედი - სხვა რაღაცას ვაკეთებ, რის გამოც ხალხი თავს მესხმის, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი გზას იპოვის-მეთქი. პროექტში ჩემი სიმღერები რომ გაჟღერდა, უარყოფითი გამოხმაურება აღარ ჰქონია. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი, როცა წლების წინ ხალხისგან ბულინგზე რეაგირება არ მქონდა, რადგან შემდეგ ჩემი შემოქმედება ვიღაცის შოუს დასჭირდა, ვიღაცისთვის ეს საინტერესო და გასართობია, რადგან უპირველეს ყოვლისა, შოუბიზნესი გართობის ინდუსტრიაა. მესმის, არაჩვეულებრივი კომპოზიტორების უამრავი შესანიშნავი სიმღერა გვაქვს, მაგრამ გართობის ინდუსტრია კიდევ სხვა ფენომენს მოიცავს... ყველას - საჯარო პირსა თუ ხელოვანს, ვის მიმართაც ხალხისგან თავდასხმა ხორციელდება, ვურჩევ, რომ მოთმენა აუცილებელია. აგრესიაზე აგრესიით პასუხის გაცემა საჭირო არ არის. "მუსიკალურ გველში" ტექსტი სწორედ ამ თემას უკავშირდებოდა - "შენს ანტიგენზე შევდე ჩემი ანტისხეული". ანტიგენის მიმართ, რომელიც არის ცილა - უცხო და გამაღიზიანებელი, აუცილებლად ხდება ანტისხეულის გამომუშავება და პირადი იმუნიტეტის გაძლიერება, ანუ ამ შემთხვევაში, შემოქმედებითი იმუნიტეტის გაძლიერება, რომელიც ადამიანს მოტივაციას აძლევს, რომ მედგრად იდგეს, ცხოვრება და ბრძოლა გააგრძელოს.

- სხვა მიმართულების სიმღერით გაგიცნოთ ხალხმა, მეტი პოპულარობა კი პროვოკაციულმა სიმღერებმა მოგიტანათ. დღეს თავს კომფორტულად გრძნობთ იმ ჟანრში, რომელშიც მუშაობთ?

- რასაც ვაკეთებდი, იმას პატივს ვცემ. დღესაც უამრავი ჩანაფიქრი მაქვს, რისი გაკეთებაც მინდა - არ დასრულებულა, თუმცა ამ პროვოკაციებმა, ბოლო დროის შემოქმედებამ ჩემი სათქმელი მათქმევინა. წინათ ხომ სხვის ტექსტს, მელოდიას "ვაკეთებდი", არა? ის სხვა ადამიანების სათქმელი იყო და არა - ჩემი. ახლა ჩემს სათქმელს ვამბობ: ვეპასუხები ადამიანურ სისუსტეებს და იმას, რაც ჩვენ გარშემო ხდება... შეიძლება, ადამიანებმა ყველაფერში საკუთარი თავი ამოვიცნოთ, დავინახოთ და ბევრი რამ გავაანალიზოთ. ძალიან მახარებს, რასაც ვაკეთებ: ჩემი ტექსტებით, მელოდიით, დადგმებით სრულად ვრეალიზდები, ჩემი აზრით...

- იმიჯის გამო, პირად ურთიერთობაში პრობლემა შეგქმნიათ?

- კი, ასეთი შემთხვევა ყოფილა. ეს მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებს არ ეხება: მეგობრებსაც კი უჩნდებათ გარკვეული განცდები - ამდენი მზერის, ღიმილის გამო, რაღაცნაირად, უხერხულ სიტუაციებში აღმოჩენილან. მათ ნათესავები ჰყავთ. ჩემი ყოველი პროვოკაციის მერე, ნათესავები ურეკავენ, - აი, ხედავ, შენი მეგობარი რას აკეთებს? დაელაპარაკეო... ნამდვილი და ერთგული ადამიანები ბოლომდე ჩემ გვერდით დარჩნენ, მათ ჩემი სჯერათ. იციან, რომ ეს არის როლი - საქმე, რომელსაც ვაკეთებ, პირად ურთიერთობებში კი პაატა აბსოლუტურად სხვანაირია - ისეთი უბრალო და ადამიანური, როგორიც უნდა იყოს.

რომანტიკულ ურთიერთობას რაც შეეხება, უფრო გოგონას ოჯახთან შემქმნია პრობლემა და არა - თავად გოგონასთან, რადგან მასთან პროვოკაციებით ხომ არ ვცხოვრობდი, არა?

- როგორ განვითარებულა ურთიერთობა?

- მათი ოჯახი გამიცნია, დავმსხდარვართ, მამაპაპური სუფრა "წამიყვანია" და "გადმომილაგებია", რაც გამიგია, მისწავლია და გამომიცდია. შემდეგ სიტუაცია სხვაგვარად ბრუნდება: გაოცებულ სახეებს ვხედავ ხოლმე, - როგორ შეიძლება, ისეთი ადამიანი, როგორსაც ეკრანზე ვუყურებთ, ასეთიც იყოსო (იცინის)?!. მერე მშვიდდებიან.

- ახლა გყავთ გულის სწორი?

- ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში ნამდვილად არაფერი ხდება.

- "პრაიმ ჰაუსის" ერთ-ერთ მონაწილესთან, მარიამ ქინქისთან რეალური ურთიერთობა გქონდათ?

- ქინქი ძალიან ძლიერი, განათლებული, მოტივირებული ადამიანია. კარგი მეგობარი იყო იმ დრომდე, ვიდრე ჩვენ შორის ის მოხდებოდა, რაც მოხდა. მარიამი ძალიან გულახდილია. ჩემთან ისეთ პირადულ საკითხებზე უსაუბრია, რის შესახებაც დარწმუნებული ვარ, მეგობრებთან არ აქვს ნალაპარაკევი. მისი "აფეთქება" ამიტომ გამიკვირდა, ამიტომ ვერ ვაპატიე... ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. ამ იუმორმა ერთმანეთს კიდევ უფრო დაგვაკავშირა.

es-foto-bolo-gverdze-1681760415.jpeg

- თქვენ შორის მეგობრობაზე მეტი იყო?

- ყველაფერი იყო, რადგან იმ დროის განმავლობაში, როცა ვურთიერთობდით, ძალიან დიდი სიახლოვე გვქონდა.

- ანუ ის ეროტიკული საუბრები დადგმული და იუმორის ნაწილი არ ყოფილა?

- არა, არა, აბსოლუტურად! მართალია, ვიცით, რომ სახლში ყველგან კამერა და მიკროფონია, მაგრამ არის მდგომარეობა, როცა საუბარში ისე ღრმად ხარ შესული, ფაქტობრივად, იმ დროს "იქ არ ხარ". რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის დროს გინდა "გაიხსნა", ისაუბრო, განიტვირთო... მართლაც, ასეთი საუბრები ყველაზე გულახდილია ხოლმე...

- არის შანსი, რომ თქვენი ურთიერთობა აღდგეს?

- მარიამისგან ძალიან მეწყინა და მეტკინა. ზრდასრული ადამიანები ვართ. თუკი შეცდომას, რომელსაც "ღალატი" დავარქვი, ერთხელ ვუშვებთ, შეიძლება ამის ალბათობა კიდევ იყოს. ვფიქრობ ჯობია რაღაცები დავივიწყო...

ეთო ყორღანაშვილი