ლაშა რამიშვილის სავიზიტო ბარათი და ხასიათის ყველაზე დიდი ნაკლი - გზაპრესი

ლაშა რამიშვილის სავიზიტო ბარათი და ხასიათის ყველაზე დიდი ნაკლი

"უზომო სიყვარული ვიცი, თავგანწირვამდე. თუ მკითხავ, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია", - ამბობს მსახიობი ლაშა რამიშვილი. რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ვერ ისწავლა დღემდე და რას არ გააკეთებს არასდროს, არანაირი თანხის სანაცვლოდ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...1980 წლის 23 ნოემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი, მომღერალი, იმ წლებში სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია, მოგვიანებით უფრო მქონდა სურვილი, სხვა პროფესიაც ამეთვისებინა, მაგრამ...

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ ძალიან ემოციური და ეს მართლა ასეა.

- ემოციის მართვა ხშირად გიჭირთ?

- რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვლაპარაკობ, ეს ჩემი ყველაზე დიდი ნაკლია. ზოგჯერ ჯობს, ჩუმად იყო, რაღაცები "გაატარო", მაგრამ ამას ვერ ვახერხებ, არ შემიძლია. ამ თვისების გამო შეიძლება ადამიანს გული ვატკინო, დავკარგო, ჩემს ნაკლად ამიტომ მივიჩნევ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ალბათ იმავე გზას გავივლიდი, ოღონდ ბევრ შეცდომას თავს ავარიდებდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...ბავშვობაში, როცა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სცენაზე პირველად დავდექი და დედასთან ერთად "სულიკო" ვიმღერე, მაშინ იმ აპლოდისმენტებმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ჩემი ოჯახის წევრებს. ყველა ეტაპზე მათი თანადგომა იყო უპირობო. მე რომ ოჯახში დალაგებული სიტუაცია არ მქონდეს, ეს აუცილებლად აისახებოდა ჩემს საქმიანობაზე.

- ბედნიერი ვარ...

- ...ოჯახით და მეგობრებით. მშობლები, მეუღლე, შვილები - ჩემი ბედნიერებაა.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ჩემი პირდაპირობა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...გავაკეთო სიკეთე, ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ახლახან ასეთი რამ შემემთხვა: ავტოგასამართ სადგურზე ვიდექი, ერთი ქალბატონი მოვიდა და მითხრა, თქვენ მე გახსოვართ? ვერ შევიცანი და მოვუბოდიშე, მერე მითხრა, აფთიაქში წამლისთვის თანხა მაკლდებოდა, თქვენ იქ იყავით, გაიგეთ ეს ამბავი და თანხით დამეხმარეთო. ძალიან გამიხარდა, ასეთი რაღაც რომ მქონდა გაკეთებული, მართლა აღარ მახსოვდა. თან მითქვამს, დაგეხმარებით, ხელფასი ახალი აღებული მაქვს-მეთქი (იცინის). მერე მისი ვაჟიც მოვიდა და მადლობა გადამიხადა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...უზომო სიყვარული შემიძლია, თავგანწირვამდე. თუ მკითხავ, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...თითქმის ყველას ვენდობი.

- ბოროტად უსარგებლიათ?

- ასეც მომხდარა და გული ძალიან მტკენია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ის, რომ შეცდომები არ უნდა დავუშვა.

- პატიება შემიძლია, თუ...

- არავითარი "თუ"! შემიძლია. ვაპატიებ, მაგრამ ვერ ვივიწყებ იმას, რაც გამიფუჭა.

304994372-535097745284538-2658039959605920419-n-1682273007.jpg

- ეს პატიებაა?

- ყოფილა ჩემს ცხოვრებაში შემთხვევა, ადამიანისთვის მიპატიებია და შემდეგ უფრო ცუდი გაუკეთებია, ისევ მიპატიებია და მერე, როცა დავჭირვებივარ, ხელიც გამიმართავს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...იმედიანად ვარ.

- ვიბნევი...

- ...როცა შვილები თვალებში მიყურებენ, პატარა ბიჭი რომ შემომხედავს და უნდა, რაღაც მითხრას, იწყებს: მაა!.. - და ამ დროს აღარ ვიცი, რა ვუთხრა, სულ მეტირება, მინდა, მთელი სამყარო ვაჩუქო.

- ვნანობ...…

- ...იმ მომენტებს, როცა ჩემი ოჯახის წევრებზე ხმა ამიწევია. ესეც - ემოციური ბუნებიდან გამომდინარე. 5 წუთში პატარა ლეკვივით ვარ და ბოდიშს ვიხდი.

- ამ წუთში ძალიან მინდა...…

- ...გამხდარი ვიყო (იცინის), ძალიან გამხდარი, კახექსიამდე. წონა გულს აწვება, გულზე კი პრობლემები მაქვს.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...უზრდელობას, ღალატს, უპატივცემულობას. იქ თუ ქალია, ხელფეხშეკრული ვარ, ასეთი შემთხვევაც მქონია, მაგრამ კაცი თუ არის, ძალიან დიდი ბოდიში, შეიძლება ვინმემ მოძალადე მიწოდოს, მაგრამ ფიზიკურად გავუსწორდები.

- მეზარება...

- ...არაფერი არ მეზარება.

53383231-2344198852279103-5693442483329957888-n-1682273020.jpg

- სიყვარული - ეს...

- ...რა არის? ნოდარ დუმბაძეს დავესესხები - მართლა უდიდესი ნიჭია და მერე - პასუხისმგებლობაც. უბედურია ის ადამიანი, ვინც ამ ნიჭით არის დაჯილდოებული და პასუხისმგებლობას გაურბის.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- (იცინის) მე-5 კლასში ვიყავი, სიყვარული ავუხსენი (იცინის). მე და ის გოგონა ვმეგობრობდით, იმ დღეს სულ ერთად ვიყავით, სადაც წავიდა, ყველგან გავყევი. მერე მისაყვედურა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და "მიყვარხარ" რატომ მითხარიო? მეორე დღეს ხმა საერთოდ აღარ გამცა.

- მაკვირვებს...

- ...ყველა ადამიანი, რომელსაც თავისუფლება უზრდელობა ჰგონია.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მუსიკამ.

- ვრისკავ...

- ...მაშინ, როცა გული მკარნახობს, რომ ის საქმე აუცილებლად გამოვა. ამ დროს თითქოს მიზანსაც ვხედავ. ჩემთვის მიზანივით მნიშვნელოვანია ის გზა, რომელიც იმ მიზნამდე მიმიყვანს.

- ვამაყობ...

- ...რომ ვარ სუფთა ფურცელი.

- ბოლოს ვიტირე...…

- ...2 წუთის წინ, ჩემი შვილის თვალები რომ გავიხსენე.

- შიში მაქვს...

- ...მხოლოდ ერთი რამის - ჩემი ოჯახიდან და გარემოცვიდან ვინმე არ დავკარგო.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ ვარ პირდაპირი და ემოციური.

- ვუფრთხილდები...

- ...ყველას, ვინც მიყვარს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...მოთმინება.

- ვიტყუები...

- ...ძალიან იშვიათად. არის ხოლმე შემთხვევები, როცა სიმართლეს არ ვამბობ.

- როცა მარტო ვარ...

- ...საკუთარ თავთან დიალოგი მაქვს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...(იცინის) 2 დღის წინ, მეუღლესa და შვილებთან ერთად გვქონდა ამ თემაზე ლაპარაკი. მეუღლემ მითხრა, მილიონი რომ გქონდეს, რას გააკეთებდიო? ეგრევე "ფულის დარიგება" დავიწყე: ვუთხარი, - 50.000-ს ჩემს დას მივცემდი, ამდენივეს - შენს დასა და ძმას-მეთქი, მერე ჩვენი მშობლებიც "გავისტუმრე", ნათესავებზე გადავედი და, - გაეთრიე აქედანო! (იცინის) ჰო, ბევრი ფული რომ მქონდეს, მართლა დავარიგებდი და ცოლი სახლიდან გამომაგდებდა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...სანამ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია, სანამ უკრაინაში ომია, იმას არ გავაკეთებ, რაც ჩემთვის პრინციპულია. შემოთავაზება მქონდა, ფილმში უნდა მეთამაშა, კასტინგი (ეკა მჟავანაძემ ჩაატარა) გავიარე, საკმაოდ დიდი ჰონორარიც უნდა ამეღო, როლზე ფაქტობრივად, დამტკიცებულიც ვიყავი, მაგრამ ომი დაიწყო უკრაინაში და ეკამ რომ დამირეკა, რას იზამო? - ვუპასუხე, გავჩერდები-მეთქი, ძალიან არ მინდა, ეს ვინმემ სხვაგვარად აღიქვას. ასეთი ნაბიჯი წარსულშიც გადამიდგამს და ჩემს კარიერაზე ცუდად ასახულა. 2009 წელს, პეკინში ერთ-ერთ ფესტივალზე აღმოჩნდა, რომ სცენაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამ წარმომადგენელთან ერთად, რუსული სიმღერით უნდა გამოვსულიყავი. ამ გამოსვლაზე უარი რომ ვთქვი, იმ სამიდან ერთ-ერთმა გააპროტესტა, - 2008 წლის ომი ვიღას ახსოვსო?! მისკენ გავიწიე. შუაში ჩაგვიდგნენ, ხელით შეხება მინდოდა.

- მენატრება...

- ...ბებიები და ბაბუები, რომლებთანაც მქონდა საოცარი ურთიერთობა. ღმერთო, როგორ მეფერებოდნენ, რა ბედნიერება იყო!..

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მანქანაში მარტო უნდა ჩავჯდე და ვიარო, ყველას და ყველაფერს გავერიდო, მანქანაში სრული სიჩუმე უნდა იყოს. ეს მაშინ, დაძაბულობა ოჯახში თუ მაქვს, სხვა შემთხვევაში კი ვრჩები იმ სტრესულ სიტუაციაში, არსად მივდივარ, სანამ სიტუაციას არ დავალაგებ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...კეთილი იყავი! - მშობლები ბავშვობიდან ამას მინერგავდნენ. ახლა დედა სულ მეუბნება, ნუ ხარ ემოციური, ყველაფერი გულთან ახლოს ნუ მიგაქვსო!

- დაბოლოს გეტყვით...

- ...ხალხნო, გვიყვარდეს ერთმანეთი. ამ პლანეტაზე ერთად ყოფნის ძალიან ცოტა დრო გვაქვს, პატივი ვცეთ ერთმანეთს და დამიჯერეთ, ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება.

თამუნა კვინიკაძე