"პოლიტიკა მაინტერესებს..." - გზაპრესი

"პოლიტიკა მაინტერესებს..."

19 წლის მიშო გრძელიშვილი სატელევიზიო პროექტის - "პრაიმ ჰაუსი" ყველაზე უმცროსი მონაწილე გახლდათ. მან პროექტი პირველივე "ლაივზე" დატოვა, მაგრამ უამრავი გულშემატკივარი შეიძინა. სწორედ მისი გულშემატკივრების აქტიურობის გამო, "ფეისბუკზე", "პრაიმ ჰაუსის" ოფიციალური გვერდიდან ბევრი პოსტი წაიშალა. ამ თემასთან დაკავშირებით, მიშომ ვიდეოც გამოაქვეყნა...

- პროექტში გასამარჯვებლად შევედი. ჩემი აზრით, მინიმუმ, ფინალში უნდა ვყოფილიყავი. რაც მოხდა, ამის მიზეზი მეც არ ვიცი, თუმცა მისაღებია - პროექტის დატოვების გამო გული არ მწყდება. თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ხალხის სიყვარული დავიმსახურე.

- რატომ იყავი დარწმუნებული, რომ აუცილებლად ფინალში იქნებოდი?

- 2 კვირის განმავლობაში უამრავი გულშემატკივარი შევიძინე. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აუცილებლად ბევრი დამიმესიჯებდა, ფინალში მოვხვდებოდი და შეიძლება, გამარჯვებულიც გავმხდარიყავი.

- პროექტისგან რას ელოდი - პოპულარობა გინდოდა თუ?..

- ჩემი თავის გამოცდა მინდოდა - მაინტერესებდა, საკუთარ თავს "შორიდან" როგორ შევხედავდი. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად წარიმართა, თუმცა დრო არ მეყო, რომ მაყურებლისთვის ჩემი სახე სრულად მეჩვენებინა...

- საკუთარ თავზე როგორი წარმოდგენა გქონდა და ახლა, შენი მონაწილეობით გადაღებული ეპიზოდების ნახვის მერე, როგორი წარმოდგენა გაქვს?

- იმ 2 კვირის განმავლობაში, რაც პროექტში გავატარე, ჩემი თავი ზუსტად წარმოვაჩინე: იუმორით, სარკაზმით, სამართლიანობით (რაც ყველაზე მთავარია)... გულშემატკივრებმა ჩემი აგრესია (რაც კონკრეტულ სიტუაციაში ადეკვატური რეაქცია იყო) დაინახეს. როგორც ჩანს, ხმის აწევის გამო, ჩემ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ გასჩენიათ - მიხვდნენ, რომ ბუნებრივი რეაქცია იყო და პირიქით - ეს ქმედება მომიწონეს. მიმაჩნია, რომ ჩემი საქციელი აბსოლუტურად სწორი გახლდათ. უბრალოდ, შეიძლება გამოხატვის ფორმა კარგი არ იყო, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა ამას დიდ ყურადღებას აქცევენ. ჯობია, ხალხმა ყურადღება სიმართლეზე გაამახვილოს, ვიდრე - გამოხატვის ფორმებზე.

- მას შემდეგ, რაც პროექტი დატოვე, "პრაიმ ჰაუსის" ოფიციალური გვერდიდან პოსტების დიდი ნაწილი გაქრა, წაიშალა. შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნე, რომელშიც გაირკვა, რომ თურმე, შენი გულშემატკივრები მიიჩნევდნენ, რომ პროექტი უსამართლოდ დატოვე, რის გამოც პოსტები გაასაჩივრეს და ამიტომაც წაიშალა...

- პროექტიდან რომ წამოვედი, ჩემი ბევრი გულშემატკივარი კომენტარს წერდა, - მიშო დააბრუნეთო. ჩემი წამოსვლა არ მოეწონათ და გადაწყვიტეს, გვერდი "დაერეპორტებინათ", რის შემდეგაც "პრაიმ ჰაუსის" ძალიან ბევრი ვიდეო (პროექტიდან ჩემი წამოსვლიდან მეორე სეზონის დასაწყისამდე გამოქვეყნებული) წაიშალა. შემდეგ ჩემს გულშემატკივრებს მოვუწოდე: თუ უსამართლობის გრძნობა გაქვთ, ამ ფაქტს მშვიდობით შევხვდეთ-მეთქი. პირიქით, "პრაიმ ჰაუსს" მადლობას ვუხდი, რომ საშუალება მომცა, ხალხის სიყვარული მომეპოვებინა. კიდევ, მადლობა იმისთვის, რომ რამდენიმე ათას კაცს შორის, პროექტის მონაწილედ ამირჩიეს, მათ შორის ყველაზე პატარა ასაკის მონაწილე გახლდით...

- რეალურ ცხოვრებაში, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებთან ურთიერთობას მარტივად აწყობ?

- კი. "კომედი ჯგუფშიც" მიმუშავია, სადაც თანამშრომლებს შორის, ყველაზე უმცროსი ვიყავი. თუ ადამიანი მივიღე და მანაც მიმიღო, მასთან თავს ისე ვგრძნობ, როგორც თანატოლთან.

- "კომედი ჯგუფში" როგორ მოხვდი?

- პაროდისტი ვარ. 2021 წელს თამარ ჩერგოლეიშვილმა ვიდეო გადამიღო, რომელშიც გიგა ბოკერიას და გიორგი გახარიას პაროდიას ვაკეთებდი. ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შემდეგ დამიკავშირდნენ და "კომედი ჯგუფში" მუშაობა დავიწყე. პირველივე კვირას გახარიას პერსონაჟის პრეზენტაცია გავაკეთეთ... შემდეგ "კომედი შოუშიც" ვმონაწილეობდი, 5 თვე ვთანამშრომლობდით. კამერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მივიღე. იმ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, ვისაც ბავშვობიდან ტელეეკრანზე ვუყურებდი... შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, წამოვედი. მერე საქართველოს უნივერსიტეტში, "მანსანკანში" ვითამაშე. იქ გახარიას, ბოკერიას და სხვადასხვა პიროვნების პაროდიას ვაკეთებდი. ჩემი გუნდი ჩემპიონი გახდა.

- გახარიას და ბოკერიას გარდა, რომელი პოლიტიკოსების პაროდირება შეგიძლია?

- ირაკლი კობახიძის, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და ვოლოდიმირ ზელენსკის პაროდიას ვაკეთებ, მაგრამ ზელენსკის პაროდია საჯაროდ არასოდეს გამიკეთებია - უკრაინაში მიმდინარე მძიმე მოვლენების გამო, ჯერ საჭიროდ არ მივიჩნიე...

- ყველაზე მეტად, რომელი პოლიტიკოსის პაროდიის გაკეთება გიყვარს?

- გიგა ბოკერიასი, რადგან ლაპარაკის ძალიან სახასიათო მანერა აქვს.

image4-1682428462.jpeg

- "პრაიმ ჰაუსში" შესვლამდე რას საქმიანობდი?

- უნივერსიტეტში ვსწავლობდი და კალათბურთს ვთამაშობდი. ვაგრძელებ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლას და საქართველოს უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდში თამაშს.

- პაროდისტმა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი რატომ აირჩიე?

- იმიტომ, რომ პაროდია უბრალოდ, ნიჭია. სპეციალობა აუცილებელია. თან, პოლიტიკა მაინტერესებს. სხვადასხვა პროექტით დაინტერესებული ვარ. საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, საზღვარგარეთაც ვყოფილვარ... ჩემი ასაკის გამო, პოლიტიკაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვსწავლობ, ბევრ რამეს ვეუფლები და ვნახოთ, რა იქნება...

- კალათბურთში რა მიღწევები გაქვს?

- 12 წლიდან ვთამაშობ. საქართველოს ჩემპიონი არ გავმხდარვარ, თუმცა ერთხელ თბილისის ტურნირის ჩემპიონი გავხდი.

- კიდევ რა გაინტერესებს?

- მუსიკა. მამაჩემი მუსიკოსი იყო, ჰობოის (ჩასაბერი ინსტრუმენტი) განხრით. რომ გარდაიცვალა, მისი საქმიანობა გავაგრძელე და ნიჭიერთა ათწლედი დავამთავრე... დედა მევიოლინეა.

- მუსიკის სფეროში დღეს აქტიურობ?

- კონსერვატორიაში არ ჩავაბარე, თუმცა ნიჭიერთა ათწლედმა კარგი გამოცდილება მომცა: ბევრად კარგი მსმენელი ვარ, ვიდრე მანამდე ვიყავი. მუსიკის სფეროს უფრო დავუახლოვდი. ჩემს ცხოვრებაში მუსიკა დიდ როლს თამაშობს.

- შენს ოჯახზე კიდევ რას გვეტყვი?

- 12 წლის ვიყავი, როცა მამა დაავადებით გარდაიცვალა. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დედაჩემი მთავარი ფიგურაა. ყველაფერში მხარში მიდგას. ასევე, ემიგრანტი ბებია (მამაჩემის დედა) მყავს - საბერძნეთშია. უკვე 10 წელია, რაც არ მინახავს. ჩვენი ურთიერთობა ტელეფონით ლაპარაკით შემოიფარგლება, მაგრამ მისგან იმხელა სითბოს ვგრძნობ, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, ბებიის აღზრდილი ვარ, დისტანციურად (იღიმის)... ბებია და დედა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.

- 12 წლის ბავშვმა მამის დაკარგვა როგორ აღიქვი?

- ძალიან მძიმედ, თუმცა იმ პერიოდში, კალათბურთის თამაში დავიწყე და სირთულე დავძლიე...

- შენი ყოველდღიურობა როგორია?

- უნივერსიტეტი, ბევრი ურთიერთობა, კალათბურთი, მოგზაურობა და რაღაც-რაღაც გამოწვევების მოლოდინის რეჟიმში ყოფნა...

- დამოუკიდებლად გიმოგზაურია?

- კი, დამოუკიდებლადაც და გურამ შეროზიასთან ერთადაც ხშირად ვმოგზაურობ, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც.

- პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით, შენს გადაწყვეტილებაზე გურამმა ხომ არ მოახდინა გავლენა?

- სხვათა შორის, კი. "პრაიმ ჰაუსის" პირველი სეზონი საერთოდ არ მინახავს. გურამთან ვმეგობრობ. როცა გავიგე, მეორე სეზონის მონაწილე იყო, პროექტის ყურება დავიწყე, "ლაივებზეც" დავდიოდი, გურამის აქტიური გულშემატკივარი ვიყავი. შემდეგ გადავწყვიტე, მესამე სეზონის კასტინგებში მონაწილეობა მიმეღო. რამდენიმე ათას კაცს შორის ამირჩიეს და პროექტში მოვხვდი.

- გოგონებს შორის პოპულარული ხარ?

- კი. გოგონებისგან ყურადღება "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობამდეც არ მაკლდა, მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა, რაოდენობამაც იმატა და ხარისხმაც (იღიმის), თუმცა სერიოზული ურთიერთობა არასოდეს მქონია. ახლაც არ მაქვს. 1 გოგოს მიმართ სიმპათია მქონდა, მაგრამ სიტუაცია ისე არ წარიმართა, როგორც მინდოდა და ამ საკითხს შევეშვი...

dsc-7708-1682428450.jpg

- როგორი გოგონები მოგწონს?

- სასურველია, მაღალი, ლამაზი, კარგი ხასიათის იყო - იუმორის გრძნობა, მოსმენისა და საუბრის კულტურა ჰქონდეს.

- "პრაიმ ჰაუსის" მონაწილის - კრისტი აბაკუმოვას მიმართ გრძნობები გქონდა?

- მის მიმართ გრძნობები, მოწონების განცდა არასდროს მქონია. უბრალოდ, ყოველთვის ვამბობდი, რომ შესაძლო იყო, მომავალში მომწონებოდა. ერთ-ერთ კანდიდატად განვიხილავდი ისევე, როგორც სხვებს. თუმცა კრისტიმ რაც მიჩვენა - უმადურობის მაგალითი, მასთან დაკავშირებული ყველანაირი აზრი გამიქრა. დღეს ჩემთვის კრისტი და მისი მსგავსი გოგონები არანაირ კონტექსტში არ განიხილება.

- ბევრი გულშემატკივრის შეძენის გარდა, შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა?

- არაფერი, გარდა იმისა, რომ ქუჩაში ბევრად მეტი ხალხი მცნობს, ვიდრე მანამდე მცნობდა. მიღიმიან, ჩემ მიმართ დადებითად განწყობილი არიან... ჩემი ახლოს გაცნობა ბევრს უნდა...

ეთო ყორღანაშვილი