"მიცვალებულების ფერფლის შესანახად განკუთვნილ სალოცავში ბევრი ღამე გამითენებია, შეშინებულს..."
წლების წინ ჟურნალისტ ლელა ჭანკოტაძეს შვილების, ოჯახის საკეთილდღეოდ აწყობილი კარიერის გვერდზე გადადება და ემიგრაციაში წასვლა მოუხდა... მის ემოციურ თავგადასავალს ყოველგვარი შელამაზების გარეშე გიამბობთ...
- ძალიან ბევრი წელი ვემსახურებოდი საყვარელ საქმეს, ჟურნალისტიკას და არ მეგონა, თუ ოდესმე ამ სფეროს მიტოვება მომიწევდა, მაგრამ ერთხელაც რთული არჩევანის წინაშე დავდექი; იძულებული გავხდი, უკვე აწყობილ კარიერაზე უარი მეთქვა...
- თუმცა, როგორც ვიცი, სანამ ემიგრაციის რთულ გზას დაადგებოდი, პრობლემების მოგვარება რამდენიმე ადგილას მუშაობით სცადე... ისეთი საქმეები წამოიწყე, რომელიც მანამდე შენთვის "უცხო ხილი" იყო...
- მართლაც, ყველაფერი გავაკეთე, რომ არ წავსულიყავი... ჩემი ქმარი გახდა ავად, ურთულესი ოპერაციები სჭირდებოდა, რომელსაც დაზღვევა არ აფინანსებდა. პირველად რომ გვითხრეს, ერთი ოპერაცია 7.000 დოლარი ჯდებაო, არ ვიცოდით, თანხა საიდან მოგვეტანა. არადა, დაახლოებით სამ წელიწადში 4 ურთულესი ოპერაცია გაიკეთა. მიუხედავად იმისა, რომ სიმსივნე იყო, რატომღაც პლასტიკური ოპერაციის კოდით გადიოდა და არ ფინანსდებოდა. ამ ყველაფერს დაერთო ისიც, რომ სამსახურიდან (უშიშროებაში მუშაობდა) სასწრაფოდ გაათავისუფლეს, როგორც 40 წელს მიტანებული (მაშინ ე.წ. ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარი იყო). ურთულესი პერიოდი გახლდათ ჩვენი ოჯახისთვის... ჩემს უფროს შვილს პენსია ჰქონდა დანიშნული, როგორც ხშირად მოავადე ბავშვის სტატუსის მქონეს და პირველი, რაც მიშას ხელისუფლებამ გააკეთა, ჩემს შვილს და მისნაირი სტატუსის მქონეებს პენსია მოუხსნა, რომელიც სულ რაღაც, 45 ლარი გახლდათ, მაგრამ ეს თანხაც კი ჩემი ოჯახის ბიუჯეტისთვის ბევრს ნიშნავდა. დავრჩით მხოლოდ ჩემი ხელფასის იმედად, რასაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ვიღებდი და ესეც ძალიან მიზერული თანხა იყო... საკუთარ თავთან ჭიდილის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტოვებინა საყვარელი საქმე და ოჯახის გადასარჩენად რაიმე ისეთი გამეკეთებინა, რაც მეტ შემოსავალს მოგვიტანდა... გავხსენი სამკერვალო, თან იმ პერიოდში ხელში ნემსის დაჭერაც არ ვიცოდი. დავიქირავე მკერავები და მეც, რაღაც ელემენტარული რომ მესწავლა, ერთ ასაკოვან ქალბატონთან დავდიოდი... იყო მომენტი, როცა მკერავები საქმეს ვერ აუდიოდნენ, მე კი რედაქციიდან მათთან გავრბოდი და რაღაცებს ვჩხირკედელაობდი. თითქოს კარგად ავაწყვე ეს საქმე: სამკერვალო ისტუმრებდა თავის ხარჯებს და მოგებასაც ტოვებდა - 150 ლარს, რაც ცხადია, არაფრისთვის იყო საკმარისი. ჩემი მეგობრები ტანსაცმლის ბიზნესში მუშაობდნენ და პარალელურად, ამ სფეროში გადავინაცვლე... სანამ თბილისიდან წამოვიდოდი, ტანსაცმლის 4 მაღაზია მქონდა... მოკლედ, როგორც ხვდებით, ყველაფერი ვცადე, ოღონდაც შვილები არ დამეტოვებინა. ვაგზალზე, მიწისქვეშაში მაღაზიები რომ გაიხსნა, დამატებით იქაც ვმუშაობდი, მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ მიუხედავად ამდენი შრომისა, ვალებს, რომელიც ოჯახის წევრების ჯანმრთელობის და სხვა საჭიროებების გამო დაგვიგროვდა, ვერ ავუდიოდი. ჩვენი ვალი 100.000 ლარს რომ გადასცდა, მერე აღარც დამითვლია, აზრი არ ჰქონდა...
- და საბოლოოდ, საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილებამდე მიხვედი...
- იმ პერიოდში, როცა წასვლაზე დავიწყე ფიქრი, მქონდა დეპრესია. ერთ ღამეს, როცა ვიჯექი და მძინარე შვილებს ვუყურებდი, გიჟურმა აზრმა შემაწუხა: რა მოხდება, რომ მოვუშვა გაზი და ამით დამთავრდეს ეს ტანჯვა-მეთქი? მიჭირდა მათი დატოვება და ვიცოდი, ჩემ გარეშე გაუჭირდებოდათ... ბოლოს მაინც გავრისკე და წამოვედი ისე, რომ ბოლო წუთამდე არავისთვის მითქვამს, რას ვაპირებდი. ისეთი დაბნეული ვიყავი, ავტობუსით წავედი საბერძნეთში და გავიარე ის რთული გზა, რასაც მაშინ ბევრი გადიოდა. არადა, შემეძლო ბილეთი მეყიდა და კომფორტულად წავსულიყავი, არც ვიზის მიღების პრობლემა მექნებოდა, მაგრამ ამაზე ფიქრის თავიც არ მქონდა... ჩავედი ათენში, იქიდან კუნძულ მიკონოსზე გადავედი და როცა გემში ვიჯექი, მაშინაც ვფიქრობდი იმაზე, რა მოხდებოდა, წყალში რომ გადავმხტარიყავი. ვფიქრობ, პასუხისმგებლობამ არ მომცა ამ სიგიჟის ჩადენის უფლება. ეს რომ გამეკეთებინა, რა ეშველებოდათ ჩემს შვილებს? ახლა რომ ზოგიერთები ემიგრანტ ქალებზე ამბობენ, მიდიან და ტოვებენ შვილებსო, ადვილი ჰგონიათ ასეთი არჩევანის გაკეთება? მერწმუნეთ, ადვილი კი არა, ნამდვილი ჯოჯოხეთია...
სხვათა შორის, წიგნს ვწერ ემიგრანტ ქალებზე და რომ მივუბრუნდები ხოლმე ჩანაწერებს, ვკითხულობ და მიკვირს, როგორ შევძელი ამ ყველაფერს გავმკლავებოდი.
- საბერძნეთში ვინმე ახლობელი გეგულებოდა?
- ამ უმშვენიერეს კუნძულზე ნათესავებთან ჩავედი. იმ სახლის აივნიდან, სადაც დროებით ვცხოვრობდი, ზღვას ვუყურებდი. ერთი თვე, უმუშევარმა იქ გავატარე და წარმოიდგინეთ, მე, ზღვის მოყვარული ადამიანი, სანაპიროზე არც გავსულვარ. აივნიდან ფეხი არ გამიდგამს, რადგან შვილებთან განშორებას ვერ ვეგუებოდი, აივანზე ჯდომა და მათზე ფიქრი მერჩივნა ყველაფერს... საბერძნეთში კი ჩავედი, მაგრამ იქ რა უნდა მეკეთებინა, არ ვიცოდი. თან ვიყავი იმდენად უმწეო და ფიზიკურად მოუმზადებელი, რომ სადაც დამაწყებინეს მუშაობა, ვერაფერი შევძელი, მათ შორის, ვერც სასადილოში ჭურჭლის რეცხვა. ისე ვიღლებოდი, მეგონა, გული წამივიდოდა. ხალხი რომ მთელი დღე მუშაობდა, მე 2-3 საათში ვკარგავდი ძალას. ყველაფერზე მიფიქრია, მაგრამ უცხო ადამიანს საფენს თუ გამოვუცვლიდი, ამას მანამდე ვერც წარმოვიდგენდი. არადა, დავიწყე ბებიასთან მუშაობა და დაიწყო ჩემი ემიგრანტული თავგადასავალიც იმ კუნძულზე...
ვცხოვრობდი სახლში ნარკომანთან ერთად - ბებიას შვილი წამალდამოკიდებული გახლდათ და იმ სახლში იკრიბებოდნენ მთელი კუნძულის ნარკომანები. საბერძნეთში ყველა ოჯახს აქვს თავისი პატარა ეკლესია, ერთი ბეწო სალოცავი. კუნძულზე მიცვალებულს წვავენ და ყველა ფერფლი ამ სალოცავებში ინახება, ანუ ყველა ოჯახს აქვს ასეთი კუთხე გარდაცვლილებისთვის. ჰოდა, ძალიან ბევრი ღამე იმ სალოცავში გამითენებია, შეშინებულს...
ზაფხულში კუნძულზე ისეთი ამბავია, რიგში უნდა ჩადგე, ქუჩაში რომ გაიარო, მაგრამ ზამთარში არავინაა, ადგილობრივებიც კი ათენში მიდიან, რჩებიან მარტო მოხუცები და მათი მომვლელები. არის ქარიშხალი, ზღვა და სიმარტოვე ენით უთქმელი. ასე გავატარე 4 ზამთარი, დამლაპარაკებელი რომ არავინ მყავდა.
- ქართველები ხომ იყვნენ ამ კუნძულზე და მათთან ურთიერთობას ვერ ახერხებდი?
- რამდენიმეს ვიცნობდი, მაგრამ ერთმანეთისგან შორიშორს ვცხოვრობდით. საერთოდ, ემიგრაციასთან შეგუებაში ბევრი ქართველი დამეხმარა, ბევრი მეგობარი შევიძინე საბერძნეთში და არ ვიცი, მათ გარეშე რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება. ემიგრანტებს ძირითადად, კარგად გვესმის ერთმანეთის, უსიტყვოდ...
- როგორც ვიცი, ერთ-ერთი ოჯახი, სადაც მუშაობდი, საბერძნეთში შვილის ჩაყვანაში დაგეხმარა...
- საბერძნეთში რამდენჯერმე გამოვიცვალე სამუშაო და ერთხელაც, 4 წლის შემდეგ მოვხვდი ოჯახში, სადაც ანგარიში გამიწიეს, რადგან ხედავდნენ, როგორ მენატრებოდა ახლობლები და მითხრეს, რომ დამეხმარებოდნენ, რათა საბერძნეთში ჩამოსულიყო ჩემი უმცროსი შვილი, რომელიც 6 წლისა დავტოვე და უკვე 10-ის გახლდათ.
იბრძოლა ამ ოჯახმა, რომ ბავშვს ვიზა მიეღო. რეკავდნენ თბილისში, საელჩოში და ოჯახის უფროსი, მილიონერი და კუნძულზე ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ბავშვივით ეხვეწეობოდა ელჩს, გამოუშვიო. ისიც მიხვდა, რომ ე.ი. ამ ბავშვის დედა მიკონოსზე იყო. ამბობდა, რამე საბუთი რომ მქონდეს, დედა სად არის, რომელ ქვეყანაში და დაადასტუროს, რომ ბავშვს შეუძლია მგზავრობა, გამოვუშვებ, სხვაგვარად ვერაო. ერთთვიანი ჭიდაობა ასე, უარით დამთავრდა, მაგრამ როცა ჩემი ქმარი საბუთების წამოსაღებად წავიდა, ნახა, რომ ვიზა ჩარტყმული იყო. ეტყობა, ბოლო მომენტში იმასაც შევეცოდეთ მე და ჩემი შვილი. ეს იყო საოცარი ფაქტი, რომელმაც ამაფორიაქა...
კუნძულზე მყოფმა ქართველებმა როცა გაიგეს, ჩემი შვილი მოდიოდა, დილას ვის რა მოჰქონდა ჩემთან, ვეღარც დავიმახსოვრე - თითქოს ყველა თავის შვილს ელოდა. სახლი, როგორც რესტორანი, პროდუქტებით გაივსო, ყუთებით მოჰქონდათ ტკბილეული, რომ ჩემი პატარას განებივრება მოეხერხებინათ...
როცა ეს დღე დადგა, გემი ჩამოდგა და კარი გაიხსნა, დავინახეთ, პირველი ბავშვი გამოვიდა. მეგობარი ქართველი ემიგრანტები მახლდნენ და მკითხეს, ეს ხომ არ არის შენი შვილიო? - არა, ეს პატარაა, ჩემი შვილი კი უკვე დიდია-მეთქი. წარმოიდგინეთ, საკუთარი შვილი ვერ ვიცანი... მანამდე მეგონა ვიტირებდი, ნერვებს ვერ "დავიჭერდი", მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, ვერც გავინძერი. როცა ჩავიხუტე, ისე კანკალებდა, მეგონა, ჩემი ემოციაც რომ დამემატებინა, გული გაუსკდებოდა, ისეთ დღეში იყო... ერთ თვეს ვიყავით ერთად და ეს იყო უდიდესი ბედნიერება... ხან ვისთან ერთად სეირნობდა კუნძულზე, ხან ვისთან, ყველა ქართველი ემიგრანტის შვილი იყო...
როცა მისი საქართველოში დაბრუნების დრო დადგა, მომცეს უფლება, გემით ათენში, თვითმფრინავამდე მიმეცილებინა. ოთახში შევედი, რომ წასვლამდე ბებიასთვის წყალი მიმეწოდებინა. ეს ქალბატონი წყალს რომ სვამდა, თვალს არ მაშორებდა და უცებ სული დალია. თურმე, თრომბმა "დაარტყა" და ჩვენ თვალწინ გარდაიცვალა. ეს იცით, რა იყო? ბავშვმა, მგონი, მთელი ცხოვრების სტრესი მიიღო: მე მივდივარ და შენ რა გეშველებაო? - ტიროდა... არ ვიცი, მე უფრო მეტი გადავიტანე თუ ჩემმა ოჯახმა, ჩემი ემიგრაციაში ყოფნის გამო...
- ბევრი ნატრობს ერთხელ მაინც მოხვდეს მიკონოსზე, ამ ქათქათა და მდიდრულ კუნძულზე...
- კი, შორიდან მეც ყველა შემომნატროდა, რა ლამაზია ეს კუნძული, ნეტა მეც მანდ ვიყოო... სხვათა შორის, კუნძულს ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის საყურადღებო ისტორია აქვს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ადგილი. იმ მილიონერმა, რომელიც შვილის ჩამოყვანაში დამეხმარა, ერთხელ ასეთი რამ მითხრა: არ მიკვირს, საქართველოში რომ ასე უჭირთ. მეც ისეთი გაჭირვება მაქვს გამოვლილი, რომ გაგიკვირდება და, ფეხსაცმელი არ მქონდა. მე კი არა, მთელი ზაფხული კუნძულზე დიდებიც და პატარებიც, ფეხშიშველი დავდიოდით. წვიმა რომ დაიწყებოდა, ფეხები მტკივდებოდა და ისე მისივდებოდა, მერე უკვე ფეხსაცმელშიც არ მეტეოდა. მე და ჩემს ძმას ერთი შარვალი გვქონდა და სკოლაში რიგრიგობით დავდიოდით. ერთი რვეული მქონდა და ყველა საგნის გაკვეთილებს მასში ვწერდი, რაც შეიძლება წვრილად, რომ დიდხანს მყოფნოდა. მთელი ჩვენი ცხოვრება მეთევზეობა იყო. ქალები ქსოვდნენ რაღაცებს და თვეში ერთხელ ჩამოდგებოდა გემი, რომლის ეკიპაჟის წევრები ჩვენგან ხელნაკეთ ნივთებს, თევზს ყიდულობდნენ და ეს იყო კუნძულზე მცხოვრები ხალხის შემოსავალი. ერთ დღესაც სანაპიროს მოადგა მრავალსართულიანი, ტურისტული გემი, გაკეთდა ღრმაწყლოვანი პორტი და ჩვენი გაჭირვებული ყოფა ამით დამთავრდაო. მას მერე კუნძულზე შემოდიან დიდი გემები და ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდრული ადგილი, რომლის ყველა მოსახლე დღეს ნამდვილად, მილიონერია.
- უკვე თბილისში ჩამოსვლასაც ახერხებ, არა?
- კი, საბედნიეროდ. წლების შემდეგ თბილისში პირველად რომ ჩავედი, რუსთაველზე გავედით; წინ ჩემი შვილი მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი და ვგრძნობდი, ის ფოთლებიც მომნატრებია, რომლითაც რუსთაველის გამზირი იყო დაფარული. იცით, სხვაგან ასეთი ფერადი ფოთლები არსად მინახავს... ჟურნალისტობის წლებიც ძალიან მენატრება. ახალბედა, პირველად რედაქციაში როცა მივედი, ერთმა ჩვენმა ფავორიტმა ჟურნალისტმა გამოპრანჭული რომ დამინახა, მითხრა: შენ იფიქრე იმაზე, რომ ჟურნალისტი მარტო ის არის, ვინც უნიტაზზეც ჟურნალისტიაო. ამდენი წელი გავიდა, შეხება ხომ აღარ მაქვს ამ სფეროსთან, მაგრამ მე ისევ ჟურნალისტი ვარ, დამიჯერეთ. ყველგან, სადაც მივდივარ, "სხვა" თვალით ვუყურებ ყველაფერს.
- მიკონოსი ცნობილია იმ ფაქტით, რომ ზაფხულში იქ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩადიან...
- ნამდვილად, მიკონოსზე განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ. წარმოიდგინე ჩვენი მენტალობა ახლა როგორია და რა იქნებოდა 9-10 წლის წინ. პირველი შეხება მათთან მქონდა სასტუმროში, როცა ნომერში, რომელსაც ვემსახურებოდი, ორი კაცი შემოვიდა (საქორწილო მოგზაურობაში იყვნენ). მათ ახლდა ერთ-ერთის და - ანუ მული. ეს იყო პირველი შეჯახება ამ რეალობასთან და მერე უკვე შევეჩვიე. ვერ ვიტყვი, რომ თვითონ კუნძულზე დასახლებულებისთვის ეს ძალიან მოსაწონია, მაგრამ ამას უყურებდნენ, როგორც შემოსავლის წყაროს, კუნძული ამით ცხოვრობს, მილიონები შესდით.
- ემიგრანტების უმეტესობა ცდილობს, ყველა "კაპიკი" დაზოგოს, თავიდან - მით უმეტეს...
- თავიდან და მერეც, ყოველთვის. საბერძნეთში 18 წელი, დასვენების დღის გარეშე მუშაობდა ერთი ქალი და ამ წლების მანძილზე 50 ევრო არ ექნებოდა დახარჯული საკუთარი სიამოვნებისთვის...
- ემიგრაციაში მყოფს, შვილებთან განშორების გარდა, ყველაზე მეტად, რისი ატანა გიჭირდა?
- ერთხელ ასეთი რამ შემემთხვა: ერთი პერიოდი სამუშაოდ საბერძნეთში წავედი, რადგან კუნძულზე ვერ დავსაქმდი. მერე დამირეკეს, სამუშაო გამოჩნდაო და ვინაიდან ძალიან ხელსაყრელი შემოთავაზება იყო, მაშინვე მივატოვე სამსახური და წამოვედი გემით. სანამ ჩამოვედი, ის ადამიანი, რომელთანაც უნდა მემუშავა, გარდაცვლილა და დავრჩი კუნძულზე, ღია ცის ქვეშ, ჩემოდნით ხელში და 5 ევროთი ჯიბეში. აი, ეს არის ემიგრაცია, არ იცი, სად რა წამოგეწევა და შეიძლება ქუჩაშიც მოგიხდეს ღამის გათევა.
- იმედია, ვინმე დაგეხმარა და ღამის ქუჩაში გათევა არ მოგიხდა...
- ვიფიქრე, სად წავიდე-მეთქი? ბინა რომც მეშოვა, ღამეში 500 ევრო უნდა გადამეხადა და აზრი არ ჰქონდა რამის ძებნას, მე ხომ მხოლოდ 5 ევრო მქონდა. გვიანი იყო, ვერავის შევაწუხებდი და მოულოდნელადაც ვერ მივადგებოდი კარს. ის იყო, ხელი ჩავიქნიე, რომ გამახსენდა, მქონდა იმ სალოცავის გასაღები, სადაც ბევრი ღამე გამითევია, რათა ნარკომანებისგან თავი შორს დამეჭირა. მაშინვე წავედი, გავაღე კარი და ის ღამე სკამზე დამჯდარმა გავათენე, მერე კი ერთ-ერთმა ქართველმა შემიფარა. ბევრი ამბავია ასეთი, ენით უთქმელი პრობლემები გადააქვს ყველა ემიგრანტს და ვინც იტყვის, რომ მსგავსი არაფერი გამოუვლია, ის უბრალოდ, რაღაც მიზეზების გამო არ ჰყვება ამ ყველაფერს. წლების განმავლობაში ჩემმა ოჯახმაც არ იცოდა, რაიმე პრობლემა თუ მქონდა ემიგრაციაში. რაც უნდა მიჭირდეს, როცა სახლში ვრეკავ, იქ არაფრით ვიტყვი, არ დავიწუწუნებ ამაზე, რადგან არ მინდა ინერვიულონ.
უკვე რამდენიმე წელია, საბერძნეთში აღარ ვარ, ისრაელში ვიმყოფები, სადაც ემიგრანტსაც კი საკუთარ თავზე მუშაობის და განვითარების ბევრი შანსი გაქვს, თუმცა ამაზე "გზის" მომდევნო ნომერში გიამბობთ...
ლიკა ქაჯაია