"თავიდან ბოლომდე მავნე ვარ" - გზაპრესი

"თავიდან ბოლომდე მავნე ვარ"

ასაკი: 28 წლის.

განათლება: დაამთავრა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი.

საზოგადოებამ გაიცნო რეალითი შოუდან - "პრაიმ ჰაუსი".

ამჟამინდელი საქმიანობა: თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან, პიარის მიმართულებით.

ჰობი: ცეკვა.

ცხოვრების დევიზი: "იყავი ის, ვინც ხარ".

- სალომე, წარმოიდგინე, არავინ გიცნობს. საზოგადოებას საკუთარ თავს როგორ წარუდგენ - ვინ ხარ?

- ერთი უბრალო ადამიანი, რომელიც ჯანსაღი ურთიერთობებით იკვებება.

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- ჩემს მეგობრებს. ძირითადად ვინტერესდებით, ვინ როგორ ვართ, მაგრამ ბოლო დროს, უფრო ხშირად ჩემთან დაკავშირებულ ინტრიგასა და სკანდალურ ეპიზოდებს განიხილავენ, რაზეც ძალიან ვხალისობთ.

- შენს სამეგობროში გოგონები ჭარბობენ თუ ბიჭები?

- თანაბრადაა. საერთოდ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს.

- "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონში, ერთ-ერთმა მონაწილემ შენსა და თავის რჩეულზე იეჭვიანა. ასევე, მსგავსი ფაქტი მეორე სეზონშიც იყო, როცა ბაგირამ შენსა და გურამზე იეჭვიანა. ამ მხრივ, რეალურ ცხოვრებაში როგორ არის საქმე, მეგობრის რჩეულს შენზე უეჭვიანია?

- ჩემს მეგობრებს ძალიან ვუყვარვარ, მათთვის კომფორტული ვარ. ხშირადაა შემთხვევა, როცა ადამიანებს ჩემთან ერთად დროის გატარება ძალიან მოსწონთ. ეს მიხარია და კმაყოფილი ვარ. მიმაჩნია, რომ ჩამოყალიბებულმა, თავდაჯერებულმა პიროვნებამ ის ადამიანი უნდა მიიღო, ვინც შენი რჩეულის მეგობარია. მასთან ყველაზე კარგი დამოკიდებულება უნდა გქონდეს, როცა ხედავ, როგორი კარგი, ჭეშმარიტი, ნაღდი და ჯანსაღი ურთიერთობაა. საერთოდ, მგონია, ეჭვი ცოტათი კომპლექსების ბრალია... კი, ჩემი მეგობარი ბიჭების შეყვარებულებს ჩემზე უეჭვიანიათ, უფრო მეტიც: მხოლოდ გოგონები არ ეჭვიანობენ, ბიჭებსაც უეჭვიანიათ გოგონებზე - სალომე უფრო გიყვარს, ვიდრე მეო (იცინის).

- ძირითად შემთხვევებში, ეჭვიანობის სცენები როგორ სრულდება?

- ძალიან სასაცილოდ, რადგან მერე, ჩემი მეგობრების შეყვარებულებთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. შემდეგ უკვე მეგობრები ეჭვიანობენ ჩვენზე (იცინის).

- თავად ეჭვიანი არ ხარ?

- არა. ალბათ, ეჭვიანობასთან დაკავშირებულ სიტუაციებს ამიტომაც ვერასოდეს ვიღებ. ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია, კითხვები დავსვა და პასუხები მივიღო. შესაბამისად, ეჭვი უკვე აღარ არის: თუ რამე არ მსიამოვნებს, ვარკვევ და მორჩა.

- როგორ ფიქრობ, შენი მთავარი შარმი რა არის, რის გამოც გარშემო მყოფებს შენთან ერთად ბევრი დროის გატარება სურთ?

- ვფიქრობ, ძალიან ძლიერი ენერგეტიკა მაქვს. სულ ვამბობ, - ჩემი ენერგია ყველაზე დიდი ვალუტაა, რაც გამაჩნია-მეთქი. სავარაუდოდ, მიზეზი ეს არის, რატომაც ადამიანები ჩემთან თავს კომფორტულად გრძნობენ. კიდევ, საკუთარ თავში ძალიან მომწონს, რომ ადამიანებთან მიდგომები ვიცი: ყველასთან ისეთ დამოკიდებულებას ვიჩენ, როგორი ტიპის პიროვნებაცაა.

- მეგობარი დაგიკარგავს?

- არა. არის სიტუაციები, როცა უბრალოდ, მეგობრებს დაშორებამ მოგვიწია, ძველებური "ხარისხის" მეგობრობა აღარ გვაქვს, რადგან სიტუაციები შეიცვალა: მას თავისი ცხოვრება აქვს, მე - ჩემი. ერთმანეთს ცოტათი "გზაში ავცდით", თორემ ვერ ვიტყვი, ერთმანეთი დავკარგეთ და აღარ ვმეგობრობთ-მეთქი. დღეს რომ დამირეკოს, იმავენაირი ემოციით შევხვდები, როგორც - წინათ. ისიც ანალოგიურად მოიქცევა.

- რა მავნე ჩვევა გაქვს?

- საერთოდ, თავიდან ბოლომდე მავნე ვარ (იცინის).

- შენი მავნებლობა რაში გამოიხატება?

- საერთოდ, სიტუაციებს იუმორით ვუყურებ. ხანდახან ადამიანებს ჰგონიათ, რომ იუმორი სარკაზმსა და ირონიაში გადამდის, ოღონდ - ამას არ ვეშვები, რადგან ყველაფერს ხომ მართლა იუმორით, გულთბილად, დადებითად ვუყურებ, არა? სხვა თუ ასე არ მიიჩნევს, თან - უმიზეზოდ და უარგუმენტოდ, ღლიცინი რატომ არ უნდა გავაგრძელო (იცინის)?!.

- რამ შეიძლება, ემოციების კონტროლის უნარი დაგაკარგვინოს?

- უსამართლობამ. როდესაც ვხედავ, ადამიანები უსამართლოდ იქცევიან ან ისეთი სიტუაციაა, სადაც უსამართლობა ჭარბობს, ამ დროს ემოციურად ფეთქებადი ვხდები. მირჩევნია, უსამართლობა შევცვალო და იფიქრონ - სალომემ წონასწორობა დაკარგაო. თავადაც ზუსტად ვიცი, რომ ამ დროს ემოციური ვარ, მაგრამ რაკი უსამართლობას ვერ ვიტან, მირჩევნია, ძალიან ემოციური ვიყო.

- ბოლოს უსამართლობის განცდა როდის და რის გამო დაგეუფლა?

- ფაქტს არ დავასახელებ, მაგრამ იყო სიტუაცია, როცა ვფიქრობდი, ადამიანებს ხმა უნდა ამოეღოთ, თუმცა იმიტომ, რომ ცუდად არ გამოჩენილიყვნენ, აბსოლუტურად გაჩუმებულები, "გაყინულები" იყვნენ.

- სიტუაცია გააპროტესტე თუ მიიღე?

- კი, გავაპროტესტე, რა თქმა უნდა.

- დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოს, რომელ ეპოქას აირჩევდი?

- წარსულში დაბრუნება არ მიყვარს. ამიტომ დაახლოებით, 20 წლის მერე ვნახავდი, რა ხდება, ოღონდ - თავად ისევ 28 წლის დავრჩებოდი, აუცილებლად (იცინის).

- რა გინდა და რას ელი, რომ მომავალში დაგხვდეს?

- მინდა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები დამხვდნენ. ყველა ბედნიერი იყოს და სხვის ცხოვრებაში არ ერეოდეს. ჩემთვის გულწრფელობაზე აწყობილი (ყოველგვარი შეფარული მიზნების გარეშე) ჯანსაღი ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია.

- ინტერნეტს რამდენ დროს უთმობ?

- ძალიან ბევრს. ეს ძალიან მღლის, მაგრამ უბრალოდ, როცა ადამიანები "მოგყვებიან", მათგან დიდ სიყვარულს გრძნობ, მგონია, ვალდებულიც ხარ, უკვე "მათთან ერთად იცხოვრო". ამიტომ მიწევს, სოციალურ ქსელებში სულ აქტიური ვიყო. თან, მიმაჩნია, რომ როცა ადამიანებს აინტერესებ და უყვარხარ, მათ პასუხები უნდა გასცე...

- სოციალურ ქსელებში თავად ვის სიახლეებს ადევნებ თვალყურს?

- არავის. უფრო მეტიც: ახლა ვფიქრობ, ვისი გვერდი მაქვს გამოწერილი, რომ მაინტერესებდეს?.. უფრო საკუთარ სიახლეებს ვადევნებ თვალ-ყურს... ცხადია, ვხუმრობ (იცინის).

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?

- არასოდეს. ყველაზე მეტ დროს საკუთარი თავის პოვნას თუ დაუთმობ და ასე თუ ისე, იპოვი, უსარგებლო ადამიანი ვერასოდეს იქნები, რადგან საკუთარ თავს ეხმარები, მისთვის დიდი სარგებელი მოგაქვს. თუ ჩემი თავისთვის უსარგებლო ვარ, მგონია, ყველასთვის ასეთი ვიქნები. ამიტომ ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა, სასარგებლო ჩემი თავისთვის ვარ. ასეთ შემთხვევაში, საკუთარ თავს ისე "ავსებ", სხვა ვერასოდეს დაგაჯერებს, რომ ოდესმე შეიძლება, უსარგებლო იყო.

- როდესაც ადამიანს პირადად ხვდები, მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?

- რატომღაც, პირველ რიგში, ჩაცმის სტილს ვუყურებ, რადგან ჩემთვის სტილი პიროვნებას გამოხატავს.

- 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- შავს, რადგან უფრო კომფორტულია და შეიძლება, ნაკლებად მოგბეზრდეს, ვიდრე სხვა, ცოტათი "მყვირალა" ფერის სამოსი.

- შენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- როდესაც ჩემი გონება და გული ერთმანეთთან თანხვედრაშია.

- ასე ხშირად ხდება?

- ბოლო დროს - კი (იღიმის).

- პირად ცხოვრებაში რამე სიახლეა?

- ამ ეტაპზე - არა. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ საკუთარ თავთან ძალიან კომფორტულად ვარ.

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, ქალს ფორმაში ყოფნისთვის დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?

- კი. ამბობენ, - ისედაც შეგიძლია, მოწესრიგებული იყოო. კი, შეგიძლია, მაგრამ ისეთ ფორმაში რომ იყო, როგორშიც გინდა, ამისთვის ფინანსები ნამდვილად საჭიროა.

- წვეულებაზე არასასურველ სტუმრად გიგრძნია თავი?

- არასოდეს. ბოლო პერიოდში, ერთ-ერთ წვეულებაზე ("პრაიმ ჰაუსის" "ფართის" ვგულისხმობ) მიმიწვიეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ არასასურველი სტუმარი ვიყავი. მერე გაირკვა, რომ თურმე ასე არ ყოფილა და ბოლოს მაინც დამტკიცდა, სასურველი სტუმარი ვყოფილვარ და წავსულიყავი, რა (იცინის)!..

- როგორ ფიქრობ, ქალს შეუძლია, მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?

- ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ქალსაც და კაცსაც მეორე ნახევარი აუცილებლად სჭირდება, რომ სრულფასოვნად ბედნიერი იყოს. შეიძლება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კარიერული წინსვლა გქონდეს, პირადი ურთიერთობისთვის არ გეცალოს და თავს სრულფასოვნად ბედნიერად გრძნობდე, მაგრამ ბოლოს მაინც ყოველთვის იქით მიდიხარ, რომ ოჯახი, მეორე ნახევარი, შვილი გჭირდება...

- როდესაც არასასურველი ადამიანი გეფლირტავება, როგორ იქცევი?

- საერთოდ ვშორდები, ვქრები ან ისეთ პასუხს ვცემ, რომ ის ქრება (იცინის).

- ბოლოს შენიშვნა ვისგან და რის გამო მიიღე?

- საკუთარი თავისგან: სალომე, ნეტავ, მეტი საქმე არ გაქვს-მეთქი (იცინის)?!

- საკუთარი თავისთვის ამ ფრაზის თქმა რატომ მოგინდა, რით იყავი დაკავებული?

- "პრაიმ ჰაუსთან" დაკავშირებულ რაღაც სკანდალურ ამბავს პასუხს ვცემდი (იცინის).

- უცებ დამისახელე ერთი ქართველი, მოქმედი, ღირსეული პოლიტიკოსი...

- კარგი, რა... ძალიან აპოლიტიკური ვარ. გონზე არ ვარ, ვინ უნდა დავასახელო, მით უმეტეს - ღირსეული (იცინის).

- საქართველოს გარდა, სად იცხოვრებდი სიამოვნებით?

- ამერიკაში. ამერიკას ვხედავ, როგორც თავისუფალ ქვეყანას. მგონია, ჩემნაირია - ბობოქარი და თავისუფალი.

img-8178-copy-1682953598.jpeg

- წარმატებაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარება?

- ძალიან მებრძოლი ვარ. თუ რამე მაინტერესებს და საქმეს ხელს ვკიდებ, აუცილებლად ბოლომდე მიმყავს და სასურველ შედეგს ვიღებ.

- ოდესმე საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?

- არა. ყველაზე მეტად საკუთარ თავში ის მომწონს, რომ რეალისტი ვარ - ყველაფერს რეალურად ვაფასებ: თუ ვფიქრობ, რომ რაღაც აუცილებლად გამოვა, თუ ბევრს ვიშრომებ, მართლა გამოვა. ვიცი, სად შეიძლება დაიწყო, რომ ბოლომდე გახვიდე; ისიც ვიცი, თავი სად უნდა შეიკავო, კარგად მოემზადო და მერე კვლავ დაიწყო, რომ სასურველი შედეგი დაინახო...

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- სამართლიანობა, გულწრფელობა და ერთგულება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

ეთო ყორღანაშვილი