როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს "მის საქართველო 2009" - გზაპრესი

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს "მის საქართველო 2009"

უმშვენიერესი ცირა სუქნიძე 2009 წელს კონკურსის - "მის საქართველოს" გამარჯვებული გახდა და იმავე წელს წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2009"... დღეს ცირა სუქნიძეს ჰარმონიული ოჯახი აქვს, ჰყავს მეუღლე - გიორგი გოგოლაძე და ორი შვილი. იგი ამავდროულად, თავის პროფესიაშიც წარმატებულია... თუ როგორ შეძლო ბავშვობიდან ყველა ოცნებისთვის ფრთები შეესხა, ამის შესახებ მან ჟურნალთან "გზა" გულწრფელად ისაუბრა...

- იმერეთში, ქალაქ ჭიათურაში დავიბადე და გავიზარდე... ლაღი ბავშვობა მქონდა, მაგრამ დატვირთულიც - დავდიოდი მუსიკაზე, ცეკვაზე, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. თანაბრად შემეძლო მესწავლა ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნები. მასწავლებლებისთვის იმდენად საყვარელი მოწაფე ვიყავი, დღესაც რომ მხვდებიან, სულ იხსენებენ, თუ როგორი მოწესრიგებული, კარგი მოწაფე ვიყავი.

- ბავშვობაში თანატოლებისგან სილამაზით უფრო გამოირჩეოდით თუ წარჩინებული სწავლით?

- ცოტა არ იყოს, თავის ქება გამომდის, მაგრამ ყველა აღნიშნავდა, რომ გამორჩეული ვიყავი გარეგნობითაც, სწავლითაც, მოწადინებითაც... სიმღერის კონკურსებზე მიწვევდნენ. სხვათა შორის, რაიონის სილამაზის კონკურსშიც ვმონაწილეობდი და ამ მხრივ პირველი გამოცდილება ჭიათურაში მივიღე... რაიონის ფარგლებში თუ რამ კულტურული ღონისძიება იმართებოდა, აუცილებლად ვმონაწილეობდი... რადგან ბევრთან შედარებით, მაღალი ვიყავი, სხვებს ცოტა არ იყოს, დისკომფორტს ვუქმნიდი და ეს არ მომწონდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სიმაღლე დადებითი მხარეა და არა უარყოფითი, როგორც მანამდე მეგონა.

- ოჯახში პრინცესულად გზრდიდნენ?

- მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა ვარ, ნებიერა არასოდეს ვყოფილვარ. პირიქით, ყოველთვის სიმკაცრისა და კონტროლის ქვეშ ვიყავი. თუმცა, ყველაფრის საშუალებას მაძლევდნენ ზომიერების ფარგლებში. მოგეხსენებათ, იმ დროში მშობლები, მით უფრო მამები, სილამაზის კონკურსში მონაწილეობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ, მაგრამ ამ საკითხში მამაჩემი, ისევე როგორც დედა, მუდამ მხარში მედგა.

318004770-5908427535844291-2504953895766861417-n-copy-1683617880.jpg

- როცა თბილისში წამოსვლის, პროფესიის არჩევის საკითხი დადგა, ის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

- სიმღერის ნიჭი მქონდა, მაგრამ პროფესიულად რომ გავყოლოდი, ამაზე არ მიფიქრია, იურისტობა მინდოდა. უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები წარმატებით ჩავაბარე. აბიტურიენტებს შორის რაიონის მასშტაბით მაღალი ქულებით პირველ ადგილზე ვიყავი... ეს პროფესია ალბათ ყველაზე ახლოს იყო ჩემს ხასიათთან, რადგან ყოველთვის სამართლიანობის მომხრე გახლდით. სკოლაში სულ დაჩაგრულების დამცველი გახლდით. მართალია, ჩემი კარიერა სისხლის სამართლის კუთხით არ გაგრძელებულა, საჯარო საქმის (ადმინისტრაციული სამართლის) მიმართულებით ვარ დასაქმებული, მაგრამ ეს განხრაც ხომ ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

- თქვენი საქმე გიყვართ, არა?

- დიახ, მიყვარს და პროფესიის შეცვლაზე არასდროს მიფიქრია...

- პატარა ასაკიდანვე ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ, მათ შემოტევებს როგორ უმკლავდებოდით?

- სხვათა შორის, ბევრ უკვირს ამას რომ ვამბობ, მაგრამ თაყვანისმცემლების დიდ ტალღას არასდროს შევუწუხებივარ. ასე ალბათ ჩემი ხასიათის გამო ხდებოდა. არ ვიყავი დაინტერესებული იმით, რომ თაყვანისმცემლების არმია მყოლოდა და თუ შეყვარებული მყავდა, ყოველთვის იმ ერთის ერთგული ვრჩებოდი. საპირისპირო სქესის ბევრ წარმომადგენელს არ ვეკონტაქტებოდი. სწავლით ვიყავი დაკავებული და იმის საშუალებას არავის ვაძლევდი, შევეწუხებინე. ერთი-ორი მესიჯით ყველაფერი მთავრდებოდა, თუ ურთიერთობა ჩემთვის სასურველი არ იყო.

- სამოდელო სფეროში როგორ აღმოჩნდით?

- დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა კონკურსი პირველი "მის საქართველო" გაიმართა და ამის შესახებ პრესაში დაიბეჭდა. ეს ინფორმაცია ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი იყო, გაზეთი საგულდაგულოდ შევინახე და თავადაც გამიჩნდა მსგავს კონკურსში მონაწილეობის სურვილი... ერთ წელსაც ტელევიზიით რეკლამა გავიდა, რომ "მის საქართველოს" შესარჩევი კასტინგი ტარდებოდა. მახსოვს, ზაფხული იყო, დასასვენებლად ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მივატოვე, მყისვე თბილისისკენ გამოვეშურე... ასეთ საკითხებს ყოველთვის სპონტანურად ვწყვეტდი... როცა კონკურსის მონაწილეთა ფინალში მოვხვდი, ძალიან მოვინდომე, მოწოდების სიმაღლეზე ვყოფილიყავი, ფორმაში მაქსიმალურად ჩავმდგარიყავი, რომ არავის ეთქვა, ამ კონკურსში მონაწილეობა რამ გადაaწყვეტინაო?!.

- როგორ გახსენდებათ ის წუთები, როცა "მის საქართველო გახდით"?

- უბედნიერესი წუთები იყო... თუმცა, მერწმუნეთ, მაინცდამაინც ჩაციკლული და ორიენტირებული არ ვყოფილვარ გამარჯვებაზე. თავად მონაწილეობის პროცესი, ყოველი დღე იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, გამარჯვებაზე აღარ ვფიქრობდი. ალბათ, როდესაც მაქსიმალურად იხარჯები და რაღაცას გულით აკეთებ, ამას დადებითი შედეგი მოაქვს. ყველას მიმართ დადებითად ვიყავი განწყობილი. ასე მივაღწიე ამ წარმატებას, რომლითაც ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ეს ფაქტი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, მათი შთამომავლებისთვის საამაყოდ დარჩება და ამით ბედნიერი ვარ. იმაშიც გამიმართლა, რომ იმ წელს "მის მსოფლიოს" კონკურსი სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა... კონკურსის მონაწილეები ჯერ ლონდონში შეგვკრიბეს, შემდეგ რამდენიმე დღით აბუ-დაბიში გადავინაცვლეთ და ბოლოს ერთი თვე სამხრეთ აფრიკაში ვიყავით. მგონი ისტორიას არ ახსოვს, რომ სილამაზის კონკურსის მონაწილეებს სამი ქვეყანა მოევლოთ.

კონკურსში 120 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა და ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, დღემდე ვაგრძელებ მათთან ურთიერთობას. სოციალურ ქსელში ჯგუფი გვაქვს, ერთმანთთან კონტაქტს არ ვწყვეტთ... "მის მსოფლიოს" კონკურსის გარდა, მალაიზიურ - მისს ტოურისმ ქუეენ ინტერნატიონალ კონკურსზე ვიყავი. ისიც 2010 წელს, ჩინეთში გაიმართა და იქ სიმღერის შესრულებით "საუკეთესო (ტალანტის მქონე) მონაწილის" ტიტული მივიღე. იქაც ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ეს ადამიანური ურთიერთობები ყველაზე ღირებულია.

- როგორც ვხვდები, მოგზაურობა გიყვართ...

- დიახ... სასწავლო პროგრამით ერთი წლით აშშ-ში ვიყავი. ნამყოფი ვარ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თუ არის დრო და საშუალება, მოგზაურობა ყველაფერს მირჩევნია.

- დიეტის დაცვა ხშირად გიწევთ?

- არა, უფრო ვარჯიშს ვანიჭებ უპირატესობას. ზედმეტ წონას არასოდეს შევუწუხებივარ, მაგრამ ვფიქრობ, მხოლოდ გამხდარი ადამიანი არ შეიძლება ლამაზად აღიქვა, თუ მას ნავარჯიშეbი სხეული, ყველა კუნთი ტონუსში არ აქვს... დღეს ვარჯიშის ნაკლებობას განვიცდი... ორი შვილი მყავს, ვმუშაობ და სამსახურის, ოჯახის გამო მუდამ დროის დეფიციტი მაქვს. მირჩევნია თავისუფალი დრო შვილებს დავუთმო, ვიდრე სპორტდარბაზში ვიარო. ეგოისტობად მიმაჩნია, რომ ჩემ გამო ბავშვებს დრო მოვაკლო.

- თქვენი ოჯახი გაგვაცანით...

- ოჯახი საკმაოდ ადრეულ, ოცი წლის ასაკში შევქმენი... ადამიანში უპირველესად ბუნებრიობას, სიკეთეს ვაფასებ. ზუსტად ეს დავინახე ჩემი მეუღლის - გიორგი გოგოლაძის თვისებებში, კეთილი, ალალი და უბოროტო ადამიანია. მაშინ ორივე სტუდენტები ვიყავით: ის პილოტის პროფესიას ეუფლებოდა, მე - იურისტის. ფინანსურ მხარეს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს და ე.წ. სარფიანად გათხოვებაზე არასდროს მიფიქრია, როგორც ეს ხდება სამოდელო სფეროში. ბედნიერება მატერიალურ კეთილდღეობაში არ არის, მთავარი ადამიანური ურთიერთობებია. ოჯახი ნაადრევად შევქმენი, რაც სიმართლე გითხრათ, რაღაც კუთხით კარგი არ არის, მაგრამ საბედნიეროდ, რისი მიღებაც ცხოვრებისგან მსურდა, ავიხდინე, ხელი არაფერში შემშლია. შვილები დიდი ბედნიერებაა: ნატალი უკვე 12 წლის ხდება, თემო კი 4-ისაა და მას ეს სახელი მამამთილის პატივსაცემად შევურჩიეთ.

- როგორია თქვენი დღევანდელობა?

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ვარ, იურისტის თანამდებობაზე... საჯარო რეესტრს წარმოვადგენ საერთო სასამართლოებში. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი საქმიანობა არ გულისხმობს მოქალაქეების წინააღმდეგ ვიყოთ, პირიქით, ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მოქალაქეების უფლებებზეა მორგებული და ორიენტირებული. სულ ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობის შედეგად მოქალაქე კმაყოფილი, მოგებული დარჩეს.

received-501517941772142-1683617896.jpeg

- როგორც მითხარით, სიმღერის მიმართულებითაც სიახლეს გეგმავთ...

- დიახ, ვაპირებ გარკვეულ დონეზე ამ მიმართულებით განvვითარდე. ხმას თუ არ მიხედავ და არ ივარჯიშებ, გაიბუტება და აღარ გემორჩილება. ამიტომ მინდა, როგორმე დრო გამოვნახო და ვივარჯიშო... სამწუხაროდ, ქალაქშიც ისეთი ვითარება, ურბანულად ყველაფერი ისე გართულდა, ადამიანს გადაადგილება გიჭირს და დრო ფაქტობრივად აღარაფრისთვის გრჩება, მით უმეტეს, როცა ოჯახი გყავს, სამსახურში დატვირთული რეჟიმი გაქვს. თუმცა, თუ ადამიანი მოინდომებს, რაღაც დოზით ყველაფერს შეძლებს. იმედი მაქვს, რომ ამ ჩანაფიქრსაც ავიხდენ.

- თუ გყავთ ოჯახში დამხმარე?

- არა, ოჯახის წევრები მეხმარებიან... პირველი შვილი რომ შემეძინა, დამხმარე ავიყვანეთ, რომელიც ორი წელი ჩვენთან იყო, სანამ ბავშვი ბაღის ასაკის გახდებოდა. მეორე შვილი პანდემიის პერიოდში გამიჩნდა, დისტანციურად ვმუშაობდი და თან შვილზე ვზრუნავდი. ძალიან რთული იყო, მაგრამ ასე მოვიყვანე ბაღის ასაკამდე. დღეს ხშირად ვამბობ, რომ პანდემიამ ჩემზე რაღაც კუთხით კარგად იმოქმედა. იმ პერიოდში შვილებთან უფრო მეტი დროის გატარება შევძელი, ძალიან დავახლოვდით და შემდეგ სამსახურში გასვლა გამიჭირდა. ძალიან რთულია, მაგრამ ამავდროულად კომფორტია, როცა სახლში, შვილებთან ხარ და თან საყვარელ საქმეს აკეთებ.

- თავის მოვლის რა თქვენებური წეს-ჩვეულებები გაქვთ?

- ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ გადარეული ვარ და სხვადასხვა პროცედურაზე დავდივარ... უპირატესობას ბუნებრიობას ვანიჭებ, თუმცა შემდგომში არ გამოვრიცხავ, რომ ზომიერების ფარგლებში სხვადასხვა პროცედურას მივმართო... ახლა მირჩევნია, ბუნებრივი ვიყო. ამიტომ სახლის პირობებში, სახის ასაკობრივ კრემებს ვიყენებ. საბედნიეროდ, ჩემს ასაკში ჭაღარა არ მაქვს და ამით ვამაყობ!

დიდი ხანი არ არის, რაც მე და უკვე ჩემი წამოზრდილი შვილი - ნატალი ერთად დავდივართ ვარჯიშზე, ცურვაზე. ზამთარში გვიჭირდა და ახლა, როცა დათბა, უფრო მეტად გვაქვს ვარჯიშის სურვილი. ნატალი უკვე დიდი გოგოა და დაქალებივით ვართ, შეგვიძლია რაღაცები ერთად ვაკეთოთ. საბედნიეროდ, სიმღერის ნიჭი და ჩემზე კარგი სმენა აქვს, რითაც ძალიან ვამაყობ. ამ ეტაპზე საოპერო ხელოვნებას ეუფლება. თავიდან საესტრადო მუსიკას სწავლობდა, ახლა კი გადავწყვიტეთ, საოპერო ჟანრს დაეუფლოს, რადგან უფრო საინტერესოა. უფრო მეტი შანსი აქვს განვითარების, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის. ყველაფერს მისი სურვილიდან გამომდინარე ვწყვეტ, არასოდეს არაფერს დავაძალებ. თვითონ მოიწადინა საოპერო ჟანრი და ამჯერად პირველ ნაბიჯებს დგამს ამ სფეროში. ძალიან აქტიური, ცოცხალი ბავშვია. სურს სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს. ხანდახან 90-იანი წლების ბავშვსაც კი ვეძახით, რადგან არ არის ტელეფონზე, ტექნოლოგიებზე მიჯაჭვული. მეგობრებთან, ეზოში თამაში ურჩევნია.

- რამდენად ხშირად სტუმრობთ ჭიათურას, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ?

- ჭიათურაში ხშირად ვარ, რადგან მეუღლეც ჭიათურელია, მშობლიური ქალაქი მასაც ძალიან უყვარს, მეც და ბავშვებსაც... გულწრფელად გითხრათ, თბილისს ვერ შევეგუე... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამდენი გამონაბოლქვი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. შანსი და საშუალება რომ იყოს, მირჩევნია, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ვიყო. ვფიქრობ, ბავშვებიც რაიონებში უფრო მოწადინებული, ინტერესიანები არიან. ჩვენს ქალაქში ყოველთვის საუკეთესო მოწაფეები და აბიტურიენტები იყვნენ. თბილისში ყოფნას ჩემს მხარეში ცხოვრება მერჩივნა, მაგრამ ამჟამად, მე და ჩემს მეუღლეს საქმიანობიდან გამომდინარე, სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

ჩემი მშობლები ახლაც ჭიათურაში ცხოვრობენ და ჩვენც ამ ქალაქთან კავშირს არასოდეს ვწყვეტთ. ნატალი სულ ამბობს, ჭიათურაში გადავალ საცხოვრებლად, ბებია და ბაბუასთან ვიქნებიო. მე კი მაინც ვფიქრობ, რომ ბავშვი აუცილებლად დედასთან (მშობლებთან) ერთად უნდა იზრდებოდეს, სხვა ალტერნატივას ვერ ვთანხმდები.

მანანა გაბრიჭიძე