"ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა" - გზაპრესი

"ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა"

"თავისუფლება არის თანასწორობის შეგრძნება. როცა შენ არ გრძნობ ქედმაღლობას, ესაა თავისუფლება. ამ სამყაროში არც ერთი ადამიანი არავისზე მეტი არ არის", - ამბობს მსახიობი მიშა კალანდაძე. რა ესმის მას ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რით ამაყობს, რას მიიჩნევს ყველაზე დიდ სისუსტედ და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...18.10.1986.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ძალიან თბილი ადამიანი ვარ.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ღიმილი. როცა ვიღიმი, ვიღაცას კბილებს კი არ ვაჩვენებ, ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობაა, გულით ვუღიმი. სულ ვცდილობ, კონფლიქტიც კი ღიმილით განვმუხტო და ხშირ შემთხვევაში გამომდის.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...რას შევცვლიდი? შეიძლება კალათბურთელი გამოვსულიყავი. ბავშვობაში დავდიოდი კალათბურთზე, მაგრამ რატომღაც თავი დავანებე. მგონი, ის ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, საჭიროა, რომ მოხდეს.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...მესამე კურსზე რომ ვიყავი, მეგობარმა ნატო აფრასიძემ მონოსპექტაკლი დადგა. ის რობერტ სტურუას სარეჟისორო აკადემიაში აბარებდა და ეს სპექტაკლიც ამისთვის სჭირდებოდა. მუშაობას რომ იწყებდა, მთხოვა, დავხმარებოდი. ძალიან დაკავებული ვიყავი, საკურსო სპექტაკლზე ვმუშაობდი, მაგრამ მეგობარს უარს ხომ არ ვეტყოდი?! მონოსპექტაკლზე ღამის საათებში ვმუშაობდით და საბოლოოდ ამ შრომამ სასურველი შედეგი გამოიღო. სპექტაკლი უხმო იყო, სიკვდილმისჯილ ტუსაღს ვთამაშობდი. პრემიერამ კარგად ჩაიარა, ბატონი რობერტიც დაესწრო. შინ გვიან დავბრუნდი, მე და ჩემი მეუღლე ვვახშმობდით, ამ დროს ნატომ დამირეკა და მითხრა, რეჟისორები შეკრებილები ვიყავით, რობერტ სტურუამ შეაჯამა ჩვენი ნამუშევრები, რამდენიმეს რუსთაველის თეატრში სპექტაკლის დადგმის უფლება მოგვცა და შენზე თქვა: ის ვინ იყო, ტუსაღის როლს რომ თამაშობდა, ძალიან კარგი ბიჭიაო. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, ლუკმა ვეღარ გადავყლაპე, მესამე კურსის სტუდენტი სტურუასგან რომ ასეთ შეფასებას გაიგებ, ბუნებრივია, ემოცია გექნება. ახლაც, პირველ წარმატებაზე საუბრისას, ეს ეპიზოდი გამახსენდა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...იმ კარგ ადამიანებს, რომლებიც ჩემ გარშემო და ჩემს გულთან ახლოს არიან. მათ წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...უფალმა ორი არაჩვეულებრივი და ჯანმრთელი ადამიანი მაჩუქა, შვილებს ვგულისხმობ. ისინი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მოტივაცია არიან. ბიჭობაში როგორ შვილებზეც ვოცნებობდი, ზუსტად ისეთები არიან, - ქერები და ცისფერთვალებები. უფლის უზომოდ მადლიერი ვარ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ადამიანებს მხარში ამოვუდგე, ეს ჩემი შინაგანი "მე" მაბედნიერებს. ხანდახან საკუთარ საზრუნავსაც კი უკან გადავწევ ხოლმე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ადამიანების სიყვარული შემიძლია და მხარში დგომის უნარიც მაქვს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...არაპუნქტუალური ვარ, ყველგან ვაგვიანებ. 36 წელია ჩემში ამ პრობლემას ვებრძვი და ჯერ ვერ მოვერიე.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ყველას არ უნდა ვენდო.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის ადამიანი გაიაზრებს, გააცნობიერებს, რომ შეეშალა.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მინდა ჩემ გარშემო იყოს ბევრი ხალხი. როგორც მე გავცემ დადებით ენერგიას, იმავე ენერგიას ვგრძნობ ადამიანებისგანაც. მინდა, მომავალში ბევრი ადამიანი გავაბედნიერო.

- ვიბნევი...

- ...ძალიან, ძალიან იშვიათად და როცა სხვები იბნევიან, ვფიქრობ, ეს რატომ ემართებათ?

- ვნანობ...

- ...ბევრ რამეს. მათ შორის ბევრი ისეთია, რასაც ვეღარ შევცვლი.

- ამ სინანულს ტკივილის განცდა ახლავს?

- კი, ძალიან მტკივნეულია.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას როცა ვაწყდები, საკუთარი თავის კონტროლი მიჭირს, განსაკუთრებით - უხეში უსამართლობისას. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება.

- მეზარება...

- ...მეზარება კი არა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, ბოროტების ჩადენა არ შემიძლია.

- სიყვარული ეს...

- ...ისეთი ვნებაა, ისეთი ხელშეუხებელია, არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ახსნას, თუმცა ინდივიდუალურად ყველა თავისებურად ხსნის. სიყვარული ზრუნვაა, სიყვარული პატარ-პატარა დეტალებში იკითხება.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...სკოლაში დავდიოდი. ვცდილობდი, იმ გოგოსთან რაც შეიძლებოდა მეტი დრო გამეტარებინა, მეტი მეთამაშა, სახლში ერთად მივდიოდით და ეს ბავშვური ყურადღება ხშირად, სულელური თამაშებითაც გამოიხატებოდა.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანს რატომ არ აქვს სურვილი, მეორე ადამიანი უყვარდეს, არადა, ეს მასაც გააბედნიერებს.

- ვრისკავ...

- ...დღეს უფრო ფრთხილად, ვიდრე - წლების წინ. რისკზე ბევრჯერ წავსულვარ, ხან გამმართლებია, ხან - არა. ცხოვრებაც ხომ ასეა, კიბეა, ხან ადიხარ, ხან ჩამოდიხარ. ახლაც მაქვს რისკზე წასვლის სურვილი, შინაგანად მოთამაშე ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ძალიან მიმნდობი ვარ. გული არაერთხელ უტკენიათ, მაგრამ არ ვცდილობ, ამ მხრივ "გამოვსწორდე", არ მინდა ადამიანებისადმი ნდობა არ მქონდეს.

- ვამაყობ...

- ...ჩემი ქართველობით. ხომ შეიძლებოდა რუსად დავბადებულიყავი, ჩემი ეროვნებით ვერ ვიამაყებდი, მაგრამ რომ ამბობენ, ქართველები ყველაზე მაგრები ვართო, ეს არ მომწონს, რადგან არ ვთვლი, რომ ასეა. ქართველად რომ არ დავბადებულიყავი, ნოდარ დუმბაძეს ვერ წავიკითხავდი, ვერ გავუგებდი ვაჟა-ფშაველას, რუსთაველს სხვა ენაზე წავიკითხავდი. როცა ამას ჩავუფიქრდები ხოლმე, ბედნიერების განცდა მეუფლება, რომ ქართველად დავიბადე.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მრცხვენია. ზოგადად, მორცხვი ვარ, არადა, ბევრს თამამი ვგონივარ. პროფესია მეხმარება, რომ ჩემი სიმორცხვე კარგად შევნიღბო.

- პერსონაჟმა, რომელსაც სერიალში "სიყვარულს მიღმა" განასახიერებ, ბოლო სერიებში მაყურებლის ყურადღება მოულოდნელი ამბით მიიქცია. ამაზე რას გვეტყვი?

- მიხარია, რომ ამ სერიალს ბევრი მაყურებელი ჰყავს. სეზონის ბოლო სერიების ეთერში გასვლის შემდეგ ძალიან ბევრი მეკითხება, მომდევნო სეზონზე ლადოს ცხოვრებაში რა მოხდება? ზოგი მსაყვედურობს, ასეთ საინტერესო დროს სეზონის დასრულება შეიძლებოდა? როდესაც მაყურებელს ვპასუხობ, რომ თავადაც არ ვიცი, მომავალში რა და როგორ განვითარდება, ბევრს არ სჯერა. ჩემი გმირის ქმედებამ, რომ მან საყვარელი ქალს შვილის გაჩენა სთხოვა, დიდი ინტერესი გამოიწვია და მაყურებელს დიდი მოლოდინი დაუტოვა.

- ცხადია, ეს პერსონაჟი მომდევნო სეზონზეც აქტუალური იქნება.

- ბოლო სერიების შინაარსიდან გამომდინარე, მეც ასე ვფიქრობ.

- შიში მაქვს...

- ...ძვირფასი ადამიანების დაკარგვის, მაგრამ ამაზე საერთოდ არ მინდა ვიფიქრო.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანების გამო. ახლა ძალიან ბევრი ადამიანი და მათი სახეები გამახსენდა (იცინის). მეგობარი იყო საზღვარგარეთიდან ჩამოსული, ბათუმში ვიყავით. დავურეკე, შენთან ნახევარ საათში ამოვალ-მეთქი, მერე სიტუაცია შეიცვალა და ისე მოხდა, მისვლა ვეღარ მოვახერხე. ამ ამბიდან მესამე დღეს ვურეკავ, ახლა მოვდივარ-მეთქი. - ხომ მშვიდობა გაქვსო?

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს შევცვლიდი, მხოლოდ წონაში დავიკლებდი. უფლის მადლობელი ვარ, ასეთი რომ გამაჩინა.

- ვუფრთხილდები...

- ...ძვირფას ადამიანებს და მათ მთელი ცხოვრება გავუფრთხილდები, ამას გრძნობენ და აღნიშნავენ. ჩემთვის ეს ურთიერთობები ფაქიზია, ძალიან მგრძნობიარე ვარ. ცხოვრება აბა, რა არის? შეიძლება ხვალ არ ვიყოთ და დღეს ერთმანეთს რატომ არ უნდა მოვეფეროთ?

- ვიტყუები, როცა...

- ...ეს ტყუილი არავისთვის საზიანო არ არის.

- თავისუფლება არის...

- ...თანასწორობის შეგრძნება. როცა შენ არ გრძნობ ქედმაღლობას, ესაა თავისუფლება. ამ სამყაროში არც ერთი ადამიანი არავისზე მეტი არ არის.

- როცა მარტო ვარ...

- ...ცოტათი სევდიანი ვარ. სხვასთან ეს სევდა არასდროს არის თვალში საცემი, პირიქით, ახლობლები თვლიან, რომ მიშა არის აქტიური, ხმაურიანი, გადარეული გურული.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ფულის დარიგება არ შეიძლება, ადამიანებს უნდა შეუქმნა ისეთი გარემო, ყველას საკუთარი თავის რეალიზების საშუალება რომ მიეცეს. ეს მათაც გააბედნიერებს და ქვეყანასაც. ჩვენთან ადამიანები დაბოღმილები რატომ არიან? უმრავლესობამ ვერ შეძლო საკუთარი თავის რეალიზება, უმრავლესობა მუშაობს იმ პროფესიით, რომელიც არ აინტერესებს, არ უყვარს, საკუთარი თავი ვერ იპოვა. ფულში არ არის ბედნიერება. განათლებაა აუცილებელი და ხელობის ცოდნა.

shvilebi-copy-1683618147.jpg

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს ადამიანებთან ურთიერთობა არ შემიძლია. ვცდილობ, განვმარტოვდე. გავდივარ ბუნებაში, სადაც მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის ხმა მესმის. ეს ერთგვარი რელაქსია. მსგავსი რამ ხშირად არ მემართება.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ამბავი, რომელსაც ახლა გეტყვი, ჩემთვის მძაფრი შეგრძნებების მომგვრელია. მამა 2008 წელს, აგვისტოს ომამდე გარდაიცვალა, ის ავადმყოფობდა. გარდაცვალების წინ მითხრა, მე ახლა უნდა წავიდე, დედას და შენს დაიკოს უნდა მიხედოო. ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ზუსტად ვიცი, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ეს არასდროს დამავიწყდება.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს იტერვიუ წაიკითხა, ვინც დიდ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს ჩემდამი. ადამიანებს ყოველგვარი წინა პირობის გარეშე უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი; ერთი რომ წაიქცევა, უბრალოდ მივიდეთ და წამოვაყენოთ! მჯერა, ამას თუ შევძლებთ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

თამუნა კვინიკაძე