"იმ წუთში ექიმის სიტყვებმა ლამის ადგილზე მომკლა" - გზაპრესი

"იმ წუთში ექიმის სიტყვებმა ლამის ადგილზე მომკლა"

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძვირად ღირებული გამოკვლევები, მკურნალობა სჭირდება, მშობელს კი ლოდინის დრო არ აქვს... მსგავსი მძიმე სიტუაცია მომღერალმა თათია კობალაძემ საკუთარ თავზე გამოცადა...

- საქართველოში ბავშვების ჯანმრთელობის დაზღვევა ისეთ დონეზე არ არის, როგორზეც წესით, უნდა იყოს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჩემს შვილებსაც შეჰქმნიათ. ვიცი, რას ნიშნავს, როცა ლოდინის დრო არ გაქვს და საკუთარი ხარჯებით გიწევს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება და ა.შ. მაგალითად, ჩემს უფროს ბიჭზე მითხრეს, რომ მძიმე დაავადება ჰქონდა - სანამ სახელმწიფო დააფინანსებს, კლინიკაში უნდა დააწვინოთ. სავარაუდოდ, 2 თვე დასჭირდებაო. 2 თვე ნამდვილად ვერ მოვითმენდით. თანხების მოძიებამ მომიწია, რომ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გადამეღო. ექიმების კვალიფიკაციაც უნდა ამაღლდეს, რადგან არ შეიძლება, მშობელს პირდაპირ "აჯახო" - შენს შვილს მძიმე დაავადება აქვსო.

იმ წუთში ექიმის სიტყვებმა ლამის ადგილზე მომკლა... საბედნიეროდ, ჩემი შვილის შემთხვევაში, საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა, მაგრამ წარმომიდგენია, ის მშობლები როგორ მძიმე სიტუაციაში არიან, რომელთა ფინანსური ხარჯები, გარკვეულ ეტაპზე, კი არ სრულდება, არამედ - იზრდება. მხოლოდ მთავრობას ვერ დავაბრალებთ: არიან ბიზნესმენები, რომლებსაც ჩემი აზრით, შეუძლიათ ფონდი შექმნან და ბავშვების დასახმარებლად მინიმალური მაინც გააკეთონ. თუნდაც, პარლამენტში ბევრი მილიონერი ბიზნესმენი გვიზის. შესაძლებელია, მსგავსი რამ მათაც მოიმოქმედონ. საქმეს მხოლოდ 1-2 ფონდი ვერ უშველის. ჯანმრთელობა უპირველესია. ფონდი ბავშვებისთვის მაინც შექმნან.ყველა ბიზნესმენი რომ გაერთიანდეს, მგონია, რომ გარკვეულწილად, ეს პრობლემა მოგვარდება. მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამეა გამოსასწორებელი. ჩემს შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა რომ შეექმნა, ყველა შევაწუხე, თუკი ვინმეს ვიცნობდი. საჭირო თანხა მოვიძიე, მაგრამ მე ის თანხა ერთჯერადად დამჭირდა. იმ მშობლებმა რა ქნან, ვის შვილებსაც კიდევ უფრო ძვირად ღირებული გამოკვლევები სჭირდებათ? ისინი ძალიან მებრალებიან... ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა თავადაც შემექმნა - კუჭის სიმსივნე მქონდა. ჩემი მეუღლე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და რაღაც დაზღვევა გვეკუთვნოდა, მაგრამ საკმაოდ ძვირად ღირებული მედიკამენტები დამჭირდა. რეანიმაციაში ვიწექი... თითქმის ყველაფერი გავყიდეთ... მაშინ მეორე ბავშვზე ორსულად ვიყავი. საბედნიეროდ, ბავშვი ჯანმრთელი გაჩნდა და თავადაც ჯანმრთელი ვარ - ვერაგი დაავადება დავამარცხე... ჩვენ რაღაც შევძელით, რაღაც გასაყიდი გვქონდა, მაგრამ ვისაც არ აქვს, რა ქნას? პირადად მე, საშუალება რომ მქონდეს, საკუთარი ხარჯებით, ფონდს დიდი სიამოვნებით შევქმნიდი. თუ ოდესმე რამეს მივაღწევ, აუცილებლად დავეხმარები იმ ბავშვებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ...

ეთო ყორღანაშვილი