ვინ დაეხმარა პრინცესად გახდომაში ანი სტეფანიშვილს?
ანი სტეფანიშვილი სამოდელო სააგენტო "კატრინის" წარმატებული მოდელი გახლავთ: პირველი ადგილი დაიკავა Miss Summer World-ზე, "მის და მისტერ პლანეტის" საერთაშორისო კონკურსზე "ვიცე-მის პლანეტა" გახდა, Top Teen Model of the World-ზე კი - გრან-პრი აიღო... ანი გორში ცხოვრობს. სამოდელო სფეროში აქტიურობის პარალელურად, კიდევ ერთი საყვარელი საქმითაა დაკავებული, თან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება...
- სილამაზის და სამოდელო კონკურსებში მონაწილეობის მერე თავდაჯერება მემატება. ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებ, რაც მომავალ საერთაშორისო კონკურსებზე წინსვლაში მეხმარება. ჩემი ცხოვრება შთამბეჭდავია ხოლმე: პოპულარობას ვიძენ, კონკურსში მონაწილეობისას ჩემს ქვეყანას მსოფლიოს ვაცნობ, თუნდაც - "ტალანტ შოუზე" ცეკვით...
- როგორც ვიცი, ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე შენმა შესრულებულმა ცეკვამ ჟიურის გადაწყვეტილებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და პირველი ადგილიც დაიკავე.
- საერთოდ, ცეკვა ბავშვობიდან მიყვარს. რაც ფეხი ავიდგი, მას მერე სულ ვცეკვავ. ჰიპ-ჰოპსაც ვცეკვავდი, ადრე გაჩეჩილაძეების სტუდიაში სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებზეც დავდიოდი... 9 წელია, რაც ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ "ლაჟვარდში" ვცეკვავ და ამავდროულად, ქორეოგრაფიც ვარ. ჩვენი ანსამბლი, რომელსაც ამაგდარის წოდება აქვს, "ოქროს ორდენზე" (დამფუძნებელი - თემურ ტატიშვილი) მიიწვიეს. ბევრ კონკურსში აქვს "ლაჟვარდს" მონაწილეობა მიღებული. ახლახან თურქეთში, ფესტივალზე პატარების ჯგუფი წავიყვანეთ. ჩვენს ანსამბლს დიდი მოწონება ხვდა წილად, ქორეოგრაფებს და ბავშვებს განსაკუთრებული მადლობა გადაგვიხადეს.
- სკოლის მოსწავლე ხარ, არა?
- სკოლას წელს ვამთავრებ. მეთორმეტე კლასში ვარ. სტუდენტობისთვის ვემზადები.
- როგორ უთავსებ ერთმანეთს მეცადინეობას, ცეკვას და სამოდელო სფეროში აქტიურობას?
- ალბათ, ამას ჩემი მიზანდასახულობით ვახერხებ. ბევრისგან მსმენია, - ახლა აბიტურიენტობა მიწევს, ამას თავი უნდა დავანებო, იქ მონაწილეობას ვეღარ მივიღებო და ა.შ. ასეთი დამოკიდებულება არ მომწონს. თუ გინდა, დროს აუცილებლად გამონახავ საყვარელი საქმის საკეთებლად. ყოველი დღე ძალზე დატვირთული მაქვს, ცოტათი ვიღლები, მაგრამ ასეთი რეჟიმით ცხოვრება მიყვარს.
- უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას რა მიმართულებით აპირებ?
- წინათ ინტერიერის ან გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე ჩაბარებას ვაპირებდი, თუმცა მერე გადავიფიქრე და სისხლის სამართალზე ვაპირებ ჩავაბარო - მამიდის კვალზე მივდივარ (იღიმის)...
- ამ სფეროში რა გიზიდავს?
- სიმტკიცე, კანონდამცველობა, ადამიანებისთვის თავიანთი სიმართლის დამტკიცებაში დახმარება მომწონს... ადვოკატობა ადვილი ხომ არ არის? უნდა შეგეძლოს, იმ ადამიანის სიმართლე დაამტკიცო, ვისი ადვოკატიც იქნები.
- შენს ცხოვრებაში რაიმე ისეთი ეპიზოდი ხომ არ იყო, რამაც პროფესიული არჩევანი განგიმტკიცა?
- ძალადობის ფაქტს პირადად არასდროს შევსწრებივარ. საერთოდ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტები მომრავლებულია. ჩვენი თაობა ცდილობს, ეს რეალობა შეცვალოს...
- შენს ყოველდღიურ ჩაცმულობაში ნაციონალური სამოსის დეტალები შეინიშნება?
- ასე ხშირად არ მაცვია, მაგრამ როცა ხალხმრავალ ადგილას მივდივარ, მაგალითად, ჩოხის სტილის კოსტიუმები ხშირად მაცვია.
- ყოველდღიურად როგორ სამოსს ანიჭებ უპირატესობას?
- დედა, ბავშვობიდან, ასე ვთქვათ, გამომპრანჭავდა ხოლმე. ახლა, როცა გარეთ გავდივარ ან კლასიკურად მაცვია, ან "ქეჟუალ" სტილს ვირჩევ. სპორტული სამოსით იშვიათად მნახავთ. სამოდელო სფეროში ყოფნამ და "კატრინის" ხელმძღვანელმა - ეკა მგალობლიშვილმა ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
- შენი სტილი თანატოლების, კლასელების სტილისგან განსხვავდება?
- რა თქმა უნდა, რადგან დღესდღეობით სპორტული სტილი აინტერესებთ, ჩემთვის კი კლასიკური უფრო მისაღებია.
- როგორი ფერის სამოსი ჭარბობს შენს გარდერობში?
- ფერადი სამოსი მაქვს, მაგრამ ჩემს გარდერობში ვარდისფერი უფრო მეტია. 4-5 წლის რომ ვიყავი, დედა სულ "ბარბის" მულტფილმებს მაყურებინებდა, რაც ჩემთვის პრინცესობასთან ასოცირდებოდა. პრინცესად გახდომაში ეკა მგალობლიშვილი დამეხმარა. სხვათა შორის, ჩემს გარდერობშია დიზაინერ ხათუნა კობახიძის სპორტული სამოსი, რომელიც ძალიან მომწონს და მართალია, სპორტულად ხშირად არ ვიმოსები, მაგრამ მის ნამუშევარში თავს განსხვავებულად ვგრძნობ.
- სხეულის კარგ ფორმაში ყოფნაზე როგორ ზრუნავ?
- სახლში ვვარჯიშობ. ცეკვაც მეხმარება... საერთოდ, ბევრის ჭამა არც მიყვარს, რადგან მერე დისკომფორტს ვგრძნობ. აი, ტკბილეული კი მიყვარს.
- დიეტის დაცვა თუ დაგჭირვებია, თუნდაც - სილამაზის და სამოდელო კონკურსის წინ?
- არასდროს. დიეტის დაცვას არც ვაპირებ, რადგან სხვისი მითითებებით რაიმეს კეთება არ მომწონს.
- თმას როგორ უვლი?
- არასდროს ვიმოკლებ, მხოლოდ ბოლოებს ვიჭრი. გასაჯანსაღებელ ეთერზეთებს, ბალზამებს ვიყენებ.
- მოზარდებს თმის ფერის შეცვლის სურვილი უჩნდებათ ხოლმე...
- ჩემთვის მთავარი ბუნებრიობის შენარჩუნებაა. გარეგნობაში საერთოდ არაფრის შეცვლა არ მსურს.
- საინტერესოა, Miss Summer World-ის პირველი ადგილის მფლობელი საცურაო კოსტიუმებს როგორ არჩევ? მოდის ტენდენციებს თვალყურს ადევნებ?
- მოდის ტენდენციებს ყოველთვის თვალყურს ვადევნებ. პირველ რიგში, ისეთ სამოსს ვარჩევ, რაც მომწონს და მომიხდება კიდეც. ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ, ისეთი რაღაც ჩავიცვა, რაც სხვას არ ეცმევა. საერთაშორისო კონკურსებისთვისაც და ყოველდღიური სამოსის შეკერვაშიც ქეთი კვაჭანტირაძის სამკერვალო სტუდიაში დავდივარ, რომელიც გორშია. საცურაო კოსტიუმებს რაც შეეხება, არასოდეს შემიკერავს. სულ ვყიდულობ. ამ შემთხვევაშიც ვცდილობ, გამორჩეული იყოს. როცა ნამზეურის მიღება მინდა, ბიკინის ვამჯობინებ, მაგრამ მაგალითად აუზზე ყოფნისას, მთლიან საცურაო კოსტიუმს ვირჩევ.
- ალბათ, ზღვის სანაპიროზე გასული ბევრის ყურადღებას იქცევ...
- არ მინდა, საკუთარ თავზე ბევრი ვილაპარაკო, თუმცა - კი, ასეთი ეპიზოდები ხშირია, ყოველდღიურადაც და პლაჟზეც. ეს დისკომფორტს არ მიქმნის - ყურადღებას არ ვაქცევ.
- ზაფხულს სად ატარებ ხოლმე?
- ანსამბლის წარმომადგენლები თურქეთში ან ბათუმში ვისვენებთ. წელს იტალიაშიც მივემგზავრებით - გასტროლი გვაქვს. ზაფხული მარტოს არასოდეს გამიტარებია.
- სამოდელო სფეროსთან დაკავშირებული შენი გეგმები როგორია?
- სამოდელო სააგენტო "კატრინის" და პირადად ჩემი წარმატებისთვის მე და ეკა მგალობლიშვილს დიდი გეგმები გვაქვს. წინ კიდევ ბევრი საერთაშორისო მოდის კვირეულია, ასევე - საერთაშორისო სამოდელო და სილამაზის კონკურსები. ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ველოდები, კვლავ წარმატების გზას რომ დავადგე. დუბაიში, საერთაშორისო მოდის კვირეულზე ვაპირებ გამგზავრებას, სადაც ქართველი დიზაინერებიც იქნებიან... დუბაიში დეკემბერშიც გახლდით, "კატრინთან" ერთად. ასევე, მარკუს მეტრეველი და ხათუნა კობახიძეც იყვნენ. მოდის კვირეული მარკუსმა სიმღერით გახსნა. არაჩვეულებრივი იყო! სტუმრებმა ქართველი დიზაინერების კოლექციაც იხილეს. მოდის კვირეულზე დაახლოებით 15 უცხოელი დიზაინერი იმყოფებოდა. მათგან 10-მა თავისი სამოსის წარსადგენად მე ამირჩია... დუბაიში ვიზიტი შთამბეჭდავი იყო, ულამაზესი ქალაქები ვნახე... მოწესრიგებული ქვეყანაა. თავიანთ წესებს იცავენ. იქ ხმამაღლა საუბარი, გამომწვევად ჩაცმა არ შეიძლება... ასევე, მოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელი არსად იყიდებოდა...
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ჩემს პირად ცხოვრებაზე ვერც მეგობრებს ვესაუბრები, ვერც - დაქალს... დედა ერთადერთია, ვისაც ამაზე ველაპარაკები.
- როგორი ბიჭები იქცევენ შენს ყურადღებას?
- მოცეკვავე უნდა იყოს - მაღალი, სიმპათიური, თუმცა ჩემთვის პირველ ადგილზე სულიერი სილამაზეა, ადამიანობა მაინტერესებს. თუ სიმპათიური და შინაგანად ბოროტია, ასეთ ადამიანთან მეგობრობაც არ შემიძლია.
- სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის მზადება დიდ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება?
- საერთოდ, ხარჯი ყოველთვის დიდია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, პრობლემა არ არის, რადგან მეც ვმუშაობ, ოჯახის წევრებიც მეხმარებიან...
- როგორ ემზადები გამოსაშვები საღამოსთვის?
- "ბოლო ზარისთვის" "ფლეშმობს" თავად ვდგამ. მინდა დაუვიწყარი გამოვიდეს და სკოლა მართლა განსაკუთრებულად დავამთავროთ. ბანკეტიც გვაქვს. განსაკუთრებულ კაბას ქეთი კვაჭანტირაძესთან ვიკერავ. ამჯერად, ცისფერი სამოსი შევარჩიე და არა - ვარდისფერი (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი