მეცნიერი ქიმიკოსის პროფესიული სიყვარული და სხვა გატაცებები - გზაპრესი

მეცნიერი ქიმიკოსის პროფესიული სიყვარული და სხვა გატაცებები

სკოლა დაამთავრა და 17 წლისამ ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (მაშინ ასე ერქვა) ზღურბლი პირველად გადალახა. პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის საღამოს განყოფილების სტუდენტი გახდა... მას მერე 62 წელი გავიდა. დღეს ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ლიანა ინწკირველი გახლავთ არაერთი ნაშრომის, მონოგრაფიის და წიგნის ავტორი, დოქტორანტების ხელმძღვანელი, საუკეთესო პედაგოგი, სტუ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზების განყოფილების გამგე. განვლილი წლები ბევრ თბილ მოგონებას და პიროვნებას უკავშირდება.

- ადრე ჩემი მშობლები ამ ინსტიტუტში მუშაობდნენ. მამა ნიკოლოზ ინწკირველი 17 წლის გარდაცვლილი იყო, როცა იქ სამუშაოდ მივედი. დედაჩემი, მეტეოროლოგი ნინო ახვლედიანიც უკვე სხვაგან მუშაობდა, ვანის მეტეოსადგურის უფროსი იყო. დედას ვანში მშობლები ჰყავდა და იმიტომ წავიდა, რომ მათთვის მოევლო. 40 დღისა ვყოფილვარ, როცა მამაჩემი მოულოდნელად გარდაიცვალა, მან ჩემი ნახვა ვერ მოასწრო. ბავშვობაში, რამეს რომ დავაშავებდი, დედა მამას სურათს შეხედავდა და მეუბნებოდა: ცოცხალი რომ იყოს, ამას ხომ არ გააკეთებდიო? მოძრავი და ინტერესიანი ბავშვი, ცელქი ვიყავი ნორმის ფარგლებში. მამა კავკასიონზე ექსპედიციის დროს გაცივდა და სულ უბრალოდ დაიღუპა. მაღალი კვალიფიკაციის ფიზიკოსი-მაგნიტოლოგი, მიხეილ ნოდიასთან ერთად სწავლობდა დედამიწის მაგნიტურ ველს. მამა ნიკო მუსხელიშვილის და ილია ვეკუას პლეადის ფიზიკოსი იყო.

ქიმია პროფესიად ავირჩიე მასწავლებლის და საგნის სიყვარულის გამო. არაჩვეულებრივმა პედაგოგმა თამარ რობიტაშვილმა პირველი გაკვეთილი რომ აგვიხსნა, სახლში მისვლისთანავე მე-7 კლასის მოსწავლემ გამოვაცხადე, ქიმიკოსი უნდა გავხდე-მეთქი. დედა უარყოფითად შეხვდა ჩემს მისწრაფებას. მამიდა მყავდა ქიმიკოსი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მუშაობდა და დედაჩემი მასთან როცა მიდიოდა, ქიმიის "სურნელება" არ მოსწონდა, ამიტომ სულ მეჩხუბებოდა, - რატომ უნდა იყო ყოველთვის ასეთ უსიამოვნო გარემოშიო?! მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მტკიცე აღმოჩნდა. არ ვნანობ, ვიწრო სპეციალობად ფიზიკური ქიმია ავირჩიე, ანუ მამის კვალს არ ვუღალატე.

- სამსახურში მისვლის პირველი დღე და ემოციები გაიხსენეთ.

- მუშაობა კლიმატოლოგიაში იასე ბართიშვილთან დავიწყე, რომელიც ფიზიკურად ძალიან დიდი, ფუმფულა და კეთილი კაცი იყო. მას ახსოვდა დედაც, მამაც და არაჩვეულებრივად შემხვდა. მართალია, სხვებმაც თბილად მიმიღეს, მაგრამ საკმაოდ დიდი მოცულობის "ტმ1" ცხრილებიდან რაღაცის ამოწერა და მისი პროცენტის დადგენა მოსაწყენად მომეჩვენა. ამიტომ დღის ბოლოს გამოვთვალე, რამდენი წელი უნდა მემუშავა პენსიაზე გასვლამდე: 38 გამოვიდა, მაშინ 55 წლისას ენიშნებოდა პენსია.

ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იღბლიანი აღმოვჩნდი, კეთილგანწყობილი ადამიანები ყოველთვის იყვნენ ჩემ გვერდით. იგივე იასე ბართიშვილი, იასონ ცუცქირიძე, ილია კვარაცხელია, ვასილ ლომინაძე... ყოფილა შემთხვევა, როცა ლომინაძეს - ინსტიტუტის დირექტორს დაურეკავს ჩემი განყოფილების გამგისთვის (შალვა გავაშელი საოცარი პიროვნება იყო) და უთქვამს: დღეს ლიანა შემხვდა, რაღაც გაფითრებული იყო და რამე ხომ არ აწუხებსო? აი, ასეთი ურთიერთობა მქონდა კოლეგებთან. იმათი აღზრდილი, უკვე 40 წელია განყოფილების გამგე ვარ და ვცდილობ, ასეთივე გულისხმიერი ვიყო თანამშრომლების მიმართ. 63-ე წელი დაიწყო, რაც ამ ინსტიტუტში ვარ... ეს არის ჩემთვის მშობლიური და საყვარელი გარემო.

- ერთ დროს ბაღი იყო გაშენებული თქვენი ინსტიტუტის ეზოში. ის ბაღი, ალბათ, ბავშვობიდან გახსოვთ.

- ეს იყო ედემის ბაღი, რომელსაც პლეხანოვიდან ჰქონდა შემოსასვლელი. ძალიან კარგი მებაღე გახლდათ ძია გიორგი, სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს, ხანდაზმული კაცი მთელი ოჯახით იქვე, ბაღში ცხოვრობდა. დედა რომ გამომიყვანდა საბავშვო ბაღიდან, იქ მივდიოდით. ჩვენ პლეხანოვზე ვცხოვრობდით. ულამაზეს ბაღში სტალინის ბიუსტი იდგა, ხოლო ის ოთახი, სადაც სტალინი დამკვირვებლად მუშაობდა, დიდი პატივით იყო მორთული და მნახველები ხშირად მოდიოდნენ.

- რადიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის პერიოდზე მიამბეთ, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო საბჭოთა კავშირში არსებულ ამ სახის ლაბორატორიებს შორის.

- ღია ატმოსფეროში ბირთვული გამოცდები როცა დაიწყო, რადიაციული ფონი ძალიან ამაღლდა. 1958 წლიდან დაიწყეს ასეთი ლაბორატორიების ჩამოყალიბება და საბჭოთა კავშირის უზარმაზარ ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა 5 რეგიონული ლაბორატორია. ჩვენთან რადიომეტრიული კონტროლის ლაბორატორიის უფროსი შალვა გავაშელი იყო. 1960 წელს მოვედი ინსტიტუტში და 1961 წლიდან უკვე გავაშელთან ვმუშაობდი. ვოლგისპირეთს, ჩრდილო კავკასიას, უკრაინას, მოლდავეთს და სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკას ჩვენი ლაბორატორია აკონტროლებდა. ბატონი შალვა როცა ფიზიკურად დაუძლურდა, მე შევცვალე. სამუშაოები გრძელდებოდა 1990 წლამდე, მერე საბჭოთა კავშირი დაიშალა და ლაბორატორიაც გაუქმდა. ჩერნობილის დროს ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანეთ... მადლობა დავიმსახურეთ ცენტრალური ხელისუფლებისაგან ოპერატიული და საუკეთესო მუშაობისთვის. პირადად მე, "ჩერნობილელად" ვითვლები და პენსიაზე 7 ლარი მაქვს წამატებული.

- მეცნიერება - მეცნიერებად, მაგრამ ვიცი, რომ თეატრი ძალიან გიყვართ...

- ეს სიყვარული გენეტიკურად მომდევს. ჯერ კიდევ დედაჩემს დავყავდით თეატრში მე და ჩემი უფროსი და. მახსოვს მარჯანიშვილის თეატრის არაჩვეულებრივი სპექტაკლი "სამი ბულბულის ქუჩა #13", სადაც სანდრო ჟორჟოლიანი თამაშობდა. კარგი დადგმა იყო და მომწონდა "ხეები ზეზეულად კვდებიან", ვერიკოს მონაწილეობით. მაგრამ პრიორიტეტს ვანიჭებდით და ყოველთვის განსაკუთრებულად გვიყვარდა კლასიკური მუსიკა, ჩემს დას - ბალეტი. საღამოს დასწრებულზე ვსწავლობდი და კვირაში ხუთჯერ მაინც ოპერაში ვიჯექი. არ ვიცი, როგორ ვახერხებდი - კარგად ვსწავლობდი და სპექტაკლებსაც არ ვაკლდებოდი. კონსერვატორიაში გამართულ კონცერტებსაც ვესწრებოდი. ერთხელ ვერდის "ტრუბადური" ინოვაციური რეჟისურით დაიდგა და ერთ სეზონზე 12-ჯერ აჩვენეს, ყველა სპექტაკლზე ვიყავი.

მოსკოვში ცხოვრების დროს გამიმართლა, მაშინ ვსწავლობდი გეოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. იმ პერიოდში ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზა" ჩამოიტანეს, მის სანახავად დილის ექვს საათზე ჩავდექი რიგში. ლა სკალას ჰქონდა გასტროლები დიდ თეატრში. იქ მოსახვედრად, დედაჩემის ნაჩუქარი ლამაზი კაბა გავყიდე და ხელზე (გადამყიდველთან) შევიძინე ორი ბილეთი. ორ სპექტაკლს დავესწარი - "ნორმა" მოვისმინე მონსერატ კაბალიეს შესრულებით და "აიდა". დავდიოდი დრამატულ თეატრებშიც, ვისოცკი ვნახე "ჰამლეტში". მართალია რა პალტოთიც წავედი მოსკოვში, იმავეთი ჩამოვედი, სამაგიეროდ, შესანიშნავი ბიბლიოთეკა და ფონოთეკა ჩამოვიტანე. თუმცა, ახლა ვიღას უნდა რუსულენოვანი წიგნები...

- რომელი მსახიობი გიყვარდათ გამორჩეულად? მისი ავტოგრაფი ხომ არ გაქვთ?

- ძალიან მიყვარდა ვახტანგ ჭაბუკიანი და მისი "ოტელო". ცხადია, ამ წარმოდგენაზე ყოველთვის ვერ ვხვდებოდი. შესანიშნავი სპექტაკლი იყო "საბალეტო საღამო", სადაც შედიოდა "შოპენიანა", ბიზეს "ანტრაქტი" - ეთერ ჭაბუკიანი ცეკვავდა და რაველის "ბოლერო". "საბალეტო საღამოს" არც ერთი სპექტაკლი არ გამომიტოვებია. ვინმესთვის ავტოგრაფი რომ მეთხოვა, ასეთი მონდომებული არასოდეს ვყოფილვარ.

ერთადერთი ავტოგრაფი მაქვს, რომელიც ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ და არც ვყოფილვარ, უბრალოდ, მას ყოველთვის აქტიურად თანავუგრძნობდი. ჩემთვის ახლობელი იყო მისი შეხედულება ძლიერი კავკასიის შექმნისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ზვიადის წერილებს ჩუმად, დარაბებმიხურულ ოთახში ვკითხულობდით... მეტრო "დელისთან" მიტინგი გაიმართა, დედაჩემი მივიდა ზვიადთან მიტინგის მერე და ავტოგრაფი გამოართვა. დღესაც ჩემს თაროზე დევს ზვიად გამსახურდიას წიგნი "ქართველი ერის სულიერი მისია" მისი ხელმოწერით.

- თეატრის გარდა, მოგზაურობაც გიტაცებთ.

- ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ახლახან ფლორენცია-მილანი დიდი სიამოვნებით მოვიარე. შარშან ზაფხულში ვიყავი მარშრუტით პარიზი-ნიცა-მონაკო. მე და ჩემი დოქტორანტი ნათია გიგაური სამეცნიერო კონფერენციას დავესწარით ნეაპოლში და იქიდან რომში გამოვიარეთ. წელს მაინც ვყოფილიყავით ნეაპოლში, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ხომ დავესწრებოდით!

- ფეხბურთი გიყვართ?

- სპორტის ყველა სახეობა მიყვარს. სკოლის ასაკში კალათბურთს და ფრენბურთს ვთამაშობდი, ცურვაზეც დავდიოდი, თუმცა სერიოზულად სპორტულ ტანვარჯიშს მივდევდი - მეორე თანრიგი მქონდა. მე-9 კლასში გადავედი, როცა პირველი თანრიგის პროგრამის მომზადება დავიწყე, მაგრამ დედამ მითხრა: ახლა სწავლას უნდა მიხედოო და სპორტი მიმატოვებინა. საერთოდ, აქტიური ცხოვრება მიყვარს. ჩემი უდიდესი გატაცებაა სამთო ტურიზმი - ნაურის და ბეჩოს უღელტეხილები გავიარე, იალბუზზე მე-11 თავშესაფრამდე, 4200 მეტრ სიმაღლეზე ავედი. ალპინიზმის მოყვარული თანამშრომელი გვყავდა, ბატონი გაიოზი, რომელსაც ზაფხულობით ექსპედიციებში მივყავდით.

liana3-1684343570.jpg

- ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის არაერთი ჯილდო და მედალი დაიმსახურეთ, მათგან რომელს გამოარჩევთ?

- იმ ჯილდოებს დღეს ფასი არა აქვს... რომ გითხრათ, ძალიან მიხაროდა მათი მიღება-მეთქი, ტყუილი იქნება. ჯილდოებზე ორიენტირებული არ ვიყავი. როდესაც შევარდნაძემ ღირსების მედალი პირველად დაარიგა, უარი ვთქვი მის მიღებაზე. წლების მერე, მეორედ როცა წარმადგინეს იმავე ჯილდოზე, ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ცინცაძემ მითხრა: ახლა უარი აღარ გავიგოო და მეც წავედი.

- ასაკი საერთოდ არ გეტყობათ... წელს 80 წლის ხდებით, არა?

- კი, 26 აგვისტოს. ასაკს ვერ ვგრძნობ, იუბილეები არ მიყვარს! ასე რომ, ამ დღეს თბილისში არ ვიქნები და ეს თარიღი ჩუმად ჩაივლის.

ნანული ზოტიკიშვილი