"მან ისტორია ჩვენთვის დაწერა, მადლობა, ქართველებო, კვარასთვის..." - გზაპრესი

"მან ისტორია ჩვენთვის დაწერა, მადლობა, ქართველებო, კვარასთვის..."

"ქართველები, ნეაპოლელები და სამხრეთ იტალიის კიდევ რამდენიმე ქალაქის შვილები - ყველანი ერთად ზღაპარში ვცხოვრობთ და ამაში კვარას წვლილი უდიდესია... ერთ დღეს, ნეაპოლის ხმაურიანი მოსახლეობის სავსე ცა გაიხსნა და ბედისწერამ ჩვენს ქალაქში მოიყვანა მოკრძალებული, თავდაჭერილი, ღიმილიანი ბიჭი, ურთულესი სახელითა და გვარით. ეს დღე ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში ბედნიერების მომტანად იქცა და მან თავის უახლოეს მეგობარ ვიქტორ ოსიმენთან ერთად, ჩვენი ბედნიერების ისტორია დაწერა... მადლობა ამ ბედნიერებისთვის საქართველოს, ქართველებს..." - ეს სიტყვები რამდენიმე დღის წინ ქალაქ ნეაპოლში მცხოვრებმა მუსიკოსმა ალესიო ჯოვანიმ მომწერა, შემდეგ კი მასთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე...

იტალიური და უკვე მთლიანად ევროპული ფეხბურთის მოყვარული საზოგადოებისთვის, ხვიჩა კვარაცხელია "ყველას ოჯახის ახალი და საყვარელი წევრი ხდება". ნეაპოლელი მუსიკოსიც ქართველი ვარსკვლავის ფანი აღმოჩნდა. მითხრა, რომ საყვარელი გუნდის ყოველი თამაშის წინ, ოჯახთან ერთად რიტუალი აქვს, კეთილი ძალებით ენერგიის მოზიდვა, რაც ქართველ ახალგაზრდას, თავის გუნდელებთან ერთად, წარმატებაში უნდა დაეხმაროს.

ახალი არავისთვის არის, რომ ნეაპოლელები კვარას სამშობლოთი ინტერესდებიან და საქართველოს ახლოს გაცნობას გეგმავენ. ბევრმა ხვიჩას გამოჩენის შემდეგ გაიგო, რომ ფეხბურთზე გაგიჟება არც ქართველებისთვის არის უცხო, ამ ქვეყანაში ღვინოც შესანიშნავი გვაქვს და ემოციური ხასიათითაც არ ჩამოვუვარდებით სამხრეთიტალიელებს...

- გადაწყდა, რომ ჩემი ზაფხულის ერთი თვე კვარას სამშობლოს დაეთმოს. ინტერნეტში ვეცნობი თქვენი ქვეყნის კლიმატს, კულტურას, თავისებურებებს... საქართველოს დროშით ხელში, ადამიანები მარადონას სახელობის სტადიონზე ვნახე და მათი ემოციებით მივხვდი, რომ საერთო ღირებულებები გვაქვს. ფეხბურთს ეროვნება არ გააჩნია, მაგრამ მის მიმართ ქართველი გულშემატკივრების სიყვარული ძალიან ახლობელია ჩვენთვის. ორივე მატჩის განმავლობაში ფეხზე დამდგარი უყურებდნენ კვარას თამაშს. ყვიროდნენ, განიცდიდნენ მის გოლებს, საგოლე მოქმედებებს... ყველა აქტიურობაზე ემოციების ზღვა მოდიოდა მათგან, სიხარულისგან ტიროდნენ, პირჯვარს იწერდნენ და ღმერთს მადლობას უხდიდნენ, ერთმანეთს ისე ეხუტებოდნენ, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას... მაშინ მე და ჩემი მეგობრები მივხვდით, რომ სადღაც შორს, რამდენიმე ათასი კილომეტრის იქით, ცხოვრობს ხალხი, რომელიც ძალიან გვგავს ფეხბურთის სიყვარულით, გულშემატკივრობით, ბევრი რამით და რაღაცნაირი უცნაური განცდა დაგვეუფლა - აი, ისეთი, დიდი ხნის უნახავ მეგობარს რომ იპოვი. ალბათ ამიტომაც მიიღო ეს ბიჭი ჩვენმა ქალაქმა და პირიქით...

მარადონას შემდეგ, ჩვენი ქალაქის გუნდში არაერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი თამაშობდა, ზოგი დიდი ხნით, ზოგიც მცირე დროით ჩერდებოდა. ყველა მათგანის გაელვებაზე ხელებაპყრობილი ვფიქრობდით, - ეს ხომ არ არის ის, ვისაც ამდენ ხანს ველოდით? მაგრამ არა... ბევრი მათგანი მართლა კარგი ფეხბურთელი იყო, თავიც დაგვამახსოვრა.

ბოლო წლებში გუნდი ნამდვილმა ლეგენდებმა დატოვეს და გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა კლუბი. სპალეტის წინააღმდეგ აქციები დაიწყო, რომელშიც მე და ჩემი მეგობრებიც ვმონაწილეობდით, მისი გაგდება გვინდოდა, რადგან ის და ნაპოლის ადმინისტრაცია, მფლობელები, ქალაქს ყველაზე მთავარს, საფეხბურთო გუნდს ართმევდნენ. ვერ ვეგუებოდით დამარცხებას, მაგრამ ვერაფერს ვცვლიდით. იმ პერიოდში ნაპოლის გუნდი ძველი ქალაქის გაჩერებას ჰგავდა, სადაც მგზავრები რამდენიმე დღით ჩერდებიან, ისვენებენ ან ძალებს იკრებენ და ახალ მარშრუტს გეგმავენ. ველოდით ასე, წლიდან წლამდე, იმედი არასდროს დაგვიკარგავს. ჩვენს ოცნებას, რომელსაც სამ ათეულ წელზე მეტია ველით, სხვებმა ვერც მიგვაახლოეს - სკუდეტო ნეაპოლის ლამაზ სიზმრად რჩებოდა მანამდე, ვიდრე ერთ დღეს ჩვენს ქალაქში ჩამოჩაჩულწვივსაფრიანი ბიჭი არ გამოჩნდა. ვაღიარებ, არათუ კვარაზე, საქართველოზეც კი მაშინ გავიგე პირველად. ეს ქვეყანა ბევრს რუსეთი ეგონა. შემდეგ თანდათან შევამჩნიეთ ის ქართველები, ვინც აქ, ჩვენ გვერდით, ჩვენს სახლებში ცხოვრობდნენ და თავდახრილი მუშაობდნენ. მათგან შევიტყვეთ, რომ ამ პატარა ქვეყანას უამრავი ბრძოლა გადაუტანია, რათა რუსეთს, უფრო ადრე კი სხვა ქვეყნებს არ ჩაეყლაპათ. გულით გისურვებთ, რომ ძალიან მალე გაიღოს თქვენთვის ევროპის კარი. ახლა უკვე ვიცი, საქართველო აქამდე რომ მოსულიყო, უამრავი დაბრკოლების გადალახვამ მოუწია, ახლაც ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ იდეალური არც ერთი ქვეყანა არ არის, ამიტომაც, თქვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას.

- თქვენი შვილებიც ფეხბურთის გულშემატკივრები არიან?

- ნეაპოლში მოსახლეობის უმეტესობა ფეხბურთით ცხოვრობს. ასე იყო ყოველთვის. ჩემს ასაკოვან მამას ახსოვს, ჩვენს ქალაქში როგორ დაიბადა დიდებული ფეხბურთი მარადონასთან ერთად. ჩვენ, მთელი ოჯახი: მამა, მისი ცოლი და ჩემი შვილები, ერთად ვუყურებთ ყველა თამაშს. ჩვენთან მაშინვე ამჩნევენ ფეხბურთელს ნიჭს - მე და ჩემი შვილები ახლა კვარადონას ვარსკვლავის დაბადების მომსწრენი ვხდებით... ჩვენთვის მარადონას ფეხბურთი, მხოლოდ პატარა ნეაპოლს კი არა, მთელ იტალიას, მსოფლიოს, დედამიწას ან სულაც, გალაქტიკას იტევს. მეტსაც გეტყვით, მხოლოდ მიწიერ კი არა, იმიერ სამყაროსაც. მარადონა ჩვენთვის წმინდანია. როგორც იტალიის ჩრდილოეთით მცხოვრები ადამიანები ირონიით ამბობენ, ასეთია ჩვენი "შეშლილი ცხოვრება", მაგრამ ეს გვაბედნიერებს.

1987 წლის 10 მაისს "ბედნიერ ხანას" ვუწოდებთ, რადგან "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო. იმ ღამეს სიხარულისა და ბედნიერებისგან ჭკუიდან გადასული გულშემატკივრები იმდენად ვერ ვიტევდით ემოციებს, რომ დღესასწაული მხოლოდ ჩვენთვის, ცოცხლებისთვის დაგვენანა და სასაფლაოებზეც გავცვივდით და მის კედლებზეც დაახლოებით ასეთი შინაარსის წარწერები გავაკეთეთ: "სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ უფრო მეტი ტრაგედიაა, რომ ეს გამოტოვეთ!.." ქალაქის მაშინდელი სამსახური დიდხანს ფიქრობდა, დავეჯარიმებინეთ თუ არა, მაგრამ რადგან სიხარული საყოველთაო ხასიათის იყო, წარწერები დატოვეს.

jovani2-1684343792.jpg

- მამათქვენს ქართველ ფეხბურთელებზე არ სმენია?

- სმენია, მაგრამ მაშინ ისინი საბჭოელი ფეხბურთელები იყვნენ. ჩაკეტილი სისტემა იყო და ევროპაში ასე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებად არ იცნობდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც კვარა გამოჩნდა, ინტერნეტში ვიპოვე სახელოვანი ფეხბურთელები, წინა და შემდგომი თაობისაც... ვიცი, რომ ახლა საქართველოშიც საფეხბურთო პაუზაა, თუმცა, კარგი თაობა წამოვიდა. გისურვებთ, გამარჯვების სიხარული განგეცადოთ.

სკუდეტოს მესამედ მოგების შემდეგ, ბევრი ჩვენზე ქილიკობდა კიდეც, - ისე იქცევით, თითქოს ოცდაათ წელზე მეტია არაფერი მოგიგიათო... დიახ, არ მოგვიგია და ეს ემოცია, ნამდვილი, ლამაზი, ცოცხალი, სისხლსავსე ფეხბურთის მონატრებამ, სიყვარულმა, ნოსტალგიამ ერთიანად, ვეზუვივით ამოხეთქა. ნამდვილად არ გვრცხვენია ამის თქმის. ნაპოლიმ სკუდეტო 15-16 მოთამაშით მოიგო. სათადარიგოთა სკამზე კი ძალიან ცოტა გვყავდა, ფინანსურად ძლიერი გუნდებისგან განსხვავებით. ეს დაახლოებით ისეთი ამბავია, როგორიც დავითისა და გოლიათის შერკინება, რადგან ზოგ შემთხვევაში, სხვა გუნდის თითო მოთამაშის ანაზღაურება დაახლოებით იმდენია, რამდენიც ჩვენი გუნდის მთლიანი ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ისინი არაერთხელ, დიდი ანგარიშით დაამარცხეს.

კვარა ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება. მან იტალიური ჯერ არ იცის, მაგრამ რა საჭიროა სიტყვები, როდესაც ვხედავთ, ჩვენზე მეტად განიცდის ჩავარდნებს, თვალცრემლიანი ყველაზე გვიან ტოვებს მოედანს... ის ამ დროს უფრო მეტად გვიყვარს თავისი გულწრფელობის, ბავშვური ემოციების გამო. მისი თანატოლი შვილი მყავს და რომ წარმოვიდგენ, როგორ იგრძნობდა ის თავს, მისთვის უცხო ხალხის წინაშე, უცხო ქვეყანაში ამხელა პასუხისმგებლობა რომ აეკიდებინა საქმეში, რომელშიც სულსა და გულს დებს. ყოველთვის ყველაფერი 100%-ით არ გამოდის. "კვარადონა", "კვარავაჯო", "ჩე კვარა" - ეს სიტყვებია, რომლითაც ჩვენ ამ პატარა ქართველს მოვიხსენიებთ. სიყვარული ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და მეტს ვითხოვთ, რადგან ჩვენთვის ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის, ცხოვრების წესია, ყოველდღიურობა, ამით ვსუნთქავთ, ლოცვასავით წარმოვთქვამთ ჩვენი გუნდის სახელს და მოთამაშეების გვარ-სახელებს.

მე ნეაპოლის ერთ-ერთ მუსიკალურ ჯგუფში ვუკრავ. შეიძლება ითქვას, მუსიკა ჩემი ცხოვრებაა. წარმატებული გამოსვლებიც მქონია, გამორჩეულად კარგიც, საშუალოც და ცუდიც. მაყურებელი ყველაფერს გრძნობს და სცენიდან მეც ვგრძნობ მათ დამოკიდებულებას... თუმცა, ფეხბურთი უფრო თვალსაჩინოა და მძაფრი ემოციებიც ახლავს. ამიტომ, ვერც კვარა ასცდა ჩვენს კრიტიკას, მაგრამ ის არაფერს უშინდება, მომდევნო თამაშში ლიდერად დაბრუნდა, მხრებში გამართული, თავდაჯერებული მზერით, ბურთზე ძლიერი შეხებით. ბედნიერებაა იმის დანახვა, თუ როგორ გრძნობს თანაგუნდელებს. მას და ოსიმენს უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, მათი მეგობრობა ცალკე ისტორიაა ნეაპოლში... კვარამ პირველივე თამაშებიდან ფანტასტიკური, სხარტი მოძრაობებით მოგვაჯადოვა. კაფე-ბარებში, ყავისა და ლუდის დასალევ ადგილებში მასზე ლაპარაკი პირველი დღეებიდან არ წყდებოდა; შემდეგ ჩვენს სახლებში შემოვიდა, მალე კი მარადონას სახელობის სტადიონზე მის გვარს 50 ათასზე მეტი ადამიანი, ბოლო ხმაზე ღრიალებდა...

ezgif-2-0f4b84e711-1684343778.jpg

- გვარ-სახელის წარმოთქმა ახლაც გიჭირთ, არა?

- მე არა, ბევრჯერ მოვუსმინე და დავიმახსოვრე, მაგრამ ასაკოვან ხალხს უჭირს - გვიშა, კვინჩა, ქვიჩა, კვაჩელია, კვარაცელა - ასეთი ვარიანტები მომისმენია. ბევრმა ჩემსავით საქმე გაიმარტივა და კვარას ეძახის... გუნდში შემოსვლის დღიდან, შეძლო და ყველა თამაშზე გავლენა მოახდინა, ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება, მდიდარი ფანტაზია აქვს, სისწრაფე, სიმსუბუქე. ადრე მხოლოდ აკვირდებოდნენ, ახლა მთელი გუნდი მის მოძრაობას იმეორებს, ფეხებში უხტებიან, არც უხეშად თამაშს ერიდებიან... არც ის თმობს და ჩვენც მეტი რა გვინდა, რადგან ვგრძნობთ, შეუძლია.

რა გასაკვირია, "კვარამანია" სჭირდეს მთელ ნეაპოლს?!. აქ მისი სახელობის საკონდიტრო ნაწარმი გაჩნდა, ტკბილეული, პიცა, პასტა, სუვენირები, საქართველოს დროშები, მისი ეროვნული ნაკრების მაისური - 7-იანი ნომრით. შინ, მარადონას მაისურის გვერდით, კვარას ნაპოლის მაისურები გვიკიდია. თამაშის დროს იქვე, სავარძელზე გვიდევს და ასე უფრო ვგრძნობთ მასთან სიახლოვეს... შეიძლება გიჟები ვეგონოთ ვინმეს და დიახ, ვართ გიჟები! ფეხბურთზე გადარეული ადამიანები გახლავართ და ეს კი არ გვაწუხებს, გვაბედნიერებს. აქ ოცნებები ხდება და ეს კვარას ჩამოსვლის შემდეგ დავიჯერეთ. ქალაქის მფარველმა წმინდანმა სან ჯენარომ ეს ბიჭი გამოგვიგზავნა და ჩვენც მისი ფოტოები, მაისურები ქალაქის მეორე მთავარი წმინდანის, მარადონას გვერდით ფოტოებისა და მაისურის გვერდით დავკიდეთ. დიახ, შეშლილები ვართ, მაგრამ ეს გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, ეს ჩვენი ცხოვრებაა. მათი გვიკვირს, ვინც ამის გარეშე ცხოვრობს. როგორ ახერხებენ, სად მიაქვთ ის ადრენალინი, რისგან იღებენ მძაფრ ემოციებს?..

- ალბათ ფიქრობთ, რომ ერთ დღესაც კვარა სხვა გუნდში წავა...

- ჯერ ამაზე არ ვფიქრობთ, თუმცა, უამრავი ვერსია ვრცელდება სხვადასხვა გუნდის შესახებ. ბევრად მაღალ ანაზღაურებას ჰპირდებიან და ეს მნიშვნელოვანია მისი დონის ფეხბურთელისთვის, მაგრამ არც ერთ ქალაქში ისეთ სიყვარულს ვერ იგრძნობს, როგორსაც ჩვენგან გრძნობს; ასეთი სიყვარული კი ალბათ, ბევრ მილიონზე მეტი ღირს... თუმცა, ვიცით, ხვალ-ზეგ ეს გარდაუვალია, მაგრამ ჯერ მისი ჩვენთან ყოფნით ვტკბებით. მან თქვა, რომ რჩება და მისი გვჯერა!.. კვარასა და ოსიმენის დუეტმა, თანაგუნდელებთან ერთად, ეს ისტორია ჩვენთვის დაწერეს. მადლობა, ქართველებო, კვარასთვის!..

ლალი პაპასკირი