"დროულად და სწორად მართეთ თქვენი საემიგრაციო პროცესები" - გზაპრესი

"დროულად და სწორად მართეთ თქვენი საემიგრაციო პროცესები"

ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ქართველი არაერთხელ ჩაგვიწერია. ამჟამად მინდა გაგაცნოთ იურისტი ქეთი არდოტელ-ზვიადაური, მაგრამ მასზე თხრობას მისივე ერთ-ერთი პოსტის მეშვეობით დავიწყებ, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია და იმედია, ქეთი არ გამინაწყენდება, თუ მის წერილს სტატიის შესავლად გამოვიყენებ (სტილი დაცულია):

"2008 წლის ომის დროს პატარა ვიყავი. მახსოვს, როგორ გვეშინოდა თითოეული თვითმფრინავის, ყოველ გადაფრენაზე ვწყვეტდით თამაშს და ბავშვები სადარბაზოში შევრბოდით. იმიტომ არა, რომ "ცხელ წერტილში" ვცხოვრობდით, უბრალოდ, ბავშვური შიშით ყველა საჰაერო ტრანსპორტი სამხედრო გვეგონა...

14 აგვისტოს 10 წლის გავხდი და მახსოვს, მამა მთავაზობდა, ტორტს მაინც გიყიდი, 10 წელი სერიოზული განაცხადია და სურვილი ჩაიფიქრეო (ომის ამბებში სწორედ მამა მარკვევდა, საქართველოც მან შემაყვარა და პოლიტიკა მისი წყალობით ვიცოდი 6 წლიდან). მე არ მინდოდა ტორტი, არ მიხაროდა, - როცა ჩვენი მეომრები იხოცებიან, მე ტკბილი არ მინდა-მეთქი და არც არაფერი გვიყიდია... თუმცა სანთელი მაინც დავანთე და 10 წლის ქეთევანმა სურვილი ჩავიფიქრე, ომის დამთავრება... მალევე, 16 აგვისტოს ომიც დამთავრდა... თუმცა არ დამთავრებულა შეგრძნებები, განცდები და ის უცნაური შფოთვა, რომელიც ომზე ფიქრისას მომდის.

343971041-976845096640801-5656715095024879089-n-1684343974.jpg

მე, სრულიად მშვიდ რეგიონში მცხოვრები 10 წლის ბავშვი და დღეს უკვე 23 წლის ქეთევანი - ისევ იმაზე ვოცნებობთ: შეწყდეს ომი!.. მაგრამ ამჯერად უფრო ბოროტი ვარ და ომის დამთავრებასთან ერთად, რუსეთის დამთავრებაც მინდა!!!"

- საქართველოდან რომ ვარ, ეს ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა. მიყვარს სამშობლოში გატარებული ყველა წუთი, თავისი სირთულეებით. მეშვიდე კლასიდან ძალიან აქტიური მოსწავლე ვიყავი, უამრავ პროექტში ვმონაწილეობდი და ბევრი მათგანის ლიდერიც გახლდით. ხშირად ვერთვებოდი დებატებში, ახალგაზრდულ თუ სასკოლო პროექტებში. ძალიან მიყვარს აქტიური ცხოვრება.

- ამბობ, მეშვიდე კლასიდან აქტიური მოსწავლე ვიყავიო. მანამდე რა ხდებოდა?

- ვერ ვიტყვი, სწავლის მნიშვნელობა პირველი კლასიდანვე გაცნობიერებული მქონდა-მეთქი, ყველაზე მეტად ეს მაშინ გავიაზრე, როცა მივხვდი, დედა საბერძნეთში ჩემი და ჩემი დის ნათელი მომავლის შესაქმნელად წავიდა. იმ მომენტიდან საშუალო დონის მოსწავლე ბეჯით ადამიანად გადავიქეცი და მიზნად დავისახე, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის კარგ მომავალზე მეც მეზრუნა. მამა იურისტი იყო და ყოველთვის მხიბლავდა ეს პროფესია. ხალხის დახმარება ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა და ამიტომაც გავხდი იურისტი, დავამთავრე თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში ვიყავი ახალგაზრდა დელეგატი ევროპის საბჭოში, კერძოდ - გერმანიაში. ვმუშაობდი გაეროს პროექტებზე და მუდმივად სხვადასხვა ტრენინგს ვესწრებოდი. ძალიან მინდოდა თეორიულთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც მიმეღო, ამიტომ ლექციების შემდეგ მუდმივად ამა თუ იმ ტრენინგზე მივდიოდი. პირველად შტატებს 20 წლის ასაკში, 2019 წელს ვესტუმრე და კურსები გავიარე საკორპორაციო სამართალსა და მენეჯმენტში. იმ პერიოდში ჩემთვის მთავარი გამოწვევა მარტო ცხოვრება და სრულიად განსხვავებულ სამყაროში თავის დამკვიდრება იყო. ვფიქრობ, ეს შევძელი... შემდეგ "კოვიდის" გამო საქართველოში დაბრუნებამ მომიწია.

2021 წელს კვლავ გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი ამერიკაში და დღემდე აქ ვაგრძელებ ცხოვრებას, სწავლასა და მუშაობას.

343787224-1238952280081085-6515266861855432724-n-1684343987.jpg

- ამერიკაში სად სწავლობთ? შეგიძლიათ პარალელები გაავლოთ განათლების აქაურ და იქაურ სისტემებს შორის?

- 2019 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში გავიარე 3-თვიანი კურსი, მაშინ ჯერ კიდევ თსუ-ის სტუდენტი ვიყავი და ზაფხულში ჩამოვედი აქ, თან ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი მაინეს შტატში. ამჟამად კი ბიზნესსამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობ ნიუ-იორკში. აშშ-ში განათლების სისტემა მეტად თავისუფალია. საქართველოში თუ წიგნებიდან თავის აწევისთვის ერთი წამიც არ მქონდა, აქ ბევრად უფრო პრაქტიკულია პროცესი, თუმცა გამოცდები წყვეტს ჩვენი ცოდნის დონეს და ბუნებრივია, ამისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო. გულწრფელად გითხრათ, მე საქართველოს განათლების სისტემაც ძალიან მომწონდა. აქ სტუდენტს ხელს გიწყობენ დასაქმებაში, რადგან ყველა კარგად აცნობიერებს, როგორი მნიშვნელოვანია სამსახურის ქონა. საქართველოში კი "ჯერ სწავლა, შემდეგ მუშაობა" - ასეთი დევიზი გვაქვს და რომ შემეძლოს, ამ საკითხს ნამდვილად გავაუმჯობესებდი, საქართველოს განათლების სისტემას დავუსახავდი ამოცანას, რომ სტუდენტებს, სწავლის პარალელურად, მუშაობის და გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

- როგორც ვიცი, დასაქმებული ხართ და თან, წარმატებულად...

- დიახ, ამჟამად, სწავლის პარალელურად, ორი იურიდიული კომპანიისათვის ვმუშაობ. ესენია: ანტონი შარნოვის საგზაო სამართლის იურიდიული ოფისი და ლეონარდ გენდელბერგის საიმიგრაციო ოფისი. ორივე სფეროში მუშაობა ძალზე საინტერესოა, უამრავ ადამიანს ვეხმარებით და ვახარებთ, საკმაოდ ბევრი ქართველი კლიენტიც გვყავს, რომლებსაც სხვადასხვა ტიპი სამსახურს ვუწევთ.

- ანუ ამერიკაში თქვენი ყოფნა ხანგრძლივი იქნება? დაბრუნებას როდისთვის გეგმავთ?

- ამერიკაში საცხოვრებლად გადმოვედი, მაგრამ ყოველთვის ვესტუმრები საქართველოს, სადაც რამდენიმე კატეგორიის ბიზნესის გახსნას ვგეგმავ, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ჩემს ქვეყანას განვითარებაში და ქართველ ხალხს გაწეული სამუშაოსთვის ღირსეული ანაზღაურების მიღებაში. იქამდე, მინდა რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი სასარგებლო შევისწავლო, მერე ეს გამოცდილება ქართულ რეალობას მოვარგო და ჩემი ხალხისთვის გამოვიყენო. ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ ჩემი ძალებით, დამოუკიდებლად ჩემი ერის სამსახურში ყოფნას... იმედია, გამომივა.

343952545-2900617583402550-361286623879961084-n-1684343998.jpg

- თავისუფალ დროს რას უთმობ?

- ძალიან მიყვარს სიახლეები და მუდმივად ვცდილობ, რაიმე ახალი შევისწავლო. შაბათ-კვირასაც ლექციები მაქვს, სამუშაო დღეებში კი სამსახურში მიწევს სიარული, თუმცა, ცოტაოდენი თავისუფალი დრო გამომიჩნდება თუ არა, მუზეუმებსა და გალერეებს ვსტუმრობ. მოგზაურობა, უცხო ქვეყნების კულტურის, ხელოვნებისა და მოდის სიახლეების გაცნობა ჩემი ჰობია.

- დაბოლოს, რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამერიკაში, კონკრეტულად კი ნიუ-იორკში ცხოვრების დიდი სურვილი აქვთ?

- ყველას, ვისაც ნიუ-იორკში ცხოვრება და აქ განვითარება სურს, მინდა ვურჩიო, რომ აუცილებლად გაუძლონ პირველ ერთ წელს, რომელიც ადვილი არ იქნება. თუკი როგორც თავის დროზე მე განვიცდიდი, რომ შტატებში შინაური, ჩემიანი არავინ მეგულებოდა, იცოდეთ, ამას უნდა გაუძლოთ, ეს "სამყაროს დასასრული" არ არის! შეისწავლეთ შრომის ბაზარი, აუცილებლად ისწავლეთ ენა და თუ ამას მოახერხებთ, არც ერთ ქართველს არ გაგიჭირდებათ აქ თავის დამკვიდრება, რადგან ვიცი ჩემი თაობის შესაძლებლობები, ახლა ყველაზე კრეატიული და პროგრესული თაობა მოდის, აშშ-ში კი სწორედ ასეთი ხალხი სჭირდებათ.

ჩემს უსაყვარლეს, ახალჩამოსულ ემიგრანტებს მინდა ვურჩიო, დროულად და სწორად მართეთ თქვენი საემიგრაციო პროცესები, არასწორად გადადგმული ნაბიჯები და საიმიგრაციო საკითხების უკანა პლანზე დაყენება აუცილებლად იქცევა პროგრესის შეჩერების მიზეზად და საბოლოოდ, წლების განმავლობაში ერთი პოზიციის "ტკეპნა" მოგიწევთ. უზომოდ ბევრი ჭკვიანი ადამიანია ჩამოსული, რომლებსაც მრავალი დიდი კომპანია სიხარულით დაიქირავებს, თუ მათ დოკუმენტები წესრიგში ექნებათ. აუცილებლად დაიწყეთ საიმიგრაციო პროცესები ჭკვიან, გამოცდილ და სანდო ადვოკატებთან. მეც ყოველთვის მოხარული ვიქნები თქვენს სამსახურში ყოფნით.

ლიკა ქაჯაია