ბავშვთა სახლში გატარებული ტკბილ-მწარე დღეები და შეხვედრა მშობლებთან - 12 წლის შემდეგ - გზაპრესი

ბავშვთა სახლში გატარებული ტკბილ-მწარე დღეები და შეხვედრა მშობლებთან - 12 წლის შემდეგ

ეს დედაშვილობის განსხვავებული ამბავია, რომელზეც თავად დედა და შვილი დღეს უკვე ღიად ლაპარაკობენ. ამბავი 24 წლის წინ დაიწყო, სამყაროს ახალი სიცოცხლე მოევლინა, თანდაყოლილი იშვიათი დაავადებით და სიხარული, რომელიც ოჯახში უნდა ყოფილიყო, დარდმა ჩაანაცვლა, მერე იყო უიმედობა, მერე ბიჭის ბავშვთა სახლში ჩაბარება და განცდა, ოდესღაც ისევ ერთად იქნებოდნენ... დედამ პირველად საკუთარი შვილი ეკრანზე 12 წლის შემდეგ ნახა და ეს დღე გადამწყვეტი აღმოჩნდა. ეს ვანო ხმალაძის და ნათია მოსეშვილის დედაშვილობის ამბავია.

- ვანო, შენ შესახებ გიორგი კეკელიძისგან გავიგე, "გურული დღიურების" სტიპენდია რომ დაგინიშნა, მერე სოციალურ ქსელში შენი გვერდი ვნახე. ძლიერი, პოზიტიური ადამიანი ჩანხარ, დიდი იუმორით. ასეა?

ვანო ხმალაძე:

- ასეა (იცინის). დიდი მადლობა შექებისთვის. გუშინ გიორგი კეკელიძემ მომწერა, ძალიან კარგი ბიჭი ხარ, ჩემი დახმარება თუ დაგჭირდება, შენ გვერდით მიგულეო. ძალიან გაკვირვებული და გახარებული ვიყავი, ჩემთვის ეს ამბავი სრულიად მოულოდნელი იყო.

- შენს ცხოვრებაზე, დამსხვრეულ სტერეოტიპებზე ვილაპარაკოთ. ბავშვობის პერიოდიდან დავიწყოთ, იმ დროს როგორ გაიხსენებ?

- იშვიათი დიაგნოზით დავიბადე, ართროკიფოზი - ეს არის სახსრების განუვითარებლობა, ძვლები არ იზრდება, დამოუკიდებლად სიარული არ შემიძლია. 24 წლის წინ არ იყო ისეთი გარემო, მშობლებს ჩემი შინ მოვლა რომ შესძლებოდათ. წლების განმავლობაში სხვადასხვა ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი. 10 წელი სულ საწოლში გავატარე, მერე ჩემს ცხოვრებაში ეტლი გამოჩნდა, მანამდე ფიზიკურად არ არსებობდა. თუმცა ეტლზე გადაჯდომა და მიჩვევაც არ იყო მარტივი, ამას ფიზიკური ტკივილები ახლდა. ბავშვობიდან შევეგუე ფაქტს, რომ ვერ გავივლიდი. ვიცოდი ჩემი მდგომარეობის შესახებ და ილუზიებიც არ მქონია. საკუთარ თავზე მუშაობით ბევრი რამ შევძელი.

- მაშინ მხარში ვინ გედგა, სტიმულს ვინ გაძლევდა?

- ბავშვთა სახლის ფსიქოლოგი.

ნათია:

- 24 წლის წინ, როცა ვანიკო დაიბადა, რთული პერიოდი მქონდა, მაშინ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ არაფერი ვიცოდი, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. თავადაც ცუდად ვიყავი, მიუღებლობა; შიში მქონდა. სახლის პირობებში მისი მოვლა ურთულესი იყო. არ ვიცოდი ამ დიაგნოზით თუ დაიბადებოდა. წინასწარ რომ მცოდნოდა, სუსტი ადამიანი არ ვარ და ალბათ ფსიქოლოგიურად მომზადებული შევხვდებოდი. იმ პრობლემასთან გამკლავება, რომელზეც მანამდე წარმოდგენა არ მქონდა, გამიჭირდა. ვანო 8 თვემდე ოჯახში იზრდებოდა. სადმე უცხოელი ექიმის ჩამოსვლის ამბავს თუ გავიგებდი, ყველგან დამყავდა, არავინ ხელს არ ჰკიდებდა და ეს უიმედობა ჩემთვის კიდევ უფრო დამთრგუნველი იყო. ვისწავლე მასაჟის გაკეთება და როგორც შემეძლო, ყველანაირად ვცდილობდი, ხელი შემეწყო, მაგრამ შედეგს ვერ ვიღებდი. ვანოს უფროსი ძმა ჰყავს, მაშინ ისიც ხომ პატარა იყო, და ამ ბავშვის მდგომარეობას ძალიან განიცდიდა, სულ ტიროდა. გაორებული ვიყავი. უკვე ვეღარ ვიგებდი რა იყო სწორი, რა – არა. არ ვიცი, ამ ყველაფერს თავი ავარიდე თუ მის უკეთეს განვითარებაზე ვიზრუნე, ვანო მოვნათლე და მისი ბავშვთა სახლში გადაყვანის გადაწყვეტილება მივიღე. უფალს ვუთხარი, - შვილს გჩუქნი და როგორსაც დამიბრუნებ, დამიბრუნე-მეთქი.

- თან მის დაბრუნებაზე ფიქრობდით?

- ვიცოდი, სულ მქონდა განცდა, რომ ჩვენ ისევ შევხვდებოდით. ვანოს შესახებ ჩუმ-ჩუმად ინფორმაციას სულ ვიგებდი. მაინტერესებდა, როგორი მიმღებლობა ექნებოდა.

- ჩუმად რატომ? მისვლის, მონახულების უფლებას არ გაძლევდნენ?

- ტერიტორიულად იმდენად შორს ვიყავით, იქ ხშირად სიარულს ვერ შევძლებდი, თან ვფიქრობდი, შეხვედრების შემდეგ, განშორებებიც ხომ რთული იქნებოდა. მაშინ ასე ვთვლიდი, მეძნელებოდა.

- როგორ გაიხსენებთ იმ დღეს, როდესაც თქვენი განშორებიდან 11 წლის შემდეგ, ერთმანეთს პირველად შეხვდით?

343063735-2236073806602586-2659820200797427496-n-copy-1684344552.jpg

ვანო:

- 2012 წელს საქველმოქმედო მარათონი ჩატარდა. ნუკრი კაპანაძესთან ერთად გამოვედი და ვიმღერე. ამ სიმღერამ ერთმანეთს დაგვაკავშირა. ჩვენი შეხვედრა სენაკის ბავშვთა სახლში მოხდა. ვიცოდი, დედა და მამა რომ მოდიოდნენ, მათთან შესახვედრად მომზადებული ვიყავი.

ნათია:

- ვანო პირველად ეკრანზე ვნახე, შინ მარტო ვიყავი, საქველმოქმედო მარათონი ტარდებოდა და ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა მარათონს ვუყურებდი, მინდოდა ქველმოქმედებაში ჩავრთულიყავი. თავად საბავშვო ბაღში ვმუშაობ, ჯგუფში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი მოვიდა, მასთან მუშაობით შევძელი ის, რაც შემდეგ ჩემი შვილისთვის უნდა გამეკეთებინა (თუმცა ვანოს დიაგნოზი სრულიად განსხვავებულია). გამოჩნდნენ მშობლები, რომლებსაც ჰყავდათ შშმ შვილები, ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობით გავძლიერდით. ტელემარათონს რომ ვუყურებდი, გამოაცხადეს, მონაწილეობას სენაკის ბავშვთა სახლიც იღებდა. გულმა მიგრძნო, შეიძლება ვანო გამოვიდეს-მეთქი.

- რომ დაინახეთ, როგორი ემოცია გქონდათ?

- სისხლი გამეყინა, ადგილიდან ვეღარ დავიძარი. იქ ვანომ თქვა, რომ მშობლების ნახვა სურდა. მერე ქალბატონ თეა სიმონიას დავუკავშირდი, ის მაშინ ამ სახლს ხელმძღვანელობდა. ავუხსენი, რომ შვილის ნახვა მეც ძალიან მინდოდა. ბუნებრივია, შეხვედრა 2-3 დღეში ვერ მოხდებოდა, ამისთვის ვანო ფსიქოლოგს უნდა შეემზადებინა, მე კი ფსიქოლოგიურად ჩემი მეუღლე მოვამზადე; ვუთხარი, რომ ვანოს ჩვენი ცრემლი, ჩვენი სისუსტე არ უნდა დაენახა, რომ მას ძლიერი დედა და მამა სჭირდებოდა.

- შეხვედრის წუთი როგორი იყო?

- ადვილი არ იყო. სენაკის ბავშვთა სახლის კარი გაიღო, შევედით, მივდივართ და მივდივართ, ეს გზა უსასრულო გახდა, სანამ ვანოს ოთახის კარამდე მიგვიყვანდნენ. გააღეს კარები და... (პაუზის შემდეგ) ძალიან ემოციური იყო, ვანომ დანახვისთანავე გვითხრა; დედა, როგორ ხარ? მამა, როგორ ხარო? ეს ძალიან რთული იყო, ცრემლებს შიგნიდან ვყლაპავდი, მაგრამ ვანოს არ ვაჩვენე. შემდეგ თამარ მახარაშვილს დავუკავშირდი, მაშინ სოციალურ სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ამ ადამიანების დახმარებით შედგა ჩვენი ურთიერთობა.

ვანო:

- ჩემს მშობლებზე ნაწყენი არ ვიყავი.

- მათთვის საყვედური არასდროს გითქვამს?

- არასდროს.

- ძალიან სულგრძელი ხარ, ამას ბევრი ვერ შეძლებდა.

- ადვილი ნამდვილად არ იყო.

- დედა და მამა პირველად რომ დაინახე, რა განიცადე?

- ძალიან გამიხარდა, მუცელში სულ სიხარულის პეპლები დაფრინავდნენ. მარტო რომ დავრჩით, მესაუბრნენ. გავიგე ყველაფერი, რაც გადაიტანეს, ამიხსნეს და გავუგე.

ნათია:

- მისი გადაწყვეტილებით, ვანო პირველივე შეხვედრის შემდეგ სახლში არ წამოსულა, მერე მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროში გადავიდა. მე მეცხრე სართულზე ვცხოვრობდი, კორპუსს ლიფტი არ ჰქონდა და როცა შინ დროებით მოგვყავდა, ადამიანების დახმარება გვჭირდებოდა, რომ აგვეყვანა, ჩამოგვეყვანა, თავადაც ძალიან წვალობდა. ჩვენი ამბავი მუნიციპალიტეტმა რომ გაიგო, კორპუსს ლიფტი გაუკეთეს.

ვანო:

- წელიწად-ნახევარი კოჯორის ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი, შემდეგ მარტყოფში გადავედი. ვმღეროდი, კონცერტებზე გამოვდიოდი. იქ გავიგე ინტეგრირებული თეატრის არსებობის შესახებ და გადავწყვიტე თავი გამომეცადა. ეს საქმე ძალიან შემიყვარდა. ინტეგრირებული თეატრიდან წამოვედი, იქ ფიზიკურად სიარულს ვეღარ ვახერხებდი, ახლა ბოლნისის თეატრის დასში ვარ და ჩემი შემოსავალი მაქვს. არაერთ სპექტაკლში ვითამაშე. "სამგროშიან ოპერაში" ისეთი დადგმა იყო, სცენაზე მაღლიდან ვეშვებოდი, ეტლი თოკებით იყო დაბმული. მაყურებელში ამ სცენამ აღფრთოვანება გამოიწვია. რეპეტიციების დროს მეგობრები მეკითხებოდნენ, არ გეშინიაო? მე კი ვეუბნებოდი, ამაზე მეტი რა უნდა დამემართოს-მეთქი? ექსპერიმენტები მიყვარს. ნუკრი კაპანაძესთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ჩაწერის დროს სულ ვმხიარულობდით. მასთან სოციალური ქსელით ურთიერთობა დღესაც მაქვს.

- ბავშვთა სახლში გატარებულ დღეებს როგორ გაიხსენებ?

- ტკბილ-მწარე დღეები იყო, ცხოვრებასავით.

- ქალბატონო ნათია, თქვენი ნაბიჯი, ვანო ბავშვთა სახლში ჩაგებარებინათ, საზოგადოებამ როგორ მიიღო, გაგკიცხეს?

ნათია:

- რა თქმა უნდა, ხშირად მესმოდა, იმ დედას დედად არ მივიჩნევ, ვინც შვილს ბავშვთა სახლში ჩააბარებსო.

- ამ დროს რას გრძნობდით?

- მე ხომ შიგნით ჩემი ტკივილი მქონდა. ვფიქრობდი, ყველა ადამიანს თავისებური შეხედულება აქვს და საკუთარ თავს შემოვუძახებდი, "ნათია, უნდა გაუძლო!"

- მეუღლის რეაქცია როგორი იყო?

- მას ამ ყველაფერს ნაკლებად ვასმენინებდი. ამ თემაზე ხშირად არც ვლაპარაკობდით, რომ არ ენერვიულა. ვთვლიდი, რომ მე უფრო ძლიერი ვიყავი, მეტის გაძლება შემეძლო. ამ ამბის ცოდვაც და მადლიც საკუთარ თავზე ავიღე.

- ვანო დღეს რომ დაბადებულიყო, როგორ ფიქრობთ, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებდით?

- ახლა მეტი ინფორმაცია მაქვს, გარემოც სხვაგვარია, დიდი მხარდაჭერაა სახელმწიფოსგანაც. შეიძლება ვიღაცისთვის დღესაც გაკიცხვის ობიექტი ვიყო, მაგრამ აღარ ვინტერესდები, ვინ რას იტყვის. ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი შეხედულებები. ასე რომ არ იყოს, სოციალურ ქსელშიც არ გამოვჩნდებოდი.

mshoblebi-copy-1684344563.jpg

ვანო:

- ეს ბუნებრივია, ჩემი მშობლების გადაწყვეტილებაზე ყველას კარგი რეაქცია ვერ ექნებოდა. დღეს ჩვენი დედაშვილობა არის განსაკუთრებული. მეც მქონდა საკუთრ თავთან ბრძოლები, მაგრამ ყველა სირთულე დავძლიე.

- დღეს შენი ცხოვრების მთავარი ადამიანი ვინ არის?

- დედა. მგონია, ერთმანეთს არც არასდროს დავშორებივართ.

- სახალისო ვიდეოების გადაღება როდის დაიწყეთ?

ნათია:

- პანდემიის პერიოდში. მანამდე ამისთვის არც მე მეცალა და არც ვანოს, თეატრალურ ცხოვრებაში ისე იყო ჩართული. პანდემიის დროს რომ ჩავიკეტეთ, თავიდან ყველა საინფორმაციოს ვუსმენდით, მაგრამ მივხვდით, ეს ძალიან გვანგრევდა. მე და ვანომ გადავწყვიტეთ, დღეში მხოლოდ ერთხელ მოგვესმინა ინფორმაცია, სხვა დროს ტელევიზორს ვთიშავდით და ხან მუსიკას ვუსმენდით, ხან ვკითხულობდით, პოეზიის საღამოებს ვატარებდით... მერე ვიდეო ჩავწერეთ, თანამშრომლებს გადავუგზავნე, ამ ფორმით ერთ-ერთი დღესასწაული მივულოცე. ეს მათ ძალიან მოეწონათ. ჩემი თანამშრომლების შექება სტიმულად იქცა. ვანო ეძებდა მუსიკას, მე ჩაცმულობაზე ვზრუნავდი, მერე ვფიქრობდით, რა და როგორ გადაგვეღო. ახლაც, დღეში ნახევარი საათი ამ ვიდეოებისთვის გვაქვს განსაზღვრული. ვანოს გარდა 2 შვილი მყავს, მეუღლე და ყურადღება მათაც ხომ უნდათ?!

- ვანომ პოპულარული გაგხადათ.

- რა თქმა უნდა, დღეს სადმე რომ მივდივარ, ყველგან ვამბობ, რომ ვანოს დედა ვარ. ვანოსთან ერთად დავდივარ გასტროლზე, საქართველო შემოვლილი მაქვს. ინტეგრირებული თეატრის ბავშვების მშობლებთან ურთიერთობამ ძალიან გამაძლიერა.

- დღეს, როცა საზოგადოებაში ერთად გადიხართ, რა ხდება?

- ზოგი ისევ გაკვირვებული შემოგვხედავს ხოლმე, მათ მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანთან შეხება არ ჰქონიათ და რეაქცია არც მიკვირს. ჩვენკენ გამოშვერილი თითი თვალში ხშირად აღარ მხვდება და თუ ზოგჯერ შეუსაბამო ფრაზებიც წამოსცდებათ - არა უშავს. ჩვენ კაზრეთში ვცხოვრობთ. ვანო პირველად გარეთ რომ გავიყვანე, მეზობელმა ასაკოვანმა ქალბატონმა რომ დაგვინახა, ტირილი დაიწყო, - შვილო, შენ მოგიკვდი, რა დღეში ხარ, როგორი ხელები გაქვს, როგორი ფეხებიო... ყველა დეტალზე ყურადღება გაამახვილა. ვანომ ამომხედა. თვალი ჩავუკარი, მოსმენილზე ყურადღება არ გავუმახვილე. ამ ქალბატონს რომ დავშორდით, მითხრა, - ზოგიერთი ძალიან უბერავსო (იცინის). კაზრეთში ვანო ყველამ ძალიან კარგად მიიღო, პოპულარული ბიჭია.

თამუნა კვინიკაძე