"ცხრა შვილი და 12 შვილიშვილიც რომ მყავდეს, სცენას მაინც ვერ დავთმობ" - გზაპრესი

"ცხრა შვილი და 12 შვილიშვილიც რომ მყავდეს, სცენას მაინც ვერ დავთმობ"

"ეს პროფესია საკუთარ თავზე მეტად უნდა გიყვარდეს; უნდა შეგეძლოს სიცხიანი, წნევიანი, დავარდნილიც კი ფეხზე წამოდგე, სცენაზე გახვიდე და ისე ითამაშო, ცუდად ყოფნა ვერავინ შეგნიშნოს", - ამბობს კინოსა და თეატრის მსახიობი ნინო ლეჟავა.

- რას ნიშნავს თქვენთვის თეატრი?

- ალბათ ბანალური ფრაზა უნდა მოვიშველიო - თეატრი ჩემთვის ყველაფერია! ასე რომ არ იყოს, მას ჩემთვის სასიცოცხლო და სულიერი საზრდო რომ არ მოჰქონდეს, ამდენ ხანს ვერ ვუერთგულებდი. დღევანდელ საქართველოში ვერავინ დაიკვეხნის, რომ მარტო თეატრში იმუშავებს და ოჯახს ნორმალურად აცხოვრებს, ჩვენს სფეროში გასამდიდრებლად ვერავინ მოვა, ამიტომ, როცა ვინმე ამბობს, რომ თეატრალურზე ჩაბარებას აპირებს, მე ყველას ვეუბნები სიტყვებს, რომელიც ახლახან გითხარით. რა არის თეატრი ჩემთვის, ამის ახსნა ერთი სიტყვით შეუძლებელია: მე მასთან ერთად ვცხოვრობ და ვსუნთქავ, სცენის სურნელის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

- რა ასაკში გადაწყვიტეთ, რომ ეს თქვენი ბედისწერა იყო?

- ალბათ მუცლად ყოფნის დროს, უბრალოდ, ეს არ მახსოვს. გონს მოვედი თუ არა, უკვე მსახიობობა მინდოდა. სხვა გოგონები თოჯინებით რომ ერთობოდნენ და თამაშობდნენ, მე ფილმებიდან ნაწყვეტებს ვასრულებდი და ჩემს საყვარელ მსახიობებს ვბაძავდი. ბებიაჩემის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და მის ვუალიან შლაპებს ვიხურავდი... ჩემი დებიუტი რუსთავის თეატრში, მამასთან - გია ლეჟავასთან ერთად შედგა: ის ლუიჯი პირანდელოს როლს თამაშობდა, მე კი მის უმცროს დას, რომელიც ბოლოს აუზში იხრჩობოდა. სპექტაკლის შემდეგ, რეჟისორმა გია ანთაძემ თოჯინა მაჩუქა, რომელიც ძალიან მიყვარს, დღემდე ვინახავ და ვუფრთხილდები.

- მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ხართ, ბავშვებთან ურთიერთობა გაორმაგებულ ძალას და ენერგიას მოითხოვს, ხომ არ გიძნელდებათ?

- პირიქით, მოზარდ მაყურებელთა თეატრი ის ფენომენია, რომელიც მოშვების, მოდუნების უფლებას და საშუალებას არ გაძლევს. აქ ისეთ რეჟიმში ვართ, რომ დღეში შეიძლება 2-3 სპექტაკლი ვითამაშოთ. დილით, ბაგირა პანტერა ან რომელიმე ზღაპრის პერსონაჟი უნდა ითამაშო, ხოლო საღამოს რთული, ფსიქოლოგიური როლი მოზრდილებისთვის განკუთვნილ სპექტაკლში. ერთი სიტყვით, რობოტივით ხარ: თითქოს ღილაკით უნდა გადაერთო და გადმოერთო, მაგრამ არ მიჭირს! ალბათ იმის გამო, რომ თითოეულ ჩემს როლში დიდი სიყვარულია ჩადებული, მე ამ საქმეს სიყვარულით ვაკეთებ და ალბათ ამიტომაც არ ვიღლები, მით უმეტეს, როცა ეს სერიოზული და საინტერესო როლია. ამჟამად ძალიან მიყვარს ნელი კვიციანის როლი, რომელსაც ვთამაშობ სპექტაკლში - "არ დამივიწყო". არანაკლებ მიყვარს პატარა როლი, რომელსაც "ადამსების ოჯახში" ვასრულებ. ისე, ჩემთვის პატარა და მეორეხარისხოვანი როლი არ არსებობს, ყველა თანაბრად მიყვარს.

- ოჯახი და მეუღლე გიწყობენ ხელს, არა?

- ცხადია, რადგან ჩემი მეუღლეც ხელოვანია - ის აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრის - "თეთრი ტალღის" რეჟისორია, სადაც მეც ვთამაშობ. პირდაპირ ვიტყვი - ცხრა შვილი და 12 შვილიშვილი რომ მყავდეს, სცენაზე მაინც გამოვალ და ვინმემ ეს საქმე რომ ამიკრძალოს, ოჯახს მაშინვე დავანგრევ. მე იმდენს გავცემ, რომ ეს ერთადერთი საზრდოც რომ დამიშალონ, ნამდვილად ვერ ავიტან. ასეთ ადამიანს ჩემთვის ცუდი სურს და ვისაც ჩემთვის ცუდი სურს, ანგარიში რატომ უნდა გავუწიო? ერთხელ დავიბადე, ამქვეყნად ერთხელ მოვედი და ნამდვილად მაქვს უფლება, ის ვაკეთო, რაც მიყვარს.

- თუმცა, თქვენი პროფესიისგან განსხვავებულ სფეროშიც გიმუშავიათ და ეს მთელმა საქართველომ იცის.

- საერთოდ, ვინც თეატრალურ სამყაროში მოხვედრას აპირებს, უნდა იცოდეს, რომ მარტო ამ საქმით ვერ იცხოვრებს და მეორე პროფესიაზეც უნდა იფიქროს. დღეს უკვე ბევრი მსახიობი ცდილობს, სხვა ადგილზეც იმუშაოს, როგორც მე ვმუშაობ ერთდროულად 5-6 ადგილას. არაერთხელ მიმუშავია თეატრის გარეთ, ეს მრავალჯერ ითქვა და ყველამ იცის. მაგალითად: პანდემიის პერიოდში ზოომაღაზიაში ვმუშაობდი. რატომ? - თეატრები გაჩერებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ანგარიში გაგვიწია და ხელფასი მაინც გვერიცხებოდა, მე სახლში უსაქმოდ ვერ ჩავჯდებოდი. ეს ზოომაღაზია იქვე, ჩემი სახლის გვერდით იყო, რაც საქმეს მიადვილებდა: ოჯახსაც ვუვლიდი და ბავშვებს ყურადღებას არ ვაკლებდი, შემეძლო სახლში უცბად ამერბინა. ამ ახალ სამსახურთან ერთად, სადილის მომზადებას და საოჯახო საქმის გაკეთებასაც ვასწრებდი, რაც ძალიან მომწონდა... ორიოდე წლის წინ, კახეთში წავედი და ბრიგადასთან ერთად ყურძენს ვკრეფდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საქმითაც ბედნიერი ვიყავი. იქ არაჩვეულებრივი ხალხი გავიცანი, ახალ-ახალი პერსონაჟები "ავკრიფე" და სულ მეგონა, რომ "სიყვარული ყველას უნდას" ერთ-ერთი პერსონაჟი ვიყავი. უბრალო ხალხთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს და ამიტომ ვიყიდე სახლი, სადაც ჩემ გარშემო სულ მეზობლები არიან. ქუჩის პირი არ მინდოდა. მინდოდა მეცხოვრა ჩიხში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ეს ნატვრაც ავისრულე.

- ეს სოფელი სად მდებარეობს?

- სიღნაღის რაიონში, სოფელი ქვემო მაღარო - ასე ჰქვია სოფელს, სადაც საოცარი მეზობლები მყავს. ყველა ძალიან მიყვარს და ვგრძნობ, იმათაც ვუყვარვარ. ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირად ჩავიდე, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ხუთ ადგილზე ვმუშაობ: გლდანში არსებობს თეატრალური სახელოსნო "ბრავო", რომელიც მსახიობ კახა გოგიძის ძმის დაარსებულია. სტუდიაში ვმუშაობ ქორეოგრაფად. იქვეა თოჯინების თეატრი, რომელსაც "ბრავო" ჰქვია. ბავშვებთან ერთად დავდგით ახალი სპექტაკლი "სამი გოჭი", რომელიც არაერთ სკოლასა და ბაღში ვითამაშეთ. უკვე მზადების პროცესში გვაქვს "წითელქუდა". ერთი სიტყვით, ამ ასაკში ჩემთვის თოჯინების თეატრიც ახლობელი გახდა. კიდევ ერთი საქმე, რაშიც მთელ სიცოცხლეს და ენერგიას ვდებ, არის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული სტუდია "პერსონაჟი". ამ სტუდიის ბავშვებსაც ვასწავლი. ჟურნალის "გზა" მეშვეობით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რეჟისორ დიმა ღვთისიაშვილს, რომელიც ყველანაირად გვიწყობს ხელს! სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 29 მაისს, მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება პრემიერა, რომელშიც ჩვენი სტუდიის ბავშვები ითამაშებენ: "დოდონას ძველტიფლისური ამბები" - ასე დავარქვით სპექტაკლს, თუმცა, ეს საბოლოო სათაური არ არის, შეიძლება სახელი შევუცვალოთ.

239582077-3007697796216737-7367976181311101392-n-copy-1684344958.jpg

- სტუდიაში რამდენი ბავშვი გყავთ?

- ჯერჯერობით 21 ბავშვია. მათ სულ ვუმეორებ, რომ ყველაფერი სიკეთით, მეგობრობით და სიყვარულით იწყება. ჩვენს სტუდიაში არავის აქვს უფლება, სხვა ბავშვს შენიშვნა მისცეს ან ვიღაცის შეცდომაზე გაიცინოს. ეს თითქოს უწყინარი საქციელია, მაგრამ ერთგვარი ფსიქოლოგიური ბულინგიცაა: ჩვენ არ ვიცით, ამ დროს ბავშვის ფსიქიკაში რა ხდება - შეიძლება ისე ჩაიკეტოს და დაკომპლექსდეს, ვეღარ ითამაშოს. მით უმეტეს, ჩემთან ბევრი ბავშვი კომპლექსების მოსახსნელად მოიყვანეს. მიხარია, როცა ვხედავ: ისინიც კი, ადრე ხმას რომ არ იღებდნენ, ახლა ხმამაღლა "ჭიკჭიკებენ"... დიდი სურვილი მაქვს, ბავშვებმა სიკეთის კეთება ისწავლონ. მაგალითად: მშობლები სახარჯო ფულს რომ აძლევენ, ცოტ-ცოტას ყულაბისთვის ინახავენ, საკმარისი თანხა რომ მოგროვდება, მეც დავუმატებ და გადაწყვეტილი გვაქვს, ცხოველებისთვის საკვები ვიყიდოთ. მერე ამ საკვებს თავშესაფარში წავიღებთ და იქ მყოფ ძაღლებს დავაპურებთ. ჩემი აზრით, ყველაფერი სწორედ აქედან იწყება: ასე სწავლობენ ბავშვები, რომ ცხოველსაც ისევე სტკივა, ისევე შია და სწყურია, როგორც ადამიანს, რომ ისიც ცოცხალი არსებაა. ასეთი ბავშვი ცხოველს არასოდეს გააწვალებს. მერე ქუჩის ძაღლებს და ფისოებს ვიპოვით და იმათაც ვაჭმევთ. მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს.

- სტუდიაში განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებიც სწავლობენ?

- რა თქმა უნდა, ნიჭიერებიც არიან... ბავშვების გამოყოფა არ მიყვარს, რადგან არავინ იცის, წლების შემდეგ, ვინ როგორი ადამიანი დადგება. შეიძლება ზოგიერთი მათგანი მსახიობი არც გახდეს, მაგრამ აქედან თეატრის და სცენის სიყვარული გაჰყვება. ძალიან მინდა რეგიონებში, სოფლებში მცხოვრებ ბავშვებსაც გავუმართოთ სპექტაკლები, რომ ჩვენი სტუდიის აღსაზრდელებმა ნახონ, როგორ ცხოვრობენ და რამდენი რამ აკლიათ სხვა ბავშვებს. პირველ ივნისს ხობში გვაქვს დაგეგმილი გასვლა. ბავშვმა შრომა ჩადო? - ეს შრომა უნდა დაუფასდეს და სპექტაკლი მხოლოდ ერთხელ არ უნდა ითამაშოს. მადლობელი ვარ თითოეული ადამიანისა, ვინც დაგვეხმარა, ვინც მიზერულ ფასად გვაჩუქა დეკორაციები, შეგვიკერა კოსტიუმები ან სცენა დაგვითმო: ირაკლი შეწირული, თამარ ლოლაშვილი, ლევან გვაზავა, ზურა ლალიაშვილი, რუსუდან მუმლაძე... - ეს ის ხალხია, რომელიც მხარში დამიდგა და ჩანაფიქრის ასრულებაში დამეხმარა. ჩვენს სტუდიაში ბავშვები 9 წლის ასაკიდან არიან, მათი მშობლებიც მაქსიმალურად გვიწყობენ ხელს, რისთვისაც ყველას მადლობა უნდა გადავუხადო.

- ოდესმე გიფიქრიათ, რომ პედაგოგობას შეძლებდით?

- უფრო მეტიც, ამას ყოველთვის ვგრძნობდი. მე ოთხი შვილის დედა ვარ, ოთხივეს განსხვავებული ასაკი და ხასიათი აქვს, ამიტომ ყველას თავის ენაზე ვესაუბრები, ასე ვარ მოსწავლეებთანაც. ერთი რამ ნამდვილად ვიცი: შეიძლება ხმას აუწიო, რომ რეპეტიციაზე წესრიგი გქონდეს, მაგრამ ბავშვს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. მე მათ ხშირად, თხოვნით მივმართავ, ჯერჯერობით ეს მიდგომა ამართლებს, ყველაფერი კარგად მიდის.

თქვენ მკითხეთ, ამდენ საქმეს როგორ ასწრებო? - სწორედ ეს მაცოცხლებს. შეუდარებელი განცდაა, როდესაც ვიღაცას შენი იმედი აქვს, ვიღაცას სჭირდები. სულ ვამბობ: სანამ საჭირო ვარ, მანამ ვარ ცოცხალი-მეთქი... წინააღმდეგ შემთხვევაში, უმჯობესია ცოცხალიც აღარ ვიყო - არავისთვის საჭირო ლანდმა დედამიწა ტყუილად რატომ უნდა დაამძიმოს?

- ქართველმა ქალებმა მეტისმეტი ხომ არ იტვირთეს? - ხშირად, მთელი ოჯახის ჭაპანს ერთი ქალი ეწევა ხოლმე...

- გასაგებია, მაგრამ ეს ხომ ნებაყოფლობითია? ჩემთვის არავის დაუძალებია, რომ ამდენი ვიშრომო. ჩემი ქმარი რეჟისორია და თავის საქმეს წესიერად აკეთებს. ხომ ვერ ვეტყვი, წადი და მოიპარე-მეთქი? რომ ვხედავდე, ოჯახისთვის არ ცდილობს და რაც აბადია, ყველაფერს ფლანგავს, ასეთ ადამიანთან ვერც გავჩერდებოდი, მაგრამ როცა ადამიანი ცდილობს, შრომობს, ვერ მოსთხოვ, შენნაირი გახდეს... თუმცა, ის ქალები მართლა ძალიან მაკვირვებენ, ვინც მხარ-თეძოზე წამოწოლილ ქმარს ინახავენ და არჩენენ.

319121282-3378438199142693-7950827291814422814-n-copy-1684344943.jpg

- ემიგრაციაში წასვლაზე არ გიფიქრიათ?

- ძალიან ნოსტალგიური ადამიანი ვარ, ამიტომ უცხოეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ დროებით მიმიწვევენ, ისევ ჩემი საქმის გამო ან შვებულების დროს, ქართველები ოჯახებში რომ მუშაობენ, 1-2 თვით წამოსვლა სურთ და შემცვლელი სჭირდებათ - ამ შემთხვევაშიც შეიძლება წავიდე, მაგრამ ამჟამად ეს არ მჭირდება. ღმერთმა არ დამაჭირვოს, მაგრამ შვილის წამლის და მკურნალობის გამო დედა რას არ გააკეთებს?! ემიგრანტ ქალებს, რომლებიც ოჯახის და შვილების გამო ამდენს შრომობენ, დიდი პატივისცემა ჩემგან. ცოტა ხანში პარიზში მივდივარ, რომ იქაურ დიასპორას შევხვდე: ხათუნა ვაშაძემ გადაიღო ფილმი, რომელსაც ჯერ მხოლოდ ფესტივალებზე აჩვენებენ. პარიზში მყოფ ქართველ ემიგრანტებს ამ ფილმის დახურული ჩვენება უნდა მოვუწყოთ. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებმა ჩემთან შეხვედრა მოისურვეს. შეხვედრის ინიციატორი პარიზის მკვიდრი ქართველი - ნატა დარჩიაშვილია, რომელიც იქ ოჯახით ცხოვრობს.

- გადაღებებზე უცხოელი რეჟისორები თუ გიწვევენ?

- როგორ არა: ახლახან გადამიღეს ამერიკელი რეჟისორის - დევიდ ჰორანის ფილმში, რომელსაც ადრე მოკლემეტრაჟიან ფილმში ვყავდი გადაღებული. ის სულ მეუბნებოდა, - ჩემი მუზა ხარ და მომავალში რასაც გადავიღებ, ყველგან იქნებიო. ეს არის ძალიან მძიმე, დრამატული და ფსიქოლოგიურად რთული როლი. დევიდ ჰორანმა ჯერ საპილოტე ვერსია გადაიღო და დიდი იმედი აქვს, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმის დაფინანსებასაც მოიპოვებს. ასე რომ, წინ დიდი გეგმები მაქვს და ყველა საქმეს, რომელიც წამოვიწყე, ერთნაირი სიყვარულით და მონდომებით ვაკეთებ.

ხათუნა ჩიგოგიძე