ადამიანები და შემთხვევები, რომლებმაც ვახო კანდელაკი გააძლიერა - გზაპრესი

ადამიანები და შემთხვევები, რომლებმაც ვახო კანდელაკი გააძლიერა

"წყენას გულში არასდროს ვიტოვებ, რადგან ვფიქრობ, ყოველი ასეთი დატოვებული წყენა ცხოვრების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია", - ამბობს მსახიობი ვახო კანდელაკი. რა არის მისი სავიზიტო ბარათი, რა დარიგება ახსოვს დედისგან, რას მიიჩნევს თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, რის გამო იღებს საყვედურებს, რა დროს იბნევა და როგორმა ადამიანებმა გააძლიერეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...1984 წლის 25 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...არქიტექტორი. ხატვა და ხაზვა ძალიან მომწონდა, მიყვარდა, აქედან გამომდინარე მქონდა ეს სურვილიც. სანამ თეატრალურში სამსახიობოზე ჩავაბარებდი, თითქოს ეს ამბავი მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. რაც შეეხება კულინარიას, ამ სფეროსადმი ინტერესი 14 წლის წინ გამიჩნდა, ამ დროს თეატრალურში სწავლა 4 წლის დასრულებული მქონდა. კულინარიის ინტერესი გამიჩინა ცნობილმა შეფმა ლევან კობიაშვილმა. ერთხელ მასთან ტელევიზიიდან ჩართვაზე ვიყავი მისული და მაშინ ისე "მომწამლა", ისე ძალიან, რომ კულინარიაში "გადმოვბარგდი".

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ მხიარული ადამიანი.

- ნამდვილად ასეა?

- ნაწილობრივ. ალბათ, ესეც ერთგვარი პოზაა. სჯობს, ადამიანმა იფიქროს, რომ მხიარული ხარ, ვიდრე იფიქროს, უჟმურიაო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმავე შეცდომებს დავუშვებდი, რომლებიც დავუშვი.

- საკუთარ შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლე?

- თითქმის ყველაფერი საკუთარ შეცდომებზე მაქვს ნასწავლი.

- დაშვებული შეცდომებიდან არც ერთს აირიდებდი?

- არა, არავითარ შემთხვევაში, წარსული არის ის, რაც ქმნის აწმყოს და შემდეგ - მომავალს.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...ბავშვობაში, როდესაც პირველი ხელფასით ფეხსაცმელი შევიძინე. ის ფეხსაცმელი დღემდე მაქვს და ძალიან ვუფრთხილდები. 14 წლის ვიყავი, პირველი გასამრჯელო რომ ავიღე, დაბადების დღის ცენტრში ვმუშაობდი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრების გზაზე შემხვდა, რომლებმაც გადაწყვიტეს დამხმარებოდნენ და იმ ადამიანებსაც, რომლებიც შეეცადნენ, რაც შეიძლება წარუმატებელი ვყოფილიყავი.

- მათ გაგაძლიერეს?

- რა თქმა უნდა! დაცემის გარეშე ხომ ვერ წამოდგები.

- მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბარიერები ხელოვნურად ხშირად შეუქმნიათ?

- ყოფილა ასეთი შემთხვევები, ესაა ცხოვრება, ესაა ის ზრდა, რასაც მერე ჩვენ პიროვნებად ჩამოყალიბებას ან სულაც, პროფესიულ ზრდას ვეძახით.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გვერდით საყვარელი ადამიანები მყავს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ღიმილი, რომლის საბაბიც ხშირად კარგი ხასიათი სულაც არ არის.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...საკუთარ თავს დავუსვა შეკითხვა, ხვალ რა იქნება?

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ადამიანების გაგების უნარი მაქვს. შემიძლია ყველას გავუგო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს ჩემში და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ვცდილობ ხოლმე, ადამიანებს მივაწერო ის, რაც სინამდვილეში არ აქვთ.

- ადამიანები აღმატებულ ხარისხში აგყავს, სწორად გავიგე?

- ვიჯერებ, რომ რაღაც შეუძლიათ, მაგრამ მერე დრო მიჩვენებს, რომ არ შეუძლიათ რაღაცის შექმნა, გაკეთება, სიყვარულის დანახვა...

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი გულწრფელია.

- წყენის დავიწყება შეგიძლია?

- წყენას გულში არასდროს ვიტოვებ, რადგან ვფიქრობ, ყოველი ასეთი წყენა ცხოვრების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...60 წლის ასაკში, ზღვის ოქროსფერ სანაპიროზე მექნება ჩემი თევზის რესტორანი.

- ვიბნევი...

- ...როდესაც ვხვდები, ადამიანი მატყუებს.

- მერე როგორ იქცევი?

- სპორტული ინტერესი მერთვება, მას ვაგრძნობინო, რომ არ უნდა ეცადოს, ტყუილი დამაჯეროს.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...მხოლოდ და მხოლოდ ჩემს შვილს.

- ერეკლე ასეთს რას აკეთებს?

- ისეთს არაფერს, მაგრამ ყველაზე მეტად მისგან მწყინს. ბუნებრივია, რომ მისი ქცევების მიმართ მეტად მგრძნობიარე ვარ.

- ერეკლე ძალიან აქტიური ბავშვია, 11 წლის ასაკში გადაცემაში საკუთარი რუბრიკა აქვს. როცა მას ეკრანზე ხედავ, როგორია შენი ემოცია?

- როგორც მშობელს, მიხარია, რომ აქვს სურვილი, ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოს, ბევრი რამ შეიმეცნოს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ პარალელურად იმასაც ვაცნობიერებ, რომ მის პროფესიულ წინსვლაში ჩემი ჩართულობა ყველაზე ნაკლები უნდა იყოს. შეიძლება რაღაცები შეეშალოს, კისერიც მოიტეხოს, მაგრამ არა უშავს, მთავარია დაშვებულ შეცდომებზე ისწავლოს, პიროვნულად გაიზარდოს, განვითარდეს, მერე უფრო ადვილად მოახერხებს საკუთარი თავის ინტეგრირებას სხვადასხვა სფეროში.

- მეზარება...

- ...მანქანის მართვა.

- სიყვარული ეს...

- ...არის მდგომარეობა, როდესაც შენ თავდაუზოგავად შრომობ იმისთვის, რათა მომავალში ბედნიერი იყო.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...როგორც ყველა ბავშვი, ვცდილობდი, ეს სიყვარული არ მეგრძნობინებინა, მაგრამ მის დანახვაზე, სადღაც კუჭში ჭვალი მქონდა. მაშინ ერეკლეს ტოლი ვიყავი, 11 წლის.

- ახლა შეყვარებული ხარ?

- რა თქმა უნდა, მე ყველა ადამიანი მიყვარს.

- მე იმ ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე გეკითხები.

- ასეთი პიროვნება არსებობს ჩემს ცხოვრებაში.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...პოზიტიურმა ადამიანმა.

- ვრისკავ...

- ...ყოველთვის. ეს ნაბიჯი რატომ გადავდგი? - ამის გამო სინანული არასდროს მქონია. საერთოდ ნაბიჯებს ემოციურად - ნაკლებად, გააზრებულად უფრო ხშირად ვდგამ. პრაგმატული ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არის თამბაქოზე დამოკიდებულება. თავის დანებება მიცდია, მაგრამ არ გამომდის.

- ვამაყობ...

- ...იმით, რომ ადამიანების მიმართ ზიზღის გრძნობა არ მაქვს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, თუმცა ამას დისკომფორტიც ახლავს. ხშირად ადამიანები ცდილობენ, უფრო აღმატებულად მოგიხსენიონ, ვიდრე ხარ.

- შიში მაქვს...

- ...ვირთხის. ბევრი რამის მეშინია. ვერ ვიტყვი, რომ უშიშარი ვარ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ ცოტათი უყურადღებო ვარ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...…

- ...არაფერს.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს და ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობა მქონდეს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ინგლისური ენა კარგად ვერ ვისწავლე.

- თავისუფლება არის...

- ...ღვთისგან ბოძებული მდგომარეობა, როცა შენ შეგიძლია, საღი გონებით მიიღო გადაწყვეტილება.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...გაცილებით მეტ საინტერესო რამეს შევქმნიდი, ვიდრე ახლა ვცდილობ, რომ შევქმნა. ამ შემთხვევაში, ჩემს პროფესიას ვგულისხმობ.

329413019-1815521705495144-8915063709894828764-n-copy-1684739614.jpg

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...საკუთარ თავთან დარჩენა და მონოლოგი საუკეთესო წამალია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...3 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. ეს ამბავი რომ გავიგე, 6 წლის ვიყავი. მაშინ დედამ მითხრა: ცხოვრების გზაზე შეიძლება მე რაღაც მომატყუო, მაგრამ მამას ვერ მოატყუებ, რადგან ის ყველგან არის და გხედავსო. ამ სიტყვებმა დიდი გავლენა მოახდინა, თითქოს კომპლექსიც ჩამომიყალიბდა. სულ მქონდა განცდა, რაიმე ცუდს ხომ არ ვაკეთებ და მამა ხომ არ მხედავს-მეთქი?

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მრჩევლად არ გამოვდგები, მაგრამ საკუთარ თავსაც და თქვენც ერთ რამეს გისურვებთ, ადამიანობა არ დავკარგოთ!

თამუნა კვინიკაძე