"როდესაც ვთამაშობ, სულ მაქვს შეგრძნება, რომ მამა პარტერში, ისევ იმ ადგილას ზის...“ - გზაპრესი

"როდესაც ვთამაშობ, სულ მაქვს შეგრძნება, რომ მამა პარტერში, ისევ იმ ადგილას ზის...“

„სპექტაკლზე ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდით. მამამ თითქოს მთელი ოჯახი შეკრიბა, ვინც კი მსახიობები ვართ, ყველანი ვიყავით ამ სპექტაკლში და დიდი ხნის ნატვრა, ყველას ერთად გვემუშავა, აგვისრულდა... შემდეგ სამწუხაროდ, ასე მოხდა...“ - ცნობილი მსახიობი ეკა ჩხეიძე მის მტკივნეულ დღევანდელობაზე გვესაუბრა...

- ქალბატონო ეკა, მამის, ლეგენდარული რეჟისორის - თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შემდეგ როგორია თქვენი დღევანდელობა?

- ცხოვრება გრძელდება... მამასთან სპექტაკლზე ვმუშაობდით, გაჩერება მოგვიხდა და დღემდე მაქვს შეგრძნება, რომ ისევ უნდა გავაგრძელოთ. რადგან ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, ალბათ უფრო ამიტომ მგონია, რომ სადღაც არის, სხვა სახლში, ვნახავ და ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდება - იქნება ეს შემოქმედებითი ცხოვრება, რეპეტიციები და ასე შემდეგ... კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლი - „გრონჰოლმის მეთოდი“ უკვე ათი წელია გადის. როდესაც ამ სპექტაკლში ვთამაშობ, სულ მგონია, რომ პარტერში ისევ იმ ადგილას ზის...

მამა წლების განმავლობაში პეტერბურგში ცხოვრობდა, სატელეფონო კონტაქტი გვქონდა... თბილისშიც ცალ-ცალკე ვცხოვრობდით და ამიტომაც ვერ გავაცნობიერე, ფიზიკურად რომ აღარ არის. ეგ თეორიულად ვიცი, თორემ ასე მგონია, ცოტა ხანში გაგრძელდება ისევ ის რეპეტიციები, რომელიც გავაჩერეთ და სპექტაკლის დადგმა ვერ მოვასწარით... რადგან იმ დროს პანდემია დაიწყო, შემდეგ ყველაფერი ცუდად მიეწყო.

სპექტაკლზე ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდით. მამამ თითქოს მთელი ოჯახი შეკრიბა, ვინც კი მსახიობები ვართ, ყველანი ვიყავით ამ სპექტაკლში. ეს დიდი ხნის ნატვრა იყო, ყველას ერთად გვემუშავა... შემდეგ სამწუხაროდ, ასე მოხდა.

ახლა დაკავებული ვარ სპექტაკლში „აინშტაინის უკანასკნელი სიყვარული“, რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიდგა... წარმოდგენა საკმაოდ წარმატებულია... ასევე კინომსახიობთა თეატრში, სადაც გოგი მარგველაშვილი პირანდელოს პიესას დგამს. ამ სპექტაკლის გამო ფილმზე უარის თქმა მომიხდა... პარალელურ რეჟიმში ორივე ერთად არ გამოდიოდა, ვერ ესწრებოდა. ამ ეტაპზე ჩემი სამუშაო სივრცე თეატრია... მაისში უკვე პრემიერა გვექნება, რეპეტიციები დაწყებული იყო და ვერ ვუღალატებდი. დილის 7 საათზე რომ გადაღება დაიწყება და ღამის 12-ზე დამთავრდება, ფიზიკურად ვერ მოასწრებ თეატრში მუშაობას. არჩევანის გაკეთება მომიხდა და თეატრი ვარჩიე.

ტელევიზიიდან წამოსული ვარ და ჯერჯერობით დაბრუნებას არ ვფიქრობ, თუ საინტერესო შემოთავაზება არ იქნება, ასეთი კი ჯერ არაფერია.

- თქვენს შვილებზე გვიამბეთ ცოტა რამ...

- ინანო ინტერიერის დიზაინერია. ათი წელია, რაც იტალიაშია: ჯერ სწავლობდა, ახლა მუშაობს. ბედნიერებაა, როცა შენი საქმე გაქვს და ამ საქმეს სიყვარულით ემსახურები და არა იმიტომ, რომ იძულებული, ვალდებული ხარ.

რა თქმა უნდა, აქ რომ იყოს და იგივე საქმე ჰქონდეს, ურჩევნია. მასაც უნდა მშობლებს, ძმას, ახლობლებს ხშირად ხედავდეს, მაგრამ აქ ყოფნა არ გამოდის. რა საქმესაც ემსახურება, აქ იმის შესაბამისი არც ანაზღაურებაა, არც გასაქანი.

უნდოდა ჩამოსვლა, აქ რამის გაკეთება, მაგრამ ეს საკმაოდ რთული და დიდ თანხებთან დაკავშირებული იქნებოდა. უამრავი პრობლემა, ბარიერია და აქაური ხელფასი ამად არ ღირდა. ვინც აქ ვართ, ძლივს რაღაცას ვაბამთ თავს და ბოლოს, როდესაც ევროპაში შემოთავაზება გაქვს, პერსპექტივა, იქ ყოფნას ამჯობინებ. როგორია, თბილისში იყო, ახლობლებთან ახლოს, მაგრამ საქმე არ გქონდეს, არარეალიზებული ხომ ვერ გაძლებ?! ყველანაირი კომფორტი ერთად არ არის და რაღაცებზე უარის თქმა გიწევს. ცხოვრებაში ყველაფერი ერთად არ მოდის. ჯერჯერობით იქ არის და სამომავლოდ, ვნახოთ.

691030629-copy-1684739739.jpg

- რამდენად ხშირად ახერხებთ ერთმანეთის ნახვას?

- როცა შვებულება აქვს, ძირითადად ზაფხულში ჩამოდის, ასევე ახალ წელსაც. მე ჯერჯერობით ვერ ჩავდივარ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასეა.

- თქვენს ვაჟზეც რომ გვითხრათ...

- ჯერჯერობით სტუდენტია, აქ არის... ხელოვნების მიმართულებით არ წასულა. ძალიან უყვარს ფიზიკა, ასტრონომია. საოცრად ინტელექტუალური და ჭკვიანი ბიჭია. რა მიმართულებით წავა, ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ მის ყველა გადაწყვეტილებას დიდ პატივს ვცემ.

მანანა გაბრიჭიძე