"შეიძლებოდა, ნერვიულობისგან სერიოზული ტრავმა მიეღო" - გზაპრესი

"შეიძლებოდა, ნერვიულობისგან სერიოზული ტრავმა მიეღო"

ახლახან სოციალურ ქსელში მსახიობის და ტელე-რადიოწამყვანის - ნატუკა გულისაშვილის შესახებ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ის მუცლის არეში დაჭრეს და კლინიკაში გადაყვანილს ოპერაცია უტარდებოდა...

- როგორი საკვირველიც უნდა იყოს, ეს ინფორმაცია ჩეხეთიდან გავიგე: ჩემი მეგობარი ჩეხეთში ცხოვრობს და ბევრი ემიგრანტის მსგავსად, მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან შეიტყოს. როგორც ჩანს, "ფეისბუკზე", ერთ-ერთ ყალბ პლატფორმაზე - "მთავარის ერთგული ჯგუფი" - ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომ თითქოს დამჭრეს, სიცოცხლის ბოლო წუთები მაქვს და ა.შ. ჩემი მეგობარი ლამის გაგიჟდა. თავის შვილს დაურეკა, - გეხვეწები, გაარკვიეო... იმ დროს მე და ჩემი შვილი სახლში ვიყავით... მოკლედ, როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მაშინვე ტელეკომპანია "მთავარის" თანამშრომლებს დავურეკე - რა ხდება-მეთქი? აღმოჩნდა, რომ ცრუ ინფორმაცია ყალბ გვერდს გაუვრცელებია. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. თურმე, 1 კვირის წინ, მსგავი ინფორმაცია აჩიკო სოლოღაშვილის შესახებ გაუვრცელებიათ... მანამდე გიორგი ვარდოსანიძის ყალბი მიმოწერის სქრინები გაავრცელეს - თითქოს პედოფილია... ვერ ვხვდები და ვერც ვერასდროს მივხვდები, ეს ყველაფერი რას ემსახურება. საერთოდ, სოციალური ქსელები უარყოფითი ენერგიით ისეა სავსე, რომ ხანდახან სურვილი მიჩნდება, სოციალური ქსელებიდან გამოვიდე. ასე ვერ ვიქცევი, რადგან მჭირდება... თუნდაც, "ტიკტოკი" გასართობი პლატფორმა იყო, დღეს კი საქმეების გარჩევის ადგილად იქცა. არ ვიცი, ასეთი რამ რატომ გვემართება, უცბად ასეთი აგრესიულები და ბოღმის გადმომნთხეველები რატომ ვხდებით?!

- თქვენ შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო, პოლიციას მიმართეთ?

- ჯერჯერობით, არ მიმიმართავს. ერთადერთი, სტატუსი გამოვაქვეყნე, რადგან ჩემი და ჩემი შვილის ტელეფონები ლამის აფეთქდა... წინა საღამოს გადაცემის დასამონტაჟებლად ვიყავი. იმ პერიოდში, ჩემს შვილს რომ გაეგო, რომ თურმე მომკლეს, წარმოიდგინეთ როგორ სტრესს მიიღებდა! შეიძლებოდა ნერვიულობისგან სერიოზული ტრავმა მიეღო. ამ ინფორმაციის გამავრცელებელმა თავის საქციელზე პასუხი უნდა აგოს. როგორც გავარკვიე, არასრულწლოვანთა დაჯგუფება ყოფილა. ზუსტად ვერაფერს გეტყვით... სხვათა შორის, ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელს ჩემმა შვილმა მისწერა, მაგრამ მან ძალიან ცინიკურად უპასუხა: მერე რა, რომ ყველას იცნობთ? რა, შსს-ში მიჩივლებთო?! ყოველთვის ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ ჩემი შვილი დღემდე ძალიან გაბრაზებულია.

ცოტა ცუდად ნათქვამი გამომივა, მაგრამ ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი: ვიღაცები პოპულარობას "შავი" პიარით იღებენ. ეს არ მჭირდება. ასეთი სტატუსი ჩემთვის პირველი იყო. ამიტომ მეწყინა, თან - გავბრაზდი კიდეც... ჯერჯერობით, ვიცდი. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ რაღაც მსგავსი თუ კიდევ მოხდება, აუცილებლად პოლიციას მივმართავ და საქმეს აღვძრავ, რათა ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ალბათ, ასეთ რაღაცებს რომ "ვატარებთ", არ ვიმჩნევთ, ამიტომაც ხდება... არ მესმის, რამ გაგვაბროტა?! რაც უფრო მეტი "ფეიკ"-ჯგუფია, მით მეტი უარყოფითი ინფორმაცია ქვეყნდება. ისე, რაც უფრო უარყოფითია ინფორმაცია, მით უფრო მეტი "ნახვა" აქვს - ეს ფენომენიც ვერ ამოვხსენი...

- თითქმის ყველა სოციალურ ქსელში აქტიურობთ. უარყოფით კომენტარებსაც იღებთ?

- ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა "ტიკტოკ" ვიდეოზე, რომელშიც მე და ძაღლი ერთად ვცეკვავთ, ვიღაცამ უბრალოდ დაწერა, - ეს ბებერი, მსუქანი ქალი რამ გააგიჟაო თუ რაღაც მსგავსი... სიმართლე გითხრა, გულზე მომხვდა, რადგან გამომწერებისგან, მაყურებლებისგან სულ სიყვარულს, დადებით კომენტარებს ვარ მიჩვეული, გამანებივრეს. უარყოფითი კომენტარი ცოტათი მეწყინა, მაგრამ რა ვქნათ? ადამიანს ისე არ მოვექცევი, რაც თავად არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი, - ანგელოზი ვარ-მეთქი. შეიძლება, გამვლელს შეხედო და რაღაც თქვა ან გაგეცინოს, ეს ყველას დაგვმართნია. ალბათ, ჩემთან დაკავშირებითაც დამართნია ასეთი რამ ვინმეს, მაგრამ საჯაროდ უარყოფითი კომენტარის დაწერა?! ამას ჯობია, წახვიდე და ივარჯიშო, საქმე აკეთო... მგონია, ცუდი ინფორმაციის გამავრცელებლები შეუმდგარი, დაბოღმილი ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ არაფერი გამოუვიდათ და შრომა ეზარებათ. ურჩევნიათ, ისხდნენ და უარყოფითი ინფორმაციები წერონ.

- თქვენმა შვილმა სოციალური ქსელებით სარგებლობა როდის დაიწყო? მოზარდობისას ინტერნეტში მის აქტიურობას თუ აკონტროლებდით?

- 13-14 წლის იყო, როცა "ფეისბუკზე" დარეგისტრირდა. ჩვენ შორის იმხელა ნდობაა, რომ არასოდეს გამიკონტროლებია, - ვინ მოგწერა-მეთქი? ყოველთვის თავისი გვარ-სახელით იყო დარეგისტრირებული... მაინც ვფიქრობ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვი ოჯახში რას ხედავს. როცა ხედავს, ურთიერთობა თავისუფალია, ცინიზმი, ვიღაცების გაჭორვა, დაცინვა არ ხდება და ზუსტად იცის, სოციალურ ქსელს რისთვის იყენებს, კონტროლი საჭირო აღარაა. ჩემს შვილს ყოველთვის "დახურული" გვერდი აქვს. ძალიან კარგად ხატავს. თავისი ნამუშევრებისთვის გვერდი ცალკე აქვს შექმნილი, სოციალურ ქსელს სწორი მიზნისთვის იყენებს... რასაკვირველია, შეიძლება, მოზარდისთვის სოციალური ქსელი საფრთხის შემცველი იყოს. შესაძლოა მისთვის ვინმეს მიუწერია კიდეც, მაგრამ ძალიან "გახსნილი", "ოქროს ძაფზე გავლილი" დედაშვილურ-მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ბევრჯერ უთქვამს, - ეს ვინაა? მეგობრებში მამატებსო. ზედმეტს არავის დაიმატებს... პირველად მოხდა, როდესაც ჩემ შესახებ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. ისე გაბრაზდა, რომ თქვა, - უნდა მივწერო, რადგან ერთხელ და სამუდამოდ, ვიღაცამ პასუხი უნდა გასცეს! ყველა რომ აიგნორებს, ამის კეთებას არასოდეს დაასრულებს. შეიძლება, ხვალ ვიღაცის შვილის შესახებ დაწეროს და ხომ წარმოგიდგენია, მშობლისთვის ეს როგორი მტკივნეული იქნებაო?!. სხვა მხრივ, ჩემი შვილი სოციალურ ქსელებში დიდად აქტიური არ არის, სხვა ინტერესები აქვს.

- ყალბი ინფორმაცია თავად თუ დაგიჯერებიათ? ნამდვილი და ე.წ. ფეიკის გარჩევას ახერხებთ?

- ისეთ გვერდებზე, რომლებსაც მაგალითად, ყვავილის ფოტო უდევთ და აწერიათ - "ცხოვრება მშვენიერია", არც შევდივარ, მათგან არც მოწვევას ვიღებ. მეგობრების სიაში ჩემთვის საინტერესო ადამიანები მყავს, ვისაც ვიცნობ, ასევე - ერთგული მაყურებლები. გაწევრებული ვარ ცხოველების მოყვარულთა და კულინარიის ჯგუფებში. ვცდილობ, ნებისმიერი სოციალური ქსელიდან დადებითი ინფორმაცია მივიღო. უარყოფით სტატუსებს ყურადღებას არ ვაქცევ.

- პირველად რომელ ქსელში და რა მიზნით დარეგისტრირდით?

- "ოდნოკლასნიკზე". შეიძლება ჩვენს მკითხველებს გაეცინოთ - იქ ძალიან მაგარი თამაში - "ფერმა" იყო. ძირითადად, "ფერმას" ვთამაშობდი, ამ მიზნით დავრეგისტრირდი. ალბათ, ჩემი სუსტი წერტილის (ცხოველების, ეზოს მოვლა) შესახებ ყველამ იცის... ბოლო სოციალური ქსელი, რომელზეც დავრეგისტრირდი, "ტიკტოკი" იყო: პანდემიის პერიოდში ჩემი შვილის მეგობარმა დამარეგისტრირა.

- აუდიტორია მარტივად მიიზიდეთ?

- იმ პერიოდში "ტიკტოკი" ახალი ხილი იყო. სახლში რომ ზიხარ, რაღაცით ხომ უნდა გაერთო ადამიანი, არა? კულინარიულ და ასევე, რაღაც "დურაკულ" ვიდეოებს ვიღებდი (იცინის). დღეს საინტერესო ადგილების შესახებ ვიღებ, ასევე - გადაღებებიდან და სპექტაკლებიდან ამონარიდებს "ვდებ". რომ გითხრა, ძალიან ვაქტიურობ-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ 14 ათას გამომწერამდე მყავს. ხანდახან "ავსქროლავ", "ჩავსქროლავ", მსიამოვნებს, ვიცინი...

- ყველაზე აქტიური რომელ პლატფორმაზე ხართ?

- ალბათ - "ფეისბუკზე", რადგან მაგალითად, ჩემი გადაცემა იქ ანონსდება... როცა საჭესთან ვზივარ ან სტუმრად ვარ, ინტერნეტი გამორთული მაქვს. ძალიან ვბრაზდები, როცა დიდი ხნის უნახავი ადამიანები ვიკრიბებით, 15 წუთში კი ყველა ტელეფონს იღებს ხელში.

- ინტერნეტზე დამოკიდებული თავად არასოდეს ყოფილხართ?

- ერთხელ უცებ დავაფიქსირე, რომ ძალიან დამოკიდებული ვიყავი: ტელეფონი სულ ხელში უნდა მჭეროდა და თუ საქმე არ მქონდა, უაზროდ "მესქროლა". ალბათ, ეს სიტუაცია უცხო არავისთვისაა. მივხვდი, რომ ცოტათი მარაზმში გადავდიოდი. თან, ოსტეოქონდროზი გემართება, როცა სულ დახრილი გაქვს თავი, არასწორად ზიხარ... ვცდილობ, ნებისმიერ სფეროში რაღაცაზე დამოკიდებული არ ვიყო. სოციალური ქსელიც აუცილებელია, გართობაც და დადებითი ემოციაც, მაგრამ - ნორმის ფარგლებში... სახლში თუ ინტერნეტის საფასურის გადახდა დამავიწყდა, ჩათვალე, რომ ჩემი საქმე წასულია! შინ ინტერნეტი უნდა იყოს. გამოვიყენებ თუ არა, სხვა თემაა.

- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლიათ?

- იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვსაქმიანობ. ხანდახან ინტერნეტი კი არა, ტელეფონი სად მიგდია, ისიც არ მახსოვს (იცინის).

1-1684739862.jpg

- ვინმე "დაგიბლოკავთ"?

- კი. აქაოდა, ნატუკა გულისაშვილს "ისეთი" როლები აქვს ნათამაშებიო, ჰგონიათ, "დურაკული" მესიჯები უნდა მომწერონ. მათთვის რაღაცების ახსნას მირჩევნია, პირდაპირ "დავბლოკო" და ასეც ვიქცევი (იცინის).

- ნატუკა, ყველამ ვიცით, რომ ინტერნეტდამოკიდებულება კარგი არაა, მაგრამ ამის გაკონტროლება ბევრს მაინც უჭირს. რას ურჩევთ ადამიანებს, რომ სოციალურმა ქსელებმა ცხოვრება არ წაგვართვას?

- ჰაერზე გავიდეთ, სიმწვანეს ვუყუროთ, ფოტოები გადავიღოთ, ოღონდ - ინტერნეტის გარეშე! მით უმეტეს, ახლა გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდია... ოჯახის წევრებთან ურთიერთობას მეტი დრო დავუთმოთ. ყველაფერი დოზირებულად გავაკეთოთ. ინტერნეტი კი არა, ცხოვრება შევიყვაროთ, თითოეული წუთით დავტკბეთ და მივხვდებით - ჩვენი წუთისოფელი ისეთი მცირეა, რომ 24 საათიდან 21-ს თუ ინტერნეტს უთმობ (ისეთ შემთხვევას არ ვგულისხმობ, როცა შენს სამსახურს ასე სჭირდება), ე.ი. ვერაფერს იღებ...

ეთო ყორღანაშვილი