სირთულეები, იმედგაცრუებები და ასრულებული ოცნებები მარიტა როხვაძის ცხოვრებაში - გზაპრესი

სირთულეები, იმედგაცრუებები და ასრულებული ოცნებები მარიტა როხვაძის ცხოვრებაში

13 წლიდან მუშაობს. ამბობს, რომ ცხოვრებაში ჰქონდა ბევრი სირთულე, წინააღმდეგობა, იმედგაცრუება, მაგრამ არასდროს დანებებულა. მომღერალი მარიტა როხვაძე საკუთარი წარმატების ფორმულაზე, მშობლების მხარში დგომის ძალაზე, დასახულ მიზნამდე მიმავალი მისეული გზების შესახებ მოგვითხრობს.

- მარიტა, მიზანდასახული ადამიანი ხარ?

- ბავშვობიდანვე მიზანდასახული ვიყავი. ადრეული ასაკიდანვე ვფიქრობდი, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გავმხდარიყავი და აუცილებლად, ეს სცენასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

- შენთან წარმატება მარტივად მოვიდა თუ...

- მარტივად არ მოსულა. ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრი სიძნელე გამოვიარე, ბევრი იმედგაცრუებაც, მაგრამ როცა ადამიანი მიზანს ისახავს და მერე მის მისაღწევად თავდაუზოგავად შრომობს, ოცნებები აუცილებლად ხდება.

- შენთვის მიზანი ამართლებს საშუალებას?

- არა, შენი მიზანი არავის უნდა აზარალებდეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასწორი ნაბიჯები არასდროს გადამიდგამს.

- იმედგაცრუება ახსენე. ამ დროს როგორ იქცეოდი, როგორ უმკლავდებოდი, საკუთარ თავში ძალას როგორ პოულობდი, რომ არ დანებებულიყავი?

- მახსოვს, ერთ-ერთ კონკურსზე უნდა გავსულიყავი, რამდენჯერმე ვცადე და ისე მოხდა, რომ 2-ჯერ უარი მითხრეს, მე კი უკან არ ვიხევდი, მხოლოდ ერთხელ მქონდა შემთხვევა, თითქოს ხელი რომ ჩავიქნიე, მაგრამ სწორედ ამ დროს მხარში მშობლები ამომიდგნენ და მითხრეს, - რაც ყველაზე მეტად გიყვარს, იმაზე უარი არასდროს თქვა, მიზანი დაისახე, იშრომე და აუცილებლად აგისრულდებაო. 18 წლის ასაკში, სანამ მეორე წელს ამ პროექტში გავიდოდი, საკუთარ თავთან პირობა დავდე, რომ მე აუცილებლად ვიდგებოდი იმ სცენაზე და გავიმარჯვებდი, ასეც მოხდა.

ნებისმიერ საკითხში ჩემი ყველაზე ერთგული მხარდამჭერები მშობლები იყვნენ, მათ ჩემთვის არასდროს მოუწოდებიათ დანებებისკენ, გაჩერებისკენ, მათგან სულ მესმოდა ფრაზები: "შენ ეს შეგიძლია", შენ ამას გააკეთებ" და ეს საოცარი ძალის, შემართების მომცემი იყო. აღსანიშნავია, რომ მაშინ ჩემს ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ფინანსური კუთხით ხელი წაეკრათ. 13 წლის ვიყავი, დაბადების დღის ცენტრში მუშაობა რომ დავიწყე. თავადაც ბავშვი ვიყავი, მაგრამ მიმყავდა საღამოები და იქ გამომუშავებული თანხით ვახერხებდი გადამეხადა გადასახადი პედაგოგისთვის. იმ თანხას, რომელიც პროფესიული ზრდისთვის მჭირდებოდა, თავად გამოვიმუშავებდი. მხოლოდ საკუთარი შრომით მივაღწიე ყველაფერს და აქამდე ასე, სუფთა ნაბიჯებით მოვედი.

- წლებმა, დაგროვილმა გამოცდილებამ რა გასწავლა?

- საკუთარი თავის სწორად მართვა. იყო პერიოდი, როცა სხვაგვარად ვფიქრობდი, როცა ისეთ პროექტს მოიგებ, როგორიც "ჯეოსტარია", გგონია, ვარსკვლავებს სწყვეტ, ყველა შენ გვერდით არის და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო. თურმე ადამიანები ერთს გეუბნებიან და მეორეს აკეთებენ. წლებმა ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის - ადამიანებთან ურთიერთობა. დღეს რაც საკუთარ თავში ყველაზე მეტად მომწონს, ის არის, რომ ადამიანების შეფასება სწორად შემიძლია. ადრე სხვაგვარი ვიყავი, ძალიან მიამიტი და მიმნდობი. იმ გაჭირვებამ, რომელიც ბავშვობაში გამოვიარე, გამაძლიერა. ჩემი ნაშოვნი ფულის ფასი გავიგე. ვისწავლე, როგორ უნდა გამენაწილებინა, რაში დამეხარჯა. მამა მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო, დედას ოპერის და ბალეტის თეატრში 8 თუ 14 ლარი ჰქონდა ხელფასი. მშობლები სულ მეუბნებოდნენ, რომ წარმატებამ ადამიანური კუთხით არ უნდა შემცვალოს, არასდროს არავის ზემოდან არ დავხედო, არავინ გავკიცხო (თუმცა იმსახურებდნენ)... დღესაც ამ დარიგებებით ვცხოვრობ. მე მაქვს ჩემი საქმე, ორიენტირებული ვარ წინსვლასა და წარმატებაზე, საკუთარ ბედნიერებაზე, მეგობრებისა და ოჯახის წევრების კარგად ყოფნაზე.

- გზად ბევრი ადამიანი ჩამოგშორდა?

- ვიღაცები ჩამომეცალნენ, კარგი მეგობრებიც შევიძინე, დრო ყველაფერს ალაგებს.

- თქვი, ადამიანები ერთს მეუბნებოდნენ და მეორეს აკეთებდნენო, რას გეუბნებოდნენ და რას აკეთებდნენ?

- წარმატებას რომ მიაღწევ, გგონია, ადამიანს ეს უხარია და თურმე, ყოველთვის ასე არ არის. იმდენად მიმნდობი ვიყავი, ყველას ნათქვამი მჯეროდა. მეუბნებოდნენ, კონცერტს გავაკეთებთ, შენ ჩვენთან უნდა იყოო, მაგრამ... მე ვიცი შრომის ფასი, არასდროს ვზარმაცობ, კენწეროში რომ გატკბილდება, ახლა ეგ მდგომარეობა მაქვს.

- დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ფეხი დაუდვიათ, შენი წაქცევა უცდიათ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ მიზნიდან უკან არასდროს დამიხევია. ასეთი შემთხვევები მეტად მაძლიერებს და მეტად მარწმუნებს საკუთარი თავის სიძლიერეში. სარკის წინ ჩემს თავს ყოველთვის ველაპარაკები და უფრო მეტ პასუხს ვიღებ, ვიდრე - სხვისგან. ეს თვისება ბავშვობიდან მქონდა. ხანდახან ისიც რთულია, საკუთარ თავს სარკეში თვალებში დიდხანს უყურო, მაგრამ როცა შენს თავზე ყველაფერი იცი, როცა დასამალი არაფერი გაქვს, სარკეში ჩახედვის არ გრცხვენია, თან ეს პროცესი გზრდის და პიროვნებად გაყალიბებს, ეს მასწავლეს ადამიანებმა.

- ადამიანების როლი ხომ ძალიან დიდია ჩვენს ცხოვრებაში.

- რა თქმა უნდა, ჩვენ დიდწილად ირგვლივ მყოფი ადამიანები გვქმნიან. მთავარია არ გაბოროტდე, არ შეგშურდეს, არ დაიბოღმო... ბედნიერი ვარ, რომ ეს არასდროს დამმართნია. ვთვლი, რომ ყველა ჩვენგანი რაღაც მისიით ვართ მოვლენილები დედამიწაზე. გული შემტკივა იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი საქმე და ცდილობენ, იცხოვრონ სხვისი ცხოვრებით.

- იმ ადამიანს, რომელიც შენი კეთილმოსურნე არ იყო, ოდესმე შენი მხარში დგომა დასჭირვებია?

- ასეთი შემთხვევაც მქონდა. ახლა აღსარებასავით გამომდის, მაგრამ მაინც გეტყვი. იმ ადამიანს დეტალურად გავახსენე, რა მეწყინა, როგორ მატკინა... იმ წუთში ის კვლავ ჩემს გამოყენებას სათავისოდ ცდილობდა და ამიტომ მიიღო ჩემგან უარი. შემიძლია ადამიანი ჩემი ცხოვრებიდან მთლიანად ამოვშალო (არ ვიცი, ეს რამდენად ცუდი ან კარგია). მას ერთი ბოდიში რომ ეთქვა, ერთი "შემეშალა", "ცუდად მოგექეცი" ან არ ეთქვა და უბრალოდ ეგრძნობინებინა, არავითარ შემთხვევაში უარს არ ვეტყოდი.

- როგორ ფიქრობ, რა უფრო ცუდია, სცადო და წარუმატებლობა განიცადო თუ არ სცადო?

- ყველა შემთხვევაში სჯობს, სცადო, არასდროს უნდა გაჩერდე. არ გამოვა? კიდევ სცადო! კიდევ არ გამოგივა, მაინც უნდა სცადო, სულ ერთია, ეს კარიერას ეხება თუ პირად ცხოვრებას. არ უნდა დანებდე, ცდა ხომ ბედის მონახევრეა. მჯერა, როცა ადამიანს გულით გინდა და შენი სურვილი სწორია, სამყაროსთან წინააღმდეგობაში არ მოდის, არავის აზარალებს, აუცილებლად აგისრულდება.

- წლების განმავლობაში, ისეთი სურვილი თუ გქონდა, როცა რაღაცის გაკეთება გინდოდა და ვერ გაბედე?

- არა, გაუბედავი ნამდვილად არ ვარ. ძალიან კარგი წინათგრძნობა მაქვს. ვხვდები, სად არის ჩემი ადგილი, სად არ არის. გამოწვევებს თამამად ვიღებ, ახლა მაქვს ეს მდგომარეობა და ძალიან მომწონს.

- ახალ პროექტზე მუშაობ?

- დიახ, რასაც ახლა ვაკეთებ, ამის იდეა რამდენიმე წლის წინ დამებადა, ახლა დადგა ის დრო და მომენტი, როცა ვიპოვე ადამიანები, რომლებიც შეყვარებულები არიან თავიანთ საქმეზე. ამ პროექტზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ, ბევრი კუთხით იქნება განსხვავებული.

289406422-5353537664683125-3057579672035599107-n-1685348214.jpg

- საკუთარ წარსულს თვალი რომ გადაავლო, იქ წინააღმდეგობები მეტია თუ იღბლიანი შემთხვევები?

- პროცენტულად არ ვიცი, მაგრამ იმდენად პოზიტივზე ვარ ორიენტირებული, ყოველთვის კარგი უფრო მახსენდება, ვიდრე - ცუდი. ვცდილობ, უსიამოვნო მომენტები წარსულში დავტოვო. იღბლიანი ჩემი შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე ვარ.

- რას ურჩევ ადამიანებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს?

- არასდროს თქვათ თქვენს მიზნებსა და ოცნებებზე უარი. მოუსმინეთ გულს, ზოგჯერ ტვინი მაინც სხვაგვარად ფიქრობს. არც ერთ სიტუაციაში გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. შრომით სასურველი შედეგი ყოველთვის მიიღწევა და სხვის ხარჯზე - არასდროს. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კარგად ცოდნა, საკუთარი თავის რწმენა და მერე ყველაფერი გამოვა.

P.S. ფოტოს ავტორი საბა ჩაჩავა.

თამუნა კვინიკაძე